„არსად წამსვლელი არა ვარ, არსად გამდგმელი ნაბიჯის“ - კვირის პალიტრა

„არსად წამსვლელი არა ვარ, არსად გამდგმელი ნაბიჯის“

პოეტი ნიკო არდოტელი პირიქითა ხევსურეთში­ მდებარე სოფელ არდოტის ერთადერთი მკვიდრია, სოფლის, რომელიც­ 90-იან წლებში დაიცალა. 23 წელი სასაზღვრო ჯარში­ იმსახურა, შარშან გავიდა პენსიაზე, ახლა 63 წლის არის და მეუღლესთან ერთად სოფლის მეურნეობას და მესაქონლეობას უძღვება. მას მეორე სახელით, მურღვად იცნობენ. ეს სახელი ფშავლებს მისი წინაპრისთვის - შეუ­პოვარი მებრძოლი კაცისთვის შეურქმევიათ...

- ძველ არდოტში, კოშკებში მარტო მე ვცხოვრობ, ზევით კიდევ ერთია, ზურა არდოტელი, ორი ოჯახი ვართ მუდმივმაცხოვრებელი. ზაფხულობით 8 ოჯახი ამოდის და ცოტა სიცოცხლით ივსება სოფელი...

11 და-ძმანი ვიყავით, მე მე-9 ვარ, ახლა ექვსნი ვართ სამზეოზე... ბარისახოს სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ, 1982 წელს, სოფელ გამარჯვებაში გადავსახლდით. კარგი პედაგოგები მყავდნენ, პაჭყიათ მიხეილი, გვარად არაბული­ მასწავლიდა ქართულ ენა-ლიტერატურას და მან მითხრა, გამჩნევ, ლიტერატურა გიყვარს და ფილოლოგად უნდა გაგზარდოო. მისი მეუღლე, სოფიკო ვარდანაშვილი გერმანულს მასწავლიდა. გაკვეთილების მერე ცოლ-ქმარი თავისთან მეპატიჟებოდა და ისე მხვდებოდნენ,­ როგორც საკუთარ შვილს - პურს მაჭმევდნენ, მამეცადინებდნენ, უფრო შემაყვარეს ქართული ლიტერატურა, უნიჭიერესი კაცი იყო პაჭყიათ მიხეილი... ისტორიაც ძალიან მიყვარდა­ და უპრობლემოდ ჩავირიცხე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. რადგან სადიპლომო დავიცავი და უმაღლესი წარჩინებით­ დავამთავრე, იმავე­ წელს სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში­ დავიწყე მუშაობა, მეცნიერ-მუშაკი ვიყავი­ რელიგიის განყოფილებაში. 1991-95 წელს შატილში გაიხსნა სკოლა,­ ფილოლოგი არ ჰყავდათ, მთხოვეს და მასწავლებლად წამოვედი. 35 მოსწავლე მყავდა. მერე დუშეთის გამგეობის დახმარებით არდოტში­ ოთხწლიანი სკოლა გავხსენი, სადაც 12 ბავშვი იყო (სოფელში 15 ოჯახი ვიყავით, 51 სული). მერე თანდათან სიკვდილიანობა ჩამოვარდა... გადამცემი რადიო ვითხოვე­, სხვა კავშირი აქ არ იყო, საშველად შვეულმფრენს გამოვიძახებდი ხოლმე, ცუდ ამინდებში ვერ მოფრინავდა­ და ამის გამო 3 კაცი დაიღუპა,­ ნელ-ნელა დაცარიელდა მთა... ხეობაში სულ 49 კაცია დაღუპული ზვავისგან, ქვისა და წყლისგან. მდინარეზე გასასვლელი ხიდები არ იყო, არც გზა გვქონდა და ძირითადად ეს ხდებოდა დაღუპვის მიზეზი, ამას შეეწირა ჩემი 8 წლის ძმა - წყალმა წამართვა, მამაც მდინარეში დამეხრჩო, მისი ცხედარი 69-ე დღეს იპოვეს. იმხანად მისაღებ გამოცდებს­ ვაბარებდი და დამიმალეს, ხელი შეეშლებაო. როცა ჩავაბარე და არდოტში ჩამოვედი, მაშინ გავიგე, ცოცხალი აღარ მყავდა.

