"ლიდერი მაგალითის მიმცემი უნდა იყოს - ასეა პოლიტიკაშიც, სექტაშიც და კრიმინალურ სამყაროშიც. ქართული პოლიტიკა სექტანტურ მიმდინარეობას დაემსგავსა" - დიდი უხერხულობა, რომელსაც აუცილებლად ექნება პოლიტიკური შედეგი
თუ ვინმეს აქვს პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზია, საკუთარ თავს აუცილებლად უნდა შეხედოს ამომრჩევლის თვალით. რა მაგარ იდეასაც არ უნდა ემსახურებოდეს და როგორი ცუდიც არ უნდა იყოს შენი მოწინააღმდეგე, თუ ელექტორატს შენ მიმართ პიროვნული სიმპათიები არა აქვს, არაფერი გამოვა. ასეა საქართველოშიც და მსოფლიოშიც. ეს სიმპათია რომ გაჩნდეს, პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს ლიდერის თვისებები. ვგულისხმობთ იმას, რომ ლიდერი მაგალითის მიმცემი უნდა იყოს - ასეა პოლიტიკაშიც, სექტაშიც და კრიმინალურ სამყაროშიც. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა რაღაც სექტანტურ მიმდინარეობას დაემსგავსა "აქეთა მხარესაც" და "იქითა მხარესაც".
დიდი უხერხულობა, რომელსაც აუცილებლად ექნება პოლიტიკური შედეგი - ასე შეიძლება შეფასდეს ის უმსგავსობა, რაც ჩვენი პოლიტიკოსების შესრულებით ვიხილეთ. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ოპოზიციონერმა აქტივისტმა და შეთავსებით ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა პირადი ხასიათის ინფორმაცია გაავრცელა თეა წულუკიანზე, რაზეც აბსოლუტურად გოიმურად იხუმრა ირინა სარიშვილმა. საპასუხოდ, თეა წულუკიანმა ფეისბუკპოსტით ჟორჟოლიანსაც გასცა პასუხი და ასევე არანაკლებ უხეშად და გოიმურად აღწერა სარიშვილის თავს გადახდენილი ტრაგედია - 1994 წელს გია ჭანტურიას მკვლელობა... წულუკიანს გამოესარჩლა თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც საერთოდ ყველა ზღვარს გადავიდა - ერთ-ერთ ფბ-კრიტიკოსს, რომელმაც აშკარად შეურაცხყოფა მიაყენა, ჩერგოლეიშვილმა შეურაცხყოფითვე უპასუხა, ამისთვის კი ამ კრიტიკოსის ბავშვის ფოტოები გამოიყენა. თუმცა, მოგვიანებით, ბოდიში მოიხადა... "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ მოითხოვა, რომ "რვიანს" (ბოიკოტში დარჩენილი პარტიები) ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობა გაეწყვიტა. ამასობაში, ჩერგოლეიშვილის საქციელზე დანარჩენი 7 პარტიის დუმილის გამო, აღშფოთდა ბოკუჩავას კიდევ ერთი თანაპარტიელი ანა წითლიძე, რომელმაც დაწერა, რომ საერთოდაც, ეს "რვიანი" იმიტომ შეიქმნა, თავის დროზე ელენე ხოშტარიას შიმშილობა "გაეპრავებინა". ჩერგოლეიშვილის გამო კი კოლეგა-ოპოზიციონერებს მიმართა, - "ჩერგოსი"“გეშინიათ და ბიძინას დაამარცხებთო?! ამის შემდეგ ელენე ხოშტარია გამოვიდა და დაგმო ჩერგოლეიშვილის საქციელი. ლევან ხაბეიშვილმა გადაწყვიტა "ყველაზე მაღლა" დამდგარიყო და თქვა: "არასერიოზული, მავნებელი ხალხია, რომლებმაც დაირქვეს "ლიდერი", "ოპოზიცია" და გუნგლაობენ ტალახში - როგორ უნდა დაიჯეროს ხალხმა თქვენი, როდესაც გაურკვეველ, არანორმალურ, არაჯანსაღ გონებაზე მყოფ არსებებს ეძლევათ შესაძლებლობა, 2-3 დღე "წაიღონ" და თავის მოზელილ ტალახში აგორაონ მის გარშემო ყველა".
საინტერესოა, მარტო ერთ "კოლეგას" გულისხმობს ხაბეიშვილი თუ რამდენიმეს. მის ბოლოდროინდელ რიტორიკას თუ შევხედავთ, ალბათ, საქმე "კოლეგებშია". თუმცა ყველას აინტერესებდა ერთი რამ - რა ჭკუაზე იყო გიგა ბოკერია (თქვენი მონა-მორჩილის აზრით, ერთ-ერთი პოლიტიკურად ყველაზე ადეკვატური ადამიანი„"ბოიკოტისტებში").
