„რიგითი მოქალაქის დასჯა და მისთვის უვიზოდ მოგზაურობის უფლების წართმევა უსამართლობა იქნება“ - კვირის პალიტრა

„რიგითი მოქალაქის დასჯა და მისთვის უვიზოდ მოგზაურობის უფლების წართმევა უსამართლობა იქნება“

გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების: "სამოქალაქო საზოგადოების ფონდის", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", "დემოკრატიის მცველების", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის", "საფარისა" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურატურის განცხადებით, საქმე შეეხება "საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას".

მომხდარს ევროპიდან უკიდურესად კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. "ევროკავშირი საქართველო მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება. ეს ფუნდამენტურ უფლებებზე მორიგი თავდასხმა და სასამართლო სისტემის, როგორც რეპრესიის ინსტრუმენტის, გამოყენებაა - ფინანსური განზრახ გაგუდვის მეშვეობით პოლიტიკური დევნის აქტი, რომლის მიზანია, გააჩუმოს და დასაჯოს განსხვავებული აზრი. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არა სახელმწიფოს მტრები, არამედ დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების ხერხემალია", - ნათქვამია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერ ანიტა ჰიპერის განცხადებაში.

მაშინ, როდესაც მთელი ქვეყანა შიშით ელის ევროკავშირის ვერდიქტს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თაობაზე, ჩვენი ხელისუფლების ამგვარ გადაწყვეტილებას, ექსპერტთა დიდი ნაწილი ცეცხლზე ნავთის დასხმად აფასებს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს დასავლეთთან ისედაც გართულებული ურთიერთობის უფრო გაფუჭებას. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

dzabiradzee.png

- ამგვარი გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. "ქართულმა ოცნებამ" კარგა ხანია გადაკვეთა წითელი ხაზები ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში პროპაგანდით თუ რეალური ნაბიჯებით. მეტიც, მმართველმა ძალამ, ფაქტობრივად, გაწყვიტა ურთიერთობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. აქედან გამომდინარე, დასავლეთის კრიტიკული განცხადებები ამათზე, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს. თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები უფრო ქმედით ღონისძიებას არ მიმართავენ, მეეჭვება, "ქართულმა ოცნებამ" შეცვალოს სვლა ავტორიტარიზმისკენ.

რაც შეეხება იმას, რა შეიძლება მოჰყვეს ამ დაყადაღებას იურიდიულად, ყველაფერს ველი ამ ხელისუფლებისგან, გააჩნია "ქართული ოცნებისთვის" რა იქნება პრიორიტეტული. არ გამოვრიცხავ, რომ დაიწყოს პირდაპირი რეპრესიები, ანუ სისხლის სამართლის საქმე შეუკეროს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ლიდერებს და ციხეში გაუშვას არაერთი მათგანი. ეს კეთდება იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო დააშინონ საზოგადოება, რათა მასშტაბური პროტესტი ისევ ქუჩაში არ გადმოიღვაროს. მოგეხსენებათ, ოპოზიცია ამბობს, რომ დაიწყებს ქუჩის აქციებს, რაზეც "ქართულ ოცნებას" ძალიან მტკივნეული რეაქცია აქვს.

ის ყოველგვარ პროტესტს უკვე გადატრიალების ცდად აფასებს, რაც სწორედ მათ შიშზე მიანიშნებს, ცდილობენ ამგვარი რადიკალური ნაბიჯებით ხალხს პროტესტის გამოხატვის სურვილი დაუკარგონ. ეს არის ამ ხელისუფლების ქმედებების, კონკრეტულად კი ამ დაყადაღებაზე მიღებული გადაწყვეტილების მთელი ანატომია.

- ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების პრიზმაში რომ განვიხილოთ ეს გადაწყვეტილება, იზიარებთ იმ შეფასებებს, რომ "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ცდილობს ევროკავშირს ეს გადაწყვეტილება მიაღებინოს?

