"დივერსანტი გოგა" ანუ გამოცხადებული ნადირობა რუსულ სარაკეტო ხომალდებზე
გუშინ, 28 აგვისტოს, მაშინ როდესაც მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავდა, „ქრისტიანმა“ რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაზე და კერძოს მის დედაქალაქ კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა 629 ერთეული კამიკაძე-დრონით, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტით (მათგან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 589 საჰაერო სამიზნის გაუვნებელყოფა მოახერხა), რასაც 225 საცხოვრებელი სახლის დაზიანება მოჰყვა და მათი ნანგრევებიდან 23 მოქალაქის (აქედან ოთხი ბავშვის) ცხედარი გამოიტანეს... ამ ვანდალურმა აქტმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, როგორც აგრესორი რუსეთის მხრიდან განხორციელებული კიდევ ერთი დიდი სამხედრო დანაშაული მიმართული უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ...და ამ ტრაგედიის ფონზე დაიჩრდილა, ორი წმინდა სამხედრო ოპერაცია,განხორციელებული საზღვაო სამიზნეების მიმართ.
რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო პერიოდში საზღვაო სამიზნეების განადგურებაზე ნაკლებად ისმის, რასაც თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს. კერძოდ, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ისედაც თითებზე ჩამოსათვლელი მცურავი საშუალებები, რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისთანავე ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში ჩაძირა უკრაინულ პორტებში, ხოლო თავად რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, უკრაინული საზღვაო და საჰაერო კამიკაძე-დრონების სისტემატური წარმატებული თავდასხმებით შეშინებული, ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლიდან რუსეთის კრასნოდარის მხარის ნოვოროსიისკის პორტში „გაიძურწა“...შესაბამისად, გართულდა მოწინააღმდეგე მხარეების საზღვაო სამიზნეების განადგურება.
თუმცა გუშინდელი დღე, 2025 წლის 28 აგვისტო ამ მხრივ საინტერესო გამონაკლისად იქცა, როდესაც საოცარი დამთხვევით რუსეთმაც და უკრაინამ თითო-თითო წარმატებული საზღვაო ოპერაცია განახორციელეს...პირველად ამ ომის ისტორიაში, რუსეთმა წარმატებულად გამოიყენა დისტანციურად მართვადი კამიკაძე-კატარღა და მდინარე დუნაის შავ ზღვასთან მიერთების ადგილას დააზიანა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების საშუალო სადაზვერვო ხომალდი „სიმფეროპოლი“. რუსი სამხედრო პროპაგანდისტები აცხადებენ, რომ ამ თავდასხმის შედეგად 55 მ სიგრძისა და 1 220 ტონა წყალწყვის ეს უკრაინული ხომალდი ჩაიძირა, თუმცა ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრები არ არსებობს. თუმცა რუსულმა მხარემ უკვე გაავრცელა მათი კამიკაძე-კატარღის უკრაინულ „სიმფეროპოლზე“ შეჯახების მომენტის ამსახველი ვიდეოკადრები.
თავად უკრაინული მხარეც ადასტურებს „სიმფეროპოლზე“ თავდასხმას, მაგრამ უარყოფს მის ჩაძირვას და აცხადებს, რომ ამ შეტევის შედეგად დაიღუპა რამდენიმე უკრაინელი სამხედრო მეზღვაური.
მაშინ, როდესაც რუსული პროპაგანდა ამაყობს უკრაინულ სადაზვერვო ხომალდზე წარმატებული თავდასხმით ,კრინტს არ ძრავს იმის თაობაზე, რომ ასევე 28 აგვისტოს უკვე უკრაინულმა საჰაერო კამიკაძე-დრონებმა ზუსტი დარტყმა მიაყენეს აზოვის ზღვაში მოდრეიფე რუსეთის შავი-ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდს...უკრაინული საზღვაო კამიკაძე-დრონები აქამდეც დასხმიან თავს რუსულ სამხედრო ხომალდებს შავ ზღვაში, მაგრამ არა აზოვის ზღვაში, სადაც უკრაინული კამიკაძე-კატარღები უბრალოდ ვერ შეცურდებიან, რადგან რუს ოკუპანტებს ყირიმის ხიდის ქვეშ არსებული, შავიდან აზოვის ზღვაში გასასვლელი გადაკეტილი აქვთ და ყურადღებით აკონტროლებენ.
ამიტომაც ეს უნიკალური ოპერაცია, რომელიც პირველად განხორციელდა, მოიცავდა 350 კმ-ის სიშორიდან მიფრენილი უკრაინული FPV-დრონების შეტევას აზოვის ზღვის ტემრიუკის ყურეში მცურავ Буян-М პროექტის რუსულ მცირე სარაკეტო ხომალდზე. უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, რომ პირველი FPV-დრონი რუსული სარაკეტო კორვეტის რადიოლოკაციური სადგურის ანტენას ეჯახება, ხოლო მეორე დრონი კი ხომალდის მარჯვენ ბორტს „ესტუმრა“...
