რომელ რომაელ იმპერატორს ჰგავს დონალდ ტრამპი?! - "ის თავის მტრებს სტუმრად იწვევდა, მათ ოთახში შესვლისას ჭერიდან ვარდების იმდენ ფურცლებს აყრიდა, რომ ისინი იგუდებოდნენ"
ბრიტანული „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) საკვირაო ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რომელ რომაელ იმპერატორს ჰგავს დონალდ ტრამპი ყველაზე მეტად?“ (ავტორი - დეიზი დანი, ისტორიკოსი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
დონალდ ტრამპი რომის იმპერატორი რომ ყოფილიყო, როგორი პიროვნება იქნებოდა? კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი მერი ბირდი თვლის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ყველაზე მეტად ჰელიოგაბალუსს (ვარიუს ანტონიუსს) დაემსგავსებოდა, რომელიც რომს მესამე საუკუნეში მართავდა და რომელიც თავის მტრებს - არაკეთილმოსურნეებს - სტუმრად იწვევდა, მათ ოთახში შესვლისას ჭერიდან იმდენ ვარდის ფურცლებს აყრიდა, რომ ისინი იგუდებოდნენ.
რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპის შედარება ჰელიოგაბალუსთან საკმაოდ მოულოდნელ თვალსაზრისს წარმოადგენს, რადგან იგი, რომელიც სირიული წარმოშობის ოჯახში დაიბადა და რომის იმპერატორი 14 წლის ასაკში გახდა, ისეთი უცნაური ქცევებით გამოირჩეოდა, რომლებსაც დონალდ ტრამპის მოქმედებებთან არანაირი მსგავსება არ აქვს.
თუმცა მერი ბირდისეულ შედარებას მაინც აქვს გარკვეული საფუძველი. რასაკვირველია, ვარდების ფურცლებით მტრების დახოცვა მეტაფორულია, გადმოცემებზე დამყარებული, რომ ჰელიოგაბალუსი ადამიანებს „კეთილი“, არაძალადობრივი მეთოდებით კლავდა, თუმცა იმაზეც მიგვანიშნებს, რომ იმპერატორებს არ უნდა ვენდოთ, როცა ისინი უჩვეულო ხელგაშლილობით და გულუხვობით ხვდებიან სტუმრებს.
კიდევ ვის შეიძლება შევადაროთ აშშ-ის პრეზიდენტი?
როცა დონალდ ტრამპი ქვეყნის მეთაურის პოსტზე პირველად, 2016 წელს აირჩიეს, ვთქვი, რომ იგი კალიგულას ჰგავს - დესპოტ იმპერატორს, რომელმაც თავისი ცხენი კონსულად გამოაცხადა (თუმცა ამბობენ, რომ იგი ამით მხოლოდ დაიმუქრა). როცა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადა დასასრულს მიუახლოვდა, იგი სულ უფრო მეტად მოგვაგონებდა ნერონს, რომელიც, როგორც ამბობენ, მუსიკით ერთობოდა, როცა რომი იწვოდა და საკუთარი თავი მსახიობად და მომღერლად მიაჩნდა. თუ თქვენ გინახავთ დონალდ ტრამპის ოვალური კაბინეტის განახლებული ინტერიერი, მაშინ დამეთანხმებით, რომ მასში ნამდვილად არის რაღაც, ნერონისებური გემოვნება.
ალბათ, არც ერთი ასეთი შედარება თვითონ დონალდ ტრამპს არ მოეწონება, რომელიც, ისტორია რომ კარგად იცოდეს, თავის თავს უეჭველად ახალ ოქტავიანე ავგუსტუსად წარმოიდგენდა. რომის პირველმა იმპერატორმა გაიუს ოქტავიანემ შეწყვიტა ის უწესრიგობა, რომელიც სამოქალაქო ომებით იყო გამოწვეული, მისმა მმართველობამ დასაბამი მისცა შედარებით მშვიდობიან ერას („ოქროს საუკუნეს“), რომელიც „პაქს რომანას“ (რომაული მშვიდობის) სახელითაა ცნობილი. ამასთან, რა თქმა უნდა, ნობელის პრემიის მიღებაზე იგი პრეტენზიებს არ აცხადებდა.
