"არც ერთ საგანში არ მოვმზადებულვარ", "ფიზიკაში, მათემატიკაში კერძო მომზადების გარეშე შევძელი დაბრკოლებების გადალახვა..."- გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია ჩააბარეს და 100%-იანი გრანტი მოიპოვეს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31 704-მა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88 %-ს შეადგენს.
2025 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 000 - ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000 - მდე გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1 700-ზე მეტი აპლიკანტი გააგრძელებს - დაფინანსდა 700-ზე მეტი გამოსაცდელი.
kvirispalitra.ge გაგაცნობთ აბიტურიენტებს, რომლებმაც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის სრული დაფინანსება ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების ჩაბარებით მოიპოვეს.
ნინო არახამია იმ წარმატებულ აბიტურიენტებს შორისაა, რომელმაც 100 %-იანი გრანტი მოიპოვა.მან 4 გამოცდა ჩააბარა და საუკეთესო შედეგებით მიაღწია სასურველ შედეგს: მათემატიკაში - 50, ქართულში - 51, ფიზიკაში- 58, ხოლო ინგლისურში - 68 ქულა აიღო. წარმატებული აბიტურიენტი თავისუფალ უნივერსიტეტში ფიზიკის პროგრამაზე ისწავლის.
- გილოცავთ წარმატებას, რომელი სკოლის კურსდამთავრებული ხართ და ელოდით თუ არა ასეთ შედეგს?
- სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა დავამთავრე. რადგან კომაროვში ხშირად გვქონდა ქვიზები მეტად მომზადებული და მოტივირებული ვიყავი, ვთვლი შედეგები იყო დამოკიდებული გამოცდილებაზე, ნერვიულობის ფაქტორზე, რაც გადალახული მქონდა კომაროვში, აქედან გამომდინარე მოულოდნელი არ ყოფილა შეფასებები.
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების ჩაბარება უძნელდებათ ბავშვებს. რას გვეტყვი ფიზიკის გამოცდაზე?
- ზოგადად, კომაროვში მეტად გაძლიერებულია ფიზიკა და ბავშვებიც უფრო დაინტერესებულნი არიან, ვიდრე საჯაროში, რადგან არ აქვთ ხელშეწყობა და როგორც მსმენია, მასწავლებლების უმეტესობას არ აქვთ შესაბამისი განათლებაც, ან გადმოცემის უნარი, რაც სამწუხარო ფაქტია ჩვენს ქვეყანაში. ფიზიკის გამოცდა ჩემთვის გამოწვევაც იყო, ყოველთვის მიზიდავდა მსგავსი საკითხები, მიყვარს სირთულეები. სკოლამაც ხელი შემიწყო, რისთვისაც მადლობელი ვარ. ფიზიკაში, მათემატიკაში კერძო მომზადების გარეშე შევძელი დაბრკოლებების გადალახვა და კომაროვმა მომცა ამ ყველაფრის შესაძლებლობა.
- ე.ი. რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე ჩააბარე?
- დიახ. მხოლოდ ინგლისურში ვემზადებოდი, უნდა აღვნიშნო, რომ ქართულში ჩვენი სკოლის მასწავლებელი ცალკე გვამზადებდა და გვეხმარებოდა, ვისაც კერძო მასწავლებელი არ გვყავდა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. ყველას შეიძლება არ ჰქონდეს საშუალება მომზადებისთვის, შეიძლება ოჯახური პრობლემების გამოც ვერ ახერხებდე სწავლას, რისი შემთხვევებიც იყო ჩემ გარშემო. ვფიქრობ, მთავარია ადამიანობა, ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ, ყოველთვის მხოლოდ ფული არაა მნიშვნელოვანი.
- რას ურჩევთ აბიტურიენტებს?
- მიუხედავად დაბრკოლებებისა, იმედგაცრუებისა, არ უნდა დანებდე, სადმე ყოველთვის იქნება გზა. მართალია, ჩვენს ქვეყანაში ორმაგი ბრძოლა გვინდა მიზნის მისაღწევად, ბევრი ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას და ეს გასაკვირი არცაა, რაც გამოწვეული იმით რომ საზოგადოება დაცალკევებულია და ერთიანად ვერ მოქმედებს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბევრი უპასუხისმგებლო მასწავლებელია და ებღაუჭებიან სკამს. ბავშვს თავიდანვე უნდა დაანახო გზა და რაც მთავარია, საჯარო სკოლებში არაა იდეოლოგია, საგნის დაზეპირების გარდა, ბავშვმა უნდა იცოდეს რისთვის იბრძოლოს, რა მიზნები დაისახოს და რა არის უკეთესი.
- ლიზი წულაია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩაირიცხა და 100 %გრანტი მოიპოვა.
