როგორ „მოისხა“ ოქრო და ძვირფასი ქვები ხეხილმა
"ცხოვრებაში არ მჭერია ხელში თოხი და ბარი, მით უმეტეს, ხერხი ან შპატელი, მაგრამ როცა ამისთვის მოვმწიფდი, ყველაფერი გამომივიდა. ხეებსაც ვათეთრებ, ვსხლავ, ვუვლი" - ამბობს მაცაცო თოხაძე, არაერთი პოპულარული სიმღერის ავტორ-შემსრულებელი. ის ჭოპორტში მის შექმნილ სავანეზე გვიამბობს.
- ბავშვობაში თუ გქონიათ სოფელთან კავშირი?
- თბილისში დავიბადე და გავიზარდე და მიუხედავად იმისა, რომ აქ ცხოვრება ძალიან გართულდა, მუდმივად სხვაგან ცხოვრება მაინც ძნელად წარმომიდგენია. ბავშვობაში ზაფხულს გურიაში, სოფელ გურიანთაში ვატარებდი, ტკბილ ბებიებთან, ბიძა-მამიდებთან, ნათესავებთან. ვგიჟდები იქაურობაზე, მაგრამ უკვე იშვიათად ვახერხებთ იქით წასვლას.
- სოფლად სახლის შეძენა როდის გადაწყვიტეთ?
- 10 წლის წინ ჭოპორტში ნაკვეთი ვიყიდეთ. ჩემს ბავშვობის მეგობარს აქვს იქ სახლი და ძალიან მოინდომა, ჩვენც გვქონოდა მეზობლად. მისი ძალიან მადლიერი ვარ, არ მომეშვა, სანამ ის მიწა არ გვაყიდვინა, ხოლო როცა ნაბოლარა შვილი დაიბადა, თითქოს საჭიროებაც უფრო გამოჩნდა, სოფლად სახლი გვქონოდა.
- ძნელი გამოდგა ეს ყველაფერი?
- ჩვენი მიწის ნაკვეთი ერთი უსახური ქვების გროვა და ეკლიანი ბუჩქები იყო, არანაირი სიმწვანე, თუ რამეს დაემსგავსებოდა, არ მეგონა. დავიწყეთ გასუფთავება. ნაწილი ტექნიკით მოვასწორეთ, შემდეგ ყოველ ჩასვლაზე დაჩოქილი ვასუფთავებდი თითოეულ მეტრს ქვებისგან. მძიმე საქმეა. ბაღნარზე ვოცნებობდი, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ ადვილად არ გამომივიდოდა.
- სახლიც ააშენეთ?
- დიახ, პატარა სახლის აშენებას აზრი არ ჰქონდა, მეგობრებისა და ნათესავების გარეშე არ შეგვიძლია. ამიტომ სამსართულიანი სახლი ავაგეთ, რისთვისაც დიდი კრედიტი დაგვჭირდა და ჩემს მეუღლეს, მგონი, მთელი ცხოვრება მოუწევს გადახდა... დიდი ფინანსური და ფიზიკური რესურსი ჩავდეთ. იმდენად მეჩქარებოდა იქ ცხოვრება, საკუთარი ხელით დავიწყე გარემონტება და აგერ უკვე მესამე ზაფხულია ვმუშაობ... სამივე სართულის კედლები ჩემი ხელით გავაკეთე. რისი სწავლაც შესაძლებელია ინტერნეტით. ვმუშაობდით ეზოშიც, 7 წლის წინ ხეხილი ჩავყარეთ და უკვე თითქმის ყველაფერი მოსავალს იძლევა. საოცარი შეგრძნებაა, დილით ეზოში რომ გახვალ და საკუთარი ხელით დარგული ხის ნაყოფს დაკრეფ. ასე მგონია, ჩემს ხილზე გემრიელი სხვაგან არ მოიპოვება და ოქროსა და ძვირფას ქვებს ისხამს ჩემი ხეები.
- ჭოპორტში პამიდორი არ დარგეთ?
- ორ წელიწადს მომყავდა, სასწაული პამიდორი იყო, მაგრამ დიდი შრომა სჭირდება... ბოლოს ვარდებზე გადავედი და ახლა, ჯერჯერობით, 45 ჯიშის ვარდი მაქვს ეზოში. ნელ-ნელა ვამატებ. დეკორატიული ბუჩქები, ვერცხლისფერი ნაძვები, ბევრი ლამაზი მცენარე მაქვს და ვხარობ მათი ყურებით. თუმცა უდიდესი შრომის ფასად.
- რას ნიშნავს დღეს სოფლის სახლი და რას ურჩევთ მათ, ვინც შეძენას აპირებს?