- "ქართული ოცნება" ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი, მას, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი აქვს, რომ ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად არაფერი გააკეთოს. ბოლო დროს ჩვენი ოპოზიციის წევრებისგან მოვისმინეთ განცხადებები, თითქოს ყველაფერი კეთდება, რომ ქვეყანა არ დაისაჯოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით და მოიძებნოს გზა ხელისუფლების წევრების სანქცირებისთვის. ეს ნამდვილად სწორი იქნება, რადგან დღეს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისა და ხელისუფლების ვიწრო წრის შეხედულებებს შორის ევროპული გზის შესახებ დიდი აცდენაა. თვითონ საჯარო სამსახურში ბევრი არ ეთანხმება "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ კურსს. შესაბამისად, რიგითი მოქალაქის დასჯა და მისთვის უვიზოდ მოგზაურობის უფლების წართმევა უსამართლობა იქნება, ყოველ შემთხვევაში, პირველ ნაბიჯად მაინც. მეც მიმაჩნია, რომ უპირველესად ხელისუფლების წევრებს, მათი ოჯახების წევრებს უნდა დაუწესდეთ სავიზო თუ სხვა სახის შეზღუდვები და თუ კიდევ არ მოეგებიან გონს, მხოლოდ შემდეგ ნაბიჯად იქნეს განხილული ქვეყნის სავიზო თუ ეკონომიკური სანქცირება. თუმცა ევროკავშირის კანონმდებლობით გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები სხვადასხვაგვარია, იმედია, მოიძებნება მართლაც საფუძველი იმისთვის, რომ ამ ეტაპზე მაინც გადარჩეს საქართველო სანქციებს. ვნახოთ, დიდი დრო აღარ არის დარჩენილი გადაწყვეტილებამდე.

ამასთანავე მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე არ იქნება დამოკიდებული გადაწყვეტილებების მიღება. ეს დამოკიდებული იქნება საზოგადოდ მსოფლიოში და ასევე სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზეც. როდესაც მსოფლიო მოვლენებზე ვლაპარაკობთ, უპირველესად მნიშვნელოვანია რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების ცდა და იქ პროცესების განვითარება. ამის გარდა, გვინდა თუ არა, სამხრეთ კავკასიაში სრულიად განსხვავებული პროცესები დაიწყო. თუ ადრე ჩვენ ვიყავით დასავლეთთან ურთიერთობის მთავარი ხიდი და პრიორიტეტი, დღეს პირიქითაა - ჩვენ ამ ურთიერთობებიდან ამოვვარდით, სომხეთი და აზერბაიჯანი კი ცდილობენ დასავლეთთან დაახლოებას. ალიევის ბოლოდროინდელ განცხადებებს თუ ადევნებთ თვალს, ასეთი ანტირუსული განცხადებები კარგა ხანია არ გამიგონია არათუ ალიევისგან, არამედ ბევრი დასავლელი ლიდერისგანაც. ასე რომ, პროცესები განსხვავებულად ვითარდება, რისი გაუთვალისწინებლობაც წარმოუდგენელია.

- მოგეხსენებათ, ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია, ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში მონაწილეობს, ნაწილი კი ბოიკოტს აცხადებს. გარდა იმისა, რომ არჩევნების შესახებ ვერ გამონახეს საერთო ენა, ერთი აზრის მქონე ჯგუფებიც დროდადრო ესხმიან თავს ერთმანეთს და პოლიტიკურ დღის წესრიგს ისეთ წვრილმან თემებზე ახურდავებენ, როგორიც იყო, მაგალითად, გასულ კვირას თამარ ჩერგოლეიშვილის გამო აჟიოტაჟი ე.წ. რვიანის დაშლაზე საუბრები...

- დღეს ოპოზიციას აქვს ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, ბრძოლის ორი ფრონტი: პირველი - ზოგადი სტრატეგიისა და მიმართულების ჩამოყალიბება ხელისუფლების შესაცვლელად და მეორე - მოიპოვოს და გააფართოოს ელექტორალური წრე. ეს შიდა დაპირისპირებები, ვფიქრობ, სწორედ ამ მეორე ამოცანას ემსახურება, თუმცა ამას ისე უხარისხოდ აკეთებენ, მგონი, იმ ელექტორალურ რესურსსაც კარგავენ, რაც აქვთ...

