"ქართული ფარი" მოსკოვისთვის - სტალინის დავალებით სერგო ბერიას შექმნილს დღეს პუტინი თავის დასაცავად იყენებს
მოსკოველები ნამდვილად ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ბებია-ბაბუების ზღაპარივით მონაყოლი მეორე მსოფლიო ომის დროს დედაქალაქის საჰაერო დაბომბვების შესახებ, მათ დღეს აუხდებოდათ - 13 მლნ-იან მოსკოვსა და მის შემოგარენში უკვე თითქმის ყოველღამე ცხადდება საჰაერო განგაში და ისმის სირენების გულისწამღები კივილი როგორც ეს 1941-43 წლებში იყო...
ფიზიკის ცნობილი კანონის თანახმად, ყველა ქმედება იწვევს უკუქმედებას - რუსეთს უკრაინაში დაწყებული აგრესია უკან დაუბრუნდა არა მარტო უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ოლქებს, არამედ უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან 450 კმ-ით დაშორებულ მოსკოვსა და მის ცენტრში მდებარე კრემლში მჯდომ პუტინსაც, რომლის კაბინეტის თავზეც ორი წლის წინ ერთმანეთის მიყოლებით ორი უკრაინული კამიკაძე-დრონი აფეთქდა. პუტინისა და მისი რეჟიმისთვის არა მარტო პრესტიჟის საქმეა, რომ პლასტმასისგან გაკეთებულმა უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა კრემლამდე ვერ მოაღწიონ, არამედ წმინდა უსაფრთხოების საკითხიც, რადგან უკრაინელებმა მეოთხე წელზე გაწელილ ამ საშინელ ომში დახვეწეს და გააუმჯობესეს დამრტყმელი დრონები და ისინი რეალური საფრთხეა მოსკოვისა და იქ განლაგებული რუსეთის სტრატეგიული ობიექტებისთვის.
უკრაინული დრონების მოგერიების ერთ-ერთი ყველაზე რეალური გზა კი საზენიტო საშუალებების გამოყენებაა, დაწყებული საზენიტო ტყვიამფრქვევებითა და ქვემეხებით და დამთავრებული საზენიტო რაკეტებით - ანუ სწორედ ის, რაც სტალინს აწუხებდა ჯერ კიდევ 1941 წლიდან, რაც გერმანიის "ლიუფტვაფემ" დაიწყო მოსკოვის დაბომბვა და მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგაც, როდესაც საბჭოთა კავშირის დედაქალაქი ამერიკული ატომური ბომბების სამიზნეში აღმოჩნდა.
ჯერ კიდევ 1948 წელს სტალინმა სამხედრო სტრატეგებისა და კონსტრუქტორების წინაშე დააყენა საკითხი მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნაზე და ორი წლის შემდეგ დაიწყო გრანდიოზული პროექტი, რომლის მსგავსი თვით ამერიკელებსაც არ მოელანდებოდათ - მოსკოვის გარშემო უნდა შექმნილიყო საჰაერო თავდაცვის ორი წრე, ეს გამორიცხავდა ატომურბომბიანი ამერიკული "სუპერციხესიმაგრეების" შეფრენას საბჭოთა დედაქალაქის თავზე. პირველი საჰაერო თავდაცვის გარე წრე მოსკოვის ცენტრიდან 75-90 კმ-ით იყო დაცილებული და მასზე წრიულად უნდა განთავსებულიყო 34 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელთა შორის დაშორება 14,7 კმ-ს შეადგენდა, ხოლო მეორე საჰაერო თავდაცვის ახლო წრე კრემლიდან 35-50 კმ-იან რადიუსში იქმნებოდა 22 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით. გარდა ამისა, გათვალისწინებული იყო საჰაერო თავდაცვის ბოლო, შიდა წრეც, რომელსაც უნდა უზრუნველეყო წინა ორი საჰაერო თავდაცვის წრეების "გამრღვევი" ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების საბოლოო განადგურება, რათა მათ კრემლის თავზე ატომური ბომბი არ ჩამოეგდოთ.