a93d098b-b2cf-4081-bda9-7c0dc47eaa99-1756662064.jpg

90-იან წლებში დაიწყო და 1995 წელს უკვე დაცარიელდა სოფელი... სადაც ვიყავი, ჩემი ოჯახი მუდმივად თან მყავდა. მერე სასაზღვრო ჯარში დავიწყე მუშაობა. ვალერი ჩხეიძემ მიმიღო პოლიციაში, პარალელურად, 1997-2002 წლამდე, გამგებლად ვმუშაობდი. სულ სხვებზე რომ ფიქრობ, არ გინდა სამხედროში იყოო, მითხრა ჩხეიძემ. ვუთხარი, ერთ თვალზე კატარაქტა მაქვს, არ მივარგა მხედველობა-მეთქი, მიპასუხა, თოფის სროლას ორი თვალი არ სჭირდებაო. მიმიღეს ჯარში, სადაც 23 წელი ვიმსახურე. შარშან დავანებე თავი, ოჯახური მეურნეობა მაქვს, დამხმარე ვეღარავინ ვნახე და ჯარიდან წამოვედი. მეურნეობას მე და მეუღლე მარინა­ დაი­აუ­რი ვუძღვებით,­ ბავშვები ბარში არიან, ისევ მათთვის ვწვალობთ. 50 სული საქონ­ელი გვყავს, ზოგს გავყიდით საშემოდგომოდ. ძირითადად, რძის ნაწარმი გვაქვს, ზოგს ოჯახს ვახმართ­, ზოგიც გამარჯვებაში­ ჩააქვს მარინას. მე სულ მთაში­ ვარ. სანამ მთა ჩაიკეტება, პროდუქტებს­ ვიმარაგებთ... ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ საოჯახო სასტუმროს გაკეთება, ისე, მაქვს სურვილი.

1991 წელს ზვიად გამსახურდიას და ნოდარ ნათაძეს შევხვდით, რის მერეც 1 მილიონი გამოყვეს და ორ კვირაში მუცოდან არდოტში გზა შემოიყვანეს. ცხონებულმა ზვიადმა გვითხრა, ხევსურეთის ყველა სოფელში იქნება მცირე ჰესი და საავტომობილო გზაო, მაგრამ აღარ დააცალეს სიცოცხლე. გზა შარშანწინებში არჭილომდე­ შევიდა, წინა წლებში 5 მილიონი იყო გამო­ყოფილი, არდოტში ჰესი უნდა აშენებულიყო, მაგრამ... ახლა მზის პანელებზე ვართ, მათ ვადა უკვე ამოეწურათ, იშლება, ფუჭდება... მე და ზურას ხელოვნური აკუმულატორები გვაქვს და ასე წვალებით გაგვაქვს წუთისოფელი. ჭირს აქ ზამთარში, მაგრამ მთავარია, ფიზიკურად ვიყოთ კარგად. შეშით ვთბებით, სადღაც 200 მეტრი გვიწევს ზურგით ამოტანა, საავტომობილო გზა არა გვაქვს. ციხე-კოშკებში ვართ და აქამდე გზის მოყვანა არც მიმაჩნია მიზანშეწონილად, მაგრამ რაღაც ერთი 100 მეტრით რომ მოახლოვდეს, ესეც შეღავათი იქნებოდა. გულღიად მინდა გითხრათ - ძალიან მიჭირს ამ ადგილის მიტოვება, წინაპართა ნახელავი, ნაშენები, ნაკეთები საქმე, ყველაფერი ცოცხლდება ჩემს სულში, ძველ ბილიკებზე დავდივარ და ძალიან მიჭირს არდოტის დატოვება. ჩემი სოფელიც სასაზღვრო ზოლში შედის, როგორმე ეს ზოლი უნდა გაძლიერდეს, ცოტა პირობების გაუმჯობესებაა საჭირო. პირიქითა ხევსურეთს მცირე ჰესები სჭირდება, უნდა იყოს საავტომობილო გზა და ამ გზებს სახელმწიფო სტატუსი მიენიჭოს, ვერ იწმინდება ისე, როგორც საჭიროა. აუცილებელია სატელეფონო­ კავ­შირი და ინტერნეტი, რომელიც ხარვეზებით მუშაობს. კარგია, რომ ინტერნეტი გაკეთდა, მეც მაქვს ამაზე ნაწვალები, გიორგი ბახტაძემ დააფინანსა და 2019 წლიდან გვაქვს. მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობას უფასო ინტერნეტი მაინც გაუკეთონ, ცოტა ხელი შეგვიწყონ. არავინ გვკითხულობს, პირადად ჩემთან არავინ მოსულა, რა გიჭირს, ცოცხალი თუ ხარო. ვფიქრობ, ზევით, სამინისტროებში არ მიდის ჩვენი გასაჭირი...

