საკურა, სმარაგდი, ავოკადო და სხვა „უცხოები“
ლიკა ზარანდია ზაროს ბაღის დამაარსებელია. ეს საქმე ოჯახთან ერთად დაიწყო 2020 წელს, პანდემიის დროს. მას მერე სხვადასხვა ჯიშის მცენარეებზე მუშაობენ, ცდილობენ შემოიტანონ და საქართველოში გაამრავლონ. თავდაპირველად ავოკადოთი დაიწყეს.
- მე და ჩემმა მეგობრებმა სხვადასხვა ადგილას - სენაკში, ბათუმში დავრგეთ ავოკადოს ნერგები და მცენარემ ნაყოფი გამოიღო. ამაზე სრულ ინფორმაციას ჩემი გვერდის საშუალებით სოციალური ქსელით ვავრცელებ. ავოკადოთი იმიტომ დავინტერესდი, რომ ძალიან მიყვარს.
ლიკა ზარანდია: - ავოკადოს ყოველდღიურად ვიყენებდი საუზმისას. მერე იმის ინტერესი გამიჩნდა, გავახარებდი თუ არა. ვიცოდი, საბჭოთა კავშირის დროს აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმში ხარობდა. ეს იდეა სტუდენტობისას გამიჩნდა, თან ამას პანდემიაც დაემთხვა და სოფელში დავბრუნდი. ჩემი სურვილის შესახებ ჩემ გვერდზე დავწერე და ფოთიდან ერთი ბიჭი გამომეხმაურა, რომელსაც ავოკადოს პლანტაცია ჰქონია და ნერგები საჩუქრად გამომიგზავნა. წარმოიდგინეთ, წლეულს ამ ნერგმა 12°-იან ყინვას გაუძლო ჩემს სოფელში, ჯიხაშკარში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, არადა, მაღალმთიანი სოფელია. მე ორი ჯიში მაქვს - ფუერტე (თურქული) და ჰასი (ჯუჯა), ორ მეტრამდე იზრდება. რაკი ასეთ ყინვას გაუძლეს, შემიძლია ბევრი დავრგო, რამდენიმე წელში ნაყოფს მომცემს. ამიტომ ვაპირებ ჯიხაშკარში ავოკადოს პლანტაცია გავაშენო. პლანტაცია 8 ჯიშის ავოკადოსგან შეიქმნება, მათ თურქეთიდან ჩამოვიტან.
- როგორი მოვლა სჭირდება?
- ჩემი და ჩემი მეგობრების დაკვირვებითა და მოძიებული ინფორმაციით, ამ მცენარეს ტრიალ მინდორზე ყინვა არ უხდება, მაგრამ თუ ისეთ ადგილას არის დარგული, სადაც შენობა ეფარება, მასთან ახლოსაა, არა აქვს პრობლემა. ასეთ პირობებში თითქმის ყველა ავოკადომ გაიხარა და ნაყოფი დაისხა. ძალიან უყვარს წყალი, ქოთანში გახარებულიც წყალს ითხოვს.
მცენარეს ფოთლები რომ არ გაუყვითლდეს, პერიოდულად წყალში გახსნილ შესაბამის ნივთიერებას (ბლეკჯეკი) ნიადაგში ვუსხამ. იმათ, რომლებიც ღია გრუნტშია, ხან წვიმის მერე ვუსხამ. რამდენიმე ნერგის ქოთანი მზისგან მოფარებულ ადგილას მაქვს, რომ ორპირში არ მოექცეს. ბევრი შეცდომას უშვებს, რომ ნერგები გამაგრებული არა აქვთ. მე ავოკადოსთვის სარი მაქვს გაკეთებული და ძაფითაა დამაგრებული, რათა ქარის დროს დიდად არ ირხეოდეს. ყველა დიდ მცენარეს, სანამ გამყარდება და გაიზრდება, ასე ვუწყობ ხელს.

- ნაყოფს რამდენ ხანში ისხამს?
- ნაყოფის მოსხმას დაახლოებით შვიდი წელიწადი სჭირდება. ჩვენი ავოკადოს ნაყოფს ორი წლის მერე ველოდებით. იმედია, ყინვებსაც გაუძლებს.
უკვე იმდენი გვაწვდის საქართველოში ავოკადოს შესახებ ინფორმაციას, დარწმუნებული ვარ, ამ მცენარეს აქ კარგი პერსპექტივა აქვს...
