ევროპის სამშვიდობო ძალები უკრაინაში - მისია შეუსრულებელია?! - კვირის პალიტრა

ევროპის სამშვიდობო ძალები უკრაინაში - მისია შეუსრულებელია?!

პუტინი ზელენსკის არ შეხვდა (გამარ­თლდა ჩვენი ვარაუდი, გამოთქმული "კვირის პალიტრის" გასულ ნომერში, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას თავის სწორად არ მიიჩნევს და მასთან ერთი-ერთზე შეხვედრას არ დასთანხმდებოდა)...

ახლა დგება აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის მოქმედების ეტაპი, რადგან ალასკაზე პუტინთან გულთბილი (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა - ახლა პუტინისა და ზელენსკის პირისპირ მოლაპარაკების დროა და ის მხარე, რომელიც ჩაშლის შეხვედრას, ამერიკისგან სანქციებს მიიღებს ორ კვირაშიაო...

ტრამპის მორიგი "ორი კვირა" კი 1-ლ სექტემბერს ორშაბათს იწურება, "კვირის პალიტრის" ამ ნომრის გამოსვლისას და წინასწარ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტრამპი რუსეთს არათუ არ დაუწესებს სერიოზულ ეკონომიკურ სანქციას, რამაც, წესით, კრემლი უნდა დააფიქროს, უღირს თუ არა ომის გაგრძელება, არამედ პუტინი-ზელენსკის პირისპირ შეხვედრის ჩაშლაში უკრაინის მხარესაც დაადანაშაულებს.

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტისთვის (ისევე როგორც, ეტყობა, ყველა ქვეყნის პოლიტი­კური ლიდერისთვის) უპირველესი საფიქრალი მისი პირადი პოლიტიკური რეიტინგის გადარჩენაა და ტრამპიც, რომელმაც ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებისას წაიტრაბახა, რომ "რუსეთ-უკრაინის ომს ერთი სატელეფონო ზარით ერთ დღეში დაამთავრებდა", დღეს ცდილობს რამენაირად "გამოძვრეს" ამ მოჯადოებული წრიდან, რადგან საპრეზიდენტო ინაუგურაციიდან გასულ რვა თვეშიც მან ამ ომის არათუ დამთავრება, დროებით შეჩერებაც ვერ მოახერხა და თეთრი სახლისთვის მომგებიანი იქნება, რომ ყველაფერი ისევ ომში ჩართულ მოწინააღმდეგე მხარეებს დააბრალოს და თანაც თავისი ტერიტორიების დაცვაში მყოფ უკრაინას იმავე დონეზე, როგორც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრილ რუსეთს...

თუმცა რჩება კიდევ ერთი იმედი, რომ უკვე 1 286 დღის განმავლობაში მიმდინარე ეს საშინელი ომი არ დაეწიოს და არ გადაუსწროს 1 418-დღიან საბჭოთა კავშირ-გერმანიის 1941-45 წლების ომს და ეს იმედი შეიძლება გახდეს უკრაინაში ევროპის ქვეყნების სამშვიდობო ძალების განთავსება.

ბოლო დღეებში ძალზე გახშირდა ლაპა­რაკი ამ თემაზე და დასავლური მასმედია ერთმანეთის მიყოლებით სენსაციურ მასა­ლებს აქვეყნებს, თუ რომელი ევროპული­ ქვეყანა რამდენ ჯარისკაცს გაგზავნის უკრა­ინაში, სად ჩადგებიან ისინი და როგორც უზრუნველყოფენ უკრაინის უსაფრთხოებას.

2-sam-1756659910.jpg
უკრაინის არმიას უფრო მეტი მობილიზება და ახალი მებრძოლები სჭირდება რუსი ოკუპანტების შესაჩერებლად, რადგან ევროპელები, და მით უმეტეს, არც ამერიკელები, მათ გამო თავიანთ ჯარისკაცებს პუტინის არმიას არ დაუპირისპირებენ...

