"სწორედ იმ კაცმა დახვრიტა საგანგებოდ "ჩემი", პრეფექტის სკამი, 1991 წლის დეკემბრის პუტჩის მერე, ოღონდ იქ არ ვიჯექი იმ დროს... თურმე, ჩვეულებრივი უშიშროების აგენტი ყოფილა" - რა ამბებს იხსენებს 90 წლის იულონ გაგოშიძე?
"თურმე, ზვიადთან ჩემზე დასტა საჩივრები შედიოდა, მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევდა"
გამოჩენილი ქართველი არქეოლოგის, იულონ გაგოშიძის განვლილი წლები დახუნძლულია საინტერესო ფაქტებითა და მოვლენებით. მათ შორის არის უამრავი არქეოლოგიური ექსპედიცია და არაერთი სამეცნიერო მიღწევა, არქეოლოგიური და სამუზეუმო კომპიუტერული კატალოგიზაციის ჯგუფის შექმნა, საზოგადო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გატარებული წლები და სხვა.
იულონ გაგოშიძეს წელს 90 წელი შეუსრულდა.
ვთხოვე, თავისი მრავალფეროვანი ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდი გაეხსენებინა.

სკოლის საგნების სიყვარული და ბრძენი პედაგოგები
- ჩემი მშობლები უნივერსიტეტში სწავლობდნენ. ოჯახში ივანე ჯავახიშვილის კულტი იყო. დედაჩემი სულ იმას იხსენებდა, როგორ პატივს სცემდნენ ბატონ ივანეს. როცა გარდაიცვალა, გაზეთიდან ივანე ჯავახიშვილის სურათი ამოვჭერი და კარადაში დავდე მისი წიგნის გვერდით. ისტორია ყოველთვის მიყვარდა და წიგნებსაც დიდი ინტერესით ვკითხულობდი. სკოლის პერიოდში, გამიტაცა მათემატიკამ და ფიზიკამ. მათემატიკას დავით პარკაძე გვასწავლიდა. მას ხელზე თითები არ ჰქონდა, მაგრამ დაფაზე ცარცით ისეთ წრეს შემოხაზავდა, ფარგლით დახატულს ჰგავდა. როცა მოსწავლეზე ბრაზდებოდა, ხელს წაჰკრავდა ხოლმე. ჯერ ისევ ვსწავლობდით, პარკაძე რომ გარდაიცვალა და ბავშვები ვტრაბახობდით, ვინ უფრო მეტჯერ „გალახა“. ძალიან გვიყვარდა, მაგარი კაცი იყო. მასთან ერთხელ რაღაც კონფლიქტი მქონდა და ვუთხარი, სკოლაში აღარ მოვალ-მეთქი. პედაგოგმა სახლში მომაკითხა, ამიხსნა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა და მეც წავყევი სკოლაში.
ფიზიკის მასწავლებელი იყო კოტე თოთიბაძე (მისი ვაჟი ცნობილი მხატვარი გახდა - გოგი თოთიბაძე). შემოვიდოდა კაბინეტში, მოგვესალმებოდა, გადაშლიდა პატარა ბლოკნოტს, სადაც კლასის სია ეწერა. გვარებს კითხულობდა და ფიქრობდა, ვინ გამოეძახა. ჩვენ გასუსულები ველოდით. ჩემი გვარი ბლოკნოტის პირველ გვერდზე იყო და როცა ამ გვერდს მორჩებოდა, იქ ვინც ვეწერეთ, ყველანი ამოვისუნთქებდით. ერთხელ, გვესაუბრება და ვიღაცამ დაუსტვინა. მოიხედა და: კეშელავა, ადექი ფეხზეო! არ ვიცი, იმას დაბრალდა, თუ მართლა იმან დაუსტვინა, კოტემ ასეთი რამ უთხრა:
კაცი ჯერ გატუტუცდება, მერე ნამუსს დაკარგავს და მერე... უცებ თამაზ ანთაძემ ხმამაღლა წამოიძახა: თმები დაუხუჭუჭდებაო. ამ ფრაზამ სიცილი გამოიწვია. მაშინ მოდაში იყო ხუჭუჭი თმა. კოტეს არავინ დაუსჯია და არც გაჯავრებია... მისი ნათქვამი დღემდე მახსოვს და ასე ვასრულებ: ნამუსდაკარგულ კაცს ჭკუა არა აქვს, რისი უამრავი მაგალითიც გვაქვს დღევანდელი ცხოვრებიდან.
