მამაპაპეული მეურნეობა ქვემო ნიქოზს „ამაგრებს“
სოსო ლონგურაშვილი ყოფილი სამხედროა, ვეტერანი, ყველა ომში აქვს მონაწილეობა მიღებული. დღეს ფერმერია, მეურნეობას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში უძღვება. შეიარაღებულ ძალებში 21 წელიწადს იმსახურა, შემდეგ მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა და 2017 წელს მამის დაწყებული საქმე - მეხილეობა, მენერგეობა, მებოსტნეობა და ხეხილის მყნობა განაგრძო. დილიდან გვიან ღამემდე ნაკვეთშია და შრომობს. ბატონი სოსო თავისი სოფლის, ფერმერობისა და ასევე პრობლემების შესახებაც გვესაუბრება.
სოსო ლონგურაშვილი:
- მამა 2017 წელს გარდაიცვალა, რომ დავკრძალე, სამსახურში ხელშეკრულებაც დავასრულე და აქეთ წამოვედი. შემეძლო სამხედრო სამსახურის გაგრძელება, მაგრამ თბილისიდან სოფელში მეურნეობას ვერ მივხედავდი... მოკლედ, მას მერე აქა ვარ.
- ისტორიული სოფელი გაქვთ.
- კი, ისტორიულ წყაროებში IV-V საუკუნეებიდან ჩანს, რადგან სოფლის მთავარი ტაძარი მაგ დროსაა აგებული. ქვემო ნიქოზში კიდევ რამდენიმე ეკლესიაა. აქ დაიბადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ საძაგლიშვილი. დღეს მის სახელს ჩვენი სოფლის 8-წლიანი სკოლა ატარებს. სამი სოფელი - ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი და ზემო ხვითი ერთ საკრებულოში შევდივართ. ზემო ხვითი და ქვემო ნიქოზი 240-კომლიანი სოფლებია, ზემო ნიქოზი - 300-კომლიანი.

- კონფლიქტის ზონასთან ახლოს ხართ... რა არის თქვენთვის ასეთ სოფელში ცხოვრება და შრომა?
- გამყოფი ზოლისგან ჩემს ეზო-კარს 300 მეტრი აშორებს. ბარიერამდე, სადაც ბანერები დგას, იქამდე კი, ალბათ, 100 მეტრი იქნება... ნიქოზი ცხინვალის რაიონი არასდროს ყოფილა, სულ გორის რაიონს ეკუთვნოდა, უბრალოდ, ჩვენი სოფელი ცხინვალთან ახლოს იყო, ქალაქს მიბმული. დიდი ტერიტორიები, მინდვრები დავკარგეთ. მოსახლეობის ნაწილი, რამდენიმე სახლი იქით მოექცა. ვერც ისინი გადმოდიან აქეთ და არც აქედან გადადის იქით ვინმე.
- თქვენს მეურნეობას დავუბრუნდეთ, მამას რა მოჰყავდა?
- ძველი ქართული ჭოპორტული ჯიშის ვარდისფერი პამიდორი, ასევე ხარისგულა - თხელკანიანი ქართული პამიდორი. გამოჰყავდა ნერგები - ატმის, ვაშლის ჯიშები - კეხურა, ბროცკი... ვაშლი საზღვრებს გარეთ გაჰქონდა, პროდუქტს იქ ყიდდა - ვაშლზე რუსეთში დიდი მოთხოვნა იყო. გამოჰყავდა ასევე კაკალი.
- და ეს ყველაფერი თქვენ გადაიბარეთ?
- ვაშლის ჯიშები აღარ გამოგვყავს, კაკალსა და ნუშზე გადავედით. გამოგვყავს გვიან მოყვავილე სამნაირი ნუში, ასევე კაკლის ჯიშები - "ჩანდლერი" და "სამარყანდის იდეალი", აგრეთვე ფსტა. სამი ჯიშის ტყემალი და ხუთი ჯიშის ატამი და გარგარი.
- ვაშლის "სამშობლოში" ვაშლზე უარი რატომ თქვით?
