"პირველ რეპეტიციებს ყოველთვის ვესწრებოდი. ჩემზე დაუნდობელი რეცენზენტი იქ არავინ იჯდა. თემურმა პირველივე შეხვედრაზე მითხრა: ყველაფერს, რასაც მეტყვი, ვერ ან არ გავითვალისწინებ, მაგრამ აუცილებლად მითხარი, ეს ძალიან დამეხმარებაო" - თამაზ გოდერძიშვილის მოგონებები დიდ რეჟისორებზე
მისი არაერთი პიესის, მოთხრობის, ინსცენირების, თარგმანისა თუ გადმოქართულებული ნაწარმოების მიხედვით 80-ზე მეტი სპექტაკლი შეიქმნა, მათ შორის, რადიო და ტელედადგმები, რომელთა უმრავლესობამ საზოგადოების არა მარტო ყურადღება მიიპყრო, მოწონება და სიყვარულიც დაიმსახურა. რამდენიმე მათგანს გაგახსენებთ: „ჯაყოს ხიზნები“, „ას ერგასის დღე“, „ამადეუსი“, „არტ-ხელოვნება“, „გრონჰოლმის მეთოდი“, „კაცია-ადამიანი?!“, „სჯანი“, „სახიფათო მოსახვევი“, „დედა-დედოფალი“, „მარადი ქმარი“...

ბავშვობაში არტისტობა უნდოდა, ამიტომ მივიდა პიონერთა სასახლის დრამატულ წრეზე. სპექტაკლებში მთავარ როლებსაც ასრულებდა და პრემიერებზე ტაშიც დაუმსახურებია. თეატრი ისე უყვარდა, რომ 13 წლის ასაკიდან ოპერაში, რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში არცერთი სპექტაკლი არ გამოუტოვებია.
მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი თამაზ გოდერძიშვილი თავმდაბალი ადამიანია, თითზე ჩამოსათვლელია მისი ინტერვიუ თუ სატელევიზიო გამოსვლა. ჩვენი საუბარი აგვისტოს ერთ ცხელ დღეს შედგა...
- პროფესიით გეოლოგი ხართ და რატომ აირჩიეთ ეს დარგი?
- გეოლოგი იყო ჩემი ძმა - რევაზი, რომელიც ისე მიყვარდა, რომ მისი მიბაძვით შევედი პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტზე. ერთმა პიროვნებამ კიდევ უფრო შემაყვარა პროფესია, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი გეოლოგიურ სამმართველოში მუშაობდა და ყველაფერი შეეძლო - წინდის დაკემსვიდან დაწყებული, პურ-მარილის გაშლით დამთავრებული. ველზე ხდება გეოლოგიური აღწერა, ზეპირად უნდა იცოდე, რომელი ქანი სად არის და რა რაოდენობით. ადგილზე რომ მივიდოდით, იტყოდა მაგალითად, აქ ბაზალტია და მართლაც, ბაზალტი დაგვხვდებოდა. არაჩვეულებრივი მახსოვრობა ჰქონდა. სადაც კი გაუვლია, ყველაფერი ახსოვდა. ამ პროფესიაში ფეხი კარგად მოვიკიდე. კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-მუშაკი ვიყავი და დისერტაციის დაცვასაც მთხოვდნენ, მაგრამ თეორიულ ნაწილზე მუშაობა არ მაინტერესებდა. ველზე გასვლა მომწონდა, რაც ბევრს არ უყვარდა, ამიტომ ჩემზე ტაციაობა იყო.

