ნუთუ ასე გაძვირდნენ "პეტრიოტები" ანუ ტრამპი ბაიდენის ნაჩუქარის "ამოღებას" აპირებს? - კვირის პალიტრა

ნუთუ ასე გაძვირდნენ "პეტრიოტები" ანუ ტრამპი ბაიდენის ნაჩუქარის "ამოღებას" აპირებს?

აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის მიერ ივლისის თვის შუა რიცხვებში გაჟღერებული „17 „პეტრიოტის“ თემამ, აგვისტოს ბოლოსკენ რეალური სახე შეიძინა და დანია აპირებს აშშ-დან საზენიტო „პეტრიოტების“ შესყიდვას მათი უკრაინისთვის გადაცემის მიზნით...

ამავე ბლოგის 15 ივლისის სტატიაში „ტრამპის "შიფრი" ანუ რას გულისხმობს "დიდი დონალდი" 17 „პეტრიოტში“ - ბატარეას, გამშვებ დანადგარს თუ მხოლოდ რაკეტებს?!“, დეტალურად ვეცადეთ გაგვერკვია რეალური მდგომარეობა და მივედით იმ დასკვნამდე, რომ პრეზიდენტი ტრამპი უფრო „პეტრიოტის“ 17 გამშვები დანადგარის მიყიდვას თუ გულისხმობდა, თუმცა... პენტაგონის ბოლო ოფიციალური განცხადების თანახმად, დანია ამერიკული მხარისგან შეიძენს „პეტრიოტის“ 6 გამშვებ დანადგარს M903A2, ორ რადიოლოკატორს AN/MPQ-65,ცეცხლის მართვის ორ პუნქტს AN/MSQ-104, 36 საზენიტო რაკეტას GEM-T და 20 ანტირაკეტას PAC-3 MSE.

blogi-3-1756640745.png
„პეტრიოტის“ გამშვები დანადგარი M903A2-ი საზენიტო რაკეტის GEM-T-ს სტარტის მომენტში...

ეს, რა თქმა უნდა არ არის ტრამპის მხრიდან გაჟღერებული „17 „პეტრიოტი“, მაგრამ იმის ფონზე,რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ინაუგურაციის შემდეგ მთლიანად შეწყვიტა უკრაინის უფასო სამხედრო დახმარება(ეს კი,არა,ჯერ კიდევ ბაიდენის დროს გამოყოფილი უფასო სამხედრო დახმარებების ნაწილიც კი გააუქმა), დადებითად უნდა აღიქვას, რომ თეთრი სახლი იმაზე მაინც დათანხმდა, რომ ევროპელების ფულით ნაყიდი საზენიტო „პეტრიოტები“(რომლებიც ასე საჭიროა უკრაინული ქალაქების რუსული ბალისტიკური რაკეტების სისტემატური შეტევების მოსაგერიებლად) შემდეგ უკრაინას გადაეცეს...

მაგრამ, ამ გარიგებაშიც,ერთი გარემოება, ძალიან დიდ გაკვირვებას იწვევს-დანიამ ამერიკული „პეტრიოტების“ ამ პარტიის შესასყიდად 8,5 მლრდ აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს...

ის,რომ „პეტრიოტის “ საზენიტო-სარაკეტო სისტემა, თავისი შემადგენელი კომონენტებით,ძალზე ძვირი სიამოვნებაა,ისედაც კარგადაა ცნობილი,მაგრამ აქამდე მიჩნეული იყო,რომ ერთი ასეთი კომპლექსი, იგივე ბატარეა, თავისი მართვის პუნქტით, რადიოლოკატორით, ოთხი გამშვები დანადგარითა და რაკეტების საშტატო მარაგით დაახლოებით ერთ მლრდ დოლარამდე ჯდებოდა,ახლა კი ოთხჯერ გაზრდილ ფასზეა ლაპარაკი?

blogi4-1756640834.png
საჰაერო სამიზნეების აღმომჩენი „პეტრიოტის“ ფაზირებულანტენიანი რადიოლოკატორი AN/MPQ-65

შედარებისთვის:

-2017 წელს რუმინეთმა აშშ-ებთან გააფორმა ხელშეკრულება Patriot PAC-3-ის 7 ბატარეის შეძენაზე,რომელშიც შედიოდა 7 რადიოლოკატორი,7 ცეცხლის მართვის პუნქტი,საზენიტო რაკეტების გამშვები 28 დანადგარი(ანუ თითოეულ ბატარეაში 4 დანადგარი) და რაკეტების მარაგი-სულ 3,9 მლრდ დოლარის ღირებულების.