-ნშარშან ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვან ფაკულტეტზე. წარმატებით დავასრულე პირველი კურსი.ერთ-ერთი კონფერენციის დროს ჩემმა ლექტორმა, ქალბატონმა ნანი ხელაიამ აღმომაჩინა და ამარჩია თემის საპრეზენტაციოდ, სადაც ქართველების გარდა უცხოელი სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას და მომიწია მათთან დისკუსიაში შესვლა ინგლისურ ენაზე, არ ვტრაბახობ, მაგრამ ქართულენოვანი ფაკულტეტიდან ერთადერთი სტუდენტი ვიყავი, რომელიც მათთან დიალოგში შევიდა და დამსწრე ქართველმა თუ უცხოელმა ლექტორებმა აღნიშნეს კიდეც ეს ფაქტი, შემდეგ კი მედიცინის ისტორიის ხელმძღვანელმა და ლექტორმა, ნანი ხელაიამ მირჩია, რომ გადამებარებინა ინგლისურენოვან ფაკულტეტზე და ასეც მოვიქეცი შიდა მობილობაშიც მივიღე მონაწილეობა თავის დაზღვევის მიზნით. ეროვნულ გამოცდებზე წელს საკმაოდ მაღალი ქულები ავიღე: ქართულში - 54,ინგლისურში-67, ქიმიაში-60 და ბიოლოგიაში 68- ქულა.
- როგორ ფიქრობ, გამოცდებზე წარმატების მისაღწევად რა არის საჭირო?
პირველ რიგში უფლისა და საკუთარი თავის რწმენა, რათა გქონდეს შინაგანი სიმშვიდე. ამის შემდეგ უკვე დისციპლინა და მონდომება. ვფიქრობ, წარმატებული მხოლოდ მაშინ იქნები,როდესაც რაღაც გულით გინდა და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო.
- ქიმია და ბიოლოგია სად გასწავლეს? რეპეტიტორებთან დადიოდი?
- ოქროსმედალოსანი ვარ, დავასრულე ხონის მეორე საჯარო სკოლა წარჩინებით. ბიოლოგიასა და ქიმიაში რაღაც დონეზე საფუძველი მქონდა, სანამ მომზადებას დავიწყებდი, მაგრამ მეთერთმეტე კლასიდან კერძო რეპეტიტორთან დავდიოდი და სწორედ ისინი დამეხმარნენ მაღალი ქულის აღებაში. ჩემი აზრით, სკოლის განათლება ეროვნულების ჩასაბარებლად სავსებით საკმარისია, რადგან რეპეტიტორთანაც სასკოლო სახელმძღვანელოებით გავდიოდით მასალებს, მაგრამ მაღალი ქულისთვის ზოგ საგანს სპეციფიკური მიდგომა და მუშაობა სჭირდება.
- თენგო გელაშვილი:
- რომელი სკოლა დაამთავრე? სად ჩააბარე და რა მიმართულებაზე?
- კომაროვი დავამთავრე და თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერულ ინჟინერიას დავეუფლები სახელმწიფოს 100%-იანი გრანტით. ქართულში-60, მათემატიკაში-50, ინგლისურში-68, ფიზიკაში -57 ქულა ავიღე.
- ქულების გამოქვეყნების შემდეგ ელოდი ალბათ 100%-იან გრანტს. საბოლოო შედეგების ნახვის მერე რა რეაქცია გქონდა?
- ჩემი აზრით, ქულებს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც სწავლისას მიიღე. ყველა აბიტურიენტმა ვერ შეძლო ამ ცოდნის რეალიზება გამოცდაზე, ზოგს ჩემსავით ნაწილობრივ გაუმართლა, ზოგს-არა. იცით, არ ვაპირებდი საქართველოში ჩაბარებას, უცხოეთში გავაგზავნე აპლიკაციები, მიმიღეს რამდენიმე უნივერსიტეტში, მაგრამ სრულად არავის დაუფინანსებია. საბოლოო იმედი Constructor University იყო, პასუხი მაისის ბოლოს მივიღე და მანდაც ნაწილობრივ დამიფინანსეს. მთელი შრომა წყალში ჩაიყარა თითქოს, მაგრამ იმედგაცრუების და თვითგვემის ნაცვლად ბოლო თვეს შევძელი და ვისწავლე თემის წერა, გრამატიკა, ამიტომ ალბათ მოტივაცია და შემართებაა მთავარი.
ქართულის შედეგი იყო ის, რამაც ყველაზე დიდი თვითრწმენა მომცა და საკუთარ შესაძლებლობებში დამარწმუნა, სხვა შედეგებზე სიხარული არ გამომიხატავს
- ემზადებოდი რეპეტიტორებთან?
- არც ერთ საგანში არ მოვმზადებულვარ. მე ვამზადებდი აბიტურიენტობის პერიოდში 2 სკოლის მოსწავლეს, მეათე და მეექვსე კლასელები იყვნენ.
რუსკა კილასონია
(სპეციალურად საიტისთვის)