სენსაციური აღმოჩენა რუსთავში: უძველესი სასახლის "საიდუმლოება" - "მირიან მეფის შვილიშვილმა გადმოაგდო რუ და არხში გაუშვა - ამიტომაც ჰქვია რუსთავი"
რუსთავში, მტკვრის ხეობაში, აღმართულ მაღლობზე არქეოლოგები დიდგვაროვანთა ციხესიმაგრესა და მის უძველეს სასახლეს სწავლობენ, დაახლოებით 12 საუკუნის წინ აშენებულს და თითქმის 18000 კვმ ტერიტორიაზე გადაჭიმულს. მათ აქ მდიდრული ოთახების, ვრცელი კორიდორებისა და კომფორტული აბანოების კვალი ხვდებათ, ასევე უნიკალური წყალგაყვანილობა, აგურის წყალსაცავები, ნატიფი და მდიდრული ჭურჭელი საუცხოო მხატვრობით. საბოლოო ჯამში ყველა ნიშანი იმისა, რომ ჩვენ არასოდეს ვიყავით ღატაკები და უნიჭოები, და თუ მოვინდომებთ, უკეთესები ვიქნებით.
ამ მშვენიერ ამბებთან ერთად კიდევ ერთი კარგი ამბავიც არის - სასახლის კვლევა გაგრძელდება და კიდევ მეტი აღმოჩენა გველის. რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის ნაზი პაჭიკაშვილის თქმით, "მტკვრის გორაკზე" სასახლის კვლევას რუსთავის მერია უდგას მხარში და მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება. არქეოლოგი მათე ახალია კი რუსთავის სასახლის თითქმის დაუჯერებელ ამბებს გვიყვება. დაუჯერებელია, აბა, რა: პირდაპირ წყალშია აღმართული და დღემდე მოღწეული თითქმის 1200 წლის სასახლე, სინატიფით, სიმდიდრითა და სიყვარულის ლეგენდებით გაჟღენთილი.
- როგორ მოხდა, რომ მდინარის პირას აგებულმა სასახლემ დღემდე მოაღწია?
- მშენებელთა ოსტატობის წყალობით. საისტორიო წყაროებით რუსთავი უძველესი და უმდიდრესი ქალაქია და ამიტომაა მისი სასახლეც ასე მდიდარი. სწორედ რუსთავში ისვენებდნენ მთელ დედამიწაზე მიმავალ-მომავალი ქარავნები. ეს შემოსავალი რუსთავში მიდიოდა და სიმდიდრე იმ დროისთვის არც არის გასაკვირი. არც მისი უნიკალური არქიტექტურა, ხალხს მშენებლობისთვის საჭირო ფული ჰქონდა, მიდიოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და იქიდან ცოდნაც მოჰქონდა, მათ შორის, სამშენებლოც. რუსთავის სასახლე აღმოსავლური არქიტექტურის ნიუანსებით არის აშენებული, შემოსაზღვრულია მტკვრის ჭალებით, სადაც მშვენიერი ხედებია. მისი მშენებლობა IX საუკუნეშია დაწყებული. დასავლეთიდან მტკვარი ჩამოუდის, დანარჩენი სამი მხრიდან კი მტკვრიდან გადმოგდებული წყალია, რომელიც მერე სარწყავი არხებით უზარმაზარ ტერიტორიებს რწყავს. ამ ადგილის არხი ახლანდელი არ გვეგონოს, პირიქით, უძველესია და თვით მირიან მეფის შვილიშვილმა, თრდატმა ააშენა IV საუკუნეში. მან გააყვანინა ამ ადგილას არხი, გადმოაგდო რუ და არხში გაუშვა გარშემო ტერიტორიების სარწყავად. ამიტომაც ჰქვია რუსთავი. ასე მოხდა იმიტომ, რომ როგორც ახლა, უწინაც რუსთავი და მისი მიმდებარე მიწები ურწყავი იყო. ამას მეცნიერთა დიდი ნაწილი ვარაუდობს.
- რას ბრძანებთ, ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაკეთდა რუსთავში სარწყავი არხი?!