სტალინის ეს გრანდიოზული ჩანაფიქრი, რომ მოსკოვი ჰაერიდან ისე დაეცვა, როგორც არ ჰქონია არც ვაშინგტონს, არც ლონდონსა თუ პარიზს, თავისი სირთულითა და ღირებულებით ფაქტობრივად გაუტოლდა პირველი საბჭოთა ატომური ბომბის პროექტს. და თუკი საბჭოთა ატომური იარაღის შექმნას ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა, მოსკოვის გარშემო "საჰაერო თავდაცვის ოქროს რკალის" ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა სერგო ბერიამ... ლავრენტი ბერიას 26 წლის ვაჟმა.
ბუნებრივია, დაიბადება კითხვა: ისეთი რა ცოდნა ჰქონდა 26 წლის ახალგაზრდას, რომ მას ამერიკული ატომური ბომბებისგან საბჭოთა კავშირის დედაქალაქის დაცვა მიანდვეს ან იქნებ მთავარი როლი ლავრენტი ბერიას შვილობამაც ითამაშა?
გარკვეულწილად, მამაშვილური ფაქტორიც არ გამოირიცხება, მაგრამ სერგო ბერიას ბევრი თანატოლისგან განსხვავებით მართლაც სერიოზული გამოცდილება დაუგროვდა 1950-იანი წლების დამდეგისთვის, რადგან ბავშვობიდანვე ქართულისა და რუსულის გარდა, სრულყოფილად დაეუფლა რამდენიმე ევროპულ ენას, 1941 წელს კი 16 წლისა ჩაირიცხა მამამისის ენ-კა-ვე-დეს ცენტრალურ რადიოტექნიკურ ლაბორატორიაში, სადაც პროფესიონალურ დონეზე აითვისა რადიოსაქმე.
ომის დაწყებისთანავე სერგო ბერიას ამზადებდნენ რადისტად გერმანიის ზურგში სადაზვერვო ჯგუფთან ერთად დესანტირებისთვის, თუმცა ირანსა და ქურთისტანში სადაზვერვო ოპერაციებში მონაწილეობამ მოუწია. 1942 წელს ჩრდილო კავკასიაში ბრძოლების დროს იქ მამასთან ერთად იმყოფებოდა, ხოლო 1943 და 1945 წლებში თეირანისა და იალტის კონფერენციების უზრუნველყოფაში მონაწილეობდა, რაც აისახებოდა ზესაიდუმლო დავალებების შესრულებაში - თეირანსა და იალტაში ამერიკული და ბრიტანული დელეგაციების რეზიდენციებში მოსასმენი აპარატურის განთავსებისა და ჩაწერილი საუბრების თვით სტალინისთვის წარდგენაში, რამაც მაშინ დიდი როლი ითამაშა კრემლის პოზიციის ჩამოყალიბებაში.
ომის შემდგომ სერგო ბერიამ წარჩინებით დაამთავრა კავშირგაბმულობის ლენინგრადის სამხედრო აკადემია და დაინიშნა აკადემიკოს კუკსენკოს მოადგილედ, რომელსაც დაევალა პირველი საბჭოთა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა "კომეტის" შექმნა. ფაქტობრივად, "კომეტა" უპილოტო გამანადგურებელ თვითმფრინავს წარმოადგენდა, რომელიც ჰაერში ბომბდამშენს აჰყავდა და ასი კმ-ის სიშორიდან უშვებდა მოწინააღმდეგის მსხვილი წყალზედა ხომალდების, მათ შორის ავიამზიდების მიმართულებით - ეს იყო პირველი საბჭოთა "ჰაერი-ხომალდი" კლასის მართვადი რაკეტა, რომელიც რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა ახალშექმნილი ნატოს სამხედრო ხომალდებისთვის შავ თუ ბალტიის ზღვებში.