მაგრამ ყოველივე ეს ჯერ მხოლოდ დაუდასტურებელი ხმებია, რომელთა უმეტესი ნაწილი შეუსრულებელი დარჩება, თუმცა ჩვენ შევეცდებით თითოეული მათგანის გაანალიზებას:

პირველი - თითქოს მზადდება სამი სამშვიდობო ზოლი, რომელთაგან პირველი­ გაივლის უშუალოდ ფრონტის ხაზის გას­წვრივ და იქ იმ ნეიტრალური ქვეყნის "ცისფერჩაფხუტიანები" ჩადგებიან, რომლებიც დააკმაყოფილებენ როგორც მოსკოვის, ისე კიევის ინტერესებს. მათ უკან მეორე ზოლში­ განთავსდება უკრაინის არმია, იმ შემთხვე­ვისთვის, რომ შეაკავოს რუსეთის საოკუპაციო ძალები, თუკი ისინი ისევ გადავლენ შეტევაზე, ხოლო მესამე, ბოლო ზოლში დისლოცირებული იქნებიან ევროპული ქვეყნების სამშვიდობო ძალები, რომელთაც სადაზვერვო და საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას ამერიკული მხარე გაუწევს.

მეორე - სხვა ინფორმაციის თანახმად, ფრონტის ხაზის გასწვრივ იქნება 40 კმ-იანი­ სიგანის ბუფერული ზონა, რომლის დასავლეთ მხარეზე ევროკავშირი თითქოს 4-დან 60 ათასამდე "ცისფერჩაფხუტიანის" ჩაყენებას აპირებს...

ომის დროს მოწინააღმდეგე მხარეების დაშორიშორება და მათ შორის ნეიტრალური სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის ჩაყენება უკვე აპრობირებული წესია, მაგრამ სრული მშვიდობა ამას არსად მოუტანია ან თუ მოუტანია, მაშინ ომის მონაწილე ერთ-ერთი მხარის ინტერესების ხარჯზე...

და რაღა შორს წავიდეთ, როდესაც ამის მძიმე ფაქტი ჩვენი საქართველოს უახლოეს ისტორიაში გვაქვს, მოსკოვის 1994 წლის 14 მაისის „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების­ დაშორიშორების ხელშეკრულების სახით, რომლის მიხედვითაც მდინარე ენგურის ორივე მხარეს ბუფერული ზონები შეიქმნა­ და კოდორის ხეობიდან ქართული საარმიო დანაყოფების გამოყვანა დაგვევალა, ხოლო ბუფერულ ზონებში ჩამდგარი რუსი ე.წ. სამშვიდობოები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ერთგვარი ავანგარდი გახდნენ კოდორის ხეობაში, ზუგდიდსა და ფოთში რუსი ოკუპანტების შემოჭრისას.

მაშინ საქართველოს ზურგს არავინ უმაგრებდა, არც ევროპა და არც ამერიკა, გაეროს სამხედრო დამკვირვებლები კი ერთ-ერთი­ პირველები გაიქცნენ 1993 წლის სექ­ტემბრის ბოლოს სტალინის აგარაკიდან­ (რისი თვითმხილველიც თავად გახლავართ, 25 სექტემბერს სტალინის აგარაკზე გაეროს სამხედრო დამკვირვებლების შტაბში მაგიდაზე გადაშლილი და უპატრონოდ მიტოვებული ოპერატიული რუკა და იატაკზე მიმოფანტული საიდუმლო დოკუმენტები დამხვდა), როდესაც სოხუმი ალყაში აღმო­ჩნდა, მანამდე დადებული 27 ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აფხაზი სეპარატისტებისა და რუსი სამხედროების მიერ ვერაგულად დარღვევის შედეგად.

რომც ჩადგნენ ევროპელი "ცისფერჩაფხუტიანები", თუნდაც უკრაინის ყველაზე უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, დარჩებიან თუ ისევე გაიქცევიან, როგორც 1993 წელს ალყაშემორტყმული სოხუმიდან გაეროს სამხედრო დამკვირვებლები?

რატომღაც დარწმუნებული ვარ, მიზეზების პოვნა არ დასჭირდებათ უკრაინის ტერიტორიიდან სწრაფი ევაკუაციისთვის...