არ ვიცი, რაში სჭირდებათ ამ წვრილმანებზე ასეთი აჟიოტაჟი, მით უფრო, როდესაც ხედავ, როგორ აძლევ საზრდოს "ქართული ოცნების" პროპაგანდას. თითქოს არც უნდა იყოს და არც არის ეს იმდენად პრიორიტეტული არც ქვეყნისთვის და არც მოქალაქეებისთვის, რომ ამაზე ამდენი ენერგია და ძალა დახარჯო. სამწუხაროდ, დღეს ერთ-ერთი საყრდენი იმისა, რომ "ქართული ოცნება" ელექტორატსაც ინარჩუნებს და ძალაუფლებასაც, არის სწორედ ასეთი ოპოზიცია. დიდი განჭვრეტა არ სჭირდებოდა იმას, რომ ოპოზიციის ერთიანობისა და ნორმალური კანდიდატის შემთხვევაში, გაცილებით მეტი შანსი ჰქონდათ თბილისის მოგების, ვიდრე "ქართულ ოცნებას". გარდა ამისა, მთელი ოპოზიციის საარჩევნო პროცესში მონაწილეობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ხელისუფლებისგან მოსალოდნელი გაყალბების შემდეგ, პროტესტიც მეტად ლეგიტიმური იქნებოდა როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე პარტნიორებისთვისაც. სამწუხაროდ, ოპოზიცია ურთიერთკინკლაობაშია გართული, ეს კი ოპოზიციური განწყობის გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ახალი არჩევანისკენ კი არ უბიძგებს, არამედ იმისკენ, რომ არ წავიდეს არჩევნებზე და არც საპროტესტო გამოსვლებში მიიღოს მონაწილეობა. გაუგებარია, რისთვის იბრძვის ოპოზიცია, რა არის მისი მიზანი - ჩერგოლეიშვილი გადააჩვიოს უცენზურო წერა-კითხვას თუ ხელისუფლების ავტორიტარიზმისკენ სვლა როგორმე შეაჩეროს?

- მთლად დალაგებული ვითარება არც "ქართულ ოცნებაშია". ნებისმიერი საკადრო ცვლილება თუ საარჩევნო მზადება აჩვენებს, რომ ხელისუფლებას კადრების დეფიციტი აქვს. ყველასთვის მოულოდნელად შეცვალეს არცთუ დიდი ხნის წინ სუს-ის უფროსად დანიშნული ანრი ოხანაშვილი და მდინარაძით ჩაანაცვლეს... საზოგადოების განხილვის თემად კვლავ არის აჭარის ყოფილი ხელმძღვანელის თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებული ტრაგიკული მოვლენები...

- ჩემთვის არაფერია ახალი. ივანიშვილმა ღარიბაშვილის კობახიძით შეცვლის შემდეგ ახალ პრემიერს მისცა ცოტაოდენი თავისუფლება თავისი გუნდის ჩამოსაყალიბებლად. სწორედ ამით იყო განპირობებული ის ცვლილებები, რაც ვნახეთ, მთელი ძალოვანი ბლოკი შეიცვალა. სხვა საქმეა, რომ ვიღაცებს ფული მოსთხოვეს, ვიღაცები გაწირეს, მაგრამ ყველა დიქტატორულ რეჟიმს ახასიათებს ამგვარი ნაბიჯები.

რაც შეეხება ოხანაშვილის ჩანაცვლებას, გახსოვთ, ალბათ, საკმაოდ დიდხანს მიდიოდა ლაპარაკი იმაზე, რომ მდინარაძე შეიძლება ყოფილიყო თბილისის მერობის კანდიდატი. როგორც ჩანს, ამ დაპირისპირებაში ივანიშვილმა არ გაწირა კალაძე და დატოვა ისევ კანდიდატად. შესაბამისად, მდინარაძე უკმაყოფილო დარჩა და ეს როგორმე უნდა დაებალანსებინათ. ასეთ შემთხვევაში სუს-ის ხელმძღვანელობა მისთვის მისაღები აღმოჩნდა, მით უფრო, კულუარებში ხშირად ამბობდნენ, რომ ოხანაშვილმა ვერ გაართვა თავი ამ უწყების ხელმძღვანელობას, თუმცა არ გამოვრიცხავ, ის დააბრუნონ მთავრობაში არჩევნების შემდგომ. ჩემი აზრით, იუსტიციის მინისტრის პოსტზე მოსალოდნელია სალიას ოხანაშვილით ჩანაცვლება.

