მსოფლიოს ახალი "დირექტორი": რატომ დაიბარა სი ძინპინმა, პუტინი, კიმ ჩენ ინი და ლუკაშენკო პეკინში?! - რა ჩაიფიქრა ჩინეთის ლიდერმა - კვირის პალიტრა

მსოფლიოს ახალი "დირექტორი": რატომ დაიბარა სი ძინპინმა პუტინი, კიმ ჩენ ინი და ლუკაშენკო პეკინში?! - რა ჩაიფიქრა ჩინეთის ლიდერმა

საერთაშორისო მასმედიის აქტიურ დაინტერესებას იწვევს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამიტი, რომელსაც ორი დღის განმავლობაში (31 აგვისტო - 1 სექტემბერი) ჩინეთის ქალაქი ტიანძინი უმასპინძლებს, შემდეგ კი, 3 სექტემბერს, პეკინის ცენტრში, ტიანანმენის მოედანზე დაგეგმილი ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის სამხედრო აღლუმი, მეორე მსოფლიო ომში იაპონელ დამპყრობლებზე ჩინელი ხალხის გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად, განსაკუთრებით კი ის ფაქტი, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის - სი ძინპინის მიწვევით, აღლუმს, რიგი ქვეყნების ლიდერებთან ერთად, დაესწრებიან რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და მიანმარის ხელმძღვანელები.

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს - „როიტერის“ (Reuters) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „დასავლეთის საწინააღმდეგოდ, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სამხედრო აღლუმზე „ცვლილებების მომხრე საერთაშორისო ღერძის“ წევრებს აგროვებს“ (ავტორები - ჯო კეში და რაიან ვუ).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო აღლუმში, რომელიც პეკინში სამ სექტემბერს, ჩინელი ხალხის გამარჯვების დღეს ჩატარდება - მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და იაპონიის იმპერიის კაპიტულაციის 80 წლისთავის აღსანიშნავად. ეს იქნება რუსი და კორეელი ლიდერების პირველი საჯარო გამოჩენა ჩინეთის ხელმძღვანელთან ერთად.

მოსალოდნელია, რომ ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანიც დაესწრება იმ სამხედრო აღლუმს, რომლის დროსაც ათი ათასობით ჩინელი ჯარისკაცი პეკინის მთავარ მოედანს მწყობრი ნაბიჯით გაივლის, საბრძოლო ტექნიკის თანხლებით. პეკინი უმასპინძლებს მიანმარის ხუნტის ხელმძღვანელს, გენერალ მინ აუნ ჰლაინსაც, რომელიც ძალზე იშვიათად დადის საზღვარგარეთ, მაგრამ ჩინეთის ლიდერის მიწვევა სიამოვნებით მიიღო.

ამრიგად, სი ძინ პინის ინიციატივით, პეკინში იკრიბება კვარტეტი, რომელსაც დასავლელი პოლიტიკური და ეკონომიკური ანალიტიკოსები „ცვლილებების მომხრე ბუნტისთავ-ამრევთა ღერძს“ უწოდებენ და რომლის წევრებიც არსებული მსოფლიო წესრიგის შეცვლას ცდილობენ.

მსოფლიოს იმ 26 სახელმწიფოს მეთაურებსა და მთავრობის ხელმძღვანელებს შორის, რომლებიც სამხედრო აღლუმს დაესწრებიან, თითქმის არც ერთი დასავლელი ლიდერი არ იქნება, რაც, პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, იმის მაჩვენებელია, თუ როგორ გავლენას ახდენს სი ძინ პინი რიგ ქვეყნებზე, რომლებიც ეთანხმებიან ჩინეთის ლიდერს დასავლური გლობალური წესრიგის შეცვლის საკითხში.

„სი ძინ პინი ცდილობს აჩვენოს, რომ იგი ძალიან ძლიერია და რომ მას ძველებურად ძლიერი ძალაუფლებას აქვს და ჩინელი ხალხის მხარდაჭერით სარგებლობს“, - ამბობს ალფრედ ბუ, სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის პოლიტიკის სკოლის დოცენტი, - „როცა სი ძინ პინი მხოლოდ რეგიონული ლიდერი იყო, იგი ვლადიმერ პუტინს ისეთ ადამიანად თვლიდა, რომლის იმედიც ექნებოდა, ახლა კი ის თვითონ არის მსოფლიო ლიდერი. სი ძინპინის გვერდით ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ორივე მის მსოფლიო ლიდერობას აღიარებს“.

ასევე დაგაინტერესებთ: ახალი გეოპოლიტიკური სენსაცია: ტრამპი და ლუკაშენკო საიდუმლო გარიგებას დადებენ?! - "გაექცევა" თუ არა "ბატკა" პუტინს?

