"ჩინეთი არ შეჩერდება" ანუ დიდი გეოპოლიტიკური შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ?! - რას იზამს გაცოფებული დონალდ ტრამპი
„პეკინში მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულებას და იაპონიის კაპიტულაციის მე-80-ე წლისთავს მიეძღვნა“, - ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისის“ (BBC) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „სი ძინპინი: „ჩინეთი არ შეჩერდება“. მასში განხილულია როგორც აღლუმის საერთაშორისო მნიშვნელობა, ასევე, ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური პერსპექტივა. ყურადღება ეთმობა აღლუმის შეფასებას მსოფლიოს ლიდერების მიერ.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
პეკინში, ტიანანმენის მოედანზე გამართული ჩინეთის სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის სამხედრო აღლუმს მსოფლიოს 25 სახელმწიფოს ლიდერი ესწრებოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათგან ყველაზე მთავარი სტუმრები რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი იყვნენ.
როგორც პეკინიდან პირდაპირი ტელეეთერით გადაცემულ ტრანსლაციაში ჩანდა, აღლუმის დასაწყისში ვლადიმერ პუტინი, კიმ ჩენ ინი და მასპინძელი სი ძინპინი ტრიბუნაზე ერთად გამოვიდნენ, მათ უკან კი სხვა ქვეყნების ლიდერები მიჰყვებოდნენ.
„კაცობრიობა ისევ დგას ომისა და მშვიდობის, დიალოგისა და კონფრონტაციის, ურთიერთსასარგებლო შედეგებისა და ნულოვან თამაშებს შორის არჩევნის წინაშე“, - განაცხადა ჩინელმა ლიდერმა აღლუმზე გამოსვლისას. მისი თქმით, ჩინელი ერის აღორძინების პროცესს ვერავინ შეაჩერებს“, ხოლო მსოფლიოს სახელმწიფოების ვალია „ომის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა და ისტორიული ტრაგედიის განმეორების დაუშვებლობა“.
„საერთო უსაფრთხოება მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნას უზრუნველყოფილი, როცა მთელი მსოფლიოს ქვეყნების ერთმანეთთან დამოკიდებულება თანასწორი იქნება, როცა ისინი ჰარმონიულად იცხოვრებენ და ერთმანეთს მხარს დაუჭერენ“, - თქვა სი ძინპინმა ტრიბუნაზე გამოსვლისას.
აღლუმის დაწყებისთანავე ჩინეთიდან შორს, აშშ-ში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში - Truth Social-ში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც, ფაქტობრივად, რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთი კორეა საერთაშორისო შეთქმულების მოწყობაში დაადანაშაულა.
ასევე დაგაინტერესებთ: ახალი გეოპოლიტიკური სენსაცია: ტრამპი და ლუკაშენკო საიდუმლო გარიგებას დადებენ?! - "გაექცევა" თუ არა "ბატკა" პუტინს?
„მთავარი კითხვა, რომელზედაც პასუხია გასაცემი, არის ის, იტყვის თუ არა თავმჯდომარე სი ძინპინი ამერიკელების მიერ დაღვრილ სისხლზე და იმ დიდ მხარდაჭერაზე, რომელიც აშშ-მა გაუწია ჩინეთს, რომელიც მათ თავისუფლების მოპოვებაში დაეხმარა უცხოელ დამპყრობელთან [იაპონიასთან] ბრძოლაში. ბევრი ამერიკელი დაიღუპა მტრისაგან ჩინეთის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინელ ხალხს და პირადად სი ძინპინს საზეიმო განწყობა უსურვა და თან [სარკასტულად] დაამატა: „გეთაყვა, გადაეცით ჩემი ყველაზე თბილი სურვილები ვლადიმერ პუტინს და კიმ ჩენ ინს, სანამ თქვენ მანდ შეთქმულებას აწყობთ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ“.
აღლუმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების მე-80-ე წლისთავს მიეძღვნა, ჩინეთის ისტორიაში უდიდესია.
მაო ძედუნის - ჩინეთის კომუნისტური პარტიის დამაარსებლის პორტრეტი ტიანანმენის მოედნის შესასვლელ ჭიშკარზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რვა გიგანტური დროშით იყო შემოსილი. გზაზე, რომელიც მსოფლიოს ლიდერებმა მოედნამდე გაიარეს, სახალხო კრებების შენობასთან ახლოს, ორი დიდი მხატვრული კომპოზიცია იდგა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად. აღლუმზე 50 ათასი ადამიანი იყო ოფიციალურად მიწვეული.
აღლუმის წინ პეკინმა უსაფრთხოების ზომები გააძლიერა, დაიდგა დამატებითი სკანერები, გაფართოვდა პატრულირება, აიკრძალა დრონების ფრენა, გამკაცრდა სახელმწიფო შენობების დაცვა.
აღლუმის მომზადება, რომელიც პირველია ბოლო 6 წლის განმავლობაში, რამდენიმე თვე გრძელდებოდა. პეკინში გამოფინეს რამდენიმე ათასი დროშა, მოირთო ცენტრალური ქუჩები, გზაჯვარედინებზე მოეწყო კომპოზიციები, საქმიან კვარტალში კი ახალი ილუმინაცია გაკეთდა.
აღლუმი ჩატარდა ტაიანანმენის მოედანზე, პეკინის მთავარი პროსპექტის - ჩანჩაძის - გავლით. რეპეტიციების დროს პეკინელები გააფრთხილეს, რომ თავიანთი ბინების აივნებზე (ბალკონებზე) არ გამოსულიყვნენ, რათა მსვლელობის დეტალები საიდუმლოდ დარჩენილიყო. სკოლების, სასტუმროები და მაღაზიები მარშრუტის გასწვრივ ორი დღით დაიხურა, აიკრძალა ავტომანქანების მოძრაობა, გადაადგილებისათვის ველოსიპედის დაქირავებაც კი შეუძლებელი გახდა.
მასშტაბური ღონისძიება რამდენიმე მიზანს ემსახურება: ერთი მხრივ, აჩვენოს მთელ მსოფლიოს ჩინეთის სამხედრო და პოლიტიკურ-დიპლომატიური ძლიერება, მეორე მხრივ კი - ჩინელებს საკუთარი ქვეყნის მიმართ სიამაყისა და პატრიოტიზმის გრძნობები აღუძრას.
პეკინისათვის მეორე მსოფლიო ომი „იაპონიის აგრესიისადმი წინააღმდეგობის სახალხო ომის“ გამოხატულებაა და მისი მე-80-ე წლისთავის წინ რამდენიმე ისტორიული ბლოკბასტერი იქნა გადაღებული. კინოფილმებში ჩინელი ჯარისკაცების გმირობაა ასახული. მაგალითად, ფილმი „ნანკინელი ფოტოგრაფი“, რომელშიც გადმოცემულია ქალაქ ნანკინში 1937 წელს იაპონელების მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა ჩინეთის კინოთეატრების მთავარ საზაფხულო ჰიტად იქცა.