"ქართულ ოცნებასა" და ნებისმიერ ქართულ ხელისუფლებაში გამსახურდიადან მოყოლებული დღემდე კადრების შერჩევის ერთადერთი პრინციპი მუშაობდა და მუშაობს - ეს არის მორჩილება. ვინც თანხმდება ამას, ის იკავებს თანამდებობას. ამიტომაც ტრიალებს ეს ხელისუფლებაც ერთ წრეზე...

- რუსეთ-უკრაინის ომი ახსენეთ, მოგეხსენებათ, აშშ-ის პრეზიდენტი სამშვიდობო ცდებს ჯერ შედეგი არ მოჰყოლია, პუტინ-ტრამპის შეხვედრის შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლოა პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა მომზადებულიყო, მაგრამ ამასაც არ უჩანს პირი...

- მოგეხსენებათ, ტრამპი ჯერ პრეზიდენტი არც იყო, როცა ამბობდა, რომ შეეძლო ამ ომის 24 საათში დასრულება. ეს, რა თქმა უნდა, ბლეფი იყო მაშინაც და ახლაც ბლეფია, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი ვერ გაჩერდებოდა ისე, რომ რამე მაინც არ გაეკეთებინა ომის დასრულებისთვის. შესაბამისად, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა აწყობდა ორივე ლიდერს - ტრამპს იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის ეჩვენებინა გულხელდაკრეფილი არ ვზივარ და მშვიდობისთვის ვიბრძვიო, პუტინს კიდევ დროის მოსაგებად. მან მოახერხა და ამგვარი თამაშით ის მძიმე სანქციები, რაც შეიძლება დაუწესოს ამერიკამ, გადაავადა. მერცისა არ იყოს, მეც მეეჭვება მოხერხდეს პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა, მათ ამჟამად ერთმანეთისთვის არაფერი აქვთ სათქმელი. ის, რაც მოხდა 28 აგვისტოს, მარიამობას, თუ როგორ ვერაგულად დაესხა რაკეტებით რუსეთი კიევს თავს, აჩვენებს, რომ პუტინის რეჟიმი მშვიდობაზე სულაც არ ფიქრობს. აქედან გამომდინარე, მე ამ წელს ცეცხლის შეწყვეტასაც არ ველი, არათუ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას. ეს მომავალი წლის გაზაფხულზე თუ მოხერხდა, კარგი იქნება. შესაბამისად, მე არ გამოვრიცხავ, ტრამპმა მართლაც გაზარდოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მასშტაბი, მათ შორის ევროპის მონაწილეობით. მიხარია, რომ ევროპა გამოფხიზლდა საღათას ძილისგან და საკუთარ უსაფრთხოებაზე დაიწყო ზრუნვა. გარდა ამისა, ველი, რომ ტრამპს მაინც მოუწევს რუსეთისთვის ძალიან მძიმე სანქციების დაწესება...

- ჩინეთის დედაქალაქ პეკინში 3 სექტემბერს დაგეგმილ აღლუმზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავს ეძღვნება, მიიწვიეს სომხეთი და აზერბაიჯანი, მაგრამ არ მიიწვიეს ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი საქართველო. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ჩინეთმა და აშშ-მა ერთმანეთთან დამოკიდებულებაზე და აკრიტიკონ ერთმანეთი, ფაქტი ფაქტად რჩება - ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი არის ამერიკა და ბუნებრივია, ერიდება მის გაღიზიანებას. კი, საქართველოსთან ჩინეთის ურთიერთობა კორექტულია, მაგრამ არა იმდენად მაღალი დონის, რომ ქვეყნის ლიდერი მთავარი სტუმრების სიაში იყოს. ის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მიიწვიეს და საქართველო არა, შესაძლოა რეგიონში ბალანსის დაცვის ცდაც იყოს. მათთან ერთად საქართველოს მოწვევა შეიძლება აღქმულიყო როგორც გეოპოლიტიკური "გზავნილი" დასავლეთისთვის, რასაც ჩინეთი, სავარაუდოდ, ერიდება. მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების პოზიციისა, ჩვენი ქვეყანა კვლავ პროდასავლური კურსის ქვეყნად მიიჩნევა.