„ფეთქებადსაშიში ხმები: კაცი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის დაუპირისპირდება" - Bild

მთავარი გეოპოლიტიკური დილემა: ევროპული ჯარები თუ უსუსური დამკვირვებლები უკრაინაში - როგორ მისცემენ ამ ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიებს?!

5 სცენარი ანუ როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი - კოშმარი უკრაინისა და ევროპისთვის თუ - ავღანეთის აჩრდილი რუსეთისთვის?!

ანალიტიკოსების აზრით, „ცვლილებების მომხრეთა ღერძი“ ქვეყნების თავისუფალ კოალიციას წარმოადგენს, რომელიც გამიზნულია იმ მსოფლიო წესრიგის გარდასაქმნელად, ანუ დღევანდელის შესაცვლელად, რომელსაც დასავლეთი ახორციელებს. კვარტეტი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს აშშ-ის ინტერესებს, შეასუსტოს დასავლური სანქციების გავლენა, ერთმანეთს პოლიტიკური და ეკონომიკური სოლიდარობა გაუწიონ და ტაივანთან მიმართებით მხარი ჩინეთს დაუჭირონ, ასევე, თუ საჭირო გახდება, აზია-წყნარი ოკეანის საზღვაო გზები დაბლოკონ.

ერთადერთი ლიდერი, რომელიც დასავლური სამხედრო და პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანებების (ნატოსა და ევროკავშირის) წევრია და რომელიც პეკინშია მიწვეული, არის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, ასევე, კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის - სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი.

რობერტ ფიცო გამოდის იმ სანქციების წინააღმდეგ, რომელიც დასავლეთმა რუსეთს უკრაინის ომის გამო დაუწესა. იგი რამდენიმე თვის წინათ მოსკოვსაც ეწვია, რითაც დასავლური სტანდარტები „დაარღვია“. მოსკოვთან, ასევე, კარგი ურთიერთობა აქვს სერბ ლიდერ ალექსანდრე ვუჩიჩს (ისიც იყო მაისში მოსკოვში), თუმცა აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობა სურს.

სტრატეგიული პარტნიორობა

რუსეთი, რომელსაც პეკინი სტრატეგიულ პარტნიორად თვლის, დასავლური სანქციების ქვეშ განსაკუთრებით 2022 წლიდან მოექცა, რის შედეგად ქვეყნის ეკონომიკა რეცესიის პირას დგას.

ვლადიმერ პუტინი, რომლის დასაპატიმრებლად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციაა გაცემული, პეკინს ბოლო დროს 2024 წელს ეწვია. იგი დასავლეთის მხრიდან ოსტრაკიზმს (გარიყულობას) განიცდის, რადგან თავს არიდებს უკრაინასთან დათმობებს ომის შესაჩერებლად და სამშვიდობო პროცესის დასაწყებად - იმ დროს, როცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ომის დასრულება უნდა.

ჩრდილოეთი კორეა, ჩინეთის ოფიციალური მოკავშირე, 2006 წლიდან გაეროს სანქციების ქვეშ არის - ბირთვული იარაღის და ბალისტიკური რაკეტების შექმნის გამო. კიმ ჩენ ინი პეკინში უკანასკნელად 2019 წელს იყო.

ჩინეთი, რომლის ეკონომიკა თავისი მოცულობით მსოფლიოს მეორე ეკონომიკას წარმოადგენს, ირანის ნავთობის 90%-ს ყიდულობს, მიანმარიდან კი იშვიათ ლითონებს იღებს, რომლებიც აუცილებელია ქარის გენერატორების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ელექტრომობილების წარმოებისათვის.

როგორც პრესკონფერენციაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ - ხუნ ლეიმ განაცხადა, იმ ლიდერებას შორის, რომლებიც ბოლო წლების მსოფლიოში უდიდეს სამხედრო აღლუმს დაესწრებიან, იქნებიან ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ინდონეზიის პრეზიდენტი პრაბოვო სუბიანტო და... სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის სპიკერი უ ვონ სიკი.

გაეროს წარმომადგენელი იქნება გენმდივნის მოადგილე ლი ცინჰუა, რომელსაც ადრე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა, აგრეთვე, იყო ელჩი ევროპის რიგ ქვეყნებში. პეკინში უნდა ჩავიდეს იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უუკიო ხატოიამა. იქნებიან თუ არა სტუმრები იტალიიდან ან გერმანიიდან (მეორე მსოფლიო ომისდროინდელი „ღერძის“ წევრებიდან), მინისტრის თანაშემწეს პრესკონფერენციაზე არაფერი უთქვამს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო