"როცა იგებენ, ჩემი ქმარი ფერეიდნელია, პირდაპირ მეუბნებიან, მაგას რამ გაგაყოლაო...“ - სიყვარულის ისტორია ანუ ამბავი ყველაზე მაგარ ქართველებზე - კვირის პალიტრა

"როცა იგებენ, ჩემი ქმარი ფერეიდნელია, პირდაპირ მეუბნებიან, მაგას რამ გაგაყოლაო...“ - სიყვარულის ისტორია ანუ ამბავი ყველაზე მაგარ ქართველებზე

"ღმერთო, დალოცე ამ სახლის სტუმარი და მასპინძელი", - ასეთ წარწერას ხშირად შეხვდებით ვაშლოვანსა და მარტყოფში, თუმცა საქართველოს ვაშლოვანი და მარტყოფი არ გეგონოთ, ფერეიდნის შესახებ გიამბობთ. უფრო სწორად, ფერეიდნელების რძალი მარიამ ბახტაძე გვიამბობს. როგორც მარიამმა გვითხრა, მამუკა გოგიჩაშვილი (მაჰმუდ ქარიმი) თბილისში მაშინ გაიცნო, როდესაც საქართველოში ცხოვრების ნებართვას ელოდა. "თბილისში, რესტორანში ვმუშაობდი. ერთ მშვენიერ დღეს მამუკა მეგობრებთან ერთად შემოვიდა. აფორიაქებული იყო, მეგობრებს ემოციურად ესაუბრებოდა, მერე ჩვენც გამოგველაპარაკა, გვითხრა, ფერეიდნელი ვარ და ქართული ვიციო. მისი აღელვების მიზეზი საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა იყო. ის-ის იყო, საბუთები ჩაებარებინა და შეიძლება ითქვას, ფრთებგამოსხმული იყო", - იხსენებს მარიამი და ფერეიდანსა და ფერეიდნელ ქართველებზე უფრო მეტს გვიამბობს.

- ჩემი და მამუკას პირველი საუბრის თემა საქართველო და ფერეიდანი იყო. ემოციებს ვერ მალავდა, როდესაც ისტორიულ სამშობლოზე საუბრობდა, მითხრა, პირველად ქართულ მიწაზე ფეხი რომ დავდგი, გული ამიჩქარდაო. თურმე­ მამამისის ოცნებაც ყოფილა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ ვერ შეძლო. საქართველოში ცხოვრების ნებართვა რომ მიიღო, პირველად მე მომახარა. ძალიან ბედნიერი იყო.

- მას დედაც ფერეიდნელი ჰყავს?

- დიახ, ჩემი დედამთილიც ფერეიდნელია.

- ფერეიდნელები ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ, მათი სისხლი ირანელებში რომ არ აღრეულიყო. დღეს რა მდგომარეობა ამ მხრივ?

- დღეს შეიძლება იშვიათად ქორწინდებიან ირანელებზე, მაგრამ მე ამის შესახებ არ გამიგია. უკვე შვიდი წელია, რაც ფერეიდნელების რძალი ვარ, ბევრ ქორწილში ვარ ნამყოფი, მაგრამ ქართულ-ირანული ოჯახის შექმნის მომსწრე არ გავმხდარვარ.

- როგორი ქორწილი იციან ფერეიდანში?

- ქორწილი ირანულ მკაცრ წესებს­ ექვემდებარება. ჩემი ქორწილის სუფრა რესტორნის ორ სხვადასხვა დარბაზში გაიშალა­ - ერთში ქალები ისხდნენ, მეორეში კაცები. მე ქალებთან ვიჯექი, ლამაზი, თუმცა ნაწილობრივ გახსნილი კაბა მეცვა. არ შეიძლებოდა ჩემი მოშიშვლებული გულმკერდი, მეუღლის გარდა, სხვა მამაკაცებს დაენახათ. მამუკა ხან ჩვენთან შემოდიოდა, ხან კაცებთან ბრუნდებოდა. როგორც კი სიძე ქალების დარბაზში შემოდიოდა, სტუმრები სასწრაფოდ იმოსებოდნენ მოსასხამებით და თავსაბურავებით. სუფრასთანაც განსხვავებული წესრიგია. ნეფე-პატარძალს ქორწილის სუფრაზე ჭამა არ შეუძლია - ამის გამო მათ ცალკე რესტორანში უმასპინძლდებიან. საქართველოში მიღებული თეფშის გატეხის ნაცვლად, ფერეიდნელები სხვა რიტუალს ასრულებენ: ნეფე-პატარძალს უზალიკს შემოატარებენ ავი თვალისგან დასაცავად, შემდეგ პატარძალს სარკეში ჩაახედებენ და ლოცავენ.

