რას გვაჩვენებს სისხლის საერთო ანალიზი - კვირის პალიტრა

რას გვაჩვენებს სისხლის საერთო ანალიზი

სისხლის საერთო ანალიზს სხვაგვარად სისხლის კლინიკურ ანალიზს უწოდებენ. მას ყველაზე ხშირად მიმართავენ სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირებისთვის.

ამ ანალიზით განსაზღვრული პარამეტრები ფიზიოლოგიური თუ პათოლოგიური ფაქტორების საპასუხოდ განვითარებულ ორგანიზმის რეაქციას ასახავს.

სისხლის საერთო ანალიზი გვიჩვენებს:

ერითროციტების რაოდენობას;

ერითროციტების დალექვის სიჩქარეს (ედს);

ჰემოგლობინის შემცველობას;

ჰემატოკრიტს;

ლეიკოციტების რაოდენობას;

ლეიკოციტურ ფორმულას.

აღნიშნული გამოკვლევისთვის მასალას (სისხლს) თითიდან ან ვენიდან იღებენ. უტყუარი პასუხის მისაღებად უმჯობესია ანალიზი უზმოზე ჩააბაროთ. თუმცა უზმოდ ყოფნა ანალიზის აღებისას აუცილებელი არ არის.

ერითროციტები

ერითროციტები ანუ სისხლის წითელი უჯრედები ორგანიზმში აირთა ცვლას ემსახურებიან. მათ ფილტვებიდან ქსოვილებში ჟანგბადი გადააქვთ, უჯრედებს კი ცხოველმყოფელობის შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგისგან ათავისუფლებენ.

ერითროციტების ნაკლებობა მიუთითებს:

ანემიაზე. ეს ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ქსოვილები სათანადო ოდენობის ჟანგბადს ვერ იღებენ. არც ერითროციტების რაოდენობის მკვეთრი მომატებაა კარგის ნიშანი - ეს ე.წ. პოლიციტემიაა, რომლის დროსაც სისხლის უჯრედების გროვებად შეჯგუფება-შეწებებისა და წვრილი სისხლძარღვების - კაპილარების დაცობის საფრთხე იქმნება. სისხლში ერითროციტების რაოდენობა იკლებს სტრესის, შიმშილობის, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, რკინის, ცილის, ვიტამინის დეფიციტის შედეგად განვითარებული ანემიის, ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზირების დროს.

ერითროციტების რაოდენობის მომატება მიუთითებს:

ფილტვების ქრონიკულ დაავადებაზე;

გულის თანდაყოლილ მანკზე;

ლეიკოზზე.

ერითროციტების დალექვის სიჩქარე

ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედსი) გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად გამოილექება სისხლის პლაზმიდან ერითროციტები სპეციალურ მინის ჭურჭელში. როდესაც ორგანიზმში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, ერითროციტები ნორმასთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად ილექება. ედსი კლინიცისტებს ანთებითი პროცესის დიაგნოსტიკაში ეხმარება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების) რაოდენობა ნორმის ფარგლებშია. ნორმაში ქალებს მამაკაცებზე მაღალი ედსი აქვთ. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იმატებს ორსულობის პერიოდში.

მაღალი ედს-ი მიანიშნებს:

მწვავე ან ქრონიკულ ანთებით დაავადებაზე (პნევმონიაზე, ოსტეომიელიტზე, ტუბერკულოზზე, სიფილისზე და სხვა);

მოწამვლაზე;

მიოკარდიუმის ინფარქტზე;

ძვლის მოტეხილობასა და ზოგადად ტრავმაზე;

ანემიაზე;

თირკმლის პათოლოგიაზე;

სიმსივნურ პროცესზე და სხვა.

ედს-ი იმატებს ოპერაციის შემდგომ პერიოდში, აგრეთვე - ზოგიერთი მედიკამენტის მიღებისას.

ერითროციტების დალექვის სიჩქარე იკლებს:

შიმშილობისა და კუნთოვანი მასის შემცირებისას;

კორტიკოსტეროიდების მიღებისას.