სერგო ბერიას სადიპლომო პროექტის საფუძველზე შექმნილი "კომეტისთვის" სტალინმა ლავრენტი ბერიას შვილისთვის არ დაინანა ლენინის ორდენი და პირველი ხარისხის სტალინური პრემიაც 100 ათასი საბჭოთა მანეთის ოდენობით, რაც მაშინ ძალიან დიდი თანხა იყო.
ხომალდსაწინააღმდეგო "კომეტის" დაპროექტებისას მიღებული ცოდნა და გამოცდილება სერგო ბერიას ძალიან დაეხმარა აკადემიკოს კუკსენკოსთან ერთად დაეწყო მუშაობა С-25 "ბერკუტის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე, რომელიც მოსკოვის საჰაერო თავდაცვის ორივე რკალის მთავარი შეიარაღება უნდა გამხდარიყო. ეს იყო ურთულესი ამოცანა, რადგან ისეთი მართვადი საზენიტო რაკეტა, რომელსაც 35 კმ-ის რადიუსში და 3-დან 25 კმ სიმაღლეების დიაპაზონში 1 250 კმ-მდე ზებგერითი სიჩქარით მფრენი თვითმფრინავების დაზიანება-ჩამოგდება შეეძლო, მანამდე არცერთ ქვეყანას არ ჰქონია. მხოლოდ გერმანელმა კონსტრუქტორებმა შექმნეს მეორე მსოფლიო ომის ბოლოსკენ პირველი მართვადი საზენიტო რაკეტები, რომლებიც დახვეწას მოითხოვდა, მაგრამ არ დასცალდათ - ჰიტლერის გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა, გერმანელი სპეციალისტების ნაწილი კი ლავრენტი ბერიამ საბჭოთა კავშირში "წამოასხა" და მათ, სავარაუდოდ, მონაწილეობა მიიღეს სერგო ბერიას "ბერკუტის" შექმნაში, ისევე როგორც გერმანელი ფიზიკოსები ბერიას მეთვალყურეობით სოხუმში ჩართული იყვნენ პირველი საბჭოთა ატომური ბომბის, რომლის საიდუმლოც ბერიას მზვერავებმა ამერიკელებს მოჰპარეს, კონსტრუირებაში.
1953 წლის 25 მაისს სერგო ბერიას საზენიტო С-25 "ბერკუტმა" პოლიგონზე პირველად ჩამოაგდო ბომბდამშენი-სამიზნე და ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ ხომალდსაწინააღმდეგო "კომეტის" წარმატების შემდეგ საზენიტო "ბერკუტისთვის" სერგო ბერიას კიდევ უფრო დიდი მომავალი ელოდა, მაგრამ სტალინი უკვე რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო, მამამისი კი, ლავრენტი ბერია, ერთ თვეში, 1953 წლის 26 ივნისს დააპატიმრეს იმავე წლის ბოლოს დახვრიტეს. თუმცა მისი შვილი თავის მოგონებებში ამტკიცებს, რომ მამამისი 26 ივნისს, დაპატიმრებისთანავე მოკლეს და სასამართლო მხოლოდ ფარსი იყო.
ამის შემდეგ სერგო ბერიას საქმე ძალიან ცუდად წავიდა. ის დედასთან ერთად ჯერ ორი წლით დააპატიმრეს, შემდეგ ათი წლით სვერდლოვსკში გადაასახლეს და ჩამოართვეს ყველა ორდენი, მედალი, წოდება და თვით სამეცნიერო ხარისხებიც. ამასთან, აიძულეს გვარი დედამისის გვარით - გეგეჭკორით შეეცვალა. 1964 წელს სერგო ბერიას უფლება მისცეს კიევში გადასახლებულიყო და იქაურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაეგრძელებინა მუშაობა საშუალო დონის თანამდებობებზე. 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლისა და უკრაინის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სერგო ბერია კიევის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის "კომეტის" მთავარი კონსტრუქტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი გახდა და წვლილი შეიტანა დამოუკიდებელი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში. სერგო ბერია 76 წლის ასაკში, 2000 წელს გარდაიცვალა კიევში, მაგრამ როგორც მეოთხედი საუკუნის შემდეგ გამოჩნდა, მის მიერ ჯერ კიდევ 1950-53 წლებში დაწყებული უნიკალური პროექტის, მოსკოვის გარშემო საჰაერო თავდაცვის რკალების შექმნა, პუტინი თავის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობს.
