„ეს გავიფიქრე თუ არა, უეცრად, ჩემგან ნახევარ მეტრში მდგომი კაცი დაეცა და გარდაიცვალა“
"ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ზოგიერთი ამბავი სასიამოვნო მოგონებად რჩება, ზოგიერთი გამოცდილებად გადაიქცევა... ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, არ არის გასართობი, ამ ისტორიის გააზრებით და ჩაღრმავებით, ადამიანს მსოფლმხედველობაც კი შეიძლება შეეცვალოს", - ამბობს მომღერალი მაია ბარათაშვილი და ბუქარესტში თავს გადახდენილ ამბავს იხსენებს.
"სრულიად უცნობი ადამიანის გვამის წინ მუხლებზე დაჩოქილი ვტიროდი"
- ეს ამბავი დაახლოებით 10 წლის წინ მოხდა. რუმინეთში, ყოველწლიურ ფესტივალზე "ცხოვრება მშვენიერია", მე და ჯგუფი "შინი" გამოვდიოდით. ამ ფესტივალზე ბევრი საინტერესო მუსიკოსი იყო მიწვეული. მათ შორის, უდიდესი ვარსკვლავი რიშარდ გალიანო... რეპეტიცია გავიარეთ, ყველაფერი კარგად იყო. მოლაპარაკების თანახმად, თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით პირველივე დღეს უნდა გადაეხადათ.
კონცერტის დღეს სცენაზე რომ გავედით, დარბაზი ჩაბნელებული იყო და მომეჩვენა, რომ პირველი რიგში არავინ იჯდა. უკანა რიგები კი ხალხით იყო სავსე. უცნაური გრძნობა დამეუფლა... სცენაზე ზუსტად აქტიური და ემოციური მომენტის შესრულებისას, კულისებიდან გამოვიდა კატა თავის კნუტებთან ერთად, თურმე იქ ცხოვრობდა. სცენაზე გაიარ-გამოიარა და ჩვენი დრამატული მომენტი - ზაზა მიმინოშვილს "ნემსის ყუნწში რომ უნდა გაეძვრინა ბგერა", ჩაგვივარდა. მამუკა ღაღანიძეს სიცხე ჰქონდა, ხმა დაკარგა, თუმცა ეს მაყურებელს არ შეუმჩნევია... კონცერტი რომ დასრულდა, ყველამ ძალიან ბევრი ვიცინეთ, იმდენად ბევრი, რომ ჩვენი სიცილი არანორმალურ ფორმაში გადავიდა. ცრუმორწმუნე არა ვარ, მაგრამ ერთი კი გავიფიქრე, ნეტავ, რამე ცუდი არ მოხდეს-მეთქი?
დავბრუნდით სასტუმროში. დილა რომ გათენდა, ბიჭები გერმანიაში გავაცილე, მე გალიანოს კონცერტზე ვრჩებოდი და შემდეგ საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი. ცოტა ხნით ქუჩაში გავიარე, მაგრამ მალე დავბრუნდი, უცნაური თავის ტკივილი დამეწყო. თავი ვის არ გვტკენია, მაგრამ ეს იყო საშინელი ტკივილი, რომელმაც იმატა, იმატა და მთელ ორგანიზმზე გადავიდა. ამ ტკივილთან ერთად ცუდი განწყობაც დამეუფლა. აუტანელი ტკივილის გამო, საღამოს ჩემი კონცერტზე დასწრების საკითხიც ეჭვქვეშ დადგა. ფაქტობრივად, ფეხზე ვერ ვდგებოდი, თვალებს ვერ ვახელდი, ვერც ექიმთან წავიდოდი, რადგან ჯიბეში მხოლოდ 5 ევრო მქონდა. აღმოჩნდა, რომ ჰონორარს ნაღდი ანგარიშსწორებით აღარ გვიხდიდნენ და 2 კვირაში ანგარიშზე დარიცხავდნენ. ამის გამოც ცოტა ვინერვიულე.
საღამოს როგორღაც ძალა მოვიკრიბე და თეატრში მაინც წავედი. მაყურებელი მოდიოდა, კომპლიმენტებს მეუბნებოდა, რა კარგი კონცერტი ჩაატარეთო, ჩემი ტკივილი კი უკან არ იხევდა, ცოტაც და დავეცემოდი. რაღაც მომენტში ჩემსა და სამყაროს შორის დიდი ფარდა გაჩნდა. მთელი სამყარო ერთ მხარეს დარჩა, მე - მეორე მხარეს, გარშემო კი ხალხი ირეოდა... ტკივილმა ისეთ პიკს მიაღწია, გავიფიქრე, რა ცუდია, ჩემი ბიჭები რომ წავიდნენ, რამე რომ დამემართოს, ვინ მიშველის-მეთქი? და იქვე გონებაში გამიჩნდა შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს დავუსვი: ახლა აქ რომ დავეცე და მოვკვდე, ნეტავ, მერე რა იქნება? ეს გავიფიქრე თუ არა, უეცრად, ჩემგან ნახევარ მეტრში მდგომი 35 წლამდე ახალგაზრდა კაცი დაეცა და გარდაიცვალა, ჩემი ტკივილი კი მომენტალურად სადღაც გაქრა... ხალხმა თავი გადააქნია და შევიდნენ კონცერტზე, ჩემი პროდიუსერიც მეუბნებოდა, წამოდი, შევიდეთო, მაგრამ ვერ შევძელი. წაქცეულ ახალგაზრდას მივვარდი, მერე ვიღაც გოგონაც მოვიდა, პულსს ვუსინჯავდით... აღარ ესინჯებოდა, უკვე გარდაცვლილი იყო... ის ადამიანი მარტო საცოდავად ესვენა მიწაზე, გულშემატკივარი არავინ ჰყავდა. სრულიად უცნობი ადამიანის გვამის წინ, მუხლებზე დაჩოქილი ვიდექი და ვტიროდი, ცრემლებს ვერაფრით ვიჩერებდი. მერე მოვიდნენ, გადაასვენეს... ალბათ, შემდეგ პატრონიც გამოუჩნდა.
როცა სასტუმროში დავბრუნდი, თავის ტკივილი აღარ მქონდა, მაგრამ მქონდა აბსოლუტური შოკი. მეორე დღეს მოვფრინავდი და რეისმა დააგვიანა, ახლა იქ ვინერვიულე, ასეთ დროს ჯიბეში მხოლოდ 5 ევრო რომ მედო, მაგრამ ღმერთმა მიშველა, საქართველოში ისე ჩამოვედი, დამატებით თანხა არც დამჭირვებია...
ახლაც მიმძიმს, როცა ამ ამბავს ვიხსენებ. იქ მე საკუთარ თავთან დასმულ შეკითხვაზე ღმერთისგან პასუხი მივიღე. ამ ამბავმა ჩემში ძალიან დიდი ძვრა მოახდინა.
"რკინის სამკლავურებში გავიზარდე"
- მინდა გამორჩეულად ჩემი ოჯახის წევრები გავიხსენო. მათ ჩემი აზროვნების ფორმირებაზე უდიდესი გავლენა მოახდინეს.
მამა ლევან ბარათაშვილი იურისტი გახლდთ. ჩემი ბაბუა ჭიათურაში ცხოვრობდა, მარგანეცის ბიზნესში იყო ჩართული, დიდი მამულების მფლობელი გახლდათ. გასაბჭოების შემდეგ ჩამოართვეს, მამა, მამიდა, ბებია, ბაბუა სახლიდან გამოყარეს და იქ შტაბი გახსნეს... ოჯახი თბილისში ჩამოვიდა. მამამ ძალიან რთული გზა განვლო, 22 წლის ბიჭი ომშიც იბრძოდა, მეგობარი თვალწინ აუფეთქდა, მამა გადარჩა... შემდეგ რამდენიმე უმაღლესში ჩააბარა, იურიდიული ფაკულტეტიც დაამთავრა. ცნობილი იურისტი გახლდათ. საოცარი ორატორი იყო. სულ კითხულობდა ან პროცესებზე გამოსასვლელად ემზადებოდა და იქ წარმოსათქმელ ტექსტებს წერდა. მამა არ იყო მარტივი ადამიანი, მკაცრი იყო, ღრმა აზროვნებით გამორჩეული, განათლებული... ფაქტობრივად, რკინის სამკლავურებში გავიზარდე, დიდი კონტროლის ქვეშ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი იყო, შეგეძლო მასთან პირად თემებზე გესაუბრა, გახსნილიყავი. არასდროს დამავიწყდება მისი ნათქვამი: "უღმერთოდ ადამიანი არ ვარგა" და "ცხოვრება დარდად არ ღირს".
ძალიან გემოვნებიანი, დახვეწილი იყო. წარმოსადეგი კაცი გახლდათ და ყოველთვის კარგად იცვამდა. მამას გარდერობის ქექვა ძალიან მიყვარდა, მის პიჯაკებს ვიზომავდი. რომ გარდაიცვალა, ტანსაცმელი სულ გავეცი, ახლა ვდარდობ, ცოტა რამ მაინც შემომენახა. მამისგან გენეტიკურად ხასიათის სიმტკიცე, მიზანდსახულობა გამომყვა... დედა ძალიან კარგად მღეროდა. პროფესიით ექიმი იყო და სტომატოლოგად მუშაობდა. არდადეგებზე სულ მასთან ვიყავი კლინიკაში, ოპერაციასაც დავსწრებივარ.
11 წლამდე ბებია, მერი მგალობლიშვილი მზრდიდა, მან მასწავლა რუსული ენა, ფრანგულის შესწავლა ვერ მოვასწარით, გარდაიცვალა. ბაბუა საქართველოს მთავარი მეღვინე იყო, გოგი მგალობლიშვილი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ნახევრად ტკბილი ღვინოების ტექნოლოგიის აღორძინებაში, მან ცოდნა ევროპაში მიიღო. ბებია და ბაბუა ულამაზესი წყვილი იყო, თურმე ქუჩაში რომ გამოდიოდნენ, ადამიანები თვალს აყოლებდნენ.
თამუნა კვინიკაძე