"სცენაზე მამასთან ერთად თამაში რთული აღმოჩნდა... კახიზე ცალმხრივად ვიყავი შეყვარებული პირველ კურსზე თეატრალურში, მერე კი მასაც შევუყვარდი და 5 წელზე მ - კვირის პალიტრა

"სცენაზე მამასთან ერთად თამაში რთული აღმოჩნდა... კახიზე ცალმხრივად ვიყავი შეყვარებული პირველ კურსზე თეატრალურში, მერე კი მასაც შევუყვარდი და 5 წელზე მეტია ერთად ვართ"

"თავიდან ვფიქრობდი, ჩრდილში არ მოვქცეულიყავი, ვყოფილიყავი ელენე დარჩია და არა დავით დარჩიას შვილი, ან გურამ ფირცხალავას შვილიშვილი. ეს ფიქრები ახლა ნამდვილად არ მაქვს, ახლა ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, ახლობლებს იმედები არ გავუცრუო", - ამბობს მსახიობი ელენე­ დარჩია და მოგვითხრობს, როგორ აღმოჩნდა პროფესიულ სცენაზე.

- შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობა­ რუსთაველის თეატრში გავატარე, მაგრამ მაშინ სულაც არ ვფიქრობდი იმაზე, რომ სამსახიობოზე ჩამებარებინა. 3 წლისა დედამ ბალეტზე მიმიყვანა და 12 წელი ვცეკვავდი. მქონდა სურვილი და ჩემებსაც მოლოდინი, რომ მომავალ პროფესიად ეს მიმართულება ამერჩია. ასე არ მოხდა, X კლასის მერე ვთქვი, ბალეტი აღარ მინდა, სამსახიობოზე ჩავაბარებ-მეთქი.

სკოლაში ბავშვურად მეუბნებოდნენ: "შენ რა გიჭირს, მამაშენი დაგეხმარება,­ მამის ხარჯზე ჩააბარებ"... მაშინ პატარა ვიყავი და მწყინდა, იმდენად განვიცდიდი­, ბალერინობასთან ერთად მსახიობობაც გადავიფიქრე, საერთოდ სხვა მიმართულების (ბიზნესის ადმინისტრირება) არჩევა­ გადავწყვიტე. იმდენად არეული ვიყავი, ვერ ვიგებდი, სად ჩამებარებინა და ამ დროს თეატრალურის შიდა ტურები ტარდებოდა. ჩემმა ძმამ მითხრა, ელენე, შენ მსახიობი უნდა გამოხვიდეო, მან ჩემ მაგივრად გადაწყვიტა, თავად ჩამიწერა თეატრალური, გადი, სცადეო და მეც ვცადე. გუგამ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ის ჩემზე 2 წლით უფროსია, თავად ბიზნესის მიმართულებით აპირებდა სწავლას, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს საქმე სიამოვნებას არ ანიჭებდა, დისკომფორტი­ ჰქონდა. ერთი პერიოდი აქტიურად დადიოდა რუსთაველის თეატრში, ბატონი რობერტ სტურუას რეპეტიციებსაც ესწრებოდა და მიხვდა, პროფესია უნდა შეეცვალა - რეჟისურა ის საქმე იყო, რომლის მიმართაც უდიდესი ინტერესი გაუჩნდა.

4-1756662799.jpg

- ბავშვობაში, რუსთაველის თეატრში­ ალბათ, არაერთ ლეგენდასთან ურთიერთობის ბედნიერება გქონდათ. რა გახსენდებათ?

- იმდენად პატარა ვიყავი, ვერც ვხდებოდი, რამდენად დიდი ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდი. ვერც იმას ვხვდებოდი, მამა რამდენად საინტერესო არტისტი იყო. სხვა რომ არაფერი, გურამ ფირცხალავა მყავდა შინ და ბაბუსთან სულ სტუმრიანობა იყო. ვერ აღვიქვამდი, ვის წრეში ვიზრდებოდი, ახლა ამის გამო გული მწყდება. გურამი­ გვეთამაშებოდა მე და გუგა სულ ზემოდან ვახტებოდით, გუგა უფრო ხშირად იყო მასთან. ყოველი მისვლა უზომოდ მიხაროდა, ბაბუსა და ბებოსთან გატარებული ყველა წუთი ბედნიერი იყო. ბაბუსგან სიმკაცრე არ მახსოვს, უზმოდ ტკბილი კაცი იყო.

- მამის პროფესია როგორ წარმოგედგინათ - ჯადოსნური თუ ძალიან რთული?

- ყოველთვის ვიცოდი, რომ ძალიან რთული იყო. ბალეტზე ხომ დავდიოდი და ვხვდებოდი, სცენაზე გასვლა რამდენად დიდ შრომას მოითხოვდა, თუმცა მამას რომ ვუყურებდი სცენაზე, მეგონა, ეს მისთვის ძალიან მარტივი გასაკეთებელი იყო.

- რა იყო ყველაზე დიდი შიში, როცა ეს გზა აირჩიე?

- თავიდან ვფიქრობდი, რომ ჩრდილში არ მოვქცეულიყავი, ვყოფილიყავი ელენე დარჩია და არა დავით დარჩიას შვილი, ან გურამ ფირცხალავას შვილიშვილი. ეს ფიქრები ახლა ნამდვილად აღარ მაქვს, ახლა ჩემი სურვილია, ახლობლებს იმედები არ გავუცრუო. მამას და ბაბუს მაგალითი დიდ სტიმულს მაძლევს.

aaaa-1756662799.jpg

- მამის გამოცდილებიდან რა არის ყველაზე დიდი გაკვეთილი?

- დისციპლინა. როგორ ზის, როგორ უსმენს, როგორ გადის შემოქმედებით პროცესს... მინდა მაგალითი ავიღო, სულ ვცდილობ, მასზე დაბლა არ ჩამოვიდე.

- გაიხსენეთ როლი, ან სპექტაკლი, რომელმაც მოგიტანათ განცდა, რომ პროფესიაში სწორი არჩევანი გააკეთეთ.

- სპექტაკლში "ჰამლეტი" ოფელიას როლმა უდიდესი ბედნიერება მომიტანა,­ დამარწმუნა, რომ ეს ჩემი პროფესიაა. მანამდე ეს შეგრძნება ნანუკა ხუსკივაძის "გაუგებრობაში" მქონდა, რეპეტიციები უზომოდ სასიამოვნო იყო. საერთოდ ეს ემოცია მეტ-ნაკლებად ყველა როლზე მუშაობისას მაქვს. სამაგიდო რეპეტიციების დროს სულ გინდა სცენაზე რაც შეიძლება მალე დადგე, მერე სურვილი გიჩნდება, პერსონაჟის კოსტიუმი ჩაიცვა, გრიმი გაიკეთო... შემდეგ შეიძლება სპექტაკლებზეც ბევრ რამეს მიხვდე და ახალი აღმოჩენები გააკეთო. პერსონაჟთან დაახლოება არ ჩერდება და რაც უფრო უახლოვდები, უფრო და უფრო მეტი ხიბლი აქვს. როცა მძიმე როლის თამაში მიწევს, ეს განწყობა სპექტაკლის შემდეგაც მიმყვება.

- როლზე მუშაობისას თუ ფიქრობთ, როგორი იქნება მამის შეფასება?

- არა მხოლოდ მამის, დედაც ძალიან კარგი შემფასებელია, ბებიას აზრსაც დიდი ინტერესით ვისმენ, ჩემი ძმა კი ლამის ნომერ პირველ შემფასებლად იქცა. გერმანიაშია და გული მწყდება, რომ სპექტაკლებს ვერ ესწრება. ახლა ჩამოსული იყო და ოფელიას როლში მიხილა. შემდეგ მე და მამას გვქონდა პრემიერა, მაგრამ გუგა აქ აღარ იყო და ძალიან განვიცადე, ვიდეოები გადავუგზავნე. გუგას ზუსტად ესმის ჩემი და მიხარია, კარგს რომ მეუბნება, თუმცა ჯანსაღი შენიშვნებიც საჭიროა. როცა ბევრს შრომობ, სცენაზე გადიხარ და შენი მშობლების თვალებზე ცრემლს ხედავ, ეს უდიდეს ძალას მაძლევს. მამა რომ მესწრება, ვინც მასთან ერთად პარტერში ზის, ისინი მეუბნებიან, რომ ძალიან ნერვიულობს.

- რა უფრო რთულია, მამის მოლოდინის გამართლება თუ საკუთარი თავისთვის დამტკიცება, რომ შენ ეს შეგიძლია?

- ვფიქრობ, საკუთარი თავისთვის დამტკიცება. სცენაზე რომ გავდივარ, გული საოცრად მიცემს, სულ ვნერვიულობ და ჩემს თავს ვამხნევებ - "ელენე, შენ ამას შეძლებ", "ელენე, მიდი, მოინდომე".

- სპექტაკლი "მთებმა დახუჭეს თვა­ლები­" ვაჟა-ფშაველას ცხოვრების უკანასკნელ­ დღეებს ეხება. ამ სპექტაკლში მამასთან პარტნიორობამ მოგიწია...

- ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესი იყო, არ მეგონა, ასეთი რთული თუ იქნებოდა. სპექტაკლში მამა ვაჟა-ფშაველას როლს ასრულებს, მე მოლანდებებში ხან ექთანი ვხდები, ხან - გულქანი. ამ სპექტაკლში ყველაზე მეტი სიახლოვე მქონდა მამასთან. დათოსთვისაც ხომ პირველი იყო, შვილთან პარტნიორობამ რომ მოუწია და ძალიან ნერვიულობდა. ამ სპექტაკლში ჩემი შეყვარებულიც თამაშობდა და ამ მხრივ კიდევ სხვაგვარი ღელვა მქონდა...

mtebma-daxuches-tvalebi-1756662799.jpg

პირველად ვნახე როგორია მამა რეპეტიციებზე. სამაგიდო რეპეტიციები რომ დავიწყეთ, პირველივე წუთიდან ტექსტი ისEეთი მუხტით წაიკითხა, მე მის სიმაღლემდე ძალიან ბევრი მიკლია. რეპეტიციების დროს ერთ ეპიზოდზე მორიდებულად მითხრა, ეს ფრაზა ცოტა ნელა წარმოთქვიო, ცდილობდა, არ მენერვიულა. მამასთან ერთად თამაში ძალიან რთული აღმოჩნდა, თუმცა გამოცდილებისთვის ძალიან კარგია, მისგან ბევრი რამ ვისწავლე.

- თქვენი ყველაზე ოცნება რა არის?

- ამაზე არ მიფიქრია. ახლა დასვენების პერიოდია, მაგრამ სულ მინდა, რაღაც­ როლზე ვფიქრობდე, შემოქმედებით პროცესში ვიყო. შეიძლება 2 დღე ვიწუწუნო და ვთქვა, დავიღალე, მაგრამ ეს დაღლა სინამდვილეში უდიდესი ბედნიერებაა. ერთი სული მაქვს, სეზონი დაიწყოს, იქნებ ახალი როლებიც მივიღო. მოზარდ მაყურებლთა და გორის თეატრების დასის წევრიც ვარ.

- შეყვარებული ახსენეთ, თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- კახი გაზდელიანი თეატრალურში გავიცანი. პირველ კურსზე ცალმხრივად ვიყავი მასზე შყვარებული, მერე მასაც შევუყვარდი და 5 წელზე მეტია ერთად ვართ.

- დაოჯახებას გეგმავთ?

- ახლო მომავალში არ ვგეგმავთ, არ გვინდა ავჩქარდეთ. კახი და დათო ძალიან დამეგობრდნენ, დათო სულ კახის კითხულობს, კახი რომ მირეკავს, მეკითხება, დათო როგორ არისო... ბედნიერი ვარ, მათ შორის გაგება რომ არის.

თამუნა კვინიკაძე