"გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, თურქი ნაციონალისტები იმ აფხაზ ოპოზიციონერებს იყენებენ, რომლებიც მზად არიან ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფისათვის, თუ - კვირის პალიტრა

"გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, თურქი ნაციონალისტები იმ აფხაზ ოპოზიციონერებს იყენებენ, რომლებიც მზად არიან ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფისათვის, თუ ანკარისგან სარგებელს მიიღებენ" - ვინ დგას აფხაზეთში საკათედრო მეჩეთის მშენებლობის უკან?

ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი მეჩეთის მშენებლობა დაიწყო. გაცხადდა, რომ ეს იქნება პირველი საკათედრო მეჩეთი "რესპუბლიკაში". ამ საკითხზე ხმაური ატყდა მას შემდეგ, რაც გუდაუთის იმამმა ალხას ნინბამ მშენებლობის ფონზე ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ გუდაუთაში­ 1450 კვმ-ზე პირველი საკათედრო მეჩეთი­ შენდება, საძირკველი უკვე ჩაყრილია შემოწ­ირულობებით და სამუშაოს გასაგრძელებლად მორწმუნეებს მოუწოდებს შემოწირულობები გააგრძელონ. ვიდეომიმართვისას იმამის გვერდით დგას სალაფიტი შეიხი რუსტამ ალიევი (რუსტამ აბუ იბრაჰიმი), რომელიც მორწმუნეებს არაბულ და რუსულ ენებზე მოუწოდებს გაიღონ თუნდაც მცირედი შემოწირულობა და მონაწილეობა მიიღონ აფხაზებისთვის ამ უდიდეს პროექტში, სადაც იქნება წმინდა ლოცვა და ბავშვებს ყურანს შეასწავლიან. ამბობს, რომ ხშირად ჩამოდის­ აფხაზეთში და კარგი ურთიერთობა აქვს აფხაზ მორწმუნე ძმებთან. სალაფიტი შეიხის გამოჩენამ­ აღაშფოთა აფხაზები, რომ რადიკალი ისლამი­სტები აშენებენ მეჩეთს აფხაზეთში, რასაც არ დაუშვებს არც აფხაზეთი და არც რუსეთი... ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში მხოლოდ ორი მეჩეთია, სოხუმსა და გუდაუთაში, რომლებიც კერძო სახლებშია განთავსებული, ახლა კი გუდაუთაში იგეგმება პირველი დიდი მეჩეთის აგება, საკათედრო სტატუსით.

ადგილობრივი ტელეგრამარხები "სოვმინი" და "ინსაიდერ აბხაზია" წერენ, რომ ტრადიციული ისლამის მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი­ აფხაზები არ არიან, თუმცა როგორც მიმართვიდან ჩანს, გუდაუთაში უდიდესი მეჩეთის მშენებლობის უკან სალაფიტები დგანან.

ტელეგრამარხების მტკიცებით, რუსტამ აბუ იბრაჰიმი ფუნდამენტალიზმის მხარდამჭერი და პროთურქი რადიკალია. ის მონაცვლეობით­ ცხოვრობს სტამბოლში, ჯიდასა და დუ­ბაიში.­ სწავლობდა საუდის არაბეთის ვაჰაბიტურ უნივერსიტეტებში და თავს მიიჩნევს­ სალაფიზმის, რადიკალი მუსლიმანების მხარდამჭერად და ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიმდევრად, რომლებიც ძალადობრივად ცდილობენ "განდგომილი" რეჟიმების დამხობას. ის რეგულარულად აქვეყნებს ვიდეომასალებს სალაფიტურ შალყაფთუბე-ზე.

გამოცემა "სოვმინის" ცნობით, აფხაზეთი­ მრა­ვალი კულტურის, რელიგიის სახ­ლია და აქ ქრისტიანები, მუსლიმანები და ებრაელები საუკუნეების განმავლობაში თანაცხოვრობდნენ. თუმცა აბუ იბრაჰიმი­ ამ აზრს არ იზიარებს და ტელეგრამარხზე მოუწოდებს მსმენელს დაირაზმონ ქრისტიანების, შიიტებისა და ებრაელების წინააღმდეგ...

