"ევროპაში შესაძლოა, სიტუაცია აირიოს და იმაზე უარესი მოხდეს, რაც ხდება" - თორნიკე შარაშენიძის პროგნოზი: მძიმე მშვიდობა თუ ახალი ესკალაცია?!
ანკორიჯის შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი სიტყვა "უსაფრთხოება" გახდა. თუ მანამდე დისკუსიის მთავარი საკითხი უფრო უკრაინის ტერიტორიების ბედი იყო, ახლა ყურადღების ცენტრში დადგა კითხვა, როგორ შეძლებს ქვეყანა საკუთარი არსებობის უზრუნველყოფას ისეთ გარემოში, სადაც აგრესიის საფრთხე ყოველდღიური რეალობაა. "უსაფრთხოების გარანტიები" თითქოს გამოსავლად წარმოაჩინეს, თუმცა მათ შინაარსზე შეთანხმება გაცილებით რთულია, ვიდრე განცხადებებში ჩანს. ევროპაში, ამერიკასა და კიევში მიმდინარეობს მწვავე კამათი, თუ რა ტიპის გარანტიებს შეიძლება ჰქონდეს ძალა, რომ მათ რეალურად შეაკავონ რუსეთი და არა მხოლოდ ქაღალდზე დარჩნენ. როგორც ზელენსკიმ თქვა, "ჩვენი მიწის დათმობა გამორიცხულია. უკრაინელები არასდროს დათმობენ სამშობლოს. ერთადერთი გზა ნამდვილი უსაფრთხოების გარანტიებია". მისი ამ ნათქვამიდან კარგად ჩანს, რომ მთელ ამ დისკურსში საუბარია არა მხოლოდ ფორმალურ შეთანხმებაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ შეიძლება უკრაინამ თავიდან აიცილოს მომავალი ოკუპაციის საფრთხე.
ზოგი ევროპელი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ერთ-ერთი გზა შეიძლება გახდეს ევროპული ჯარების განთავსება უკრაინის ტერიტორიაზე, ეროვნული დროშების ქვეშ და არა ნატოს ფორმატში. ეს მოდელი გაზრდიდა შეკავების ეფექტს და რუსეთს დაანახებდა, რომ თავდასხმა ავტომატურად ევროპული სახელმწიფოების პირდაპირ ჩართულობას გამოიწვევს. მაგრამ კრემლის რეაქცია ასეთ ნაბიჯზე, როგორც დიპლომატები აღნიშნავენ, შეიძლება კიდევ უფრო აგრესიული იყოს. სწორედ ამიტომ ეს იდეა თანაბრად იწვევს იმედსაც და შიშსაც და შესაბამისად, მისი შესრულების ალბათობა მცირდება.
სხვა ვარიანტი ამერიკის საჰაერო მხარდაჭერის გაძლიერებაა. როგორც ტრამპმა ანკორიჯის შემდეგ აღნიშნა, "ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი არა დროებითი შეთანხმებით, არამედ დიდი, სრულფასოვანი მშვიდობით". ამერიკა მზადაა უკრაინას მიაწოდოს ტექნოლოგიური და საავიაციო მხარდაჭერა, მაგრამ სახმელეთო ძალების გაგზავნა არ განიხილება. ეს, ერთი მხრივ, ქმნის უსაფრთხოების კომპონენტს, მეორე მხრივ, ვერ ცვლის იმ ფსიქოლოგიურ ბარიერს, რასაც უკრაინაში უცხოელი სამხედროების ყოფნა ნიშნავს.
ასევე აქტიურად განიხილება ნატოს "მეხუთე მუხლის მსგავსი მოდელი", რომელიც უკრაინას პრაქტიკულად ნატოს დონის დაცვას შეუქმნიდა. ეს მოდელი, თეორიულად, ყველაზე ძლიერი შეკავების ინსტრუმენტად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ამ იდეას აქვს უდიდესი პოლიტიკური ბარიერი - ბევრი ქვეყანა ვერ გასცემს ასეთი ტიპის ავტომატურ გარანტიას, რადგან ეს პირდაპირ რუსეთთან ომის რისკს ზრდის. პუტინმაც მკაფიოდ თქვა, "უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი რუსეთის გარეშე უაზროა". ანუ კრემლი ცდილობს ნებისმიერ შეთანხმებაში საკუთარი როლის დაკანონებას და ფაქტობრივი ვეტოს დაწესებას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების სტრუქტურაზე.
ალტერნატივად განიხილება ეკონომიკური სანქციების "ავტომატური რეაქციის" მექანიზმი, როდესაც უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში სანქციები ავტომატურად ამოქმედდება. ეს იდეა ბევრისთვის მისაღებია, რადგან სამხედრო ჩართულობაზე ნაკლებად მგრძნობიარეა და პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო მარტივად მისაღები. თუმცა, ცხადია, ამ იდეის სუსტი მხარე ის არის, რომ სანქციები უკვე მოქმედებს და რუსეთმა მათთან ადაპტაციის უნარი გამოავლინა. შესაბამისად, ასეთ გარანტიას რეალური შეკავების ძალა ნაკლებად ექნება.
საბოლოოდ მთავარი დილემა უცვლელია - რა ტიპის გარანტია შეიძლება გახდეს სანდო უკრაინისთვის და ამავე დროს მისაღები დასავლეთისთვის ისე, რომ ესკალაციის საფრთხემ არ მოიმატოს. ბუდაპეშტის მემორანდუმის წარუმატებელმა გამოცდილებამ ყველას დაანახა, რომ ქაღალდზე დაწერილი დაპირებები საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ, როგორც ზელენსკი აღნიშნავს, დღეს უკრაინა არ ითხოვს უბრალოდ დოკუმენტს, არამედ რეალურ მექანიზმებს, რომლებსაც მოქმედი ძალა ექნება.
სამხრეთ კავკასიაში კი ამ პროცესებმა დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა. თუ უკრაინაში კონფლიქტის "გაყინვის" ცდები წარმატებით დასრულდება, არის საფრთხე, რომ რუსეთმა გავლენების გაძლიერება უკვე სამხრეთით მოინდომოს, მით უმეტეს, საქართველოს ნაწილი ოკუპირებული აქვს და სომხეთზე გავლენას, ფაქტობრივად, კარგავს. ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრებით.
- უკრაინა ფაქტობრივად თანხმდება, რომ დე ფაქტო ტერიტორიები დათმოს. ეს უკვე გასაგებია და ახლა მთავარი პრობლემა ის არის, რა ბედი ელის დანარჩენ უკრაინას. უკრაინას, რა თქმა უნდა, სურს უსაფრთხოების გარანტიები და ეს რა იქნება, ჯერ გაურკვეველია, ჯარს გაგზავნის ვინმე თუ არა, რამდენად მოხერხდება, რომ ამ უსაფრთხოების გარანტიიდან გათიშონ რუსეთი და გარანტია მხოლოდ დასავლეთმა მისცეს. მთავარი ეს არის, თორემ ის, რომ ომი შეწყდება გამყოფ ხაზზე, ყველა ხვდება. პრინციპში ომის დაწყების მთავარი მიზეზიც ეს არის - ვის ბანაკშია უკრაინა, ნეიტრალურია თუ დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ ბანაკშია.
- შეიძლება იმის თქმა, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით რაიმე შეიცვალა უკრაინის სასარგებლოდ? ის, რომ ითქვა ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი მექანიზმის გამოყენება, რამდენად ცვლის სიტუაციას?
- მეხუთე მუხლის მსგავსი მექანიზმი, ჩემი აზრით, სრული სისულელეა, იმიტომ, რომ თვითონ მეხუთე მუხლიც ტოვებს ინტერპრეტირების საშუალებას, რომ არ ჩაება ომში, არ დაეხმარო აგრესიის მსხვერპლს. ალიანსის წევრები მსხვერპლის დასაცავად საქმეში ჩაერთვებიან ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევენ.
