რუსეთის საწვავის გარეშე დატოვება - სტრატეგიული ჩანაფიქრი უკრაინული კამიკაძე - დრონების შესრულებით... - კვირის პალიტრა

რუსეთის საწვავის გარეშე დატოვება - სტრატეგიული ჩანაფიქრი უკრაინული კამიკაძე - დრონების შესრულებით...

ომში მონაწილე ქვეყანა რაც არ უნდა მდიდარი იყოს ნავთობის საბადოებით, მოპოვებულ ნედლ ნავთობს აუცილებლად სჭირდება ფრაქციული გადამუშავება მაზუთის, დიზელის, ბენზინისა და საავიაციო ნავთის მისაღებად, რომ მისმა ტანკებმა, ჯავშანმანქანებმა, სამხედრო ხომალდებმა, თვითმფრინავებმა და შვეულმფრენებმა ბრძოლის ველზე შეძლონ მოქმედება...

ამიტომაც, მოწინააღმდეგის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მწყობრიდან გამოყვანა/სრული განადგურება ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო (მას შემდეგ, რაც ფრონტის ხაზზე პირველი ჯავშანმანქანები და ტანკები გამოჩნდნენ, ჰაერში თვითმფრინავები, ხოლო სამხედრო ხომალდების ძრავების ასამუშავებლად ქვანახშირის ნაცვლად მაზუთის გამოყენება დაიწყეს) და განსაკუთრებული მასშტაბები მიიღო მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ამერიკული „მფრინავი ციხე-სიმაგრეები“ ხალიჩისებურად ბომბავდნენ ჰიტლერის არმიისთვის მომუშავე რუმინეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს...

2-navtobiii-1756559000.jpg
საქართველოს საზღვრიდან 180 კმ-ში უკრაინული კამიკაძე-დროების საჰაერო თავდასხმების შედეგად უკვე მეორედ აგიზგიგებული აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ასე მოჩანს კრასნოდარის საცხოვრებელი კორპუსების ფანჯრებიდან...

და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ვერც 21-ე საუკუნის ევროპის ყველაზე დიდ ომში გადაურჩენენ მთავარი სამიზნის როლს-რუსეთი სარაკეტო დარტყმებს აყენებს უკრაინულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ვალში არც უკრაინული კამიკაძე-დრონები რჩებიან, რომლებმაც ა.წ.-ის აგვისტოს თვეში ერთგვარი რეკორდიც კი დაამყარეს რუსეთის საწვავის გარეშე დატოვების სტრატეგიული ჩანაფიქრის შესასრულებლად...

აქ ვაქვეყნებთ უკრაინული პროფესიონალური სამხედრო ინტერნეტრესურსის DEFENSE EXPRESS-ის მიერ მომზადებულ რუკას, რომელზეც ასახულია ის ძირითადი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რუსეთის ტერიტორიაზე,რომელთა აგიზგიზება,მარტო აგვისტოს თვეში შესძლეს უკრაინულმა შორსმფრენმა კამიკაძე-დრონებმა.

3-navtobi-2-1756559000.jpg
რუკა, რომელზეც ასახულია ის რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები,რომელთა დაზიანება შესძლეს უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა(ზოგიერთის ორჯერ) 2 აგვისტოდან დღემდე...

საგულისხმოა,რომ უკრაინული დრონები მისწვდნენ ფრონტის ხაზიდან ათას კმ-ზე მეტად დაშორებულ რუსულ ქარხნებსაც კი და თანაც არაერთხელ,რამაც რუსეთში უკვე გამოიწვია ბენზინის სერიოზული დეფიციტი,რადგან ამ ქარხნების უმეტესობამ დაგვიანებით ან დღემდე საერთოდ ვერ შესძლო საწარმოო პროცესის აღდგენა.

ბენზინის დეფიციტი წესით ნაკლებად უნდა დაეტყოს რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევების ტემპს უკრაინაზე, რადგან რუსული ტანკები და ჯავშანმანქანები დიზელის საწვავს მოიხმარენ, ხოლო თვითმფრინავები და შვეულმფრენები კი საავიაციო ნავთს, მაგრამ სამაგიეროდ უბენზინოდ რჩება რუსეთის სხვადასხვა რეგიონის მილიონობით ავტომფლობელი, რომელთა შორის უკმაყოფილების მუხტის ზრდა პუტინის რეჟიმისთვის ახლო მომავალში შეიძლება ბევრად უფრო სახიფათო გახდეს, ვიდრე უკრაინის ფრონტზე რუსული ტანკებისთვის დიზელის საწვავის დეფიციტი...

2025 წლის აგვისტოს თვეში უკრაინული კამიკაძე-დრონების წარმატებული „დაუპატიჟებელი“ სტუმრობები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შემდეგი თანმიმდევრობით ხორციელდებოდა: 2 აგვისტო-თავდასხმა რიაზანისა და ნოვოკუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე; 7 აგვისტოს კრასნოდარის აფიპსკის ქარხანაზე(საქართველოს საზღვრიდან 180 კმ-ში); 10 აგვისტოს სარატოვში;13 აგვისტოს ვოლგოგრადში;15 აგვისტოს სიზრანში;19 აგვისტოს ისევ ვოლგოგრადის „ლუკოილის“ ქარხანაზე;24 აგვისტოს სიზრანისა და ნოვოშახტისნსკის ქარხნებზე;25 აგვისტოს ილსკის ქარხანაზე(ანაპასთან);28 აგვისტოს კუიბიშევისა და ისევ აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე...

4-navtobii-1756559000.jpg
რუსეთის ზოგიერთ რეგიონში ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინზე რიგები ჩვეულებრივი მოვლენა ხდება,თითოეულ მანქანაზე მხოლოდ 10 ლიტრი ბენზინის ლიმიტია დაწესებული,რაც რუსეთის მოსახლეობის ნაწილში უკმაყოფილებას ზრდის...

როგორც თავად ხედავთ, ჯერ აგვისტოს თვე არ დამთავრებულა და უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა უკვე 12 რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მიაყენეს სხვადასხვა დონის ზიანი, ზოგიერთ მათგანზე ხანძარი კი ამ მომენტამდეც ვერ ჩაუქრიათ...

რუსეთის ნავთოგადამამუშავებელ ქარზნებზე სისტემატური დარტყმების შემდეგ მოსკოვმა აკრძალა რუსული ბენზინის ექსპორტი, რაც გარკვეულწილად აწევს ბენზინის მსოფლიო ფასებს, სამაგიეროდ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს აკლდება ბენზინის ექსპორტიდან მისაღები ასეულობით მლნ დოლარის შემოსავალი, რაც საერთო ჯამში ირიბად თუ პირდაპირ იმოქმედებს კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიის ტემპებზე...