„დაიწყე რეგენერაცია“ ანუ რას „უბრძანებენ“ ეგზოსომები დაბერებულ უჯრედებს? - კვირის პალიტრა

„დაიწყე რეგენერაცია“ ანუ რას „უბრძანებენ“ ეგზოსომები დაბერებულ უჯრედებს?

ეგზოსომები ესთეტიკურ მედიცინაში ბოლო წლებში დიდი ინტერესის სფეროდ იქცა, განსაკუთრებით კანის გაახალგაზრდავებისთვის. სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ეს ტექნოლოგია უკვე სტანდარტად იქცა ესთეტიკურ მედიცინაში. საქართველოში, ეგზოსომების გამოყენება ბოლო ერთი წელია დაიწყო და ინტერესი სულ უფრო მატულობს. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ "კვირის პალიტრამ" ესთეტიკოს-კოსმეტოლოგ სოფიო­ თოიძეს მიმართა.

­

- ესთეტიკურ მედიცინაში ეგზოსომებზე მუშაობა 2000 წლიდან დაიწყო, თუმცა ეგზოსომები 1980 წელს აღმოაჩინეს. 1983 წლიდან პირველად აღწერეს ეგზოსომები, როგორც უჯრედული მემბრანის პატარა ვეზიკულები, 2000 წლებში მეცნიერებმა დაიწყეს მათი აქტიური კვლევა ონკოლოგიაში, იმუნოლოგიაში, ნეირომეცნიერებაში. 2010 წლიდან ესთეტიკური მედიცინის ანტიეიჯსფეროც დაინტერესდა ეგზოსომებით. სწორედ ამ დროს დადგინდა, რომ ეგზოსომებს შეუძლიათ კანის რეგენერაცია, კოლაგენის სტიმულაცია და ანთების შემცირება. ეგზოსომები მეცნიერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აღმოჩენაა ბოლო ათწლეულებში. ისინი პატარა მიკროსკოპული ბუშტუკები არიან, თავიდან უჯრედული ნარჩენის გამტარად მიიჩნევდნენ, დღეს კი უკვე ვიცით, რომ ეგზოსომები წარმოადგენს უჯრედებს შორის საიდუმლო საუბრის თემას.

რატომ არის ესთეტიკაში ეს მიდგომა განსაკუთრებული? რატომ ფიქრობენ რომ ეგზოსომები მომავალი სიტყვაა დაბერებასთან ბრძოლაში? იმიტომ, რომ შეიცავენ გენეტიკურ მასალას, ცილებს და ლიპიდებს, რომლებსაც ერთი უჯრედი მეორე უჯრედში გზავნის. ორგანიზმი იყენებს ამ სიგნალს სხვადასხვა პროცესის რეგულირებისთვის: სხეულის აღდგენა, იმუნური სისტემის გაძლიერება, ტვინის მუშაობა და სხვა. ეგზოსომები სისხლში, ნერწყვში, რძეშიც კი არის. ასე რომ, ჩვენი სხეული მუდმივად წარმოქმნის და ცვლის მათ. ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეგზოსომებს შეიძლება მეხსიერების ფორმირებაშიც შეაქვთ წვლილი.

img-4433-1756664182.jpg

კოსმეტოლოგიაში დღეს უკვე არსებობს ეგზოსომებზე დაფუძნებული პრეპარატები, რომლებიც განიხილება როგორც მომავლის უჯრედული მედიცინა კანის გაახალგაზრდავებისა და რეგენერაციისთვის. ეგზოსომები ძალიან პატარა, მაგრამ წარმოუდგენლად ძლიერი სიგნალის მატარებლები არიან. ისინი შეიძლება გახდნენ მედიცინისა და ესთეტიკის მომავალი, როდესაც მკურნალობა აღარ იქნება მხოლოდ მედიკამენტებით, არამედ საკუთარი უჯრედული მესიჯებით - ანუ უფრო მარტივად რომ ავხსნათ, უჯრედები ერთმანეთს უგზავნიან წერილებს მიკროსკოპული უჯრედებით, ეგზოსომებით. ისინი თითქოს "ფოსტალიონები" არიან, ერთი უჯრედიდან მეორეში უჯრედში მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაქვთ. თუ კანი დაზიანდა, მაშინ დაზიანებულ ადგილს ეგზოსომები უგზავნიან შეტყობინებას: "დაიწყე რეგენერაცია ან გამოიძახე დამხმარე უჯრედები". სწორედ ამიტომ მეცნიერები მათ მომავალ მედიცინას უწოდებენ. სილამაზის სფეროშიც ეგზოსომები ახალი ვარსკვლავია, აღმოჩენა, ახალი თაობის კოსმეტოლოგიური პრეპარატები სწორედ მათ ძალას იყენებს, რომ კანი არა უბრალოდ დატენიანდეს, არამედ გაახალგაზრდაოს უჯრედულ დონეზე. დღეს ეს მეცნიერების საოცრებაა, ასევე სილამაზისა და ჯანმრთელობის მომავალი იარაღი.