03f4d551-5778-4c4a-95a7-c42ac3715f00-1756662064.jpg

მამულის ერთგულად გაჩენილები ვართ, აქ ვდგავართ და ვიდგებით... თამარიდან მოყოლებული, ჩვენი წინაპრები მეციხოვნეებად­ იდგნენ და როგორია ადექი, დაიხურე ქუდი და წადი?! ეს სამშობლოა, წინაპართა საძვალეები აქაა და უნდა მივხედოთ ერთმანეთს. ჩვენ არც ოპოზიცია ვარ, არც პოზიცია, მართლის მთქმელი მინდა ვიყო და თუ ვინმეს შეუძლია, ხელი გამოგვიწოდოს... 2000 წლის ზაფხულის ერთ ღამეს ჩვენსა რაჭიდან,­ ჭიორიდან­ ლადო ვარდოსანიძე დარჩა, მანამდე მას არ ვიცნობდი, ურბანისტთა ასოციაციის თავ­მჯდომარე ყოფილა. დილას, სანამ წავიდოდა,­ მკითხა, ყველაზე ძალიან რა გიჭირს, რითი დაგეხმაროო. ვუთხარი, სიკვდილიანობაა, ხეობა­ რომ გადავარჩინოთ, ხიდია­ საჭირო-მეთქი.­ ჩაინიშნა­ და 2 კვირაში წერილი მომივიდა,­ ნიკოლოზ, უნდა ჩამოხვიდეო. ლადომ რუსთავში, რკინაბეტონის ქარხანაში წამიყვანა და 2000 წლის 15 ოქტომბერს 15-მეტრიანი რკინის ხიდით, დატვირთული მანქანებით და მუშახელით მოგვადგა სოფელში. ღმერთმა უშველოს, ასეთი ქართველებით ცოცხლობს საქართველო­.

ერთადერთი ექიმია მთელ შატილში,­ მიშა ჭინჭარაული, ეს ადამიანი ჩვენი იმედია.­ ცოტა ხათრიანი კაცია, მასაც სჭირდება დახმარება, კარგი იქნება, წამლები და ექიმისთვის საჭირო ატრიბუტები შეუძინონ.

ჩვენი მოსახლეობა უნდა გაძლიერდეს­ და სოფელიც ძლიერი იქნება. საქართველოს ისტორიის ფონდის მონაცემებით, 1860 წელს შატილში 715, მუცოში - 636, ხახაბოში 693, ხოლო არდოტში 446 კაცი ცხოვრობდა. ახლა მთელ თემში თითო-ოროლა, 6 სოფელში ათიოდე ოჯახი თუა. ძალიან დასანანია, ხევსურეთის სოფლები რომ იცლება. წინაპრები თუ ფიქრობდნენ, ჩვენც ხომ უნდა ვიფიქროთ მამულის გადარჩენაზე? ჩვენს წინაპრებს სტუმარმასპინძლობა არ შეშლიათ, მაგრამ საკუთარი მიწის გასხვისება, გაყიდვა გამორიცხულია. ამ მიწის შვილები ვართ, ზღუდედ­ უნდა ვიდგეთ, საქართველოს მცველებად, განა დაზეპირებული სიტყვებით ვამბობ? მტერი თუ წამოვა, მე აქ ვიჯდე, გავატარო და ქვეყანა ამიწიოკოს? ეგ დრო არასოდეს იქნება, ჩვენ სამშობლოს დაცვა სისხლში გვაქვს. ეგ უნდოდა თემურ-ლენგს 1386 წელს, მაგრამ ამ ხეობაზე არ გამოატარეს. რომ დავთმოთ, მაშინ სულყველა უნდა დავიხოცოთ - ქალიც და კაციც. სიმრავლე გვინდა, პირობები გვინდა... მარტივად და გულღიად ვლაპარაკობ, მინდა საშუალება მქონდეს ხელისუფლებას შევხვდე, ხათრიანად მათქმევინა ჩვენი გასაჭირი.\ "განა არ იცით, უბაროდ მთანიც რომ არა ბარობენ?" - ვაჟა ამბობს. დიახ, ბარი უნდა დაგვეხმაროს, ანუ ხელისუფლება, ჩვენ კი მათ იმაში ვჭირდებით, საკუთარ სიცოცხლეს დავდებთ, სამშობლოს და ხალხს რომ ვუერთგულოთ.