ეპიზოდი ჯანო კახიძეზე
- ჯანო კახიძე ჩემი კლასელი იყო, ჩვენთან მე-7 კლასში გადმოვიდა. მამამისი ბოლნისის ღვინის ქარხნის დირექტორი იყო და თბილისში გადმოიყვანეს, პეტრიაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ჩვენი კლასი ძალიან ძლიერი იყო, 11-მა (32 მოსწავლედან) ავიღეთ ოქროს მედალი... ჯანოს თავიდან ცოტა გაუჭირდა და პირველ მეოთხედში ყველა გაკვეთილს ერთად ვამზადებდით. პედაგოგმა მთხოვა, რომ მივხმარებოდი. ასე რომ, მცირე ხნით გავხდი ჯანოს „მასწავლებელი“. ძალიან ნიჭიერი ბიჭი იყო, ზამთრის არდადეგების შემდეგ უკვე დამოუკიდებლად შეეძლო მეცადინეობა. მერე ნიჭიერთა ათწლედში შეიყვანეს. მე-10 კლასში რომ გადავედით, ზაფხული ჯანომ და მე ერთად გავატარეთ.
მისი ძმა (ერთი წლით უფროსი თენგიზი) იმ წელს უმაღლესში აბარებდა. დედაჩემმა წაგვიყვანა ზღვაზე დაგომისში მე, ჯანო და ჩემი და. ჯანოს, რა თქმა უნდა, სიმღერის გარეშე არ შეეძლო. კამპანიონი არ ჰყავდა და მე მასწავლა რაღაცები. თუმცა, ჩემს დღეში არ მიმღერია, როგორც მეუღლე ამბობს: შენ კი არ მღერი, ყვირიო.
ექსპედიციების შესახებ
- უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩავაბარე და 1953 წლის ორ სექტემბერს პირველ ლექციას დავესწარი - ოთარ ჯაფარიძის „არქეოლოგიის შესავალი“. მესამე კურსზე აღმოვჩნდი ანდრია აფაქიძის არქეოლოგიურ ექსპედიციაში ბიჭვინთაში, რამაც განსაზღვრა ჩემი შემდგომი გზა. სტუდენტები სამნი ვიყავით - მალხაზ ბარამიძე, დევი ბერძენიშვილი და მე. მაშინ გავიცანი ის უფროსი ხალხიც, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება მოვანდომე ამ საქმეს.
ბიჭვინთის შემდეგ იყო მცხეთის, ურბნისის, ვანისა და მირმეკიონის (ყირიმი) არქეოლოგიური ექსპედიციები, სადაც საველემუშაობის დიდი გამოცდილება მივიღე. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ სამადლოს ექსპედიციას. სამადლოს ნაქალაქარის გათხრა-შესწავლის შედეგად, პირველად მოხერხდა ქრისტეშობამდე წელთაღრიცხვის III საუკუნის არქეოლოგიური მასალის მკვეთრად გამიჯვნა წინა და მომდევნო პერიოდის მასალებისაგან. სრულად წარმოვაჩინეთ იმ დროისათვის ახლად ჩამოყალიბებული ქართლის სამეფოს (იბერიის) ნივთიერი კულტურა. მდიდარი და მრავალფეროვანი მასალა მოიცავდა: ოქროს ნივთებს, თიხისჭურჭელს, ბრინჯაოს ნიმუშებს... სამადლომ განმსაზღვრელი როლი ითამაშა და ელინისტური ხანის საქართველოს არქეოლოგიის ეტალონურ ძეგლად იქცა. თითქმის 10 წელი ვიმუშავე ამაზე.
სახლი საღოლაშენში
- ქარელის რაიონის სოფელ საღოლაშენში, დედაჩემის პაპის სახლში, ყოველ ზაფხულს დავდიოდით. დედა იყო გვარად ყიფშიძე. მისი პაპა, თევდორე, სოფლის მღვდელი გახლდათ, ყიფშიძეები იმერლები არიან, მათი წინაპარი ნავარძეთიდან გადმოსულა შიდა ქართლში. თევდორეს 12 შვილი ჰყავდა - გოგონები და 4 ვაჟი. ოთხივე ვაჟი გამორჩეული გამოდგა.
პაპაჩემი ზაქარია მონაწილეობდა იაპონიის და პირველ მსოფლიო ომებში, როგორც რუსეთის არმიის ოფიცერი.
ბოლოს, გენერალი გახდა და საქართველოს სამხედრო სამინისტროს განყოფილების უფროსი იყო 1918 წლიდან.
გრიგოლი - ილია ჭავჭავაძის მეგობარი, „ივერიის” რედაქტორი და მთარგმნელი. ალექსანდრე ფრონელი (ყიფშიძე) ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ილიას პირველი ბიოგრაფი, ავტორი წიგნებისა: „ამბოხება კახეთისა (1812 წ)“, „დიდებული მესხეთი“, „მთის არწივი შამილი“...
უმცროსი, ილია სწავლობდა გერმანიაში, უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორთაგანი გახლდათ, მინერალოგიის პირველი სახელმძღვანელოს ავტორი.