მცენარეებს ავოკადომდეც ვახარებდი. მინდოდა ჩემი გვერდიდან უცხო მცენარეები გაეცნოთ და პოპულარული გამხდარიყო. მარადმწვანეებზე ვმუშაობდი, მაქვს იშვიათი მცენარეებიც... ახალ სახლში რომ გადავედით, სანამ იქაურობა გაიმართებოდა, დედაჩემი ეზოს გალამაზებას ცდილობდა. მისგან მომყვება მცენარეების სიყვარული. ერთ მცენარეს იმდენჯერ შეუცვლიდნენ ადგილს, სანამ სასურველს არ მიუჩენდნენ. ჩემთვის ვფიქრობდი, მცენარე ამ დონემდე როგორ უნდა გიყვარდეს-მეთქი. მერე დედაჩემს დაკალმებაში ვეხმარებოდი. მაშინ მხოლოდ მარადმწვანე მცენარეები ჰქონდა.
რადგან უკვე აქეთ გადმოვედი, გადავწყვიტე, საქართველოში იშვიათი მცენარეები მომემრავლებინა. მაგალითად, შოკოლადისფერი ალბიცია, ირმის რქები. დღეისთვის გვაქვს შავფოთოლა ირმის რქა და თეთრიც, რაც იშვიათია. გვაქვს შავფოთოლა საკურას ნერგიც.

- სამეგრელოში მცენარეების მოშენებისა და გაზრდის კულტურა დიდი ხანია არსებობს და თქვენც აქტიურობთ...
- კი, მაგრამ ჩვენი მიზანი ისიც იყო, ისეთი მცენარეები შემოგვეტანა, აქ რომ არ არის და გაგვევრცელებინა. ნერგები თურქეთიდან მოგვაქვს, ერთ კარგ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. ჯერ კატალოგში ვეცნობით ინფორმაციას, უძლებს თუ არა ყინვას, სხვა პირობებს, შემდეგ ვამყნობთ და ვამრავლებთ. გარდა ამისა, თუ გყავს მეგობრები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ხელს გამოგიწვდიან, შენს საქმეში წარმატებული ხდები. ისრაელში მყავს ახლობელი, რომელიც ყველა უცხო ჯიშის მცენარის ტოტს თუ თესლს ყიდულობს და უსასყიდლოდ გვიგზავნის. მისი მადლიერი ვართ.
გავახარეთ სამეფო ჯიშის ხე დელონიქსიც, იგივე ცეცხლოვანი ხე. ძალიან ძნელი გამოსაყვანი იყო, მისი გახარების ტექნიკაზე ექვსი თვის განმავლობაში ვფიქრობდით, რადგან თესლი არ ღივდებოდა. მაინც მივაგენით, მეტრამდე ნერგები გავზარდეთ. ულამაზესია, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ხედ მიიჩნევენ.
- რამდენი დასახელების მცენარე გაქვთ?
- დაახლოებით 200 სახეობის. მათგან სამეფო ჯიშის დელონიქსს გამოვყოფ. დასავლეთში ხარობს, მაგრამ მისი ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ყინვას ვერ უძლებს, თუმცა ამ მცენარისგან შეგვიძლია ბონსაი გავაკეთოთ. ოთახში დასადგმელად საუკეთესოა. ბონსაის შესწავლას ვაპირებ, ყველა იშვიათი მცენარე ბონსაის სტილში რომ მქონდეს... კიდევ გამოვყოფდი შავფოთოლა ალბიციას, ულამაზესი და იშვიათია.
გამორჩეულია საკურაც. მართლაც საოცარია და გაზაფხულზე რომ ყვავის, გინდა მთელი დღე ეზოში იყო და უყურო. ლამაზი ყვავილები და სასიამოვნო სურნელი აქვს. იაპონურად ალუბლის ხეს ნიშნავს, მაგრამ მთავარი მისი ყვავილებია. არსებობს იაპონური კომშიც, სახელწოდება ხილის აქვს, მაგრამ მისი სილამაზის გამომხატველი ასევე ყვავილებია.
ირმის რქას დაკალმება თებერვალში უწევს და ამას სოციალური ქსელის საშუალებით ვასწავლი - რა დროს, რა პირობებში უნდა დაკალმდეს... თესლიდან ციკასის პალმას ვახარებ, რომლის თესლი პოლონეთიდან, იტალიიდან და ისრაელიდან გამომიგზავნეს. ათასზე მეტი მაქვს დათესილი. აქედან 100 უკვე აღმოცენებული და გაღვივებულია. ამ ყველაფერს სამსახურის მერე დიდი სიამოვნებით ვაკეთებ.

