სისხლიანი ფარისეველი - „ქრისტიანმა“ პუტინმა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული უკრაინელებს კიევის სასტიკი დაბომბვით „მიულოცა“ - კვირის პალიტრა

სისხლიანი ფარისეველი - „ქრისტიანმა“ პუტინმა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული უკრაინელებს კიევის სასტიკი დაბომბვით „მიულოცა“

28 აგვისტოს, მაშინ როდესაც მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის დედაქალაქის - კიევის სასტიკი და დაუნდობელი დაბომბვის ბრძანება გასცა...

პუტინი, რომელსაც რუსული სახელმწიფო პროპაგანდა ხშირად ეკლესიაში ხატებთან სანთლით ხელში წარმოადგენს, თავის საოკუპაციო ძალებს უბრძანებს, რომ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დადგომისთანავე, დილაუთენია დაიწყონ მეზობელი ქვეყნის დედაქალაქის საცხოვრებელ უბნებზე კამიკაძე-დრონებით, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით შეტევა…

კიევის არანაკლებ ოც ადგილას განხორციელდა რუსული საჰაერო დარტყმები, რამაც შეიწირა რვა მშვიდობიანი მოსახლე, 45 დაჭრილია, მათ შორის არიან ბავშვებიც, მაგრამ ეს არ არის საბოლოო ციფრები, რადგან რუსულმა რაკეტებმა ჩამოშალეს რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და ნანგრევებში მოყოლილნი არიან მაცხოვრებლები, რომელთა გამოყვანის ოპერციაში ათასზე მეტი მაშველი და პოლიციელი ამ წუთებშიც იღებს მონაწილეობას და დაღუპულთა რიცხვი, სამწუხაროდ, ალბათ გაიზრდება.

რას იგებს პუტინი იმით, რომ ასე დაუნდობლად, სისტემატურად აბომბინებს უკრაინის ქალაქების და მათ შორის - დედაქალაქ კიევის სწორედ საცხოვრებელ უბნებს, იქ ხომ არც უკრაინული ტანკები აყენია და არც ჯარისკაცების ყაზარმებია?

კრემლის ასეთი სასტიკი მოქმედების (რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც საერთაშორისო დონის სამხედრო დანაშაული) მთავარი მიზანი, ალბათ, ერთადერთია - რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი უკრაინელი დააშინონ ასეთი მუდმივი დაბომბვებით, რომ მათ შემდეგ უკრაინის ხელისუფლებისგან მოითხოვონ ომის სასწრაფოდ შეწყვეტა, რუსეთის ულტიმატუმური მოთხოვნების დაკმაყოფილებით...

ეს საშინელი ომი 1 282 დღეა, გრძელდება და არ ყოფილა ღამე, როდესაც რუსეთს უკრაინის ერთი ქალაქი მაინც არ დაებომბა, რისი მსხვერპლიც, ბუნებრივია, უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები ხდებოდნენ და არა ფრონტის ხაზზე, სანგარში მსხდომი უკრაინელი სამხედროები.

ბოლო პერიოდში კი პუტინის არმია განსაკუთრებულ სისატიკეს იჩენს იმით, რომ უკრაინის ქალაქებისკენ გაშვებულ „შაჰიდი/გერანის“ კამიკაძე-დრონების საბრძოლო ქობინებში მსხვრევად-ფუგასური მოქმედების მუხტთან ერთად ათავსებს ცეცხლგამჩენ ნარევს - ნაპალმს, რის შემდეგაც იმავე კიევის საცხოვრებლ კორპუსზე მორიგი „შაჰიდი/გერანის“ შეჯახებისა და აფეთქების შემდეგ ადამიანების დაზიანება არა მარტო ნამსხვრევებით ხდება, არამედ - ნაპალმი იწვევს ცეცხლის ძლიერი კერის გაჩენასაც, რომლის წყლით ჩაქრობა უბრალოდ შეუძლებელია...

ასევე დაგაინტერესებთ: კიმ ჩენ ინმა პუტინს, თუკი მართლაც 100 ათასი სამხედრო მიაშველა, მაშინ...

ტრაგიკომედია რუსულად - როგორ დააფინანსებს პუტინი ომს პუტინისვე წინააღმდეგ

უკრაინული შურისძიების იარაღი, რომელიც შიგ კრემლში დაარტყამს?! - ვარდისფერი „ფლამინგო“ პუტინისთვის „შავ რისხვად“ გადაიქცევა

პუტინის „კაცი“ პენტაგონში ანუ მორიგი „გაუგებრობა“ ტრამპისგან...

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა არა ერთხელ განაცხადა - თითქოს პუტინთან საუკეთესო სატელეფონო საუბარი გამომდის ამ ომის შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ როგორც კი ტელეფონს გავთიშავ, რუსები იწყებენ უკრაინის ქალაქების დაბომბვასო...

უბრალოდ, უკვე ისე ჩანს, რომ მსოფლიოში არ მოიძებნება ძალა, რომელიც პუტინს აიძულებდა უკრაინის წინააღმდეგ ამ საშინელი ომის შეჩერებას, რადგან ტრამპის აქტიურობა ომის დასამთავრებლად კი არის მისასალმებელი, მაგრამ მისივე ნაბიჯები პუტინისადმი დამუქრება-დაყვავების სახით, რეალურ შედეგს არ იძლევა და კრემლის ბინადარი აგრძელებს იმას, რაც სურს, მაგრამ... როდემდე?