საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - ევროპის მოქმედი ჩემპიონი 14 ქულით დაამარცხა!
კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში 2025 წლის ევრობასკეტის C ჯგუფის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 83:69 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა!
მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე შენგელიას მატჩში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ნაკრების კაპიტანი მაინც ითამაშა. საქართველოს ნაკრების ძირითადი ხუთეული ასე გამოიყურებოდა: ბოლდუინი, სანაძე, მამუკელაშვილი, შენგელია, ბითაძე.
ჯიკიჩის გუნდმა თამაში შესანიშნავად დაიწყო, კარგად გამოვიყურებოდით როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს პირველი მეოთხედი 20:17 მოუგო.
ინიციატივა არც მეორე მეოთხედში დავთმეთ, გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, საქართველოს ნაკრებმა მოქმედ ევროპის ჩემპიონს პირველი ტაიმი მოუგო.
მეორე ტაიმში ჯიკიჩის შეგირდებმა თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესეს. მიუხედავად იმისა, რომ გოგა ბითაძემ მეორე მეოთხედის სტარტზე მესამე ჯარიმა მიიღო, იგი გიორგი შერმადინმა ღირსეულად შეცვალა და გუნდური თამაშის წყალობით, საქართველოს ნაკრებს ლიდერობა ეჭვქვეშ არცერთხელ დაუყენებია. ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მეორე ტაიმში ლიდერობა არ დაუთმია, გარდა ამისა, მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, ესპანელებს 14-ქულით ვამარცხებდით.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი გახდა, "ტორონტო რაპტორსის" ახალწვეულმა საკუთარ ნაკრებს 19 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი შესძინა.
მიუხედავად 4 პერსონალური ფოლისა, რის გამოც გოგამ მოედანზე შედარებით ნაკლები დრო, 23 წუთი გაატარა, ბითაძემ 15 ქულა, 5 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.
ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 20 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ესპანელთგან ხუანჩო ერნანგომესმა 13 ქულა, 6 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფის მეორე მატჩს 30 აგვისტოს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
ესპანეთის ნაკრები 30 აგვისტოს ბოსნია და ჰერცეგოვინას, თბილისის დროით 22:30 საათზე დაუპირისპირდება.