- წერა როდის დაიწყეთ?
- ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ჯერ მოთხრობებს ვწერდი, მერე პიესების წერაც დავიწყე. სხვათა შორის, რედაქციებში რაც მიმქონდა, ყველაფერს მიბეჭდავდნენ. ერთხელ, ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორმა - გიორგი ნატროშვილმა შენიშვნები მომცა და არ გავითვალისწინე. მოთხრობა წამოვიღე „ცისკარში“ და მაშინვე დამიბეჭდეს. რედაქტორი იყო ვახტანგ ჭელიძე, ხოლო პროზის განყოფილებას ხელმძღვანელობდა ციალა ჩხეიძე (მწერალ გიორგი ქუჩიშვილის ქალიშვილი და თემურ ჩხეიძის მამიდა). თავიდანვე არ ვუთხარი ციალას, რომ ნატროშვილმა შენიშვნები მომცა. ასაწყობად როცა გადასცეს მოთხრობა, მერე გავუმხილე, რაც მოხდა.
- ტელერადიოკომიტეტში სამუშაოდ ვინ მიგიწვიათ?
- ლამარა კიკილაშვილმა მკითხა: ჩვენთან ხომ არ გადმოხვალო? მან წაიკითხა ჩემი მოთხრობები, ისიც იცოდა, რომ გეოლოგიაზე მაინცდამაინც გული არ მიმდიოდა. ჯერ უარი ვუთხარი. მერე ასე შემომთავაზა: უშტატოდ გადმოდი, თუ მოგეწონება და შეძლებ, იცოდე, რომ შტატი შენიაო. რადიოს ლიტერატურული რედაქციის მთავარი რედაქტორი გივი დვალიშვილი, თავისი საქმის მცოდნე ახალგაზრდა კაცი, კარგად მექცეოდა. ასე დავიწყე რადიოში მუშაობა. ტელეთეატრი უფრო მაინტერესებდა და როცა მიხეილ თუმანიშვილი გადმოვიდა ტელევიზიაში, უკვე სატელევიზიო დადგმების მთავარ რედაქციაში ვმუშაობდი.

ბატონ მიხეილთან ძალიან ახლოს ვიყავი, ცოტა რთული კაცი იყო, ენამწარეც, მაგრამ ცდილობდა გული არავისთვის ეტკინა. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ „ბაკულას ღორებზე“, დღესაც რომ გადის თუმანიშვილის თეატრის სცენაზე. მე გავაკეთე სცენარი, ბატონმა მიხეილმა წაიკითხა და რჩევები მომცა. ეს სპექტაკლი დადგა თეატრალურ ინსტიტუტში. პირველი პროგრამა შენახული მაქვს, იქ ჩემი გვარი წერია, მერე ამოვარდა, კინომსახიობთა თეატრში როცა გადავიდნენ. ამაზე ბატონი მიხეილისთვის არაფერი მითქვამს, ეწყინებოდა აუცილებლად, რამე რომ მეთქვა. ამდენ აფიშაზეა ჩემი გვარი და იმ ერთზე იქნებოდა თუ არა, ამის გულისათვის კაცი არ მოვიძულე. კარგი ურთიერთობა გვქონდა.

- თემურ ჩხეიძესთან მუშაობას ნამდვილი შემოქმედებითი ტანდემი უწოდეთ...
- პირველ რეპეტიციებს მაგიდასთან და სცენაზე ყოველთვის ვესწრებოდი. ჩემზე დაუნდობელი რეცენზენტი იქ არავინ იჯდა, ამას ვუბედავდი მხოლოდ თემურს. პირველივე შეხვედრაზე მან მითხრა: იცოდე, რომ ყველაფერს, რასაც მეტყვი, ვერ ან არ გავითვალისწინებ, მაგრამ აუცილებლად მითხარი, ეს ძალიან დამეხმარებაო.
ამიტომ შედგა ეს ტანდემი.
თუკი შევატყობდი, რომ ზედმეტი ვარ, აღარ მივდიოდი თეატრში. მერე უკვე, პრემიერის 3-4 სპექტაკლს ვესწრებოდი. თემური როცა ლენინგრადში მუშაობდა, პრემიერამდე ორი კვირით ადრე ყოველთვის მეძახდა და ჩავდიოდი. აუცილებლად უნდა დავსწრებოდი ბოლო რეპეტიციებს, სცენაზე ერთად შევდიოდით და რამდენიც საჭირო იყო, იმდენხანს ვრჩებოდი მის გვერდით. ჩვენ უახლოესი მეგობრები ვიყავით.

