"უპრეცედენტოა, რომ პატიმარმა მამაკაცებმა პატიმარ ქალებს წარუდგინეს თავიანთი ნამუშევარი - აქ სხვა ემოცია იყო. თითქოს სცენა და დარბაზი გაერთიანდა. ეს ად - კვირის პალიტრა

"უპრეცედენტოა, რომ პატიმარმა მამაკაცებმა პატიმარ ქალებს წარუდგინეს თავიანთი ნამუშევარი - აქ სხვა ემოცია იყო. თითქოს სცენა და დარბაზი გაერთიანდა. ეს ადამიანები გარეთ რომ გამოვლენ, შანსი არ არის, დანაშაული ისევ ჩაიდინონ"

"იცინის! ღმერთო, როგორ შვენის ამ ქალს ღიმილი", - ასე იწყებოდა ჩვენი წერილი, რომელიც წლების წინ დაიწერა და ეძღვნებოდა ქალბატონ ნესტან ვერულაშვილს, ქალთა მეხუთე პენიტენციური სივრცის დირექტორს. მაშინ მე მათთან ვმუშაობდი და 2018 წელს, ბარბარობას შევიტანე სპექტაკლი „მგზნებარე შეყვარებული“ - ამ დღიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

წერილი ასე მთავრდებოდა: "ისევ დავბრუნდები, შეხვედრამდე!"

და აი, დადგა ეს დროც... დავბრუნდი გასაოცარი ამბით, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით პრეცენდენტი არ აქვს: ამჟამად კაცთა ნომერ 16-ე პენიტენციურ სივრცეში ვიმუშავეთ მიუზიკლზე „ლამანჩელი“, პატიმარი მამაკაცების მონაწილეობით, რომელიც მოგვიანებით შევიტანეთ ქალთა მეხუთე პენიტენციურში. მსგავსი რამის ორგანიზება აქამდე შეუძლებლად მიიჩნეოდა, ეს უპრეცედენტო ამბავია“,

- მიყვება მსახიობი ნელი ბადალაშვილი, რომელიც ამ პროექტის ავტორი და სულისჩამდგმელი გახლავთ...

neli-badalashvili-1666680005.jpg

- „ლამანჩელის“ პრემიერა შედგა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. ჩემი ბიჭები (ასე ვეძახი ამ მსჯავრდადებულებს) ძალიან ნიჭიერები აღმოჩნდნენ და სცენაზე უკვე ისე გრძნობდნენ თავს, როგორც პროფესიონალი მსახიობები და წარმოიდგინეთ, მაყურებელს ეჭვიც კი გაუჩნდა, რომ პროფესიონალი მსახიობები ვათამაშეთ. მიუზიკლმა საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე.

გაოცებულები, აღტაცებულები დიდხანს უკარავდნენ ტაშს ჩემს ბიჭებს და რეჟისორ გოჩა ხვიჩიას.

rykgdnp6-1757576651.jpg

და შემდეგ, კიდევ ერთი საოცრება მოხდა: მადლიერი ვარ იუსტიციის სამინისტროსი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტების ხელმძღვანელების, რომლებმაც ნება დამრთეს „ლამანჩელი“ ქალებთან შემეტანა. ეს გახლავთ უპრეცედენტო რამ, რომ პატიმარმა კაცებმა პატიმარ ქალებს წარუდგინეს თავიანთი ნამუშევარი. იცით, ბიჭებმა სპექტაკლი ამ სივრცეში გაცილებით უკეთ ითამაშეს, ვიდრე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე.

აქ სხვა ემოცია იყო. თითქოს სცენა და დარბაზი გაერთიანდა...

769rhqbe-1757576544.jpg

- რატომ მაინცდამაინც „ლამანჩელი“ და თან მიუზიკლი?

- რომ შევედით, ვიცოდი, რომ პატიმრის დაწერილი პიესა უნდა დამედგა. სხვათა შორის, ძალიან საინტერესოდ წერს ეს ადამიანი, მაგრამ სპექტაკლისთვის ვერ გამოდგა, უფრო რადიოდადგმისთვის იყო დაწერილი. სულ დიალოგები ჰქონდა, სტატიკური სცენები, სპექტაკლი კი ქმედითი თუ არ იქნება, არ გამოვა საინტერესო.

დავპირდი, რომ რადიოსპექტაკლს გავუკეთებ...

როცა ვნახე პატიმრები უკრავენ, მღერიან, ცეკვავენ, ძალიან პლასტიკურები არიან, აქედან გაჩნდა იდეა, რომ „ლამანჩელზე“ გვემუშავა. დონ-კიხოტის როლის შემსრულებელი მაშინვე გამოიკვეთა - ერთი სვანი ბიჭი ძალიან ჰგავდა თავისი ხასიათით, რაინდული საქციელით ამ პერსონაჟს. არაჩვეულებრივი ადამიანია, ყველანაირი მონაცემი აქვს...

bye7v-7e-1757576569.jpg

სანჩოს როლზე მუშაობდა რეჟისორი გოჩა ხვიჩია, მაგრამ მოგეხსენებათ, რთულია, დადგა სპექტაკლი და თან ითამაშო როლი. მერე გამოჩნდა ახალგაზრდა მსჯავრდადებული მიშო, რომელმაც მითხრა, - სანჩო მე უნდა ვითამაშოო და ჰგავდა კიდეც პერსონაჟს, ძალიან კარგად მოირგო როლი. ბევრი იშრომა.

პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, ბატონი ზაზა ძალიან მიწყობდა ხელს. ვაწესრიგებდით დეკორაციას, კოსტიუმებს. სანჩო ისე ღელავდა, იმდენი იშრომა, რომ წონაში დაიკლო და ვეჩხუბებოდი, - ეს პერსონაჟი ბუთქუნა უნდა იყოს, აღარ დაიკლო-მეთქი (იცინის). მერე ღიპი გავუკეთე, ვერ მოირგო... მაგრამ ისეთი გამხდარია, სექტემბერში რომ ითამაშებს, აუცილებლად გავუკეთებ კარგ ღიპს.

- ადვილი არაა ადამიანების ნდობის მოპოვება, მით უმეტეს, მსჯავრდადებულების დარწმუნება იმაში, რომ სცენაზე გაიყვანო...

- მართალი ხარ. თავიდან ჩვენც უნდობლად გვიყურებდნენ, თითქოს ამ ყველაფერში მონაწილეობა არ უნდოდათ, მაგრამ მერე, როცა მუშაობა დავიწყეთ და ნახეს, საქმეს სერიოზულად ვუდგებოდით, გვემატებოდნენ და გვემატებოდნენ, თვითონვე გვთავაზობდნენ, ამას მე ვითამაშებო. რეპეტიციებზე ისე გველოდებოდნენ, აგვისტოში, როცა ეს ყველაფერი დამთავრდა და დაგვემშვიდობნენ, სუფრა გაგვიმართეს, თავიანთი ხელით მომზადებული კერძები შემოგვთავაზეს, ზეიმი მოგვიწყვეს. 3 საათი რომ სრულდება, ვიყურებით კარიბჭისკენ, ასე გვგონია, ისევ მოხვალთო.

8wpcqkct-1757576347.jpg
ამ სპექტაკლზე მუშაობაში 16 მსჯავრდადებული მონაწილეობდა და ეს ადამიანები გარეთ რომ გამოვლენ, შანსი არ არის, დანაშაული ისევ ჩაიდინონ, სხვანაირები არიან...

ჩემი ბიჭები თვითონ აკეთებდნენ დეკორაციას, რეკვიზიტს. მაგალითად, დონ-კიხოტის როლის შემსრულებელმა ხის ხმალი, აბჯარი, შუბი თავად დაამზადა. მხატვარი მყავდა შეყვანილი, ესკიზს უკეთებდა და ეს არ გვაცლიდა, ყოველ მისვლაზე რაღაცას გვახვედრებდა. ყველა ყველაფრის გაკეთებას ცდილობდა, მასალები შემქონდა მხოლოდ. სულ მოძრაობდნენ და ფუსფუსებდნენ, ამით ბედნიერები იყვნენ.

ერთმა თქვა, ეს 6 თვე, რაც აქ ხართ, დამავიწყდა, რომ ციხეში ვარო.

ერთი რამ ზუსტად ვიცი, ამ სპექტაკლზე მუშაობაში 16 მსჯავრდადებული მონაწილეობდა და ეს ადამიანები გარეთ რომ გამოვლენ, შანსი არ არის, დანაშაული ისევ ჩაიდინონ, სხვანაირები არიან...

ერთი ცოტა უჟმური ტიპი იყო, კარგად მღეროდა და გამოვიყენეთ მისი შესაძლებლობები. მან თქვა, - აი, ამ ხალხთან, ვისთან ერთადაც ახლა აქ ვარ, ურთიერთობა არ მქონდა, სალამსაც არ ვეუბნებოდი, თქვენ კი დაგვამეგობრეთო...

zhjr8xx-1757576594.jpg

სპექტაკლის დროს და რეპეტიციებისას კულისებში ვიდექი და სიამოვნებით ვუყურებდი, ერთმანეთს როგორ აცმევდნენ კოსტიუმებს, როგორ წმენდდნენ ოფლს, ერთმანეთის დახმარებას ცდილობდნენ. ხომ იცოდნენ ერთმანეთის როლები და კარნახობდნენ. შენიშვნას აძლევდნენ და ამ დროს დაიწყებდა ყვირილს რეჟისორი: თქვენი საქმე არაა, თქვენს როლებს მიხედეთო (იცინის). ძალიან საყვარლები იყვნენ.

მათ შეუყვარდათ ერთმანეთი, დამეგობრდნენ, მართლა სასწაული მოხდა. ის კი არა, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლის გასატანად რომ ვემზადებოდით, თავიდან უნდა გენახათ, ამ ადამიანებს ზედამხედველები როგორ დასდევდნენ, ზედმეტი ნაბიჯის გადადგმის უფლებას არ აძლევდნენ, მაგრამ როცა ნახეს, თუ როგორ მუშაობდნენ ბიჭები, რომ სხვა რამეზე საფიქრად არავის ეცალა, რომ იქ არავის გაუჩნდებოდა სურვილი, რამე დაეშავებინა, მერე უკვე თავადაც ცდილობდნენ ამ ბიჭების დახმარებას და მღელვარებისგან ხმაგამშრალებს წყალსაც კი თავად ახვედრებდნენ კულისებში, წმენდდნენ ოფლს.