ასევე დაგაინტერესებთ: მსოფლიოს ახალი "დირექტორი": რატომ დაიბარა სი ძინპინმა პუტინი, კიმ ჩენ ინი და ლუკაშენკო პეკინში?! - რა ჩაიფიქრა ჩინეთის ლიდერმა
„ფეთქებადსაშიში ხმები: კაცი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის დაუპირისპირდება" - Bild
თუმცა მე დონალდ ტრამპს - მეორე პრეზიდენტობის დროს - უფრო დომიციანესა და კარაკალას ჰიბრიდად ჩავთვლიდი. კარაკალა რომის იმპერატორი ჩვენი წელთაღრიცხვით 198 წელს გახდა და მკაცრ წმენდებს ატარებდა, მოსახლეობის კონტროლის მიზნით. იგი თავის ჯარისკაცებს ფულს გულუხვად აძლევდა, ასევე, რომის მოქალაქეობას ყოველ თავისუფალ ადამიანს ანიჭებდა. დონალდ ტრამპსაც აქვს მსგავსი მცდელობები - იგი ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასებს უმატებს, ამერიკელ საზოგადოებას უცხოელი მიგრანტებისგან წმენდს და უცხოური ქვეყნების ამერიკანიზებას ცდილობს.
დომიციანე, რომელიც რომს პირველი საუკუნის დასასრულს მართავდა, ამბობენ, იმით ერთობოდა, რომ თავისუფალ დროს ბუზებს ხოცავდა. მან რომიდან ის ადამიანები გააძევა, რომელთა თვალსაზრისს ის არ ეთანხმებოდა, განსაკუთრებით - სტოიციზმის მიმდევარი ფილოსოფოსები (სხვათა შორის, თეთრი სახლიდან გაგდებულ ილონ მასკს ძალიან მოსწონს მარკ ავრელიუსი, რომელიც ავტორია დღიურებისა „სტოიკოსის ფიქრები“). მიუხედავად იმისა, რომ დომიციანემ აღადგინა რომაელი ქურუმი ქალების - ვესტალების - ცოცხლად დამარხვის უკვე მოძველებული ტრადიცია, მას აქებდნენ მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების გამო.
შეგვიძლია შედარებები გავაგრძელოთ, ვიდრე დონალდ ტრამპი უპროგნოზო ავტოკრატს არ დაემსგავსება. ასეთი ანალოგებიც მოიძებნებიან რომის ისტორიაში. ახლაც მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ ამერიკა, მისი ეგიდით, დაცემას აგრძელებს. ზოგიერთი თვალსაზრისით, ტრამპისეული ამერიკა რომის იმპერიას კი არ ჰგავს, არამედ - უფრო მეტად რომის რესპუბლიკას, რომელიც კრახის წინაშე დგას და ბალანსს დიდი გაჭირვებით ინარჩუნებს.
თუ დონალდ ტრამპისა და რომაელი იმპერატორების ერთმანეთთან შედარებას რაღაც აზრი და მიზანი აქვს, ის უფრო იმით გამოიხატება, რომ ხაზი გაესვას პრეზიდენტის იზოლირების საფრთხეს: კალიგულა, დომიციანე, კარაკალა და ჰელიოგაბალუსი - ყველა მათგანი მოკლეს. თუ დონალდ ტრამპი შეძლებს და რომის ისტორიიდან რაღაც სასარგებლო გაკვეთილს და გამოცდილებას მიიღებს, ეს იქნება ის, რომ მას [ყველა] დიდი პატივით მოეპყროს - ისე, როგორც უპირველესს თანასწორებს შორის.