ბოკერიამაც არ დააყოვნა და დაწერა სტატუსი: "სოციალურ ქსელში ხშირად ვხვდებით ბინძურ ბრალდებებს, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს თამარის რეაქციას. მან მალევე მოუბოდიშა საზოგადოებას. თამარ ჩერგოლეიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული ლიდერია და ამიტომ მეც მეკუთვნის ამ ინციდენტის გამო ბოდიშის მოხდა. ამ დაუშვებელი რეაქციის ანატომიის ახსნა არ ემსახურება მის გამართლებას - მხოლოდ სერიოზული შეცდომის მიზეზის განმარტებაა".
მეორე საკითხია ამ ინციდენტის გამოყენება "ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან აფილირებული საჯარო ფიგურების მიერ. აშკარაა, რომ მათ ეს ინციდენტი ხელსაყრელ საბაბად ჩათვალეს...„"ნაციონალურ მოძრაობას" უჭირს ნებისმიერი თანამშრომლობა, სადაც მათ პარტიასა და მათ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს, ცენტრალური ადგილი არ უკავია და სადაც ღიად აკრიტიკებენ მათი ლიდერისა და სხვა ფიგურების უპასუხისმგებლო ნაბიჯებსა თუ გამონათქვამებს. ამას თან ერთვის ამ პარტიის შიგნით არსებული ღრმა კრიზისი.
"ფედერალისტები" ყოველთვის აუცილებლად მივიჩნევდით და მივიჩნევთ, კრიტიკულად გამოვეხმაუროთ იმას, რაც ჩვენი აზრით, საპროტესტო მოძრაობას აზიანებს. ამასთან, ჩვენ საჭიროდ მივიჩნევთ თანამშრომლობას განსხვავებული შეხედულებების, ზოგჯერ კი განსხვავებული ფასეულობების მქონე პოლიტიკურ ძალებს შორისაც იმ საკითხებზე, რაც გვაერთიანებს. ასეთი ამოცანა იყო და არის ივანიშვილის რეჟიმის მიერ დადგმული ე.წ. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების ფარსის დელეგიტიმაცია... ამჟამად, ჩვენი პრიორიტეტი 13 სექტემბრის საპროტესტო აქცია და ამის შემდეგ საპროტესტო მოძრაობის გაფართოებაა, რაც ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლებიდან ჩამოცილებით უნდა დასრულდეს"“(ციტატის დასასრული).
შეუძლიათ კი ასეთ ფორმაში მყოფ "ბოიკოტისტებს" 13 სექტემბრის აქციის ერთობლივად ორგანიზება და როგორც ბოკერია ამბობს, საპროტესტო მოძრაობის გაფართოება?! ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ვიცოდეთ, რა შემთხვევაში გაფართოვდება საპროტესტო აქცია.
ხელისუფლების უცნაური კურსი საზოგადოების არცთუ ისე მცირე ნაწილის აღშფოთებას რომ იწვევს, ამას ადასტურებს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის ხალხმრავალი აქციები. თუმცა შემდეგ პროტესტი მინავლდა, მაგრამ პოლიტიკური დაძაბულობა არსად გამქრალა. მინავლდა იმიტომ, რომ პარტიებმა პროცესის გასაგრძელებლად ვერაფერი შესთავაზეს აქციის მონაწილეებს. თავის მართლება, რომ თურმე აქციის მონაწილეები პოლიტიკოსებს არ იკარებდნენ, აბსურდულია. სალომე ზურაბიშვილს ხომ იკარებდნენ და ტაშს უკრავდნენ? იკარებდნენ და უკრავდნენ! თავად სალომე ზურაბიშვილი ხომ სთავაზობდა მის გარშემო გაერთიანებას? სთავაზობდა და არაერთხელ! თუმცა, საბოლოო ჯამში, პოლიტიკურმა ეგოებმა იმძლავრა და გაერთიანება კი არა, სალომე ზურაბიშვილს აქეთ დაუწყეს დაცინვა, უუნაროს ძახილი და ქირქილი - საკუთარი თავი ისევ პრეზიდენტი ჰგონიაო. ასე რომ, ოპოზიციის ნაწილს შეეძლო შეექმნა ძალიან ძლიერი და ეფექტური პლატფორმა. სხვათა შორის, ამას მიხვდნენ ციხეში მყოფი გიორგი ვაშაძე და ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომლებმაც წერილები წერილებზე გზავნეს ზემოხსენებული თეორიული გაერთიანების შესახებ, მაგრამ დანარჩენმა კოლეგებმა სერიოზულად განხილვის ღირსადაც არ ჩათვალეს, რომ თუნდაც ფორმალურად, პატივი ეცათ ციხეში მყოფი გიორგი ვაშაძისთვის და ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის.
დავუბრუნდეთ ზემოხსენებულ კითხვას - რა შემთხვევაში გაფართოვდება პროტესტი (სხვა თემაა ეს გაფართოება დაახევინებს თუ არა უკან მმართველ გუნდს)? ის ახალი ძალით გაიშლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების ამ ნაწილს ექნება წარმატების რწმენა. თავის თავს ჰკითხონ ზემოხსენებულ "რვიანში" მყოფი პარტიების ლიდერებმა - ექნება თუ არა წარმატების იმედი ზემოხსენებული ურთიერთლანძღვის შემხედვარე ოპოზიციურ ელექტორატს? ალბათ, არაბუნებრივად ოპტიმისტი უნდა იყო, ეს რომ გქონდეს! ზოგიერთი პოლიტიკოსი ალბათ, მიხვდა ამას და რიტორიკა შეცვალა - რა გჭირთ ხალხნო, ყველა ქვეყანაშია პარტიებს შორის დისკუსიებიო. თუმცა აქ არ ვსაუბრობთ ჩვენ დისკუსიებზე პოლიტიკური ტაქტიკის ან სტრატეგიის კუთხით, ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ურთიერთლანძღვაზე, რომელიც არც პოლიტიკურ, არც საქმიან და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ ჯდება.