- ფერეიდნელები საუკეთესო ქართველები არიან, თუმცა ჩვენგან განსხვავებული ცხოვრების წესი აქვთ. ამის გამო არ გაგიჭირდათ მამუკაზე დაქორწინების გადაწყვეტილების მიღება?

- განსხვავებული ტრადიციები და ცხოვრების წესი დაბრკოლება არ არის, როცა სიყვარული ნამდვილია. მე ძალიან შემიყვარდა მამუკა. იშვიათად შემხვედრია ასეთი კეთილშობილი ადამიანი. შვიდი წელია ერთად ვართ და დღემდე მიჭირს მასში ნაკლოვანების აღმოჩენა. ერთადერთი გამოწვევა სარწმუნოებას უკავშირდებოდა. თავიდანვე შევთანხმდით, რომ ერთმანეთის რწმენას პატივს ვცემდით, თუმცა ქორწილის შემდეგ ცოტა ხანში მეუღლემ თავად გამოხატა ქრისტიანად მონათვლის სურვილი: ჩემს წინაპრებს ძალით მიაღებინეს მუსლიმანობა, ახლა მე მინდა ჩემი წინაპრების სარწმუნოებას დავუბრუნდეო.

- ფერეიდნელების დამოკიდებულება ქართული ენისადმი ხომ არ შეცვლილა?

- არა, რას ამბობთ, ქართული ენა მათთვის წმინდაა. დღემდე ძველი ქართულით საუბრობენ. ბავშვებიც ქართულად იდგამენ ენას. თუმცა, როგორც ჩვენშია ინგლისური ან რუსული ბარბარიზმები, ისეა მათთანაც ირანული.

- კულინარიაში თუ არის შემორჩენილი ქართული კულტურა?

- ვერ ვიტყოდი, თუმცა მჭადს ისე არ გამოაცხობენ, რომ ჯვარი არ დაასვან­. ქართული კერძები ახლა უფრო შედის ფერეიდანში. ბოლოს რომ ვიყავი ჩასული, სახინკლე დამხვდა გახსნილი და გამიხარდა.

- მამუკამ წინაპრების ისტორია თუ იცის?

- რა თქმა უნდა, მამუკას წინაპრები მარტყოფიდან არიან. ფერეიდანში არის ერთი ოჯახი, რომლის უხუცესი წევრი ინახავს წიგნს, სადაც დაწერილია ფერეიდნელი ქართველების წინაპრების გვარ-სახელები­ და წარმომავლობა. წიგნში ფოტოები და ასევე საგვარეულო ხატების შესახებაც არის ინფორმაცია დაცული. როცა უხუცესი გარდაიცვლება, წიგნის მოვლა მისი შთამომავლების ვალია. ვისაც საკუთარი გვარისა და წინაპრების ისტორია აინტერესებს, შეუძლია ამ ოჯახს მიმართოს. თუმცა წიგნს ვერ წამოიღებენ - ინფორმაციის გამოტანა მხოლოდ ქსეროქსითაა შესაძლებელი.

- ძალიან ემოციურია...

- მე უფრო ემოციურ ამბავს გეტყვით: ფერეიდანში არის გორაკი, რომელსაც "ციხე" ეწოდება. გადმოცემით, შაჰ-აბასის მმართველობის დროს მცირერიცხოვანი ქართველები მრავალრიცხოვან სპარსელებს დაჰპირისპირებიან, ქართველი კაცები რომ მიმხვდარან, მტერს ვერ სძლევდნენ, ცოლები და შვილები გორაკიდან გადმოყარეს, რომ სპარსელებს არ ჩავარდნოდათ­ ხელში, თავად კი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე უბრძოლიათ. ფერეიდნელები ყოველ კვირა დღეს მიდიან იმ გორაკთან და დაღუპულების სახელზე სანთლებს ანთებენ.

- ახსენეთ, რომ ფერეიდნელებისთვის საქართველოს ცხოვრების ნებართვა უაღრესად გართულებულია. რითი ხსნით ამას?