ზედამხედველების უფროსმა პრემიერის შემდეგ თქვა, სადაც უნდა წახვიდეთ, თქვენ გვერდით გვიგულეთო. თითქოს მოიშალა დისტანცია მათ შორის, საოცრებები ხდებოდა.

prmokkwj-1757576481.jpg

თქვენი ნებართვით, აქვე აღვნიშნავ, რომ საპატრიარქომ, ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სახელით საპატიო სიგელები გადასცა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მდგომ თითოეულ მსახიობს და ბატონ ზაზასაც, ეს მათთვის უდიდესი ბედნიერება იყო. მადლობა ამ ემოციისთვის.

- სპექტაკლში პროფესიონალი მსახიობებიც მონაწილეობდით. თქვენზეც მიამბეთ.

- პირველ რიგში, დავასახელებ მსახიობ ნანა ხურითს, რომელმაც დულსინეას როლი მოირგო. შესანიშნავი ადამიანია. მადლიერი ვარ, რადგან მუშაობაზე დაგვთანხმდა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, რადგან საამისო თანხა არ მქონდა. თქვა, - სულ მინდოდა, რაღაცით დავხმარებოდი ამ ადამიანებს, ამის საშუალება კი არ მაქვს და ასე მაინც შემიძლია, მათთვის რაიმე გავაკეთოო. მეორე მსახიობი - ნათია რობიტაშვილიც ძალიან დამეხმარა ამ პროექტზე მუშაობისას და მესამე, ვინც სცენაზე იდგა, მე გახლავართ: ძიძის და დიასახლისის პატარ-პატარა ეპიზოდური როლები ვითამაშე.

s8ivfmxh-1757576501.jpg

პატიმრები თავიდან გვაკვირდებოდნენ, რას როგორ ვაკეთებდით და მერე თავადაც კარგად აგვყვნენ. სპექტაკლი რომ კარგი გამოვიდა, ამაში დიდია რეჟისორის - გოჩა ხვიჩიას წვლილი. ზოგადად, მიუზიკლზე მუშაობა არაა იოლი საქმე და მით უმეტეს, მასობრივი სცენების შეკვრა. საერთოდ, რეჟისორები მასობრივ სცენებს არიდებენ თავს, მისი სირთულეებიდან გამომდინარე, გოჩამ კი ყველაფერი ისე დაალაგა, ჩაკვდა შრომაში, დღე და ღამე არ ეძინა, სამაგიეროდ, ძალიან კარგი სპექტაკლი გააკეთა და მასთან მომავალშიც გავაგრძელებთ ურთიერთობას.

- პატიმარი ქალებისთვის სპექტაკლის ჩვენება როგორ მოახერხეთ?

- სიმართლე გითხრათ, იყო პატარ-პატარა სირთულეები, მაგრამ დაუძლეველი არაფერია... ქალებთან რომ შევედით, ჩემი ბიჭები, არ ვიცი, რატომ, მაგრამ უფრო მეტად ღელავდნენ. სხვათა შორის, იმ სცენაზე კიდევ უფრო კარგად ითამაშეს და ეს ციხის დირექტორმა, ქალბატონმა ნესტანმაც აღნიშნა. რაღაცებს ამატებდნენ, იმპროვიზაციას მიმართეს. თითქოს პატიმარი ქალები თავისიანებად მიიჩნიეს და რომ წამოვედით, ამბობდნენ:

ჩვენ კაცები ვართ, ბევრ რამეს ვუძლებთ, ეს ქალები კი ცოდოები არიანო. რაღაცნაირად დაითრგუნნენ...

ქალბატონმა ნესტანმა დიდი სუფრა გაგვიშალა, საჩუქრებით აგვავსო - უამრავი ნახატი, ნაქარგები, სამაჯურები მიიღეს ჩემმა ბიჭებმა... ნესტანმა მადლობა გადამიხადა ამ ინიციატივისთვის, რომ ციხეში სპექტაკლზე მუშაობა გადავწყვიტე და რაღაცნაირად გამომარჩია, რაც ჩემს ცხოვრებაში არასდროს მომხდარა, ამისთვის მადლიერი ვარ.

ბოლოს, ზაზამ (მე-16 დაწესებულების დირექტორმა) ჩვენი საერთო იდეაც იქვე გააჟღერა: გადავწყვიტეთ, რომ პატიმარი ქალებისა და მამაკაცების საერთო სპექტაკლი დაიდგას, ამ საკითხზე მუშაობას ვაპირებთო და ამასაც საოცარი ემოციები მოჰყვა...

იმედია, საჭირო ადამიანების ხელშეწყობით ესეც გამოგვივა.

მოკლედ, წინ საინტერესო ამბები გველის...

ლიკა ქაჯაია

(სპეციალურად საიტისთვის)