"რევოლუციის რეცეპტი" გია ხუხაშვილისგან - "ამ მხარდაჭერით ოპოზიცია ფეხების ბაკუნის პოზაში აღმოჩნდება, ცუდ შემთხვევაში შეიძლება სხვა სერიოზული პრობლემებიც შეექმნას"
„პოლიტიკური ბრძოლის მთავარი ფრონტი ახლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კი არა, თავად ოპოზიციურ პარტიებს შორისაა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციაში არაჯანსაღი გარემო და სერიოზული კრიზისია“ , - ამგვარად აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოლო პერიოდში ოპოზიციურ ფლანგზე განვითარებულ პროცესებს. მისივე თქმით, აქციები, თავისთავად, აუცილებელია, ხელისუფლების პოლიტიკა და საგარეო საფრთხეები ნამდვილად იძლევა ამის მიზეზს. „მთავარი პრობლემა კოორდინაციაშია. ოპოზიციურ ძალებს შორის სერიოზული უთანხმოებაა ტაქტიკურ საკითხებში, ყველა ცდილობს, თავისკენ გადაქაჩოს საბანი“ , - აღნიშნავს ხუხაშვილი, რომელსაც სწორედ ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზე ვესაუბრებით:
- ოპოზიციურ პარტიებში გრძელვადიან პოლიტიკურ სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით სრული ერთიანობაა და ყველა თანხმდება, რომ საჭიროა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. უთანხმოება არის პოლიტიკური ტაქტიკის საკითხებში - ვინ როგორ მიდის არჩევნებზე, ვინ ბოიკოტს აცხადებს, ზოგი აგრესიულია, ვის ზომიერი გზით სვლა ურჩევნია. აქედან მოდის დაპირისპირება. სამწუხაროდ, პოლიტიკური ელიტა ჯერ კიდევ არ არის იმდენად მომწიფებული, რომ საერთო გამაერთიანებელ თემებზე მოახდინოს კონსოლიდაცია.
- ფიქრობთ, რომ საბოლოოდ ოპოზიცია საერთო ტაქტიკაზე ვერ შეთანხმება?
- თუ 13 სექტემბრის აქციის მთავარ მოთხოვნად ბოიკოტი გამოცხადდება, არჩევნებში მონაწილე პარტიები ვერ მიიღებენ მონაწილეობას. ეს ეწინააღმდეგება მათ ტაქტიკას. მაგრამ თუ აქცია მოეწყობა ევროკავშირში დაბრუნების, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით, მაშინ ერთიანობის დემონსტრირება შესაძლებელი გახდება. ეს ამომრჩევლის თვალშიც ოპოზიციას გააძლიერებს. ზოგადად, პარტიები ერთად იდგებიან თუ ცალ-ცალკე, ნამდვილად არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არ არის მთავარი. მთავარი არის, ოპოზიციურ პარტიებს ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეთ, იმიტომ, რომ ნებისმიერი ცვლილების გენერატორი ხალხია და არა - პოლიტიკური პარტია. მათ, ვინც რევოლუციას აცხადებს და დაუმორჩილებლობის ორგანიზება უნდათ, უნდა ესმოდეთ, რომ საზოგადოების ძალიან სერიოზული მხარდაჭერა სჭირდებათ.
- თქვენი აზრით, რა მონაცემებს ეყრდნობიან ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მათი მხარდაჭერა გაზრდილია?
- ჩვენი პოლიტიკური კლასისთვის დამახასიათებელია არასწორი მოლოდინების შექმნა და ხმაურიანი განცხადებების გაკეთება. ჩვენ მუდმივად იმედების შექმნის და შემდეგ - გაცრუების რეჟიმში ვცხოვრობთ... ოპოზიციის ლიდერებს ჰგონიათ, რომ ხალხის გამოსაყვანად საკმარისია ხმაურიანი განცხადებები, მაგრამ რეალური რესურსი ამ პროცესის გასაგრძელებლად არ აქვთ. რეალურად, მათ დღეს 5-10%-ზე მეტი მხარდაჭერა არ გააჩნიათ. ასეთი მხარდაჭერის ფონზე ვერაფერს მიაღწევენ, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ფეხების ბაკუნის პოზაში აღმოჩნდებიან, ცუდ შემთხვევაში -შეიძლება სხვა სერიოზული პრობლემებიც შეექმნათ.
რევოლუციას ან მასობრივ დაუმორჩილებლობას მინიმუმ 60-70% მხარდაჭერა სჭირდება. ოპოზიცია კი ამაზე არ მუშაობს, რეგიონებში მოსახლეობა მათ საერთოდ ვერ ხედავს. არაფერს აკეთებენ ხალხის ნდობის მოსაპოვებლად და ასაყოლიებლად, მხოლოდ განცხადებებით ფონს ვერ გავლენ. რის იმედად აკეთებენ ასეთ განცხადებებს, აბსოლუტურად ბუნდოვანი და გაუგებარია.
- როგორ გგონიათ, 13 სექტემბრის აქცია გრძელვადიანი პროცესის დასაწყისი იქნება?
- დღევანდელი რესურსით ამას ვერ ვხედავ. შეიძლება აქცია იყოს მასშტაბური და ხელისუფლებამ კიდევ დაინახოს, რომ ქვეყანაში ბევრი უკმაყოფილო ადამიანი ჰყავს, მაგრამ პერმანენტულ სახეს ვერ მიიღებს და „ოცნებას“ სერიოზულ პრობლემას ვერ შეუქმნის. კი ამბობენ, 8 პარტია ვართ გაერთიანებულიო, მაგრამ ჯერჯერობით რაოდენობა ხარისხში ვერ გადადის. ხმაურიანი განცხადებები რეალურ შესაძლებლობებს ბევრად აღემატება. სწორედ ამიტომ, ხშირად ვდგებით იმედგაცრუების წინაშე.
ასევე დაგაინტერესებთ: "საქართველოში შესაძლოა, ყველაზე მძიმე სცენარი განვითარდეს და ეს სახიფათო იქნება ქვეყნისთვის" - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი: რა მოხდება 4 ოქტომბრის შემდეგ?!
- როგორ წარმოგიდგენიათ, რა იქნება 4 ოქტომბრის შემდეგ?
- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად წარმართავენ კამპანიას როგორც ბოიკოტის მომხრეები, ისე - არჩევნებში მონაწილე პარტიები. თეორიულად შესაძლებელია, რომ ეს ორი მიმდინარეობა ისევ შეერთდეს ერთიან მოძრაობაში, მაგრამ ამისთვის მეტი პოლიტიკური სიბრძნე და ადეკვატურობაა საჭირო. ჯერჯერობით ამის ნიშნებს ვერ ვხედავ. ამას გარდა, ჯერ კიდევ გაურკვეველია საგარეო ფაქტორებიც, მაგალითად, უკრაინის ომი, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხი და ა.შ. ერთი რამის თქმა კი ნამდვილად შემიძლია: ოპოზიციას სჭირდება ხალხის ნდობის დაბრუნება და ერთიანობა სტრატეგიულ საკითხებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრძოლა შედეგიანად ვერ წარიმართება.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)