- ყოველ დილას, ვერანდაზე რომ გამოვდივარ, ისეთი ბედნიერებით ვივსები, უფალს მადლობას ვწირავ, რომ ეს შეგვაძლებინა. საშვილიშვილო საქმე გავაკეთეთ და ძალიან მიხარია. ჩემს შვილებს ამაზე ძვირფასს ვერაფერს დავუტოვებდი. განსაკუთრებულ კომფორტს თბილისთან სიახლოვე გვიქმნის. ზაფხული რომ მთავრდება, არც მერე ვწყვეტთ აქ ჩამოსვლას. შაბათ-კვირა, ჭოპორტის გარდა, აღარსად განიხილება... სოფელს სხვა მადლი აქვს. რა თქმა უნდა, ყველას გულით ვურჩევ, თუ უკვე გაქვთ სოფლად სახლი, მოუარეთ, ააყვავეთ, არ მიატოვოთ. ვისაც არა აქვს და ფიქრობს, აუცილებლად აიხდინოს ოცნება და ყველა ღონე იხმაროს ამ მიზნის მისაღწევად. თუნდაც პატარა, მაგრამ საკუთარი თავშესაფარი სოფლად ყველას უნდა ჰქონდეს. ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში, სანამ კიდევ არის ამისი საშუალება, მიწაზე ძვირფასს ვერაფერს შეიძენს კაცი. მიწა აღარ გაიაფდება, თუ არ გაძვირდება... ეს ყველაზე ძვირფასი ინვესტიციაა.

- გარდა რემონტისა, მეურნეობისთვის რის სწავლა მოგიხდათ?
- ცხოვრებაში არ მჭერია ხელში თოხი და ბარი, მით უმეტეს, ხერხი ან შპატელი, მაგრამ როცა ამისთვის მოვმწიფდი, ყველაფერი გამომივიდა. ხეებს ვათეთრებ, ვსხლავ, ვუვლი, ვრწყავ, ვთიბავ ბალახს, ჩემი ხელით ვაკეთებ რემონტს. მესმის, რომ ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული, არ ვამბობ, რომ ადვილია. ვისაც დიდი შემოსავალი აქვს, მისთვის უფრო ადვილად და სწრაფად კეთდება საქმე, მაგრამ მთავარია მიზნის დასახვა და ამ მიზნისთვის თავის არდაზოგვა. ჩვენც შვიდი წელია ვაკეთებთ და ჯერ ბოლოში არ გავსულვართ, მაგრამ პროცესი ისეთი სასიამოვნოა, თუ გაიწელება, არა უშავს. გადამწვანებულ ეზოს რომ გადახედავ, ბედნიერი როგორ არ იქნები? ჩემს ეზოს რომ გავთიბავ ხოლმე და გავაკიწკიწებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, დედა რომ შვილს აბანავებს და გააწკრიალებს.
- ალბათ, კიდევ ბევრ რამეს გეგმავთ.
- ვფიქრობ, ავეჯის რესტავრაცია ხომ არ ვისწავლო, ამხელა სახლს ახალი და ძვირფასი ავეჯით ვერ შევავსებთ, იქნებ ეგეც ჩემი ხელით მოვახერხო. მინდა ეს დიდი სახლი ყველასთვის საყვარელი იყოს, სულ ჟრიამული ისმოდეს... მომავალში, როდესაც ეზოს ბოლომდე გავაწკრიალებ, აუცილებლად მექნება პატარა ბოსტანი და ნაყიდ მწვანილს აღარ ვაკადრებ ოჯახს... იქნებ პამიდორსაც მივუბრუნდე. ჭოპორტში სახლი გქონდეს და ჭოპორტული პამიდორი - არა, სირცხვილია. უბრალოდ, იმხელა ჯაფა მიწევს, ყველაფერს ერთად ვეღარ ვუმკლავდები. მიწაზე მუშაობა მძიმე, მაგრამ სასიამოვნოა. ყველა ხეს ენის მოჩლექით ვეფერები, ატმიკოებსა და ვაშლიკოებს, ალუბლიკოსა და ნუშიკოს, ალუჩიკოსა და კაკლიკოს ვეძახი. ჩემი ქმარი შუბლზე ხელს შემოირტყამს ხოლმე, გამიგიჟდა ცოლიო. დავასკვენი, რომ მოფერება ყველაფერს უყვარს, მცენარეებსაც.
სულ პაწაწინა ჯოხები იყო ეს ნერგები, როდესაც ჩავრგე. მას მერე სულ ვუალერსებდი, ვაქებდი და ვამუნათებდი - შენი იმედი მაქვს და დიდი, მსხმოიარე ხე უნდა გაიზარდო-მეთქი. მგონი, ისეთ ნამუსზე ავაგდე ყველა, მართლაც არ გამიცრუეს იმედი. ალუჩა და ქლიავი ბევრი მაქვს, ბერძნული ქლიავი გამიჯიუტდა ცოტა, ერთი ნერგი გახმა, ისევ ჩავრგე ახალი და არ მოვეშვები, სანამ არ გავახარებ.
პალმა ძალიან მინდოდა ეზოში. სამჯერ გამეყინა ზამთარში და მაინც არ მოვეშვი. ბოლოს პალმის სულ პატარა ნერგი ჩავრგე და ახლა უკვე დიდი გოგოა, ლამაზი და ძლიერი. მოფერება უყვართ ხეებს...
ყველას გისურვებთ, თქვენი წილი მიწის ნაგლეჯი სამოთხედ გექციოთ! ასე ჩვენი საქართველო მართლაც პატარა სამოთხე იქნება.