ამ ოპერაციაში უკრაინის სამხედრო დაზვერვამ სავარაუდოდ, გამოიყენა RUBAKA-ს ან UJ-26 Bober-ის ტიპის თვითმფრინავის კონსტრუქციის კამიკაძე-დრონები, რომელთა მოგერიება რუსული სარაკეტო ხომალდის ეკიპაჟმა ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ამ კორვეტის შეიარაღებაში შედის საზენიტო საარტილერიო დანადგარი „დუეტი“, რომლის ორი 30 მმ-იანი სწრაფმსროლელი ავტომატური ქვემეხი სწორედ საჰაერო სამიზნეების ჩამოსაგდებადაა განკუთვნილი. მიუხედავად ორი უკრაინული კამიკაძე-დრონის მოხვედრისა, არც რუსული მცირე სარაკეტო ხომალდია ჩაძირული, მაგრამ სამაგიეროდ ის დიდი ხნით გამოვიდა მწყობრიდან, რაც მცირე შეღავათია უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რადგან რუსი ოკუპანტები სწორედ ამგვარი სარაკეტო კორვეტებიდან უშვებენ „კალიბრის“ ფრთოსან რაკეტებს უკრაინული ქალაქებისკენ...
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში შედის Буян-М პროექტის ოთხი რუსული მცირე სარაკეტო ხომალდი. თითეულ ასეთ,900 ტონა წყალწყვისა და 74 მ სიგრძის კორვეტზე დამოტაჟებულია „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების რვა ვერტიკალური გასაშვები მოწყობილობა და რუს ოკუპანტებს შავი და აზოვის ზღვებიდან ერთდროულად, თეორიულად 24 ერთეული „კალიბრის“ სტარტის განხორციელება შეუძლიათ უკრაინის მიმართულებით.
ომის დაწყებიდან,უკრაინულ ქალაქებში სწორედ ამ რუსული სარაკეტო კატარღებიდან გაშვებული ათეულობით „კალიბრი“ აფეთქებულა, შესაბამისად უკრაინის სამხედრო დაზვერვას ღია ნადირობა აქვს გამოცხადებული „კალიბრების“ მატარებელ რუსულ მცირე სარაკეტო კატარღებზე და არა მარტო შავ და აზოვის ზღვებში...
ასევე დაგაინტერესებთ: სისხლიანი ფარისეველი - „ქრისტიანმა“ პუტინმა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული უკრაინელებს კიევის სასტიკი დაბომბვით „მიულოცა“
კიმ ჩენ ინმა პუტინს, თუკი მართლაც 100 ათასი სამხედრო მიაშველა, მაშინ...
ტრაგიკომედია რუსულად - როგორ დააფინანსებს პუტინი ომს პუტინისვე წინააღმდეგ
ახლა მივადექით იმ საინტერესო ისტორიას, რის გამოც ამ სტატიის სათაურში... „დივერსანტი გოგა“ გამოვიტანეთ...
გოგა, მარტო საქართველოში გარცელებული სახელი როდია, რუსეთშიც ბევრს ჰქვია გოგა და ერთ-ერთმა მათგანმა ისეთი ზარალი მიაყენა რუსეთის სამხედრო ფლოტს, რომ რუსი ადმირალები დღემდე ვერ ინელებენ...
2024 წლის აპრილში რუსეთის ბალტიის ზღვის ფლოტის Буян-М პროექტის მცირე სარაკეტო ხომალდ „სერპუხოვოზე“, რომელიც ბალტიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის ნავმისადგომთან იდგა, მოულოდნელად ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რამაც გაანადგურა ამ რუსული სარაკეტო კორვეტის ძვირადღირებული რადიოელექტორნული მოწყობილობა და ხომალდი დიდი ხნით არაბრძოლისუნარიანი გახადა...
მაშინვე დაწყებულმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ ცეცხლი ხომალდის შიგნით სპეციალურად იყო გაჩენილი და ამასთან დაიკარგა „სერპუხოვოს“ ბორტზე სეიფში შენახული საიდუმლო დოკუმენტაცია, ისე როგორც „გაქრა“ ხომალდის ეკიაჟის ერთი წევრიც, რომელიც ჯერ დაღუპული ეგონათ, მაგრამ...
მაგრამ, ორიოდე თვეში უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ჟურნალისტებისთვის სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც წარმოადინა ... „დივერსანტი გოგა“, სწორედ ის რუსი სამხედრო მეზღვაური, სახმისით „გოგა“, რომელმაც ბალტიის ფლოტის სარაკეტო ხომალდ „სერპუხოვოზე“ სპეციალურად გააჩინა ხანძარი,მ ოიპარა საიდუმლო დოკუმენტაცია და შემოვლითი გზით ჩავიდა უკრაინაში, სადაც გაერთიანდა ლეგიონში „თავისუფლება რუსეთს“, რომლის პირადი შემადგენლობა, ძირითადად რუსი ეროვნების რუსეთის მოქალაქეები, უკრაინელების მხარეზე ებრძვიან რუს ოკუპანტებს და მათი მიზანია რუსეთში პუტინის რეჟიმის ძალისმიერი გზით ჩამოგდება...
როგორც ამ პრესკონფერენციაზე გაირკვა, „დივერსანტი გოგა“, რომელიც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებში 11 წელი მსახურობდა და სირიის ტერიტორიულ წყლებში საბრძოლო მოქმედებების გამოცდილებაც ჰქონდა, ჯერ კიდევ 2003 წელს დაუკავშირდა უკრაინის სამხედრო დაზვერვას და მის დავალებებს ასრულებდა, რაც ბოლოს იმ რუსული სარაკეტო ხომალდის ნაწილობრივ დაწვით დაასრულა, რომლის მსგავსებიც სისტემატურად უშვებენ ფრთოსან რაკეტებს უკრაინული ქალაქებისკენ და რომლებზეც უკრაინელებს ჯავრის ამოყრა განსაკუთრებულად სურთ...
უკრაინული საჰაერო კამიკაძე-დრონებით აზოვის ზღვაში რუსული სარაკეტო ხომალდის დაზიანების ვიდეოკადრები