- ჩვენი ბაზარი რუსეთი იყო... პროდუქტი თუ არ გაიყიდა და ფასი თუ არა აქვს, გაშენებას აზრი არა აქვს. ამიტომ ფერმერები უფრო მეტად კაკლოვან და კურკოვან კულტურებზე გადავიდნენ. ვაშლი რომ მოიყვანო, წვენების ქარხანა 25-კილოგრამიან ყუთს 5 ლარად იბარებს. ამ დროს 5 ლარი მუშის ფული არ არის. ამიტომ აღარ აშენებენ და აღარც ნერგი გამოჰყავთ.
- რა ფართობზე გაქვთ მეურნეობა გაშენებული?
- ამ ეტაპზე 5 ჰექტარი მაქვს დამუშავებული. აქედან სანერგე 70/100-ზეა, პამიდორი - 50/100-ზე, 1 ჰექტარზე გოგრა მაქვს, 1 ჰექტარზე თეთრი სიმინდი და 1 ჰექტარზეც წიწაკა (ბულგარული, სამწნილე და მწარე). ეს ყველაფერი წვეთოვან სისტემაზეა.

- დიდი ფართობია და ბევრი რამ მოგყავთ... მარტო უვლით?
- სულ 30-მდე დასახელების კულტურა იქნება. ძალიან ვწვალობთ, მეუღლე და შვილი მეხმარებიან. ერთ ან ორ მუშასაც ვქირაობ - ერთს ყოველდღე... ჯერ პროდუქტს სიმწიფე არა აქვს დაწყებული და მერე, ალბათ, 15-20 კაცი დამჭირდება. პამიდორი ჩვენთან ფერისცვალების შემდეგ შემოდის. ვაკე ადგილი კია, მაგრამ კავკასიონის მთებთან ახლოს ვართ, სიგრილეა და ნაადრევად ვერ შემოვა. დიდი ლიახვის მარჯვენა მხარეს ვართ, ზღვის დონიდან 820 მეტრზე.
- ვიცი, რომ მუშახელის ნაკლებობაზე წუხხართ...
- ზოგი მოსახლე გერმანიაში წავიდა, ზოგი თბილისში, ზოგი სად და ზოგიც სად... ჩემს სოფელში ხალხი მაინც არის დარჩენილი. მეუფე ისაიამ ყველანაირი პირობა შექმნა, რომ მათი სხვადასხვა ინტერესი ადგილზე დაკმაყოფილდეს. არის სამრევლო სკოლა, ქართული ცეკვების წრე, ქარგვა, ხეზე კვეთა, მთაზე ცოცვა, ათლეტებისთვის დარბაზი...
შუადღით, პირველიდან ორ საათამდე, ვისვენებთ. მინდორში ქოხი გვაქვს და იქ ვსადილობთ. ერთხელაც აქაური ბიჭები იყვნენ, ვისვენებდით, პურს ვჭამდით. ჰოდა, ბიჭებს ვუთხარი, ფერმა უნდა ავაშენო, ბოსტნეულითა და ერთწლიანი კულტურით არაფერი გამოდის-მეთქი. გააშენეო. იმუშავებთ-მეთქი? ვიმუშავებთო. ერთმა მითხრა, რძეს წავიღებ და ჩავაბარებო, მეორემ - რძეს რომ წაიღებს, გავყვებიო, მესამე და მეოთხე გაჩუმებული იყვნენ. თქვენ რას იზამთ-მეთქი? ჩვენ ეგენი რომ მოვლენ, ფულს გავანაწილებთო. მე რაზე ვიქნები-მეთქი? კიდეც დაგვი, კიდეც ბალახს მოიტან, წყალსაც დაალევინებ პირუტყვს და სეპარატორს (საწველს აპარატს) დაუდგამ ძროხებსო... ახლა ადექით და სახლებში წადით-მეთქი. ეს ცოტა ხუმრობით, თუმცა საქმის კეთებას ხალხი გადაჩვეულია. მუშაობა არ უნდათ. ადრე, როცა სოფელში თბილისიდან შაბათ-კვირას ჩამოვდიოდი, ამას ხალხს ვერ ვატყობდი. ახლა შეცვლილი არიან. მუშაობა არავის უნდა, - ცოტა შურია, ცოტა ჯიბრი, ცოტა სოციალური დახმარების იმედი და არიან ასე...
ჩემს ბავშვობაში დიდი მიწები იყო და ხალხიც მეხილეობას მისდევდა. მერე მეთესლეობაზე გადავიდნენ... 1994 წელს პრივატიზაცია რომ დაიწყო, შევარდნაძემ მიწები ყველას დაურიგა - ოჯახს ჰექტარი და 20 მეასედი. 75/100 მეორე კატეგორია იყო, ვინც ქალაქში იყო და მიწა სოფელში აგარაკად ჰქონდა. 25/100 მისცა სოფლიდან გათხოვილ ქალებს, ვისაც მიწა უნდოდა ჰქონოდა. ახლა მაშინდელ 18-ჰექტარიან ფართობში რომ შევიდეთ, რომელიც 17 ან 18 კაცზეა განაწილებული, ორს თუ ექნება დამუშავებული ან ერთს. 40-ჰექტარიან ნაკვეთზე, სადაც გოგრა მითესია, 5-6 კაცს უთესია ქერი და ხორბალი, ერთს სიმინდი - დანარჩენი სულ ცარიელია. ქვემო ნიქოზი საქონლისგანაც დაიცალა, სულ 25 სულიღაა... თუმცა ინფრასტრუქტურაზე ვერაფერს ვიტყვი, გამართულია, გზები კარგია, ინტერნეტი, ქუჩებში ღამის განათება გვაქვს, წყალი, გაზი და დენი...
- ახლა რა სამუშაოები გაქვთ ბაღსა და ბოსტანში?
- პამიდორს 7 დღეში ერთხელ მოწამვლა უნდა. დილაადრიან უნდა დაიწყო და საღამოს გააგრძელო, სიცხეში არ შეიძლება. წვეთოვანი დილით ადრე უნდა ჩართო და მორწყა, ან ღამით. სიცხეში არც ეს შეიძლება. ბალახია გასათიბი - სულ საქმეა, სულ ტრიალი უნდა. ბაღიდან ღამის პირველ-ორ საათზე მივდივარ შინ. თავზე მეშახტეების ფარანი მიკეთია და ისე ვმუშაობ. ჩემს კულტურებს შორის პამიდორი რთული კულტურაა. ატამი და კაკალი თუ ყინვამ არ გააფუჭა, არაფერი უშავს.
გაზაფხულზე წვიმები იყო, ბალახი წამოვიდა, ასეთ დროს ბალახს ორჯერ უნდა მოკუწვა და მერე მოხვნა. ერთი მეასედის (10X10 მ) მოხვნა 3 ლარი ღირს, მისი დამიქსერება, მიწის დაშლაც - 3. მოკლედ, ერთი მეასედი დასათესად გამზადებული ნიადაგი სულ 15 ლარი ჯდება. წვიმების მერე გვალვები დაიწყო. კიდევ კარგი, სარწყავი სისტემა კარგად არის მოწყობილი, თან წვეთოვანით უფრო ნაკლებ წყალს მოვიხმართ. ელექტროენერგიაზეც სუბსიდირებაა.
- მოსავალს თქვენვე ყიდით?
- კი, ნავთლუღის ბაზარზე მიმაქვს. მაცივარი-მიკროავტობუსი მყავს. შარშან შრომა ცოტა დაგვიფასდა, შარშანწინ კი ვალი დაგვედო - 26 ათასი ლარი. წლეულს ჯერ თითქმის არაფერი გაგვიყიდია. ფერისცვალების შემდეგ შემოვა. ალუჩა არც გვქონია, ყინვამ გააფუჭა. მოკლედ, მამა-პაპის დაწყებულ საქმეს მამა და შვილები ვაგრძელებთ.
- სამომავლოდ რა სურვილი გაქვთ?
- აქ დავიბადე და გავიზარდე, შემდეგ წლების განმავლობაში თბილისში ვცხოვრობდი, მაგრამ როცა პარასკევი საღამო მოვიდოდა, ერთი სული მქონდა, ჩემს სოფელში დროულად ჩამოვსულიყავი. მინდა ისევ ისე იყოს, როგორც ადრე - ყველა ოჯახიდან სინათლე, ხალხის ხმაური გამოდიოდეს. ეს მამაპაპეული მიწები ასე მიტოვებისთვის ცოდოა. ჩვენ კი პაპის დაწყებულ საქმეს ვაგრძელებთ, სხვანაირად თავს ვერ ვირჩენთ. ოთხი შვილი მყავს, ორი გოგო და ორი ბიჭი. თბილისში სწავლობენ. როცა აქ არიან, გვეხმარებიან... ბავშვები პატარაობიდანვე უნდა შეეჩვიონ შრომას.