- დიახ, ძალიან გართულებულია. გას­ულ წელს 300 კაციდან მხოლოდ ორმოცდაათმა მიიღო საქართველოში ცხოვრების­ ნებართვა. ყველას ერთი და იგივე პასუხი მოუვიდა: "საშიშები ხართ ქვეყნისთვის". ასეთი შეფასება ძალიან გულსატკენი და შეურაცხმყოფელია მათთვის. საინტერესოა, რა საფრთხეს ხედავენ ამ ხალხში? დღეს ფერეიდანში სულ 50 ათასი ქართველი ცხოვრობს. რატომ არ უნდა ჰქონდეთ მათ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების უფლება? ყოფილა შემთხვევები, როცა ირანელებს ქართული უსწავლიათ და თავი ფერეიდნელებად წარმოუჩენიათ, თუმცა მათი ამოცნობა მარტივია, ნამდვილ ფერეიდნელ ქართველებს სპეციალური მწვანე საბუთები­ აქვთ. გაუგებარია, რატომ არ ცდილობს სახელმწიფო ამ საკითხში სიღრმისეულად გარკვევას. ფერეიდნელების რწმენით, საქართველოს ხელისუფლებას ეშინია, რომ მათ წინაპრების მიწების დაბრუნება არ მოითხოვონ, არადა, მათ საქართველოსგან მხოლოდ ბინადრობის უფლება სურთ და მეტი არაფერი. ბოლო პერიოდში ფერეიდნელები ხშირად იკეთებენ გენეტიკურ ტესტებს. მაგალითად, ჩემი მაზლის შედეგებმა აჩვენა, რომ ის 80 პროცენტით ქართველია, დანარჩენი 20 პროცენტი კი ალბანური, ქურთული და სხვა ეთნიკური ჯგუფების ნაზავი. საინტერესოა, რომ საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ დედით და მამით ქართველ მეგობარს, მარიამ ხიდაშელს, ჩატარებულმა ტესტმა 43 პროცენტით ირანული წარმომავლობა აღმოუჩინა. ჩემს მეუღლეს რვა დედმამიშვილი ჰყავს და ყველას ქართული სახელები აქვთ - მალხაზი, მანუჩარი, მარიამი...

- რამდენი შვილი გყავთ?

- ჩვენ ქალ-ვაჟი გვყავს და ქართველებად იზრდებიან. სხვათა შორის, ფერეი­დანში ყოფნა ძალიან უყვართ. შეიძლება ითქვას, იქ ნამდვილი, ძველი საქართველოს ნახვაა შესაძლებელი. სოფლებში ყველგან ქართული წარწერები გვხვდება. ზოგან ჯვარია გამოსახული, ზოგან კი კარის ზღურბლზე აწერია: "დაილოცოს ამ სახლში შემომსვლელი და გამსვლელი". საინტერესოა, რომ ირანში, სადაც ბევრი რამ აკრძალულია, ქართველებს იდენტობის გამოხატვაზე შეზღუდვები არა აქვთ. ისინი თავისუფლად ინახავენ და აფიქსირებენ საკუთარ ტრადიციებსა და წარმომავლობას. ჩვენი უფლებები საქართველოში უფრო იზღუდება. კიდევ უფრო მეტად მტკენს გულს ის, რომ როცა იგებენ, ჩემი ქმარი ფერეიდნელია, პირდაპირ მეუბნებიან, მაგას რამ გაგაყოლაო. ჩემი მეუღლე ძველი ქართულით რომ ლაპარაკობს, ეკითხებიან ხოლმე, საიდან ხარო. როცა ეტყვის, რომ ფერეიდნელია, პასუხობენ: "ა, ანუ ირანელი ხარ?"

საბედნიეროდ, ისეთი ხალხიც ბევრია, რომელსაც მამუკას ძველ ქართულის მოსმენაზე გული უჩუყდება და ცრემლი­ ადგება, მაგრამ ხომ იცით, ადამიანებს გულს რაც გვტკენს, ის უფრო გვამახსოვრდება.

- იმის გამო, რომ საქართველოში ცხოვრების ნებართვა მათთვის გართულებულია, ფერეიდნელებში როგორი განწყობაა?

- მეტი გულმოდგინებით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ნამდვილი, ღირსეული ქართველები არიან და მშობლიურ მიწაზე ცხოვრებას იმსახურებენ. ცოტა ხნის წინ ჩემმა მაზლმაც ჩააბარა საბუთები თანამემამულეობის მოთხოვნით, თავად იმედიანად არის განწყობილი. ვნახოთ, რა იქნება.

- ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

- ფერეიდნელები ძალიან­ ხშირად ეუბნებიან ერთმანეთს "ღმერთმა ხელი მოგიმართოს". მეც იმავეს გეტყვით: ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ღმერთს ებარებოდეთ!

ხათუნა ბახტურიძე