ახლა მურღვას სახლში ვცხოვრობ. მურღვა ფშაური სიტყვაა (ხევსურულად მირღვა) და სალიტერატუროზე მღვრიეს ნიშნავს. ჩვენი წინაპარი - ჭინჭართ გიორგით­ გიორგი ("მურღვა") მე-12 საუკუნეში გუდანიდან როცა გადმოვიდა, მაგარი მებრძოლი კაცი ყოფილა და მურღვა ანუ მეომარი შეურქმევიათ, მღვრიე ხასიათის კაცი ყოფილა. მისი შთამომავალი, მურღვაის­ ძენი, მურღვანი ვართ არდოტში. ბაღათერ­ არაბულმა, ნამდვილი მურღვა შენა ხარო და მან დამარქვა. ჩვენი კოშკი თვითონ აღვადგინე 1995 წელს, მე-12 საუკუნის კოშკში დავფუძნდი. მას პიქტოგრამებიც ზედა აქვს, გუდანის ჯვარშიც მესამე სკამი ჩვენია...

ლიტერატურა მიყვარს ძალიან, მაგის გარეშე მთაში ჩემნაირი კაცი სხვანაირად ვერ იცხოვრებს, მინდა თუ არა, ეს სულში­ ზის. არ ვიცი, გენეტიკით, ჯიშ-ჯილაგით თუ საიდან მოდის, მაგრამ ის მაცოცხლებს და მაძლებინებს საწუთროს. ბარში მხოლოდ მაშინ ჩამოვდივარ, ექიმებთან რომ ვარ მისასვლელი, დანარჩენი, სულ აქ ვარ, სიცხეში მიჭირს მანდ, ვერ ვსუნთქავ, ვერ ვეჩვევი... აქ ცაც ჩემია, დედამიწაც, მთაც, ვარსკვლავებიც, სამყაროც... ბავშვობიდან აქ ვარ შეჩვეული, ყველაფრის ბატონ-პატრონი და თავისუფალი კაცი ვარ...

"არსად წამსვლელი არა ვარ,/არსად გამდგმელი ნაბიჯის,/მხოლოდ ამ მთებმა იციან, /რა მიხარია, რა მიჭირს" - ასეა. ჩემთვის ექიმები ეს მთები არიან, ესენი მშველიან. უბრალოდ, ძალიან ხათრიანად დავდივარ სამზეოში, არავის ვაწუხებ. ერთადერთი კრებული მაქვს, 1994 წელს გამომიცა ცხონებულმა ზურაბ ჯაფარიძემ, დათვისჯვარზე დაიღუპა საწყალი, დიდი პოეტი იყო. ზურამ კრებული საჩუქრად მომიტანა და ყდაზე ჩემი გვარ-სახელი რომ დავინახე, გავოცდი. მას მერე აღარაფერ­ი გამომიცია, ნაწერები კი მაქვს, ალაგ-ალაგ ვწერ რვეულში... მეუღლე მიცუდანაა, მარინა­ დაიაური. ხელშეწყობა გვჭირდება,­ გვინდა მთაში ვიყოთ, აქ გავაგრძელო სიცოცხლე.

მარინა დაიაური: - ყველა დედას უნდა შვილები გვერდით ჰყავდეს და მათ უყურებდეს, მაგრამ მგონია, აქ უფრო მეტს ვუკეთებთ, ნატურალურ პროდუქტს მაინც ხომ ვაწვდით, მეურნეობა გვაქვს, შვილებს­ სუფთა პროდუქტს ვაჭმევთ და ეს მაძლებინებს. სოფელს გადარჩენა სჭირდება. მაგრამ მგონი, ჩვენი პრობლემები რაიონს იქით არ გადის, მეტიც, სოფლის იქით არავინ­ არაფერი იცის, არ გვყავს პატრონი. ალბათ, უნდათ, რომ ჩვენც ავდგეთ­ და გავიქცეთ. იმიტომ არ მივდივართ, რომ ვის დავუტოვოთ აქაურობა? ხევსურეთი მთავრობამ კი არ მოიტანა აქამდე, ხევსურებმა გადაარჩინეს. ან სახლები როგორ აღადგინოს ხალხმა, 2.000 ლარი ჯდება, მანქანა იქირაო და მასალა შემოიტანო, კარგი, მოვახერხე და შემოვიტანე, დენის წყაროც ხომ გვინდა, აკუმულატორები, იქ წყლის სისტემა... აქ ყველა გააკეთებდა პატარ-პატარა სასტუმროებს, მათ შორის მეც ვამუშავებდი. აქ ზაფხულშიც კი ძნელია ყოფა, 8 ოჯახი ამოდის, ყველანი ნათესავები ვართ. ჰესი რომ გვქონდეს, ერთმანეთსაც გავატანინებდით, სოფელსაც და ამ დალოცვილ­ მხარესაც გავაცოცხლებდით. მადლობა გულშემატკივრობისთვის, ვინ იცის, იქნება ჩვენი სატკივარი ზევითაც ვიღაცამ გულთან მიიტანოს და ხეობის გადარჩენაზე იზრუნოს.