გამოცემის ცნობით, თურქეთი სალაფი­ტებსა და ისლამისტ რადიკალებს რეგიონში გავლენისთვის იყენებს, მათ შორის აფხაზე­თში: "ანკარა ცდილობს აფხაზეთში­ იდეოლოგიური კონტროლის დამყარებას, რათა განახორციელოს ნეოოსმალური გეგმები. თურქული ფონდები აფინანსებენ მეჩეთების მშენებლობას, ავრცელებენ სალაფიტურ ინტერპრეტაციებს, რაც ეწინააღმდეგება აფხაზეთის მუსლიმანურ ტრადიციებს".

ტელეგრამარხ "ინსაიდერ აბხაზიის" ცნობით, თურქეთი აქტიურად იყენებს რელიგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებებს თავისი ინტერესებისა და გლობალური­ გავლენების გასაფართოებლად. მსოფლიო მასშტაბით შექმნილია ათასობით ისლამური სკოლა, რომელთა მიზანია რადიკალური ისლამური ღირებულებების გავრცელება თურქულ ნაციონალიზმთან ერთად: "2015 წლის თებერვლიდან აფხაზეთში მოქმედებს თურქული ფონდი "სადაკატაში". ამ ორგანიზაციის პოზიციებს ლობირებენ "აფხაზეთის მუსლიმანთა გაერთიანებული სულიერი ადმინისტრაციის" ყოფილი თავმჯდომარე სალიჰ კვარაცხელია და ხაჯიმბისტი, ოპოზიციონერი და პრემიერ-მინისტრის ყოფილი მოვალეობის შემსრულებელი შამილ აძინბა. "სადაკატაშის" ფონდის ოფიციალური მიზანია ახლო აღმოსავლეთში, ძირითადად, სირიაში მცხოვრები მუჰაჯირების შთამომავლების აფხაზეთში დაბრუნების ხელშეწყობა. თურქული ბიზნესების მიერ დაფინანსებული ფონდი ავრცელებს ლიტერატურას, რომელიც ხშირად შეიცავს ექსტრემისტულ ტექსტებს".

არხი ამტკიცებს, რომ თურქეთი იყენებს­ ეთნიკურ კავშირებს აფხაზურ და ჩერქეზულ დიასპორებთან და უშედეგოდ ცდილობს აფხაზეთში რუსული ყოფის განდევნას ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და რელიგიური ლიდერების მხარდაჭერის მეშვეობით.„"გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, თურქი ნაციონალისტები აფხაზ ოპოზიციონერებს იყენებენ - ადგურ არძინბას, ახრა ბჟანიასა და ლევან მიქაას, რომლებიც მზად არიან ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფისათვის, თუ ანკარისგან სარგებელს მიიღებენ", - აღნიშნავს გამოცემა.