თუმცა ჯერ იმაზეა ლაპარაკი, დაიწყება­ თუ არა ევროპული სამშვიდობო მისია უკრაინის ტერიტორიაზე, რისი ალბათობაც ასევე ძალიან მცირეა, რადგან ჯერ ერთი, აგრესორი რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგი იქნება (და პუტინს, სამწუხაროდ, მეტ-ნაკლებად გამოსდის ის, რასაც მეოთხე წელია ცდილობს უკრაინის წინააღმდეგ) და მეორე - თვით ევროკავშირში ძნელად თუ მიაღწევენ ერთობას უკრაინაში ისეთი სამშვიდობო ძალების გასაგზავნად, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინის უსაფრთხოებას ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.

ამას ძალიან კარგად ხვდებიან უკრაინა­შიც და ბრძოლებში უკვე გამოცდილი უკრაინელი მაღალჩინოსანი სამხედროებიც აღარ მალავენ - რა უზარმაზარი თანხებიც არ უნდა დაუჯდეს ევროკავშირს სადღაც ლვოვთან ან უჟგოროდთან, ზედ საზღვარზე, ევროპული სამშვიდობო ბატალიონისა თუ ბრიგადის განთავსება, რომელიც ვერა­ნაირად ვერ დაგვეხმარება, იქნებ ჯობდეს ამისთვის დასახარჯი ასეულობით მილიონი ევროს ღირებულების შეიარაღება მოგვაწოდოს უკრაინის არმიას, რომელსაც ბევრად კარგად გამოვიყენებთ რუსი ოკუპანტების შესაჩერებლადო.

გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნებს­ შეუძლიათ უფრო ინტენსიურად და ფართო­ მასშტაბით გააგრძელონ ახალგაწვეული უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება-გადამზადება თავის პოლიგონებზე, რადგან­ უშუალოდ უკრაინულ პოლიგონებზე ეს ძალზე სახიფათო ხდება, რუსული "ისკანდე­რები" უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე სამხედრო-სასწავლო ცენტრებსაც სწვდებიან. მაგრამ ევროპაში უკრაინელი სამხედროების მომზადებასაც ახლავს დიდი პრობლემები - ევროპელ სამხედროებს არა აქვთ იმ თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების გამოცდილება, რაც დღეს რუსეთ-უკრაინის ომში მიმდინარეობს (ამიტომაც უპრიანი იქნებოდა, თუკი ევროპის­ პოლიგონებზე უკრაინელ ჯარისკაცებს ისევ ბრძოლებში გამოცდილი უკრაინელი ოფიცრები მოამზადებდნენ) და მეორე პრობლემაც, რაც გამოიხატება ევროპის ქვეყნებში სამხედრო მომზადებისთვის გაგზავნილი უკრაინული არმიის დანაყოფებიდან სამხედროების ხშირი დეზერტირობა ომიდან თავის არიდებისა და ევროპაში საცხოვრებლად დასარჩენად.

ყოველივე ამას ემატება კიდევ ერთი ძალიან უცნაური გადაწყვეტილება, რაც უკრაინის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

უკრაინაში ომის დაწყებიდან მიმდინარეობს 23-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცების საყოველთაო გაწვევა სამხედრო სამსახურში და ფრონტის ხაზზე 50-60 წლის მამაკაცებიც მრავლად იბრძვიან, მაშინ როდესაც კანონით აკრძალულია 18-დან 22 წლამდე ახალგაზრდების გაწვევა.

გასაგებია, რომ ამით ქვეყანა, რომელსაც ისედაც ამხელა მსხვერპლი აქვს ამ საშინელ ომში, ცდილობს გადაარჩინოს გენოფონდი, მაგრამ ვინ უკეთესად იბრძოლებს, 60 წელს მიღწეული ასაკოვანი კაცი თუ ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა?!