მეხუთე მუხლის მსგავსი რაღაც მექანიზმის შექმნა არაფრის მომტანი იქნება. მეხუთე მუხლი იმით იყო მაგარი, ყველას ჰქონდა რწმენა, რომ რუსეთი წევრი ქვეყნებიდან რომელიმეს თავს რომ დასხმოდა, ამერიკა დაიცავდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მუხლში ეს პატარა ხვრელი მაინც არის დარჩენილი. ამ სიტუაციაში, როდესაც ტრამპი ამბობს, ევროპა ჭკუით უნდა მოიქცეს, თორემ საერთოდ აღარ დავიცავო და ა.შ., მეხუთე მუხლის ანალოგი უფრო ჰგავს თავის დაძვრენის მცდელობას, რომ უკრაინელებს რაღაც მიჰყიდონ, ნატოში ვერ შეგიყვან, სამაგიეროდ, "მაპ-ზე უკეთესს" მოგცემო.
- ეგ "მაპ-ზე უკეთესი" ჩვენ ძალიან ცუდად შემოგვიტრიალდა და ხომ შესაძლებელია უკრაინისთვისაც იმაზე უარესი აღმოჩნდეს, რა მდგომარეობაშიც დღეს არის?
- სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული, იმაზე უარესი მოხდეს, რაც ხდება.
- რა შეიძლება მოხდეს ომზე უარესი?
- შესაძლოა ევროპაში სიტუაცია უფრო აირიოს. ხელისუფლებაში მოვიდნენ ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც იტყვიან, რატომ შევიწუხოთ თავი უკრაინის გამო, ახლა ჩვენს თავს მივხედოთ, რუსეთს დავუმეგობრდეთო. უკრაინას რუსეთი თავს თუ კიდევ დაესხმება, მერე შეიძლება ის იარაღიც კი აღარ მისცენ, რასაც დღეს აძლევენ.
- როგორც ტრამპმა თქვა, გამარჯვება თუ გინდა, თავდასხმის საშუალება უნდა გქონდესო. ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკა უკრაინის ინტერესების დამცველი ბოლომდე იქნება?
- კი, თქვა ეს, მაგრამ ისევ ბაიდენს დააბრალა, რომ მან ეს არ გააკეთა. ბაიდენს რომ ეს გაეკეთებინა, ომი დასრულდებოდაო. ისევ იმას აწვება, რომ ბაიდენის გამო დაიწყო ეს ომი, მაგრამ ამავე დროს ბაიდენმა არ მისცა უკრაინას ომის ნორმალურად წარმოების საშუალება. ჩემი აზრით, ტრამპი არ არის იმისთვის მზად, რომ უკრაინას მისცეს იარაღი და უკრაინამ რუსეთის სიღრმეებს დაარტყას.
- ის ტერიტორიები, რაც ახლა ფრონტის ხაზს იქით არის და შესაძლოა რუსეთს დარჩეს, რას აძლევს პუტინს და არის იმდენად სტრატეგიული, რომ ამაზე წავიდეს?
- ის ტერიტორიები, რაც რუსეთს აქვს დაკავებული, დიდად მნიშვნელოვანი არ არის კრემლისთვის. პუტინისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რა მოუვა დანარჩენ უკრაინას. თუ უკრაინა ნეიტრალური ქვეყანა იქნება, თუნდაც ავსტრიისთანა, ეყოლება პატარა ჯარი და გაწყვეტილი ექნება ურთიერთობა დასავლეთთან, მაშინ შესაძლოა რუსეთს მასზე თავდასხმა აღარც დასჭირდეს.
იტყვის, იყოს თავისთვის, რაში მჭირდება ომი, მერე შეიძლება იქ პრორუსული მთავრობა დაჯდეს და იქნება იდეალური სიტუაცია კრემლისთვის. უკრაინას ეკონომიკა, ასე თუ ისე, ექნება, მაგრამ მაინც დაუცველი იქნება, შეიძლება მოვიდეს პრორუსული მთავრობა და რატომღა დაესხას თავს, ომის გარეშეც მთლიანად მისი გახდება. რუსეთი დღეს ამას ესწრაფვის და რაღაც ტერიტორია, მაგალითად, დონბასი, გამყოფი ხაზის აქეთ იქნება თუ იქით, მეორეხარისხოვანია.