„სალაფიტები მეჩეთს ვერ ააშენებენ!“

მამუკა არეშიძე, კავკასიოლოგი: - 2000-იან წლებში აფხაზეთის მუსლიმანურ თემი 300-მდე კაცისგან შედგებოდა და მათ შორის იყვნენ თურქეთიდან, სირიიდან და იორდანიიდან დაბრუნებული აფხაზი რეპა­ტრიანტები. იყო ჩრდილოკავკასიელების მცირე ნაწილიც, რომლებიც ომის შემდეგ სოხუმში დარჩნენ. ახლა ეს თემი უფრო გაზრდილია. ნოვრუზ-ბაირამზე­ სოხუმში 1000 კაცამდე იყრის თავს. სტატისტიკური მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მუსლიმანი მოსახლეობა დაახლოებით 16%-ია, თუმცა ახლა დაემატათ შუა აზიიდან ჩამოსული მუშახელიც. მაშინ ჩამოსული რეპატრიანტები ტრადიციული ისლამის მიმდევრები იყვნენ და პრობლემას არ ქმნიდნენ. სიტუაცია შეიცვალა 2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან. 2007 წელს გუდაუთაში მოკლეს აფხაზეთში იმამად აღიარებული ჰამზათ გიცბა. ის თავის დროზე კრივში საქართველოს ჩემპიონი იყო. 1994 წელს მონაწილეობდა ჩეჩნეთის პირველ ომში, შემდეგ თურქეთში ამოყო თავი. ის მუსლიმი ოჯახიდან იყო, მაგრამ განსაკუთრებული რელიგიურობით არ გამოირჩეოდა. 1996 წელს თურქეთელმა ჩეჩნებმა ტრაპიზონში გაიტაცეს თურქული ბორანი "ევრაზია", თავისი 200-მდე მგზავრით, რომელთა უმეტესობა რუსეთის მოქალაქე­ იყო. ითხოვდნენ, რომ რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებიდან ჯარი გაეყვანა. გამტაცებლები 2-დღიანი მოლაპარაკების შემდეგ თურქეთის სამართალდამცველებს ჩაბარდნენ. მათ შორის იყო ჰამზათ გიცბაც. ყველას­ 15 წლით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ერთი წლის შემდეგ გიცბა­ თურქეთის ციხიდან გაიქცა. თურქული ციხიდან გაქცევა კი ძალიან საეჭვოა, ის გააქციეს შესაბამისი დავალების შესასრულებლად. ის აფხაზეთში დაბრუნდა, გუდაუთის ისლამის მიმდევართა ხელმძღვანელი გახდა და სალაფიტური ქადაგებები დაიწყო. როგორც ჩანს, ხელცარიელი არ ჩამოსულა, რადგან თემი ფინანსურად გაძლიერდა. რუსებისთვის სალაფიტური მოძრაობა მიუღებელი იყო და ერთ მშვენიერ დღეს სოჭიდან მანქანით გადმოვიდა ორი კაცი და დღისით საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილეს გიცბა. იმთავითვე ცნობილი გახდა მანქანის ნომერი,­ ყველამ იცოდა,­ რომ ლიკვიდაცია რუსეთის სპეცსამსახურების ოპერაცია იყო. რუსეთის აფხაზეთში რადიკალუ­რი ისლამის გაძლიერება არ აწყობს და ცდილობს ჩანასახშივე მოსპოს.­

ნებისმიერი რეპატრიანტი ან თურქეთში ნამყოფი ადამიანი, რომელიც ჩანდა, რომ თურქულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა, რუსეთისთვის იყო საფრთხობელა, რადგან მიიჩნევა, რომ ისინი აფხაზეთში თურქული გავლენის გაძლიერებას ცდილობენ. რუსებს­ აფხაზების თურქეთთან ურთიერთობა ძალიან­ აშფოთებთ, თან იციან, რომ აფხაზი მუჰაჯირების დიდი დიასპორაა თურქეთში და ამიტომაც აფხაზეთში არაფერი თურქულის გაჭაჭანება­ არ უნდათ. რუსებმა 2008 წლიდან­ თურქული გავლენის წინააღმდეგ­ ბრძოლა დაიწყეს. მაგალითად, ტყვარჩელში ქვანახშირის საბადოებზე ორი თურქული ფირმა მუშაობდა და ორივე დაახურვინეს, დახურეს 3-4 თურქული სკოლაც. ანტითურქული ბრძოლა ახლაც გრძელდება და წელს დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის გასაშავებლად გამოიყენებოდა პროთურქობის დაბრალება. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან მიქაა შემჩნეულია თურქულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში და ამიტომაც გაუუქმა მას რუსეთის მოქალაქეობა მოსკოვმა. რაც ახლა აფხაზეთში ხდება, იმ პოლიტიკის ნაწილია, რომლის გატარებასაც თურქეთი ცდილობს მიმდებარე ტერიტორიებზე, რათა გააძლიეროს გავლენა. თუ ადრე ამას ფეთჰულაჰ გიულენის ხელით აკეთებდა, ახლა თავად სახელმწიფოა ამაში ჩართული...