მართალია, 22 წლამდე ახალგაზრდებს­ არ იწვევენ ჯარში, მაგრამ მათ არც საზღვარგარეთ გასვლის უფლება ჰქონდათ, რომ მასობრივად არ გასულიყვნენ ომში მყოფი­ ქვეყნის ტერიტორიიდან და ასე თავი აერიდებინათ სამშობლოს იარაღით ხელში­ დაცვისთვის - შესაბამისად, ამ ახალგაზრდების არცთუ მცირე ნაწილი ღამის კლუბებში ბოლომდე იხარჯება და "გულაობს" მაშინ, როდესაც მათი თანატოლები 23 წლიდან­ დაწყებული, ასევე ღამეებს ათენებენ, ოღონდ ფრონტის ხაზზე ტალახიან სანგრებში ტყვიების ზუზუნში (ამგვარი რამ ჩვენც მწარედ გვახსოვს, როდესაც ნაწილი თბილისის აეროპორტში თვითმფრინავში ვეტენებოდით, რომ როგ­ორმე სოხუმში ჩავფრენილიყავით, გვერდით­ მდგარ თვითმფრინავში კი დუბაიში სავაჭროდ თუ დასასვენებლად წამსვლელი მგზავრები ადიოდნენ და დაცინვით გვიყურებდნენ...).

ასევე დაგაინტერესებთ: ნუთუ ასე გაძვირდნენ "პეტრიოტები" ანუ ტრამპი ბაიდენის ნაჩუქარის "ამოღებას" აპირებს?

რუსულ-ევროპული ომის სცენარი: რა მოხდება თუ პუტინი ბალტიისპირეთს შეუტევს - რუსები ჭაობებში ჩაიძირებიან?!

რუსეთის საწვავის გარეშე დატოვება - სტრატეგიული ჩანაფიქრი უკრაინული კამიკაძე - დრონების შესრულებით...

"დივერსანტი გოგა" ანუ გამოცხადებული ნადირობა რუსულ სარაკეტო ხომალდებზე

ეს ისედაც ვერ აამაღლებდა პატრიოტულ სულისკვეთებას უკრაინაში, რასაც დაემატა უკრაინის ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილება, რომ... 18-დან 22 წლამდე­ მამაკაცებს მოეხსნათ შეზღუდვა­ ქვეყნის საზღვრების დატოვებაზე და... იხუვლა კიდეც ნაკადმა, პოლონეთისა თუ რუმინეთის საზღვართან გამშვებ პუნქტებზე რიგები დადგა - მშობლებს 18-დან 22 წლამდე ვაჟები სასწრაფოდ საზღვარგარეთ გაჰყავთ, რომ მოასწრონ მათი გარიდება ამ საშინელი ომისგან. რას იზამ, მშობლებისაც გასაგებია...

უკრაინის არმიის უმთავრესი პრობლემა ამ ფართომასშტაბიანი ომის მეოთხე წელს არა ტანკებისა თუ ჭურვების ნაკლებობა, არამედ პირადი შემადგენლობის დიდი დეფიციტია, როდესაც კვირაობით ვერ ხერხდება წინა ხაზიდან დანაყოფის როტაცია და მისი მებრძოლების რამდენიმე დღით დასვენება მაინც, თუნდაც მშვიდად გამოძინება.

და ეს არის სწორედ იმის მიზეზი, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები, მართალია დიდი დანაკლისის ხარჯზე, მაგრამ მაინც ახერხებენ ფრონტის ხაზზე ყოველდღე რამდენიმე ათეული და ასეული მეტრით წინ წაწევას. უკრაინის არმიას არ ჰყოფნის მებრძოლები იმისთვის, რომ ფრონტის მთელ ხაზზე ყოველი მეტრი მუდმივად სრული კონტროლის ქვეშ ჰქონდეს. შესაბამისად, ღამით რუსი ოკუპანტების რამდენიმეკაციანი ჯგუფი ფეხით შეიპარება უკრაინელების თავდაცვითი პოზიციების სიახლოვეს და შემდეგ მოულოდნელად თავს ესხმის.

რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტა და მით უმეტეს, ომის სრული შეჩერება, უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის - უკრაინისთვის ამ ეტაპზე მისაღები იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ (უკრაინას დღეს არ გააჩნია იმის ძალა, რომ ბრძოლით დაიბრუნოს უკვე ოკუპირებული მიწები), მაგრამ ამაზე არ წავა პუტინი, მას "გრანდიოზული" სასტიკი გეგმა ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს...