როგორ დააკარგვინა ცოლი სერგო ორჯონიკიძის "ორეულმა" ქართველ პრინცს - გიორგი მაჩაბლის ბიზნეს-იმპერიის დასასრულის დასაწყისი - კვირის პალიტრა

როგორ დააკარგვინა ცოლი სერგო ორჯონიკიძის "ორეულმა" ქართველ პრინცს - გიორგი მაჩაბლის ბიზნესიმპერიის დასასრულის დასაწყისი

ისტორიულ თემებზე წერა ძალზე საინტერესო და შრომატევადია, თან ამ დროს ერთი დიდი „საფრთხე“ იმალება: წარსულის ფურცლები თანდათან მორევივით ჩაგითრევს და რაც უფრო უღრმავდები საქართველოს უახლესი ისტორიის (ჩვენს შემთხვევაში, უპირველესად სპეცსამსახურების) საკითხებს, სულ უფრო ახალ-ახალი, სრულიად შეუსწავლელი „პლასტები“ იხსნება. უნდა ვაღიარო: უცნობ მოვლენებსა და ფაქტებში გარკვევის სურვილი იმდენად დიდია, რომ ხშირად წერტილის დასმაც ჭირს. ამ დროს ბლოგის ფორმატიც უნდა გაითვალისწინო და ძალიან არ უნდა გადაღალო მკითხველი. სწორედ ანალოგიურ „პრობლემასთან“ გვაქვს საქმე, როდესაც დიდი პატრიოტისა და წარმატებული ბიზნესმენის, გიორგი მაჩაბლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სიღრმისეულ შესწავლა/ანალიზს ცდილობ. ქართველ ისტორიკოსებსა და ბიოგრაფებს გ. მაჩაბლის ცხოვრება (განსაკუთრებით, „ამერიკული პერიოდი“ - 1923-1935 წლები) ძალზე ზედაპირულად აქვთ შესწავლილი: პატრიოტი ქართველი თავადი, დიპლომატი, იტალიელი მსახიობი მეუღლე - მომხიბლავი ნორინა ჯილი; წარმატებული ბიზნესმენი; პარფიუმერული ლეგენდის („პრინცი მაჩაბელი“) შემქმნელი, მილიონერი; ფილტვების ანთება; მზრუნველი ნორინა ჯილი მის სასთუმალთან; მოულოდნელი გარდაცვალება და ა.შ. - ამგვარი კლიშეები ბატონობს გ. მაჩაბლის დღემდე არსებულ ბიოგრაფიულ ნარკვევებში.

ამ დროს კი სრულიად შეუსწავლელია მისი პირადი ცხოვრების უკანასკნელი პერიოდი (1931-1935 წლები): სწორედ მაშინ იმყოფებოდა

გ. მაჩაბელი უდიდეს მორალურ-ფსიქოლოგიურ კრიზისში, რომლის გამომწვევმა ფაქტორებაც განაპირობა შემდგომ მისი წარმატებული კომპანიის კრახი (აწყობილ-„დაქოქილი“ ბიზნესის გაყიდვა 1936 წელს „პრინცესა“ ნორინა ჯილი-მაჩაბლის მიერ). კომპანია Prince Matchabelli Perfumery-ის გაყიდვების სტაბილური ზრდა კარგად ჩანს ამ დიაგრამაზე და ამ პირობებში, ბაზარზე უკვე ძალზე კარგად ცნობილი და წარმატებული

picture8-1756793193.jpg

დიაგრამა აღებულია ჟურნალ Cosmetic and skin-დან

კომპანიის გაყიდვა უდიდესი შეცდომა გახლდათ. რა იყო ამის მიზეზი? რატომ და როგორ გაყიდა გიორგი მაჩაბლის ყოფილმა ცოლმა (ისინი ხომ 1933 წელს ოფიციალურად განქორწინდნენ) „პრინცესა“ ნორინა ჯილი-მაჩაბელმა Prince Matchabelli Perfumery-ის აქციების საკონტროლო პაკეტი? სანამ ამ საინტერესო კითხვას პასუხი გაეცემა, გასული საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისის საბჭოთა კავშირში გადავინაცვლოთ.

1928 წელს იოსებ სტალინის ხელმძღვანელობით დამტკიცდა ე.წ. ინდუსტრიული გეგმა, რაც სსრკ-ში მძიმე მრეწველობის (მეტალურგია, ენერგეტიკა, მანქანათმშენებლობა, სამხედრო მრეწველობა და ა.შ.) მოდერნიზაცია/შექმნას ისახავდა მიზნად. თუმცა კომუნისტ-ბოლშევიკებს ერთი „პატარა“ პრობლემა ჰქონდათ: სანამ საკუთარ ინდუსტრიულ ბაზას შექმნიდნენ, მანამდე აუცილებლად უნდა შეეძინათ უცხოური ტექნოლოგიები და მანქანა-დანადგარები, ამას კი მყარი ვალუტა (აშშ დოლარი, ბრიტანული ფუნტი, გერმანული მარკა) სჭირდებოდა, რადგან საერთაშორისო ვაჭრობაში საბჭოთა რუბლი არ ფასობდა. რა ფინანსური წყაროებით აფინანსებდა სტალინი პირველ ხუთწლედებს? ნორმალურ ქვეყნებში უცხოური ვალუტის შემოდინების ძირითადი წყარო ყოველთვის ექსპორტია. ამიტომ უცხოური ვალუტის მისაღებად საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო მის ხელთ არსებული ბუნებრივი რესურსების: მარცვლეულის, ნავთობის, ხე-ტყისა და ოქროს მასშტაბური ექსპორტი. არსებობს საარქივო დოკუმენტები (მაგ. სტალინ-კაგანოვიჩის მიმოწერა 1931-1935 წლებში), საიდანაც ირკვევა, რომ პირადად სტალინი უწესებდა რესპუბლიკებსა და ოლქებს ხორბლის ჩაბარების გეგმებს. „სტალინური გეგმის“ შეუსრულებლობა სიკვდილის ტოლფასი იყო, ამიტომაც მინიმუმამდე შეამცირეს ხორბლის შიდამოხმარება და მაქსიმალურად გაზარდეს ხორბლის ექსპორტი. ამან კი უზარმაზარი შიდადეფიციტი შექმნა. 1932-1933 წლებში შიმშილის გამო, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და სხვა რეგიონებში 7-10 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

picture7-1756793193.jpg

ნორინა ჯილი და გიორგი მაჩაბელი. სავარაუდოდ, 1930 წელი.

1930-იანი წლების დასაწყისში გაუფასურებული რუბლი (რაც იმპორტს აძვირებდა) და ექსპორტზე დამოკიდებულება აიძულებდა საბჭოთა ხელისუფლებას, სავალუტო შემოსავლების შევსების სხვადასხვა გზა ეძებნა. ერთ-ერთი ასეთი გზა კულტურული ფასეულობების (სამუზეუმო ექსპონატების, იშვიათი წიგნების, ხელოვნების შედევრებისა და ძვირფასი ანტიკვარული ნივთების) და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილი ხატებისა და ძვირფასი საეკლესიო ნივთების მსოფლიოს სხვადასხვა აუქციონზე გაყიდვა იყო.

ამასთან ერთად, პოლიტბიუროს (ანუ სტალინის) საიდუმლო გადაწყვეტილებით, საბჭოთა სპეცსამსახურებს დაევალათ მდიდარი რუსი და კავკასიელი ემიგრანტების სიკვდილის შემდეგ დარჩენილი უძრავ-მოძრავი ქონებისა და ანაბრების საბჭოთა კავშირისთვის გადაცემის საკითხების ნებისმიერი ფორმით მოგვარება.

გიორგი მაჩაბლის გარდაცვალება საბჭოთა რეჟიმისთვის რამდენიმე გარემოების გამო იყო ხელსაყრელი:

1. ისინი სამუდამოდ თავიდან იცილებდნენ შეურიგებელ და აქტიურ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, რის შედეგადაც ქართული ემიგრაცია პოლიტიკურ-ინტელექტუალურად სერიოზულად დასუსტდებოდა;

2. ქართული ემიგრაციისთვის გ. მაჩაბლის ფინანსური დახმარება შეწყდებოდა;

3. ამასთან ერთად, საბჭოთა ხელისუფლება მიიღებდა მნიშვნელოვან წილს გ. მაჩაბლის მემკვიდრეობიდან (უძრავ-მოძრავი ქონება, ანაბრები, აქციები და სხვ.).

ასე რომ, როგორც იტყვიან: „ჩიტი ბდღვნად ღირდა“. გ. მაჩაბელი მართლაც ბუნებრივი სიკვდილით რომ გარდაცვლილიყო, ზემოჩამოთვლილ „ბონუსებს“ მოსკოვი მაინც მიიღებდა, ხოლო, თუ მის გარდაცვალებას საბჭოთა სპეცსამსახურები „დააჩქარებდნენ“, ამ „ბონუსებს“ ბოლშევიკები უფრო ადრე მიიღებდნენ. როგორ ფიქრობთ, რომელ ვარიანტს აირჩევდა „კრემლი“? - ნამდვილად გამოიცანით: დიქტატორულ რეჟიმს საარსებოდ მყარი ვალუტა სასწრაფოს სჭირდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ:ვინ მოკლა ქართველი პატრიოტი და ბიზნესმენი გიორგი მაჩაბელი?! - სტალინის პირადი კილერები

ლავრენტი ბერია 1937 წელს დახვრეტას გადაურჩა?! - სტალინის კარის თამაშები ანუ ვინ აგროვებდა კომპრომატებს ლავრენტი პავლოვიჩზე?

სისხლიანი ორდენები: სტალინ-ბერიას ოპერაცია "ემიგრაციის გახრწნა" - ქართველი "ჩეკისტები" ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ

ბერიას საიდუმლო წერილი სტალინს და დიდი ბელადის პასუხი თბილისს - როგორ მტკიცდებოდა სიკვდილის ციფრები

გ. მაჩაბლის მიერ ს. კედიასთვის გაგზავნილი წერილებიდან კარგად ჩანს, თუ რა ფინანსური და ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე იდგა ის 1930-იანი წლების დასაწყისში. მსოფლიოს საფინანსო-ეკონომიკურ კრიზისს (რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა გ. მაჩაბლის ბიზნესზეც) საბჭოთა სპეცსამსახურების ღია და ფარული პროვოკაციები ემატებოდა. ამ ყველაფერს თან დაერთო სრულიად მოულოდნელი ოჯახური დრამაც: „პრინცესა“ ნორინა ჯილი-მაჩაბლის საბედისწერო გატაცება. ქვემოთ ნორინა ჯილის პირადი ცხოვრების აქამდე უცნობ, საარქივო დოკუმენტებისა და მემუარული ლიტერატურის შესწავლა/ანალიზის შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე მოგითხრობთ.

ნორინა ჯილი 1880 წლის 3 მარტს ფლორენციაში (იტალია) დაიბადა. მისი პირველი ქმარი იყო კარლ ვოლმიოლერი, კინორეჟისორი და სცენარისტი. მოგვიანებით, 1917 წელს ნ. ჯილი ცოლად გაჰყვა ხუთი წლით უმცროს ქართველ თავადს - გიორგი მაჩაბელს. ისინი ცხოვრობდნენ გერმანიასა და იტალიაში, ხოლო 1923 წლის ბოლოს აშშ-ში დასახლდნენ. ამის შემდეგ, 1931 წლამდე, მათი ცხოვრება-მოღვაწეობის ძირითადი მოვლენები და ფაქტები მეტნაკლებად ცნობილია, ამიტომ მათზე აღარ შევჩერდები.

1931 წლის შემოდგომაზე ნორინა ჯილი ნიუ–იორკში შეხვდა ირანული წარმოშობის ინდოელ მისტიკოსსა და სულიერ მოძღვარს მეჰერ ბაბას (1894–1969). ეს შეხვედრა და შემდეგ განვითარებული მოვლენები საბედისწერო აღმოჩნდა კომპანია Prince Matchabelli Perfumery-ისთვის და უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო გიორგი მაჩაბლისთვისაც: მან ფაქტობრივად დაკარგა მეუღლე, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა პარფიუმერული პროდუქციის რეკლამირების საქმეში. შემდგომ დავინახავთ, რომ ნორინა ჯილის „მისტიკური გატაცებებით“, რამაც ოჯახის დანგრევა და ბიზნესის გაყიდვა გამოიწვია, ყველაზე მეტად მოგებული დარჩა... საბჭოთა ხელისუფლება. მოვლენები კი შემდეგნაირად ვითარდებოდა.

picture5-1756793193.jpg

picture6-1756793193.jpg

მეჰერ ბაბა და სერგო ორჯონიკიძე: ხომ არის გარეგნული მსგავსება ამ ორ „გურუს“ შორის?

ნორინა ჯილი (რომელმაც 1920-იანი წლების ბოლოს „პრინცესას“ ტიტული მიისაკუთრა და შემდეგ, გარდაცვალებამდე, რატომღაც „პრინცესა ნორინა მაჩაბელად“ იწოდებოდა. მე კი, თქვენი ნებართვით, მისი ნამდვილი გვარ-სახელით მოვიხსენიებ), ნიუ-იორკის მაღალი საზოგადოების „ძუ ლომი“, მილიონერის ცოლი, ზოგიერთის მიერ არისტოკრატიზმისა და დახვეწილობის ეტალონად მიჩნეული, – „სულიერი მამის“, მეჰერ ბაბას, რბილად, რომ ვთქვა, „უსაყვარლესი და უერთგულესი მოწაფე“ გახდა და მის სურვილ-ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებდა. 1931 წლის 6 ნოემბერს „გურუ ბაბა“ ამერიკაში პირველად ჩავიდა და ადგილობრივი საზოგადოების, უპირველესად, მდიდარი ამერიკელების (ძირითადად, შუახანს მიღწეული ქალბატონების) გაცნობა და თავის მოძღვრებაზე მოქცევა სურდა.

ნიუ-იორკის „ნაღები საზოგადოება“ და თვითონ ნორინა ჯილიც, თავიდან ძალზე სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი მეჰერ ბაბას მიმართ. ნორინა თავის დამოკიდებულებას არც მალავდა და აცხადებდა: „როგორ შეგიძლია ფეხებზე ეამბორო ვიღაც მამაკაცს, მაშინაც კი, თუ ის საკუთარ თავს მასწავლებელს უწოდებს? ჩვენნაირ ქალებს, რომლებსაც ძალზე ღრმა შინაგანი გამოცდილება გააჩნიათ, არ სჭირდებათ მამაკაცი, რომელიც ღმერთისკენ მიმავალ გზას ასწავლის“. თუმცა ქალურმა ცნობისმოყვარეობამ მაინც თავისი ქნა და 1931 წლის 9 ნოემბერს ნორინა მეჰერ ბაბას ეწვია. უნდა ვივარაუდოთ, რომ „გურუ“ ჰიპნოზის უნარ-ჩვევებს ფლობდა, რადგანაც იმ საბედისწერო დღეს მისული ნორინა ჯილი, სიკვდილამდე (1957 წლის 15 ივნისამდე) ბაბას უსაყვარლეს მოწაფედ დარჩა და ზუსტად იმას აკეთებდა, რაც ადრე ვერ წარმოედგინა.

picture4-1756793193.jpg

მარცხნივ, „გურუს“ ფეხებთან ნორინა ჯილი-მაჩაბელი.

ზოგადად, მეჰერ ბაბას სექტა (იმედია, ამ ტერმინს არ მიწყენენ მისი მიმდევრები) სხვა სექტებისგან იმით იყო გამორჩეული და უნიკალური, რომ „გურუ“ ქადაგების დროს... ხმას არ იღებდა და არ ლაპარაკობდა. 1925 წლის 10 ივლისიდან დაწყებული, მეჰერ ბაბა 44 წლის განმავლობაში (გარდაცვალებამდე) დუმდა და სხვებთან ანბანის დაფისა და ხელის ჟესტების გამოყენებით ურთიერთობდა. შესაძლოა, ეს კარგად გათვლილი მარკეტინგული გადაწყვეტილება/სვლა იყო, რაც ზრდიდა სექტანტების რიცხვს.

ნორინა ჯილი ამგვარად იხსენებს „გურუს“ პირველ „სიტყვებს“: „...ის ანბანის დაფის მეშვეობით დამელაპარაკა. მისი პირველი სიტყვები იყო: „მე ვარ კაცი, ქალი და ბავშვი. მე უსქესო ვარ“. შემდეგ ერთი წუთით შეჩერდა, სახე ჩემსას მიუახლოვა და მითხრა: „ნუ გეშინია“. გინდათ იცოდეთ შემდეგ რა მოხდა? კვლავ ნორინას მოვუსმინოთ: „წარმოუდგენელმა სიხარულმა მომიცვა. მეზობელ ოთახში გავედი, დივანზე დავწექი და სიხარულისგან ვტიროდი. უეცრად კარი გაიღო და ბაბა შემოვიდა. ახლა ვიცოდი, რომ მთელი ჩემი ცხოვრება აზრს მოკლებული იქნებოდა, თუ მას, სრულყოფილ მოძღვარს, არ მივუძღვნიდი, ამიტომ ვუთხარი : „ბაბა, გთხოვ, წამიყვანე შენთან“. მან ხელით მანიშნა: „ჯერ ადრეა“. მწუხარებისგან კინაღამ მოვკვდი“. მკითხველს შევახსენებ, რომ ეს „მისტიკური იდილია“ 1931 წლის 9 ნოემბერს ხდება, მაშინ როცა ნ. ჯილის მეუღლე, გიორგი მაჩაბელი, უკვე თვეებია, კომპანიის გადარჩენისთვის იბრძვის: ღამეებს ათენებს, ხარჯები, რომ შეამციროს; სადმე კრედიტი იშოვოს; ახალი სუნამო შექმნას... როგორც ყველა „გურუ“, ბაბაც კარგი ფსიქოლოგი იყო და ადამიანების მანიპულირების ოსტატობასაც ბრწყინვალედ ფლობდა. მან ნორინა ჯილი მდიდარი ნიუ-იორკელი ქალბატონების „გადასაბირებლად“ გამოიყენა. ბუნებრივია, თავად ნორინაც საკუთარ და

picture3-1756793193.jpg

ბაბა და ნორინა: „გურუ“ და მისი ერთგული მოწაფე

მეუღლის ფულსაც არ იშურებდა „გურუ ბაბას“ მსოფლიო ტურების დასაფინანსებლად. სამწუხაროდ, 1931-1935 წლებში ამგვარი რეალობა იყო: გიორგი მაჩაბელი ბიზნესის გადარჩენისთვის იბრძოდა, ნორინა ჯილი კი - ბაბას აფინანსებდა.

1932 წლის დასაწყისში „გურუს“ დავალებით ნორინა ჯილი ევროპაში გაემგზავრა, რათა ინგლისში, გერმანიაში, იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში თავის მდიდარ ნაცნობ-მეგობრებში „ბაბას სექტისადმი“ ინტერესი გაეღვივებინა. ასეც მოხდა. ბაბას თაყვანისმცემლები გახდნენ: რუსი ემიგრანტი გრაფინია ეკატერინა პალენი, ბარონესა როტშილდი, ლედი სტელა ვიტელესკი, ვივიენ ჰისენი და სხვ. „გურუ ბაბას“ სექტის წევრი ქალბატონებისადმი საოცრად ნაზი დამოკიდებულება ჰქონდა და მათ შეყვარებულებს

picture2-1756793193.jpg

ბაბა და მისი ერთ-ერთი "შეყვარებული“ მინტა ტოლედანი. 1932 წლის აგვისტო.

უწოდებდა. ამ და კიდევ ბევრი მსგავსი ფოტოს ნახვის შემდეგ, გინდა-არ გინდა, კითხვები ჩნდება, თუმცა როგორც იტყვიან: „ყველამ თავის დახეულ კალოშებს მიხედოსო“.

ჩვენ ჩვენი გვტკივა და ამიტომ არის სამწუხარო ის ფაქტი, რომ, თითქოს, პრობლემები შემოელიაო, გიორგი მაჩაბელს სრულიად მოულოდნელად საშინაო „ფრონტზეც“ გაუჩნდა

picture1-1756793193.jpg

ნორინა და ბაბა: „ჩახუტება მეგობრული და ალერსი ზეციური“

თავსატეხი.

"გურუ ბაბა“ საკუთარი თავის რეკლამისთვის იყენებდა „პრინცესებს“, „ბარონესებსა“ და „გრაფინიებს“. მათ ფულთან ერთად მათი ტიტულებიც საჭირო იყო. მსოფლიოს წამყვანი ჟურნალ-გაზეთები, ტირაჟის გასაზრდელად, დიდი სიამოვნებით აქვეყნებდნენ „გურუსა“ და მისი „შეყვარებულების“ სკანდალურ-პიკანტურ ფოტოებსა და რეპორტაჟებს. თქვენი აზრით, ამ ფოტოს შემხედვარე, რა გუნებაზე დადგებოდა ქართველი თავადი გიორგი მაჩაბელი და როგორ იმოქმედებდა ეს „რეკლამა“ მის ბიზნესზე?

ალბათ, ამიტომაც იყო, რომ 1933 წელს გ. მაჩაბელი ოფიციალურად დაშორდა და განქორწინდა ნ. ჯილს, რომელმაც ამის შემდეგ, ნიუ-იორკის შტატში მოქმედი კანონის მიხედვით, მისი ყოფილი მეუღლის ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება დაკარგა.

ასე რომ, 1933 წლის შემდეგ გიორგი მაჩაბლის გარდაცვალების შემთხვევაში ( თუ ის ანდერძს არ დატოვებდა), მის მთავარ მემკვიდრედ მისი უმცროსი ძმა, საბჭოთა კავშირში (ტიფლისში) მცხოვრები, რუსთაველის სახელობის თეატრის ადმინისტრატორი ილია მაჩაბელი გახდებოდა.

(მეთექვსმეტე ნაწილის დასასრული)