ჰემოგლობინი

ჰემოგლობინი ერითროციტების ძირითადი კომპონენტია. მისი მთავარი ფუნქცია­ აირთა ცვლა (ანუ ჟანგბადისა და ნახშირო­რჟანგის ტრანსპორტი) და მჟავატუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებაა. სისხლის წითელ ფერს სწორედ ჰემოგლობინი განსაზღვრავს. სისხლში ამ კომპონენტის ოდენობაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად შეასრულებს იგი თავის ფუნქციას ჟანგბადის გადატანის თვალსაზრისით.

ჰემოგლობინის მაჩვენებელი მამაკაცებს ქალებთან შედარებით რამდენადმე მაღალი აქვთ.

სისხლში ჰემოგლობინის ოდენობა მცირდება:

რკინის დეფიციტის (რკინა ჰემოგლობინის მთავარი საშენი მასალაა);

სისხლის სხვადასხვა დაავადებისა და მათთან დაკავშირებული ქრონიკული პათოლოგიების დროს.

გარდა ამისა, დაბალი ჰემოგლობინი ძლიერი სისხლდენის მანიშნებელია.

ჰემოგლობინის მომატება (მაღალი ჰემოგლობინი) სისხლის ზოგიერთ დაავადებაზე მეტყველებს. ამ დროს სისხლის კლინიკური ანალიზი ერითროციტების რაოდენობის მომატებასაც ავლენს.

მაღალი ჰემოგლობინი დამახასიათებელია:

ადამიანებისთვის, რომელთაც გულის თანდაყოლილი მანკი ან ფილტვ-გულის უკმარისობა აღენიშნებათ. ჰემოგლობინის ოდენობამ შესაძლოა ფიზიოლოგიური მიზეზითაც მოიმატოს. ასეთი რამ ემართებათ მფრინავებს ფრენის შემდეგ, მთამსვლელებს, საზოგადოდ, მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ და სხვა შემთხვევებში.

ჰემატოკრიტი

ჰემატოკრიტი იმაზე მიუთითებს, სის­ხლის საერთო მოცულობის რა ნაწილი უკავიათ ერითროციტებს. ის პროცენტებში გამოისახება. მაგალითად, ჰემატოკრიტი - 38 იმას ნიშნავს, რომ სისხლის მოცულობის 38%-ს ერითროციტები შეადგენენ.

ლეიკოციტები

ლეიკოციტები ორგანიზმს ინფექციისგან იცავენ. ისინი აქტიურად ებრძვიან ვირუსებს, ბაქტერიებსა და სხვა მიკროორგანიზმებს.

ლეიკოციტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იმატებს:

ინფექციური დაავადების დროს;

დამწვრობისა და ტრავმის დროს;

მიოკარდიუმის, ფილტვის, თირკმლისა და ელენთის ინფარქტის დროს;

მწვავე და ქრონიკული ანემიების დროს;

ავთვისებიანი სიმსივნური პათოლოგიის დროს.

ლეიკოციტების ფიზიოლოგიური მომატება აღენიშნებათ:

მენსტრუაციის წინა პერიოდში;

ორსულობის მეორე ნახევარში;

მშობიარობის დროს.

ლეიკოციტების რაოდენობა მცირდება:

ზოგიერთი ინფექციური პათოლოგიის (მალარია, შიდსი, მუცლის ტიფი, გრიპი, წითელა და სხვა) დროს;

რევმატოიდული ართრიტის დროს;

სხივური დაავადების დროს;

თირკმლის უკმარისობის დროს;

ზოგიერთი მედიკამენტის (ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების) მიღების დროს;

ძვლის ტვინის პათოლოგიის დროს;

ანაფილაქსიური შოკის დროს.

ლეიკოციტური ფორმულა

ლეიკოციტების ძირითად ტიპს შეადგენენ ნეიტროფილები, ლიმფოციტები, მონოციტები, ეოზინოფილები და ბაზოფილები. ლეიკოციტური ფორმულის განსაზღვრისას, ჩვეულებრივ, ითვლიან ახალგაზრდა (მოუმწიფებელ) ჩხირბირთვიან ნეიტროფილებსაც. უჯრედთა თითოეული ტიპი განსხვავებულ ფუნქციას ასრულებს. თითოეული მათგანის პროცენტული შემცველობა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის იმუნური სისტემის მდგომარეობის შესახებ.