მიუხედავად აკრძალვისა, აფხაზეთში რამდენიმე თურქული ჰუმანიტარული ორგანიზაცია მაინც მუშაობს, ერთ-ერთთან თანამშრომლობაში შემჩნეულია სოხუმის მეჩეთის იმამი სალიჰ კვარაცხელია, რომელიც აფხაზეთში მუსლიმანური სამმართველოს უფროსი იყო და გადააყენეს სწორედ იმიტომ, რომ თურქულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაშია შემჩნეული. ახლა სამმართველოს უფროსი და სოხუმის მუფთი თემურ ძიბაა, რომელიც მოსკოვის უსაფრთხოების სამსახურის მორჩილია. სალიჰ კვარაცხელია ტრადიციული ისლამის მიმდევარი იყო, თუმცა ეტყობა მოახერხეს რადიკალურ ისლამზე გადაყვანა, რასაც დანარჩენ საქართველოშიც ვხედავთ... სალიჰზეც მოხდა თავდასხმა, თუმცა ამ თავდასხმის დროს დაჭრეს და ამის მერე უფრო მორჩილი გახდა.

ასევე მოკლეს გუდაუთის განყოფილების უფროსი ჩაჩმან-ოღლი. ამ მკვლელობას უფრო რელიგიურ-კრიმინალური ელფერი ჰქონდა. მაშინ აფხაზი მუსლიმანი სასულიერო პირები ფინანსურად ძალიან გაძლიერდნენ, წილებზე ჰქონდათ დავა. თავდასხმები შემდეგაც იყო გავლენების გადანაწილებისთვის და არა რელიგიურ ნიადაგზე. დე ფაქტო ხელისუფლება ამ თემებით მაინცდამაინც არ ინტერესდება, რადგან მუსლიმანების რიცხვი აფხაზეთში მცირეა და თან ისლამიზმი აფხაზებისთვის მაინც უფრო ტრადიციაა, ვიდრე რელიგია.

- სალაფიტები ააშენებენ მეჩეთს?

- ვერ ააშენებენ. ეს გამორიცხულია, ამას რუსეთი არ დაუშვებს. რუსტამ აბუ იბრაჰიმი რადიკალური ისლამისტია. ორი ვარიანტია: ის ან შესაბამისი სტრუქტურების გამოგზავნილია, რათა აფხაზეთში შექმნას სალაფიტური უჯრედი, ან ადგილობრივმა სალაფიტებმა მოიწვიეს, რომ თურქული ფული მიიზიდონ მეჩეთის ასაშენებლად. ერთი შეხედვით მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ არის, მაგრამ თუ ტრადიციული მეჩეთი უნდოდათ, აქამდე აეშენებინათ. მიუხედავად იმისა, რომ საძირკველი­ ჩასხმულია, მეჩეთს არ ააშენებინებენ. აფხაზეთში არ არის იმხელა მუსლიმანური თემი, რომ მეჩეთის აშენების სურვილი გაიტანონ. მუსლიმანების უმეტე­სობა არააფხაზია და მათ არა აქვთ გავლენა, თან რუსები­ როგორც კი გაიგებენ, რომ სალაფიტები ჩაერთვნენ ამ საქმეში, დე ფაქტო ხელისუფლებას ამის უფლებას არ მისცემენ. მერე რა, რომ საძირკველი ჩასხმულია?! აგერ ბათუმში უზარმაზარი შენობა უკვე ნაწილობრივ გადახურულიცაა გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, სადაც უამრავი მორწმუნე იკრიბება. ეს ტერიტორიაც ერთ-ერთმა რელიგიურმა ჯგუფმა იყიდა. რამდენი წელია ლაპარაკია, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს, მაგრამ არ არის. მეჩეთის წინააღმდეგი კი არ არის ვინმე ბათუმში, მაგრამ თუ საქართველოში მეჩეთი აშენდება, უნდა აშენდეს სახელმწიფოს ფულით. ასევეა ოკუპირებულ აფხაზეთშიც, იქაც დე ფაქტო სახელმწიფოს ფულით უნდა აშენდეს, თუმცა ამას აფხაზები ყასიდად ამბობენ, რადგან საამისო არც ფული აქვთ და არც სურვილი. ამბობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ტოლერანტულები გამოჩნდნენ. აფხაზეთში მეჩეთი უნდა აშენდეს თუ არა, ამას მხოლოდ მოსკოვი გადაწყვეტს. მას მერე, რაც აბუ იბრაჰიმი გამოჩნდა მეჩეთის მშენებლობის საქმეში, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მშენებლობის ამბავი დაიხურება.

ეკატერინე ბასილაია