- სხვა რეჟისორებზეც მიამბეთ.
- უპირველესად მუმუშას - შალვა გაწერელიას გავიხსენებ, მხოლოდ ერთ სპექტაკლზე - „დავა, გაყრა და ძუნწი, ანუ როგორც გენებოთ“ (შექსპირს დავესესხეთ) ვიმუშავეთ და ისე კარგად, რომ ორივეს დაგვენანა, როცა დავშორდით. სამწუხაროდ, ავად გახდა.
აუცილებლად უნდა დავასახელო ზაზა სიხარულიძე, მან არაჩვეულებრივად დადგა ბათუმში ლაგერკვისტის გენიალური პიესა „ბარაბა“ და ლეონიდ ანდრეევის „სჯანი“. ისეთი შესანიშნავი სპექტაკლებია, მიხარია, რომ ორივე პიესა ჩემი ნათარგმნია.
ასევე, საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავე რეჟისორებთან - სოსო ნემსაძესთან და მამუკა ცერცვაძესთან.
- რობერტ სტურუასთან მუშაობდით და როგორ გაიცანით ის?
- რობიკოს ჰყავს 5 წლით უმცროსი და - ლენიკო (ელენე). ის და ჩემი დისშვილი - მანანა ნინიძე კლასელები და ახლო მეგობრები არიან. ლენიკო გაკვეთილების დასრულების შემდეგ ხშირად ჩვენთან მოდიოდა, ყაზბეგის ქუჩაზე ვცხოვრობდით და სკოლაც იქვე იყო. მერე რობიკო მოაკითხავდა და შინ მიჰყავდა. ასე რომ, დიდიხანია ვიცნობ, თუმცა ჩვენი ურთიერთობა ჩამოყალიბდა თეატრში, როცა ერთად ვიმუშავეთ სპექტაკლზე „ას ერგასის დღე“. მერე იყო „კაცია-ადამიანი?!“, რომელზეც თავიდან მუშაობდა რეჟისორი ანდრო ენუქიძე. რობიკო ერთ დღეს შემოვიდა რეპეტიციაზე, როგორც იცის ხოლმე, და თავად გააგრძელა რეპეტიცია. მეორე დღეს იგივე განმეორდა და მესამედ - ანდრო აღარ მოვიდა. მისი გვარი რობიკომ მაინც დატოვა დამდგმელ რეჟისორად.

როგორი სხვადასხვანაირები იყვნენ რობერტ სტურუა და თემურ ჩხეიძე, ძალიან საინტერესო იყო ორივესთან მუშაობა. მათ ცალ-ცალკე დადგეს „სეილემის პროცესი“ და იმდენად განსხვავებული სპექტაკლებია, რომ გაგიჟდები, თითქოს სხვადასხვა პიესაა.
- თუ ყოფილა შემთხვევა, როცა ვინმეს პირადად უთქვამს თქვენთვის, რომ სპექტაკლი არ მოეწონა?
- ნოდარ გურაბანიძემ მითხრა მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლზე „ბახტრიონი“, სუსტი დადგმა იყოო, თემურ ჩხეიძემ დადგა. ვეუბნები: კარგი რა, ნოდარ, ის სცენა არ მოგეწონა?.. მინდა მივუთითო კონკრეტულად, ის კი აგრძელებს: ახლა, ნებისმიერ სპექტაკლში რომელიმე სცენა კარგი იქნება და რომელიმე - ცუდი. მე მთლიანად სპექტაკლზე გეუბნებიო.

- მეგობრები გაიხსენეთ.
- უახლოესი მეგობრებიდან დარჩნენ გურამ კალანდაძე, ნუგზარ ჭიჭინაძე და გიზო ოთარაშვილი. გიზოს ისეთი ტენორი ჰქონდა, ჯანო კახიძე გიჟდებოდა. გიზო, ჯანო, მისი ძმა თენგიზი (ჩემი კლასელი) და მე, ერთად ძალიან მაგრად ვმღეროდით ბავშვობიდან. ჯანო მეუბნებოდა: ნეტავ შენნაირი სმენა ჰქონდეს იმათაც, ვინც ჩემთან გუნდშიაო. მისი მამა ივან ივანიჩი ხშირად ქეიფობდა და ვარიანტი არ იყო, რომ სუფრასთან უჩვენოდ დამსხდარიყვნენ. როცა მოსწავლეები ვიყავით, ჩვენთვის პატარა ჭიქები ჰქონდათ გამზადებული, ბევრი არ უნდა დაგველია. მერე ჯანო საგუნდო-სადირიჟოროზე სწავლობდა და თითქმის მთელი რეპერტუარი ჩვენზე მოამზადა. პირველად ოთხ ხმაში სიმღერა თბილისში ჩვენ დავიწყეთ. ივან ივანიჩის მეგობრებიც გვეპატიჟებოდნენ, მოსწონდათ ჩვენი შეხმატკბილებული სიმღერა. მისი მეგობრები იყვნენ: კუსა ვაშაძე - ეგეთი ლამაზი ბანი არ მომისმენია, სერგი დადვაძე - ზღაპარი ბანი ჰქონდა, ვანიჩკა ბაქრაძე - ტენორი, ტუპია იაშვილი - გენიალური მომღერალი...
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)