საინტერესო ისტორია აქვს ზაქარიას მიერ საღოლაშენში აშენებულ სახლს. 1907 წელს პაპაჩემის ძმამ - ალექსანდრემ გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო სახელმწიფო დუმის არჩევნებში, ამისთვის საჭირი იყო ჰქონოდა ე.წ. საადგილმამულო ცენზი (გარკვეული საკუთრება). რადგან პაპაჩემს ხელფასი ჰქონდა, მან უყიდა ალექსანდრეს ბრეთის გზაზე მიწა, ქვიანი ადგილი, 6 "დესეტინა" (დაახლოებით 7 ჰექტარი) - ასე წერია საბუთებში. ალექსანდრე ფრონელი 1905 წლის რევოლუციის შემდეგ, ქუთაისის ვიცე-გუბერნატორი გახდა, ქალაქის გუბერნატორმა - ვლადიმირ სტაროსელსკიმ მიიწვია. მერე ორივე დააპატიმრეს, გააძევეს ქალაქიდან და მოგვიანებით, როგორც ამბობენ, ორივე მოკლეს.
1916 წლიდან, ზაქარია გახდა მიწის მესაკუთრე იმიტომ, რომ ალექსანდრეს ოჯახი არ დარჩა. პაპაჩემმა ააშენა სახლი... კომუნისტების დროს, იმ სახლში, წლების გამავლობაში, საბჭოთა მეურნეობა იყო განთავსებული. შემდეგ სახლი უპატრონოდ დარჩა, ცარიელი იდგა. რაიკომის მდივანს ვთხოვე, ნებართვა მოეცა შიდა ქართლში წარმოებული ექსპედიციების დროს გამომეყენებინა. 1979 წელს მიიღეს დადგენილება უსამართლოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ და
რაიკომის მდივანმა მითხრა: დაიბრუნეთ, ყველამ იცის, რომ ყიფშიძეების სახლიაო (ახლაც ასე ეძახიან).
სხვა მემკვიდრეებმა უარი თქვეს, მე ძველ სახლზე ვთქვი უარი და საბოლოოდ, დავიკანონე. ჩემი სახლი საღოლაშენს ეკუთვნის, მაგრამ დგას ე.წ. ძველი ბრეთის გზაზე, მეზობლები არ გვყავს, უკაცრიელი ადგილია. სოფლიდან 800 მეტრითაა დაშორებული, „ტრასიდან“ კი - 600 მეტრით. საოკუპაციო ზოლიდან 7 კილომეტრში ვართ... 2008 წლის აგვისტოში ჩემი შვილიშვილები იქ იყვნენ. წავედი და ჩამოვიყვანე. ბავშვები ჯარისკაცებს ხელს უქნევდნენ და უცინოდნენ...
პრეფექტის თანამდებობაზე
- ზვიად გამსახურდიამ გადაწყვიტა მცხეთაში პრეფექტად ადგილობრივი კადრი დაენიშნა, ის კაცი არჩევნებზე მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ზვიადს გადასახლების დროსაც კი მიაკითხა, წარმოგიდგენიათ? თურმე, ჩვეულებრივი უშიშროების აგენტი ყოფილა... ეს იცოდნენ და ხალხი ჩემთან მოვარდა - ზვიადს უთხარი, არ დანიშნოსო. სწორედ იმ კაცმა დახვრიტა საგანგებოდ „ჩემი“ სკამი (პრეფექტის სკამი) 1991 წლის დეკემბრის პუტჩის მერე, ოღონდ იქ არ ვიჯექი იმ დროს (იღიმის). ის ბიჭი პარლამენტის შენობაშიც თავისუფლად შემოდიოდა და გადიოდა. ზვიადმა დამიჯერა და არ დანიშნა. გავიდა რამდენიმე დღე, ზვიადი მიბარებს და მთავაზობს პრეფექტის ადგილს. ვიუარე, მსგავსი საქმე არასოდეს გამიკეთებია, სოფლის მეურნეობა როგორ უნდა ვმართო-მეთქი. არაო, მითხრა, - ყველა სტუმარი მცხეთაში ჩადის და შენ მჭირდებიო. მხოლოდ ერთი პირობა მქონდა, ჩვენ შორის პირდაპირი კონტაქტი უნდა იყოს-მეთქი და ტელეფონით უშუალოდ მას ვუკავშირდებოდი.
მერე გაირკვა, რომ ჩემზე დასტა საჩივრები არსებობდა, რომლებსაც ყურადღებას არ აქცევდა. ერთადერთი პრეფექტი ვიყავი, ვისაც ნება მომცა, რომ მოდგილე თავად შემერჩია. არაჩვეულებრივი აგრონომი, ევროპული განათლების მქონე, გოდერძი გოდერძიშვილი მოვიყვანე მოადგილედ. მაგის წარდგენას კურიოზი ახლდა. მისი სეხნია, კიდევ ერთი გოდერძი გოდერძიშვილი, კახეთში მხედრიონის მეთაური იყო. ზვიადს ეს სახელი და გვარი რომ ვუთხარი, შეიცხადა... გამეცინა, ამას ველოდი, სხვა არის-მეთქი. გოდერძიმ მიწის რეფორმის შესანიშნავი პროექტი გააკეთა (ეს იყო ზვიადის მთავარი დაპირება), მაგრამ ვერ განხორციელდა მოღალატეების - წყალობით.
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)