სხვადასხვა ტიპის ლეიკოციტის რაოდენობის მომატება ან შემცირება კლინიცისტს ამა თუ იმ ინფექციური დაავადების, ალერგიული რეაქციის დიაგნოსტიკასა და პათოლოგიური მდგომარეობის შეფასებაში ეხმარება.

ნეიტროფილების რაოდენობის მომატება შეიძლება დაკავშირებული იყოს სეფსისთან, ქსოვილის ნეკროზთან, ქრონიკულ ანთებით დაავადებებთან, როგორებიცაა - რევმატოიდული ართრიტი, ვასკულიტი, პანკრეატიტი და სხვა. მათი დონის შემცირება შეიძლება ასოცირებული იყოს სეპტიცემიასთან, იმუნური სისტემის დათრგუნვასთან ან გარკვეული პრეპარატების გამოყენებასთან.

ლიმფოციტების რაოდენობის მომატება შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსული ინფექციების, ქრონიკული ინფექციების, ვასკულიტის, ასევე ნეოპლასტიური პროცესის – ლეიკემიის, ზოგიერთი ტიპის ლიმფომის და სხვათა გამო. მათი დონის შემცირება შეიძლება ასოცირებული იყოს იმუნოდეფიციტის სინდრომებთან, შიდსთან, წითელ მგლურასთან და სხვა.

მონოციტების რაოდენობის მომატება ყველაზე ხშირად ბაქტერიული ინფექციებით არის განპირობებული. მათი დონის შემცირება აღინიშნება კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას, აპლასტიური ანემიის დროს და სხვა.

ეოზინოფილების რაოდენობის მატებას იწვევს ალერგიული დაავადებები, როგორიცაა ასთმა, ატოპიური დერმატიტი, საკვებისმიერი ალერგია, სიმსივნური და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები. მათი დონის შემცირება ხშირად ასოცირდება კუშინგის სინდრომთან ან გარკვეული მედიკამენტების გამოყენებასთან.

ბაზოფილების რაოდენობის მომატება ასოცირდება ალერგიულ დაავადებებთან, სისტემურ მიელოპროლიფერაციულ სინდრომებთან, ჰიპოთირეოზთან და სხვა. მათი დონის შემცირება დაკავშირებულია ინფექციური პროცესის მწვავე ფაზასთან, ჰიპერთირეოზთან, თანდაყოლილ დაბალ დონესთან და სხვა.

თრომბოციტების რაოდენობა როგორც მაღალი, ისე დაბალი დონე დაავადების ნიშანია. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მათ რიცხვში გადახრებია, მიზეზის დასადგენად დამატებითი ტესტებია საჭირო. ეს მდგომარეობები შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, აუტოიმუნური, გარკვეული მედიკამენტების მიღების ან ქირურგიული პროცედურების შედეგი.

როგორ მოვიშოროთ კოჟრი ხალხური მედიცინის დახმარებით

გაფცქვენით ხახვი, ორად გაჭერით და ჩადეთ ძმარში. გააჩერეთ 24 საათი თბილ ადგილას. შემდეგ ერთი ფოთოლი დაიდეთ კოჟრზე და გაიჩერეთ მთელი დღე, ოღონდ დღეში 2-ჯერ გამოცვალეთ.

ნიორი მოხარშეთ რძეში და დაიდეთ. წინასწარ კოჟრიანი ფეხი დაილბეთ სოდიან წყალში.

ძილის წინ დაილბეთ ფეხები ცხელი წყლის აბაზანაში, შემდეგ დაჭერით ლიმონი ისე, რომ ქერქს ჰქონდეს რბილობიც და რბილობიანი მხრიდან დაიდეთ კოჟრზე. შეიხვიეთ და გაიჩერეთ 24 საათი. 2 დღის შემდეგ გაიმეორეთ პროცედურა.

ღამე კოჟრზე დაიდეთ ალოეს ფოთოლი და შეიხვიეთ.

ჭიქაში ჩაასხით ძმარი და მასში ჩადეთ ახალი კვერცხი. 8 დღის შემდეგ კვერცხი მთლიანად გაიხსნება. მიღებულ მალამო წაისვით მხოლოდ კოჟრზე და შეიხვიეთ.

ექიმი თამარ მამაცაშვილი