„იმპერატორი“ ბრაზილიის ფაველებიდან
ბრაზილიის ფაველებში (ბრაზილიის ქალაქების უღარიბესი უბნები) 1982 წელს დაბადებულმა და გაჭირვებაში გაზრდილმა ბიჭუნამ "ბეტონის ჯუნგლებში" ფეხბურთის თამაშით ისეთი ნიჭი გამოავლინა, ყველა გააოცა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ადრის ფეხბურთში დიდი მომავალი ექნებოდა!..
1999 წელს ბრაზილია ახალ ზელანდიაში 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდა, სადაც, რა თქმა უნდა, ადრიანო ლეიტე რიბეიროც გაემგზავრა, როგორც ნაკრების მთავარი დამრტყმელი ძალა. ბრაზილიამ ჯგუფური ეტაპი მძიმედ გადალახა - ორი გამარჯვება, ერთი ფრე. სამწუხაროდ, ადრიმ ტურნირი გოლის გარეშე დატოვა და იმედგაცრუებული დაბრუნდა სამშობლოში, თუმცა საჩემპიონო მედლით.
ერთ წელიწადში მისი დებიუტი "ფლამენგოს" (ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი) პირველ გუნდში შედგა, სადაც სადებიუტო გოლი სწრაფადვე გაიტანა და ამით ფეხბურთელისთვის ყველაზე საჭირო - თავდაჯერებულობა მოიპოვა. ადრიანო ძალიან ეფექტური და შემტევი თამაშით მალე ისეთი ტოპგუნდების სამიზნეში მოხვდა, როგორიც მილანის "ინტერი" იყო.
ადრიანოს პოპულარობა დღითი დღე იზრდებოდა - იტალიის ჩემპიონატის მოგება, სტაბილური თამაში ნაკრებში... სანაკრებო წარმატებასთან ერთად ადრი დიდებას საკლუბო ფეხბურთშიც იხვეჭს, სერია A-ში მისი შეჩერება შეუძლებელი ხდება... ის "ნერაძურის" (მილანის "ინტერის" მეტსახელი, ანუ შავ-ლურჯები, რაც კლუბის ფეხბურთელთა ფორმის ფერებიდან მომდინარეობს) უმთავრეს ფეხბურთელად იქცა. თავდამსხმელი "ინტერში" თავისი კერპის, რონალდოს გვერდით მოხვდა და გულშემატკივრებს თავი პირველსავე თამაშში გააცნო... ადრიანო მალევე ლეგენდარული ფორვარდის მემკვიდრედ აღიარეს. ფაველებიდან წამოსული ბიჭი გახდა იმ ჩემპიონატის "იმპერატორი", რომელიც ძლიერი ფორვარდების დეფიციტს არასდროს განიცდიდა...
"ბურთი ყოველთვის ჩემს ფეხებთან იყო, ის იქ დადო ღმერთმა", - ამბობდა უკვე აღიარებული ფეხბურთელი. მას მთელი სამყარო ფეხქვეშ ჰქონდა, მაგრამ შემდეგ მოხდა ის, რამაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა... "იმპერატორს" შეეძლო "ინტერის" ლეგენდა გამხდარიყო, დიდი კვალი დაეტოვებინა თანამედროვე ფეხბურთში, მაგრამ განგებას მისთვის სხვა გზა ჰქონდა არჩეული...
2004 წლის 3 აგვისტოს ადრიანოს ტელეფონზე ზარი გაისმა - აცნობეს, რომ მამა გულის შეტევით გარდაეცვალა. ადრიმ დაკარგა 44 წლის მამა, ადამიანი, რომელმაც უმძიმეს პირობებში გაზარდა და ფეხბურთზე შეყვარებულ ბიჭუნას ოცნების ახდენაში დაეხმარა.
"როდესაც მას დაურეკეს, ჩვენ ოთახში ვიყავით, ტელეფონს დაარტყა და საშინელი ყვირილი დაიწყო. ვერავინ წარმოიდგენს, იქ რაც მოხდა... ამ სატელეფონო ზარის შემდეგ ყველაფერი ისე აღარ იყო, როგორც ადრე" - ჰყვებოდა მისი თანაგუნდელი ხავიერ ძანეტი.
როგორც ადრიანო ამბობს, მისთვის სამყარო გაჩერდა. ამის შემდეგ ყველაფერი აირია, ადრიანო შვებას სასმელსა და მილანურ კლუბებში ეძებდა. მთელი გუნდი ცდილობდა საუკეთესო ფეხბურთელის დეპრესიიდან გამოყვანას, მაგრამ... ვირუსულად ვრცელდებოდა ვიდეოები, სადაც ფეხბურთის "იმპერატორი" რიო-დე-ჟანეიროს ფაველებში სევდას სასმელსა და ცუდ ბიჭებთან ბაასში ახრჩობდა...
განსაკუთრებულია ადრიანოს თამაშები 2004-05 წლებში, როდესაც ის გოლებს გარდაცვლილ მამას უძღვნიდა და ამას გულშემატკივარს ცისკენ აპყრობილი ხელებით ანიშნებდა - ეს ჟესტი მის ხელწერად იქცა...