-2018 წელს შვედეთმა შეიძინა ამერიკული Patriot PAC-3-ის 4 ბატარეა,4 რადიოლოკატორით,4 ცეცხლის მართვის პუნქტით, 12 გამშვები დანადგარით(თითეულ ბატარეაში 3 დანადგარით)-1,3 მლრდ დოლარად.

- 2023 წელს პოლონეთმა აშშ-ებისგან შეიძინა Patriot PAC-3-ის 12 ბატარეა 12 რადიოლოკატორით,48 გამშვები დანადგარით,რაკეტების მარაგით-12 მლრდ დოლარად.

დანიის მიერ უკრაინისთვის ნაყიდი „პეტრიოტიც“ ფაქტობრივად ორ ბატარეას წარმოადგენს თითო-თითო რადიოლოკატორით, ცეცხლის მართვის პუნქტითა და სამ-სამი გამშვები დანადგარით, საზენიტო და ანტირაკეტების მცირე მარაგით,რის გამოც უფრო ლოგიკური იქნებოდა ამ კონტრაქტის საერთო ღირებულება 2-დან 3 მლრდ დოლარის ფარგლებში ყოფილიყო და არა 8,5 მლრდ დოლარის ღირებულების...

blogi5-1756640858.png

„პატრიოტის“ ბატარეის ცეცხლის მართვის პუნქტი AN/MSQ-104

გასაგებია,რომ რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი და დროში გაწელილი ომის შედეგად შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე ფასები მკვეთრად გაიზარდა,მაგრამ ძალაუნებურად მაინც ჩნდება ისეთი შთაბეჭდილება,რომ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს „ამოიღოს“ ის მილიარდები,რაც მისი წინამორბედის-ბაიდენის პრეზიდენტობის დროს უკრაინას სამხედრო დახმარების სახით უსასყიდლოდ გადაეცემოდა.

და ამის შესახებ პრეზიდენტი ტრამპი არც ერიდება დაჟინებით გარემოებას-ბაიდენმა უკრაინას 350 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარება ისე გაუწია,არც კი ითვლიდა ფულსო...

სინამდვილეში,2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის იანვრამდე მოყოლებული ამერიკულმა უსასყიდლო სამხედრო დახმარებამ უკრაინისთვის შეადგინა არა 350 მლრდ,არამედ 65,9 მლრდ დოლარი,რის შესახებაც ოფიციალური ცნობა თავად პენტაგონმა გაავრცელა.

blogi6-1756641654.png

„პეტრიოტის“ 4 მლნ დოლარამდე ღირებული ანტირაკეტა PAC-3 MSE, მხოლოდ რომლითაცაა შესაძლებელი რუსული აერობალისტიკური „ისკანდერებისა“ და „კინჟალების“ ჩამოგდება...

მაგრამ, ერთ რამეში ნამდვილად მართალია პრეზიდენტი ტრამპი- თავად ამერიკული მხარის მიერ ხშირად არასწორად ხდებოდა იმ სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო საჭურვლის ღირებულების გამოთვლა,რასაც უკრაინას სამი წლის განმავლობაში უსასყიდლოდ უგზავნიდნენ და ეს ფასები არცთუ იშვიათად მნიშვნელოვნად იყო „გაბერილი“...

ასეა თუ ისე,უკრაინას თავის დასაცავად მოუწევს ძალზე გაძვირებული ამერიკული შეიარაღების შესყიდვა,ფულს ხომ ევროპელები იხდიან და თანაც ევროპის ბანკებში გაყინული... რუსული ფინანსური აქტივებიდან...