"ალექსანდრე მრევლიშვილმა დახატა ნიკოლოზ ბარათაშვილი, ნიკო ფიროსმანი, გააფორმა "დედაენა" და... სამწუხაროდ, დღეს იგი ნაკლებად ახსოვთ" - რას ჰყვება მხატვრისა და პოეტ მაყვალა მრევლიშვილის შთამომავალი?
"დედა მყავს მრევლიშვილი, ეს დიდი მხატვარი ჩემი პირდაპირი წინაპარია. მრევლიშვილები უძველესი მცხეთური საეკლესიო თავადაზნაურული გვარი იყო ერთ დროს“, - ამბობს გიორგი იაკობიძე. იგი საამაყო წინაპრებზე, მხატვარ ალექსანდრე მრევლიშვილზე და მის შვილზე - საბავშვო პოეტ მაყვალა მრევლიშვილზე გვიამბობს.
- ნიკოლოზ ბარათაშვილი სულ რამდენიმე მხატვარმა დახატა და მხოლოდ ამ მხატვრებმა შემოგვინახეს ბარათაშვილის გარეგნობა. ეს ნახატი ინახება ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ეკუთვნის ალექსანდრე მრევლიშვილს, რომელიც, გადმოცემით, მან 1916 წელს დახატა.
- ის იყო მხატვარი, რომელმაც დახატა ნიკო ფიროსმანი...
- დიახ, ფიროსმანი ალექსანდრე მრევლიშვილმა დახატა, რომელსაც ასეთი წარწერა აქვს - "ა.მრევლიშვილი, "ფიროსმანი", შესრულებულია ქართველ მხატვართა საზოგადოების სხდომაზე, 1916 წლის მაისი..."
- გვიამბეთ ამ მხატვარზე...
- ალექსანდრე მრევლიშვილი 1866 წელს დაიბადა ქალაქ მცხეთაში, 1933 წელს გარდაიცვალა. იგი იყო მხატვარი და თანამედროვე ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი მხატვრობა 1889 წელს დაიწყო, თუმცა, ჯერ კიდევ სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს, მისი ნახატით დაინტერესდა აღმზრდელი მოსე ჯანაშვილი, რომელმაც მისი ნამუშევარი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობას უჩვენა და იმდენად მოეწონათ ნორჩი მხატვრის სურათები, რომ საჩუქრად გაუგზავნეს მხატვარ ალექსანდრე ბერიძის დასურათებული ფურცელი ზედწარწერით: „მხატვრობის მოტრფიალე ალექსანდრე მრევლიშვილს. ისწავლე და შენი ქვეყნის სასარგებლო კაცი შეიქენი“.
1884 წელს მოსკოვის "ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების" სასწავლებელში ჩააბარა, რომელიც 1890 წელს დაამთავრა. კარგი სწავლისთვის იგი გადასახადისაგან გაათავისუფლეს.
ალექსანდრე მრევლიშვილის ყოველი ნახატი ღრმა შინაარსიანია, წინასწარ გააზრებული, უმთავრესად, სოციალური უსამართლობისა და პოლიტიკური უკუღმართობის მამხილებელი. 1905 წლის რევოლუციის დროს, მან დახატა პლაკატი - „ერთობა“, რომელიც მისმა ძმამ, გოლამ, 1906 წელს დაწვა, როცა ალექსანდრე კაზაკებმა შეიპყრეს. რევოლუციური შინაარსის სურათების ხატვისათვის მთავრობა მას ალმაცერად უყურებდა და ხშირად, ხელსაც უშლიდა და გამოფენებზე არ უშვებდა. ამის გამო იგი იძულებული იყო მასწავლებლად ემსახურა სხვადასხვა გიმნაზიაში.
1917 წლიდან ალექსანდრე მრევლიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი.
მისი ცნობილი ნამუშევრებია: „სოფლის კანცელარიასთან დაბალი ღობე“, „კალოზე“, „გზაჯვარედინზე“. მისი წიგნის მხატვრობა ამშვენებს იაკობ გოგებაშვილის „დედაენასა“ და „ბუნების კარს“, მაშინდელ საყმაწვილო ჟურნალებს „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“... ალექსანდრე სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, მაგრამ სიღარიბემ ეს სასწავლებელი მეოთხე კლასიდან მიატოვებინა. მერე თბილისის კერძო სამხატვრო სკოლაში განაგრძო განათლების მიღება. 1884-1890 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში, ხოლო 1898-1901 წლებში კი ევროპაში, პარიზის ჟულიანის კერძო აკადემიაში. მოიარა იტალია, გერმანია, გაიმდიდრა გონებრივი თვალსაწიერი.
- მისი შვილი იყო საყოველთაოდ ცნობილი პოეტი მაყვალა მრევლიშვილი...
- დიახ. მაყვალა მრევლიშვილი 1909 წელს, სიღნაღში დაიბადა და გარდაიცვალა 1992 წელს, თბილისში. ის იყო ცნობილი საბავშვო პოეტი. 1925 წელს დაამთავრა თბილისის მე-8 საშუალო სკოლა, ხოლო 1930 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ლიტერატურული განყოფილება.
სხვადასხვა ადგილას მუშაობდა, იყო საქართველოს რადიოკომიტეტის საბავშვო გადაცემათა რედაქტორად, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლად, იყო მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის მხატვრული კითხვის წრის ხელმძღვანელი, საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო სექციის ბიუროს მდივანი, ჟურნალ „დილას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე.
პირველი წიგნი 1940 წელს გამოაქვეყნა და, ძირითადად, მისი ლექსები იყო თავმოყრილი. ბავშვებს განსაკუთრებით უყვარდათ მისი ლექსები: „დილა მშვიდობისა“, „საწყალი კურდღელი“, „ჩიტო-ჩიტო“, „შენ გიგალობ, პატარავ“, პოემები: „ჭანჭიკელა“, „გოგია და ტოლია“, „მიყვარს ყველა ცისარტყელა“ და მრავალი სხვა.
მან გადაამუშავა და გამოსცა ქართული ხალხური ზღაპრები „ირმისა“ და „კომბლე“...
- რამდენად ახსოვთ დღეს მაყვალა მრევლიშვილი?
- ალექსანდრე მრევლიშვილი ნაკლებად ახსოვთ, თუმცა მაყვალა მრევლიშვილზე ამას ვერ ვიტყვი. მცხეთაში ძალიან ბევრი მრევლიშვილი ცხოვრობს. როგორც უკვე ვთქვი, ეს გვარი ძირძველი მცხეთური, საეკლესიო თავადაზნაურული გვარია, აქ, რა თქმა უნდა, ახსოვთ და მრევლიშვილის ქუჩაც გვაქვს ქალაქში. ამ ქუჩაზე რომ გავივლი ხოლმე, მახსენდება ყველა ის მრევლიშვილი, რომელიც ჩემთვის და ქვეყნისთვის ძვირფასია. მათ შორის, ჩემი პაპა გიორგი (გივი) მრევლიშვილი, რომლისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ის ფართო საზოგადოებაში არ იყო გამოჩენილი, თუმცა მცხეთაში ძალიან დიდ პატივს სცემდნენ.
(სპეციალურად საიტისთვის)