მოკლედ, აქეთ პროტესტს ძირს უთხრის ეს "რვიანი", იქით კი ინდივიდუალურად ლევან ხაბეიშვილი და პაატა ბურჭულაძე თავიანთი დაანონსებული "ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობით". 4 ოქტომბერი ამ არასწორი და გადაჭარბებული (რაოდენ სახიფათოა ეს ქვეყნისთვის, ამაზე არაერთხელ დაგვიწერია) მოლოდინების გამო, კიდევ ერთხელ შეიძლება იქცეს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის დიდი იმედგაცრუების დღედ. თან იმ ფონზე, რომ "ბოიკოტისტები" ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ "ლელოსა" და გახარიას პარტიის ალიანსმა ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიოს არჩევნებზე.

რა არის ზურაბიშვილის მთავარი შეცდომა?!
რჩება შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩამოშორებულია აქტიურ ოპოზიციურ-პოლიტიკურ პროცესებს და მხოლოდ ეპიზოდური ბრიფინგებით შემოიფარგლება. გარდა ამისა, საგარეო კუთხითაც ზურაბიშვილისთვის პასიურობის დრო დადგა. ვიზიტებზე აღარ დადის - ალბათ, აღარ იწვევენ. სავარაუდოდ იმიტომ, რომ დასავლეთში მიხვდნენ, მეხუთე პრეზიდენტს მოვლენებზე გავლენა აღარ აქვს.
თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, ეს ყველაფერი მოიტანა იმან, რომ ზურაბიშვილმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა.
პირველი შეცდომა ის იყო, რომ ვერ გამოვიდა პრეზიდენტის როლიდან და ცდილობდა, უშუალოდ კი არ ჩართულიყო, "ზემოდან ეყურებინა" პროცესებისთვის.
მეორე იყო ის, რომ "ნაცმოძრაობასთან" დაიჭირა საქმე. არ იყო საჭირო მცდელობა, რომ მაინცდამაინც ყველანი ერთ მაგიდასთან დაესხა. კერძოდ, სააკაშვილი ცუდ სიზმარშიც კი ვერ დაუშვებს, რომ მის გარდა ვინმე იყოს საერთო ოპოზიციური ლიდერი. მისი ლოგიკით, თუ თავად არ იქნება ბელადი, არავინ გამარჯვების ღირსი არ არის. როდესაც ზურაბიშვილმა დაინახა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის რაღაც მითური გაერთიანების იდეიდან არაფერი გამოდიოდა, შეეძლო შეერჩია თუნდაც 2-3 პარტნიორი (არანაცმოძრაობის ფლანგიდან) და აქტიურად ჩაბმულიყო პოლიტიკურ პროცესებში. მით უმეტეს, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების მხარდაჭერა მას ჰქონდა.
ასევე, თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ "ბოიკოტისტების" პოზიცია გაიზიარა და არჩევნებში მონაწილე პარტიებს ანტიპიარს უკეთებს. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ მან თქვა:„"არ შემიძლია არ მივმართო იმ პარტიებს, რომლებიც დღეს თამაშობენ რაღაცა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, რაღაც კამპანიას. სად ვართ, სად არის ქვეყანა? სად არის რაღაც საარჩევნო კამპანია, რომ ვინმე დავარწმუნოთ იმაში, რომ ეს არჩევნები რამეს შეცვლის და რამეს მიაღწევს. ჩვენი ამოცანა ქვეყნის მომავლის გადარჩენაა, საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენა".
არჩევნები არის ბრძოლის ყველაზე ეფექტური ფორმა, როდესაც მაქსიმალური მობილიზების შემთხვევაში, შეიძლება რაღაც ხელშესახებ შედეგს მიაღწიო. ამიტომ სალომე ზურაბიშვილი რომ გამოსულიყო პრეზიდენტის როლიდან და თუნდაც "ლელოსა" და გახარიას პარტიებზე დაყრდნობით კენჭი ეყარა თბილისის მერად, ალბათ, ეს უფრო ეფექტური იქნებოდა, ვიდრე არჩევნებში მონაწილე პარტიების ბოსტანში ქვების სროლა. თან მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ხდება "ბოიკოტისტების" ბანაკში.
თუმცა, შესაძლოა, ჩვენ ვცდებოდეთ და სალომე ზურაბიშვილს რაღაც ძალიან შორსმხედველური გათვლები ჰქონდეს, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხვდებით. ვნახოთ, ოქტომბარმდე არცთუ ისე დიდი დროა.
გიორგი კვიტაშვილი