სერგო ბერიას С-25 "ბერკუტის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემაში 1980-იან წლებამდე იყო შეიარაღებაში და შემდგომ თანდათან С-300 და С-400 ტიპის თანამედროვე კომპლექსებმა ჩაანაცვლეს. თავად საჰაერო თავდაცვის ორივე რკალი მოსკოვის გარშემო დროთა განმავლობაში მოიშალა და ჩვეულებრივ ავტოსტრადებად გადაკეთდა მაშინ, როცა მათთან მიახლოებაც კი შეუძლებელი იყო, ისე იცავდნენ.
მაგრამ მას შემდეგ, რაც პუტინმა ბლიცკრიგით ვერ შეძლო უკრაინის სწრაფი დაპყრობა, ფართომასშტაბიანი ომი მეოთხე წელია მიდის და უკრაინული კამიკაძე-დრონების საპასუხო "დაუპატიჟებელი სტუმრობები" მოსკოვის გარეუბნებისკენ ყოველღამისეულ მოვლენად იქცა, პუტინის გენერლებმა დაიწყეს სერგო ბერიას დროინდელი "ბერკუტის" საზენიტო პოზიციების აღდგენა და იქ მობილური საზენიტო სარაკეტო-საქვემეხო "პანცირების" განთავსება, თანაც შემაღლებულ ადგილებზე.
ბერიას "ბერკუტის" საზენიტო რაკეტები შვეულ მდგომარეობაში იდგნენ სასტარტო პოზიციებზე, პუტინის "პანცირებისთვის" კი სპეციალური კოშკურები ააგეს, რათა "პანცირის" რადიოლოკატორებმა შედარებით შორ მანძილზე მოასწრონ დაბალ სიმაღლეზე მოსკოვისკენ მფრენი უკრაინული კამიკაძე-დრონების დროული აღმოჩენა, რომლებსაც მალე, ალბათ, ახალი უკრაინული ფრთოსანი რაკეტებიც აუბამენ მხარს. ზოგ ადგილას რუსმა მეზენიტეებმა გამოიყენეს ნაგავსაყრელებიც, რომელთა "მწვერვალზე" დააყენეს "პანცირები". ჯერჯერობით რუსული "პანცირები" იგერიებენ უკრაინულ კამიკაძე-"ლიუტებს", მაგრამ მოსკოვის შემოგარენის მოსახლეობას ახალი პრობლემა გაუჩნდა - უკრაინული დრონის ჩამოსაგდებად "პანცირის" 3 მ სიგრძისა და 75 კგ მასის საზენიტო რაკეტას გაშვებიდან რამდენიმე წამში სცილდება სასტარტო მყარსაწვავიანი რაკეტული ძრავა, რომელიც ხშირად ეცემა მოსახლეების აგარაკებს და მრავალსართულიან სახლებს, რუსული პროპაგანდა კი ცდილობს ეს წარმოადგინოს როგორც ჩამოგდებული უკრაინული დრონების ფრაგმენტები.
ფაქტია, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს სტალინს მოსკოვის დაცვა ბევრად საიმედოდ ჰქონდა ორგანიზებული გერმანული "იუნკერსებისა" და "ჰეინკელების" ბომბდამშენებისგან, ვიდრე დღეს პუტინის საჰაერო თავდაცვა იგერიებს უკრაინულ კამიკაძე-დრონებს, რომლებიც საფრენოსნო მონაცემებით უფრო პირველი მსოფლიო ომის თვითმფრინავებს შეესაბამება, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის ბომბდამშენებს. ალბათ, ამიტომაც ცდილობს პუტინი სტალინის დროინდელი და სერგო ბერიას დაწყებული მოსკოვის საჰაერო თავდაცვის რკალების აღდგენას მოსკოვის გარშემო.