- დიახ. ზოგი მეცნიერის აზრით, ამ ადგილებში არხი მანამდეც იყო, სანამ უფლისწული თრდატი მშენებლობას დაიწყებდა. რუსთავში არ იყო წყალი, წყლის გარეშე არ იყო მოსავალი და აქაურებს არხი სულ ჰქონდათ, რკინის ხანაშიც კი... მოკლედ, თრდატმა არხი ააშენა და რუსთავი და მისი მიმდებარე მიწები გაანოყიერა, უფრო მიმზიდველი გახადა მოგზაურთათვის. შემდეგ ამ მდიდარ ქალაქში დიდებული სასახლეც აშენდა. უკვე იმ დროს, როდესაც თბილისში არაბები ისხდნენ და რუსთავიც მათ განკარგულებაში იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სასახლე არაბებს ეკუთვნოდათ. კი, მის მშენებლობაში აღმოსავლური არქიტექტურის დეტალები, აღმოსავლურ ყაიდის ნაკეთობებიც ჰქონდათ, მაგრამ სუფთა ქართულ კერამიკასაც ამზადებდნენ. ჩვენ ხომ მუდამ ვსწავლობდით უამრავი ხალხისგან მერე ამ ცოდნას ვაქართულებდით.
ჯერჯერობით დაახლოებით 500 კვ მეტრი გავთხარეთ, სადაც კიბითა და კორიდორებით შვიდ ვრცელ ფანჯრებიან ოთახში გადიხარ. იქვეა აბანოებიც.
- რა გასაკვირია, რომაული აბანოები ჯერ კიდევ რა დროიდან გვქონდა, ცივილიზებულიც და ჰიგიენურებიც რომის გავლენით ბევრად ადრე ვიყავით, ვიდრე აღმოსავლეთი.
- რა თქმა უნდა, სხვანაირად ვერ იქნებოდა. მერე მოვიდა აღმოსავლეთის გავლენები, რომლისგანაც ასევე შევითვისეთ სილამაზე. სასახლეში ნატიფი მოჭიქული ფერადო ჭურჭლის ნაშთები აღმოვაჩინეთ, მათ შორის მოხატულებიც. წარმოიდგინეთ, ფანჯრებზე შუშებიც კი ჰქონდათ.
- შუშიანი ფანჯრები IX საუკუნეში?
- დიახ. სასახლეში ლურჯი, მწვანე, ღვინისფერი მინის ორნამენტირებული სარკმლის ფრაგმენტები და ალებასტრის ჩარჩოები აღმოვაჩინეთ. ისევე როგორც ჭურჭელზე, მწვანე და ლურჯი მინის ფრაგმენტები ვიპოვეთ. სასახლეში ორი ეპოქის ჭურჭლის ფრაგმენტებია. ერთი IX-XI, შემდეგ XII-XIII საუკუნეების. გვიანდელზე წყვილია გამოსახული ქორწინების დღეს. ეს სიყვარულის გაღმერთების ეპოქა გახლდათ.
რუსთავის ნაქალაქარზე არის კერამიკის გამოსაწვავი ქურები და გამოწვის ხელსაწყოები. მაგალითად, ვიპოვეთ ორი ბორჭყი - კერამიკის საწვავი ატრიბუტი, დაახლოებით "მერსედესის" ფირმის ავტომანქანების ნიშანს მოგვაგონებს ფორმით. მას სამი ფეხი აქვს და თიხის ჭურჭლებში ატანდნენ გამოწვისას, რათა დატანებული ფერები დაეცვათ. სასახლის ჭურჭლის მოჭიქვისთვის საჭირო მასალა რუსთავთან, იაღლუჯის ქედზე იყო, ჩამოიტანდნენ და ამზადებდნენ სასახლისათვის საგანგებოდ, ხატავდნენ უამრავ მოზაიკას, რომელთაგან, ალბათ, ბევრი გაქრა, ფრაგმენტები კი დღემდე მოვიდა, მათ შორის სამოსით შემკული ადამიანების მოზაიკებიც. მოზაიკებზე ქალებს ფერადი სამოსი აცვიათ, აღმოსავლური გავლენა დიდად არ ჩანს, მამაკაცების სამოსში კი ნამდვილად არის.
- კიდევ რა არის საინტერესო რუსთავის სასახლის არქიტექტურაში?
- უამრავი რამ, რაც ამ სასახლეს, მთელ მის შემოგარენს ულამაზეს სანახაობად აქცევს. მათ შორისაა აგურით ნაგები ჭები - წყალსაცავები, რომლებიდანაც ერთ-ერთს ახლა ვთხრით. რუსთავის სასახლის კვლევა გრძელდება და წინ კიდევ ბევრი საინტერესო აღმოჩენა გველის.