"ჩემი სიყვარული ფეხბურთისადმი არასდროს ყოფილა ამგვარი... მე ვიყავი ოკეანის გადაღმა, იტალიაში, ოჯახისგან მოშორებით და უბრალოდ ვერ გავუმკლავდი ამას. დეპრესიაში ჩავვარდი, სმა დავიწყე, ვარჯიში არ მინდოდა... მე უბრალოდ სახლში მინდოდა.
ყოველთვის ვამბობდი, მთავარი ფული არ არის. ფულით ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი, თუმცა, ბედნიერებას ვერ იყიდი! მე ბედნიერი ვარ იქ, სადაც ვარ... "ინტერში" ყოფნისას ბევრ მილიონზე ვთქვი უარი, რომ ბრაზილიაში დავბრუნებულიყავი და სწორედ ის მიმეღო, რაც ფულზე გაცილებით მნიშვნელოვანია - ეს არის ბედნიერება. მე "იმპერატორს" მეძახდნენ -„"იმპერატორი" ბრაზილიის უღარიბესი ფაველადან გავხდი. ახლა კი ისევ აქ ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ!" - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.”

ადრიანომ სეზონი 47 მატჩში 19 გოლით დაასრულა და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიაში საბოლოოდ დადგა რონალდოსთან, ისევე როგორც რონალდინიოსა და კაკასთან, თუმცა ბრაზილიელთა ნაკრები მხოლოდ აჩრდილი იყო იმ გუნდის, რომელმაც ოთხი წლით ადრე სამხრეთ კორეასა და იაპონიაში თასი მოიგო.
სულ რაღაც 24 წლის ადრიანოსთვის საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ იყო, მაგრამ წარუმატებელი ტურნირის შემდეგ "იმპერატორის" მოტივაცია კიდევ უფრო დაეცა... ის ებრძოდა დამოკიდებულებას, ჩხუბობდა "ინტერის" ხელმძღვანელობასთან, აცდენდა ვარჯიშებს, ტოვებდა თამაშებს, ყოველკვირეულად ამჩნევდნენ ღამის კლუბებში.“"ინტერს" სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ადრიანოსთან კონტრაქტი გაეწყვიტა...
"ინტერთან" მტკივნეული განშორების შემდეგ, "ფლამენგომ" ადრიანოს კლუბში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ადრიმ ხელი მოაწერა ერთწლიან კონტრაქტს. 2009 წლის მაისში, ფეხბურთის "იმპერატორის" "ფლამენგოში" თამაშის გამო კლუბმა დამატებით 50 000 ბილეთი გაყიდა ატლეტიკო-პარანაენსესთან მატჩზე, სადაც გულშემატკივარი სკანდირებდა: "იმპერატორი დაბრუნდა!" "იმპერატორმა" კი მათ გოლით უპასუხა, რის შემდეგაც კიდევ რამდენიმე გოლი გაიტანა. თითქოს ჩანდა, რომ ბრაზილიელმა ბიჭუნამ ხელახლა აღმოაჩინა ფეხბურთისადმი გატაცება...
"ფლამენგომ" 17 წლის განმავლობაში პირველი ბრაზილიის ჩემპიონატი მოიგო და ადრიანო გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი 19 გოლით. მაგრამ კულისებში ყველაფერი ისევ ცუდად იყო - ის "ფლამენგოს" რამდენიმე წევრსაც დაუპირისპირდა. გაცხადდა მისი სავარაუდო კავშირი ცნობილ ნარკოდილერთანაც და ადრი პოლიციაშიც დაიბარეს...
"ფლამენგოს" სეზონის ბოლო მატჩი "იმპერატორმა" ვერ ითამაშა - ამის მიზეზად ტრავმა დასახელდა. საბოლოოდ, მას "ფლამენგოშიც" ძალიან გაუჭირდა...
"მამაჩემი რომ გარდაიცვალა, ეს ნახვრეტი იყო გულში. მე მაქვს ნახვრეტი კოჭზე და ერთი სულში" - ამბობს ფეხბურთის "იმპერატორი".
მას დღესაც შეუძლია ძველი გუნდელების დახმარებით ფეხბურთის სამყაროში დაბრუნდეს, მაგრამ ადრიანოსთვის ბედნიერება ფაველაში ყოფნა და ბავშვობის მოგონებებთან სიახლოვეა. როგორც ჩანს, აქ არის მისი ბედნიერებაც და სევდაც...
შესაძლოა, ადრიანო რიბეირომ ვერ შეძლო სრულად გამოეყენებინა თავისი პოტენციალი, მაგრამ ის მაინც ლეგენდაა. ჯერ კიდევ ამაყობს იმ მომენტებით, რომლებზეც ფეხბურთელთა უმეტესობას მხოლოდ ოცნება შეუძლია, ის ლეგენდაა მათთვის, ვინც ფეხბურთის ზენიტში მყოფს გულშემატკივრობდა როგორც "ინტერის", ისე "ფლამენგოს" მაისურებში.
2021 წელს ადრიანო ლეიტე რიბეირომ მარაკანას სტადიონის დიდების ხეივანში გაიარა. იქ, სადაც ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ ყველაზე საკულტო მოთამაშეები ხვდებიან. ადრიანო დადგა ისეთი დიდი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც არიან და იყვნენ - რონალდო, რონალდინიო, პელე, რომარიო, ზიკო და გარინჩა...
ნიკოლოზ თევდორაშვილი