img-4434-1756664182.jpg

ეგზოსომური თერაპია ესთეტიკურ მედიცინაში კეთდება არაინვაზიური ან ინვაზიური პროცედურებით. პროცედურის მიზანია ეგზოსომების (ანუ უჯრედიდან მიღებული ბიოაქტიური ვეზიკულების) შეყვანა კანის ღრმა ფენებში, სადაც ისინი სტიმულს აძლევენ რეგენერაციას. ხშირად ისმის კითხვა: როგორ ჯობს ეგზოსომებით გაახალგაზრდავების პროცედურის ჩატარება, მიკრონიდლინგით თუ ინიექციით? მიკრონიდლინგი ქმნის მიკროღარებს კანზე, რაც ასტიმულირებს რეგენერაციას. ამ დროს ეგზოსომები უფრო ღრმად აღწევენ ფენებში. აღდგენის პერიოდი უფრო მსუბუქია, კარგია პროფილაქტიკური ან მსუბუქი ასაკობრივი ცვლილებების დროს. ინიექციით შეყვანის დროს პირდაპირ ხვდებიან ღრმა დერმაში და შედეგი უფრო სწრაფი და თვალსაჩინოა. ინვაზიურ პროცედურას სჭირდება პროფესიონალის უმაღლესი გამოცდილება. მაგალითად, საუკეთესო კომბინაციაა ინიექციები კონკრეტულ ზონებში, სადაც პრობლემა ყველაზე მეტად გამოხატულია, და მიკრონიდლინგი მთელ სახეზე გლობალური გაჯანსაღებისათვის.

img-4436-1756664182.jpeg

უკუჩვენებება

- ეგზოსომებს, როგორც ნებისმიერ ბიოლოგიურ და ესთეტიკურ პროდუქტს, აქვს უკუჩვენებები. ესენია ორსულობა და ლაქტაცია. ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაშიც არსებობს თეორიული რისკი, რომ შეიძლება სტიმულირდეს პათოლოგიური უჯრედების ზრდა, ასევე აუტოიმუნური დაავადებები, მწვავე ინფექციები, ჰერპესი, დერმატიტი, ფსორიაზი, სისხლის შედედების დარღვევები, მძიმე ალერგიული რეაქციები. სიფრთხილით უნდა გამოიყენონ დიაბეტის მქონე პაციენტებმაც. მიუხედავად იმისა რომ ეგზოსომები ხშირად პოზიციონირდება როგორც უსაფრთხო თერაპია, აუცილებელია პროცედურა ჩატარდეს მხოლოდ ექიმის, სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ და მხოლოდ დადასტურებული პრეპარატით.

img-4435-1756664182.jpeg

ეგზოსომებით გაახალგაზრდავებული სელებრითები

კიმ კარდაშიანი ხშირად იყენებს ეგზოსომურ თერაპიას ლაზერული პროცედურების შემდეგ. მისი სახის ბზინვარებამ დიდი გავლენა მოახდინა ამ მეთოდის პოპულარობაზე.

ჯენიფერ ენისტონიც ეგზოსომურ ფეიშალს ირჩევს კანის გაახალგაზრდავების მიზნით ("ეგზოსომური ფეიშალი" კანის მოვლის პროცედურაა, რომლის დროსაც გამოიყენება ეგზოსომებით გამდიდრებული პროდუქტები, მაგალითად, შრატი ან ნიღაბი).

ინგლისელი მსახიობი და მოდელი სიენა მილერი და მოდელი პოპი დელევინიც ეგზოსომურ ფეიშალს ირჩევენ ნაოჭების შესამცირებლად და კანის გასაუმჯობესებლად. მსახიობი გვინეთ პელტროუც ხშირად ახსენებს თავის პოდკასტებში ეგზოსომურ კოსმეტიკას და აღნიშნავს, რომ ეს ინოვაციური მეთოდია.