"საქართველოში შესაძლოა, ყველაზე მძიმე სცენარი განვითარდეს და ეს სახიფათო იქნება ქვეყნისთვის" - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი: რა მოხდება 4 ოქტომბრის შემდეგ?!
„ხელი აიღეთ რეჟიმის თანამზრახველობაზე, ქართველი ხალხის მოტყუებაში არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია. უარი თქვით 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე და დაუბრუნდით ერთობას“, – ამ მოწოდებით „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 8 ოპოზიციური პარტიის დაგეგმილ პროტესტზე დააანონსა. „ფედერალისტების“ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, 31 აგვისტოს იწურება ევროკავშირის მიერ ივანიშვილის რეჟიმისთვის მიცემული ვადა, უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად, თუმცა ხელისუფლებამ ქვეყანა კიდევ უფრო დააშორა ევროპას. მისივე თქმით, 13 სექტემბერს თსუ-დან პარლამენტამდე დაგეგმილი მსვლელობა უნდა გახდეს გზავნილი, რომ მთავრობა ქართველ ხალხს არ წარმოადგენს და ქვეყანა ევროპულ გზას მხოლოდ რეჟიმის დემონტაჟის შემდეგ დაუბრუნდება. ჩერგოლეიშვილი და ხოშტარია გახარიას და „ლელოს“ ლიდერებს მოუწოდებენ, უარი თქვან „არჩევნებად წოდებულ ფარსში“ მონაწილეობაზე და ქუჩის პროტესტში ჩაერთონ. რამდენად სწორი სტრატეგია აირჩია 8 ოპოზიციურმა პარტიამ, რა შედეგს მოიტანს მასობრივი აქციების დაანონსება სხვადასხვა დროს, ხან 4 ოქტომბერს და ხან 13 სექტემბერს, და რა მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ამის შესახებ ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:
- ოპოზიცია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს და ბოიკოტის რეჟიმშია, ძალიან ჩქარობს. საზოგადოება ჯერ მზად არ არის მასშტაბური პროტესტისთვის. მართალია, ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა ემუქრება, მაგრამ საპროტესტო აქციები შედეგზე უნდა იყოს გათვლილი.
ოპოზიციამ უნდა დააზუსტოს: ეს იქნება მუდმივი პროტესტი თუ 13 სექტემბერს იმდენ ხალხს გამოიყვანენ, რომ ერთ დღეში დაასრულონ ხელისუფლება? ხელისუფლება ჭკვიანურად იყენებს სიტუაციას და ოპოზიციის პროტესტს პროპაგანდისტული გზავნილებით პასუხობს. ასეთ პირობებში ნაკლებად სავარაუდოა, რომ აქციებმა საზოგადოებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანოს. არც ის ჩანს, რომ 13 სექტემბერს დიდი რაოდენობით ხალხი გამოვა ქუჩაში.
ოპოზიციას, თუ ნამდვილად სურს მასშტაბური აქცია, საზოგადოება წინასწარ უნდა მოამზადოს, მხოლოდ ტელევიზიით გამოსვლები და ერთობლივი განცხადებები საკმარისი არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციები შეიძლება ხელისუფლების პროპაგანდის იარაღად იქცეს.
- უკვე ისმის მმართველი გუნდიდან განცხადებები, რომ ოპოზიცია ხელისუფლების დამხობას ცდილობს.
- დიახ, მაგრამ ამის გარდა, თუ აქციები ხალხმრავალი არ იქნება, ხელისუფლება იტყვის, რომ ოპოზიციას მხარდაჭერა არ აქვს. ამაზე გავლენას ისიც მოახდენს, რომ ხალხი თბილისში მასობრივად მხოლოდ 15 სექტემბრიდან ბრუნდება, რაც ოპოზიციამ ვერ გაითვალისწინა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა იმ არჩევნებზე, რომელიც რეალურად არც არის არჩევნები, მაგრამ შეიძლებოდა, ამომრჩევლის მობილიზაციის საშუალებად გამოეყენებინა. ამაზე უარის თქმა ყველაზე მეტად ხელისუფლებას აწყობს.
- როგორ მოქმედებს საზოგადოებაზე ის, რომ ოპოზიციის ნაწილი 13 სექტემბერს აანონსებს აქციას, ნაწილი კი - 4 ოქტომბერს?
- ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია და 4 ოქტომბერს აქციის გამართვას გეგმავს, თუმცა ამ თარიღის არჩევა კითხვებს ბადებს. რატომ მაინცდამაინც 4 და არა - 3 ოქტომბერი? ეს ნიშნავს დაპირისპირებას არა მხოლოდ ხელისუფლებასთან, არამედ იმ ოპოზიციურ პარტიებთანაც, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ. ჩემთვის გაუგებარია ოპოზიციის ნაწილის ქმედებები იმიტომ, რომ ბოიკოტი ყველაზე მეტად ხელისუფლებას აძლევს ხელს.
ოპოზიციას არჩევნები უნდა გამოეყენებინა ლეგიტიმური პროტესტის ფორმად - თბილისის განწყობებიდან გამომდინარე, თითოეული უბანი რეალური ბრძოლის ველი შეიძლებოდა გამხდარიყო. თუ ოქტომბერში ხელისუფლება დაინახავს, რომ არჩევნებს აგებს, თავადვე ჩაშლის პროცესს და ბოიკოტისტებს დააბრალებს.
სწორედ ამით მისცა ოპოზიციამ ხელისუფლებას 4 ოქტომბრის გამოყენების შესაძლებლობა, საკუთარი სცენარით. თუ ხელისუფლება მოიგებს, ოპოზიცია შედეგს ვერ შეცვლის, თუ ვერ მოიგებს, პროვოკაციას მოაწყობს და პასუხისმგებლობას ოპოზიციას დააკისრებს. თუ სექტემბერში მართლაც შეძლებენ ძალიან ბევრი ადამიანის გამოყვანას, შედეგი დადგება, მაგრამ ორგანიზების მხრივ ბევრი შეცდომაა დაშვებული და მეეჭვება, მასშტაბური მობილიზაცია გამოუვიდეთ.
ასევე დაგაინტერესებთ: გია ხუხაშვილის სკანდალური განცხადება: "ბოიკოტისტებმა ხელისუფლების კი არა, არჩევნებში მონაწილე პარტიების დამარცხება აქციეს მთავარ მიზნად" - რა სცენარი გველოდება 4 ოქტომბერს?!
- რა იქნება 4 ოქტომბრის შემდეგ?
- თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, საბოლოოდ, პროტესტი შესაძლოა, ქუჩაში მინავლდეს, მაგრამ არ გაქრება. ეს იქნება ყველაზე დიდი ხიფათი როგორც ხელისუფლებისთვის, ისე - ქვეყნისთვის. ასეთ ვითარებაში, შესაძლოა, უმნიშვნელო ფაქტორმა დიდი აფეთქება გამოიწვიოს და მთელი პროტესტი უკონტროლოდ გადმოიღვაროს ქუჩაში. მაშინ საქმე აღარ იქნება მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირებაში, ეს გადაიზრდება ხელისუფლების განადგურებაში. ეს ყველაზე მძიმე სცენარია, რაც შეიძლება მოხდეს.
ხათუნა ბახტურიძე.
(სპეციალურად საიტისთვის)