- სმარაგდზეც ვისაუბროთ.
- იტალიური ჯიშის სმარაგდი გვაქვს, დასავლეთ საქართველოშიც ფართოდ არის გავრცელებული. ტოტითაც ხარობს და დაკალმების მეშვეობითაც. ტუია და სმარაგდი ხშირად ერევათ, მაგრამ რეალურად სმარაგდი ერთ-ერთი ჯიშია ტუიისა.
ძირითადი განსხვავებები:
• ტუია (Thuja occidentalis) – ეს არის მცენარის სახეობა. მას ბევრი ჯიში აქვს: „Smaragd“, „Brabant“, „Golden Smaragd“ და სხვა.
• სმარაგდი (Thuja occidentalis ‘Smaragd’) – ტუიის კონკრეტული ჯიშია, ყველაზე პოპულარული, სვეტისებური ფორმით. ვიზუალური განსხვავებები:
• ტუია ზოგადად – შეიძლება იყოს დაბალი, მაღალი, მრგვალი, სვეტისებური, ბუჩქოვანი – ჯიშზეა დამოკიდებული.
• სმარაგდი – ყოველთვის ვიწრო, სვეტისებური ფორმით იზრდება, ძალიან დეკორატიულია, წვიმასა და მზეზეც ინარჩუნებს ხასხასა მწვანე ფერს.
გამოყენება:
• ტუია (სხვადასხვა ჯიში) – შეიძლება გამოიყენო როგორც ჰეჯი, ბაღის დეკორი, დაბალი ან მაღალი მწვანე ზღუდე.
• სმარაგდი – იდეალურია მწკრივში დარგვისთვის, ქმნის თანაბარ, სწორმდგომ „კედელს“.
- ადვილი მოსაყვანი და მოსავლელია?
- ბევრს უჭირს მისი დაკალმება და გახარება, მაგრამ ჩვენ მარტივად ვახარებთ, რადგან ტექნიკა ვიცით. ტოტებს წყალში ორ დღეს ვდებთ, რომ სითხე კარგად აიღოს და არ გამოგვიშრეს. მერე თებერვალში "კორნევინის" ფხვნილში გადაგვაქვს და ადვილად ფესვიანდება. შემდეგ თითოეულ ტოტს ვდებთ მიწაარეულ პერლიტში და პერიოდულად ვრწყავთ. ბევრი წყალი არ შეიძლება, ფესვთა სისტემა რომ არ დაალპოს. ორ დღეში ერთხელ უნდა მოირწყას. მარტ-აპრილისთვის საკმაოდ დიდი ფესვთა სისტემა აქვს.
- ეს ყველაფერი რა არის თქვენთვის?
- თერაპიაა. როდესაც სამსახურიდან დაღლილი მოვდივარ, მცენარეების მოვლას ვიწყებ და ეს მსიამოვნებს... მერე სხვასაც აძლევ მოტივაციას, რომ ამ საქმეს მოჰკიდოს ხელი. თუ მოინდომებ, ბევრ რამეს შეძლებ. ვფიქრობ, პატარა ნაბიჯებით დაწყებული საქმე ყოველთვის მოიტანს შედეგს.
ახლა დიდი პროექტი უნდა ავიღო ბათუმში, საქმე სასტუმროს გამწვანებას ეხება.
მცენარეებთან ურთიერთობა, მათი ტოტიდან, თესლიდან გაცოცხლება კარგ ემოციებს აღძრავს. მერე ამ ყველაფერს სხვასაც რომ ასწავლი, უმაგრესი რამ არის. სამსახურის მერე-მეთქი, რომ ვთქვი, საჯარო მოხელე ვარ, ზუგდიდის საკრებულოში ვმუშაობ, მედიის განყოფილების უფროს სპეციალისტად, იმავდროულად, სტუდენტიც ვარ... თავიდან მცირე ბიზნესზე ვსწავლობდი, მაგისტრის ხარისხი მაქვს, პირველი კი ჟურნალისტიკა იყო. ასე რომ, მცენარეებთან კავშირი არც ერთ დარგს არა აქვს. მოკლედ, საინტერესოა ის ყველაფერი, რასაც დღეს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ.