21-ე საუკუნის ყველაზე გრანდიოზული სამხედრო აღლუმი - ჩინეთი მსოფლიოს სამხედრო-პოლიტიკურ ლიდერობაზე აცხადებს პრეტენზიას
დღეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავს აღნიშნავენ, უფრო სწორად კი, 1945 წლის 2 სექტემბერს, ტოკიოს ყურეში ამერიკული სამხედრო ხომალდის - „მისურის“ გემბანზე იაპონიამ ხელი მოაწერა კაპიტულაციას. ამით ოფიციალურად დამთავრდა 1939 წლის 1 სექტემბერს დაწყებული მეორე მსოფლიო ომი...
თუმცა, საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის არ იყოს, როდესაც ევროპა ჰიტლერის გერმანიის კაპიტულაციის დღედ 1945 წლის 8 მაისს მიიჩნევს, ხოლო საბჭოთა კავშირში და, შესაბამისად, რუსეთში გამარჯვების დღედ 9 მაისს აღნიშნავენ, ასევეა ჩინეთის შემთხვევაშიც. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისა და იაპონელი ოკუპანტების კაპიტულაციის 80 წლისთავი სწორედ სამ და არა ორ სექტემბერს აღნიშნა და თანაც - მსოფლიოში აქამდე არნახული მასშტაბის სამხედრო აღლუმითა და მასში ნაჩვენები ულტრათანამედროვე სამხედრო ტექნიკის სახით...
ეს იყო ჩინური წარმოების სამხედრო და საბრძოლო ტექნიკის ნამდვილი ბენეფისი, რომლითაც ოფიციალურმა პეკინმა მთელ მსოფლიოს და პირველ რიგში კი - აშშ-ს თვალნათლივ დაანახა ჩინეთის პოლიტიკური ამბიციები, რომ შეცვალოს მსოფლიო წესრიგი და თავად გახდეს დედამიწაზე უპირველესი ლიდერი სახელმწიფო. ეს ამბიციები გამაგრებულია ჩინეთის არმიის თანამედროვე და დიდი რაოდენობის სამხედრო ძალითაც!
სამხედრო აღლუმზე პირველად იქნა ნაჩვენები ჩინური მობილური ლაზერული დანადგარი, რომლიდანაც ერთი „გასროლა“ მხოლოდ 15 დოლარი ღირს, მაშინ, როდესაც ამერიკული საზენიტო „სტინგერის“ ერთი საზენიტო რაკეტის ახალი ფასი 150 ათასი დოლარი გახდა...
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა, რომელიც პეკინის ტიანანმენის მოედანზე ჩავლილ სამხედრო აღლუმს მაღალი ტრიბუნიდან ესალმებოდა, გვერდით, მარჯვნიდან, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, მარცხნიდან კი - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი „მოისვა“ და აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს პირდაპირი ეთერით ღია მინიშნება გაუგზავნა - ჩინეთის-რუსეთის-ჩრდილო-კორეის ანუ სამი ბირთვული სახელმწიფოს ძალები ქმნიან ერთ „ანტიამერიკულ ღერძს“, რომელსაც ასევე „მიებმებიან“ ბელარუსი, ირანი, ვენესუელა და მსოფლიოს კიდევ არა ერთი სახელმწიფო (შეიძლება, თვით ბირთვული ინდოეთიც კი, რომელიც ძალზე გაბრაზებულია ტრამპის მიერ მასზე დაწესებული სანქციების გამო)...
ჩინეთის გრანდიოზული სამხედრო აღლუმის შემხედვარე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს კი ისღა დარჩენია, რომ სოციალურ ქსელში დაწეროს - „გთხოვთ, გადაეცით ჩემი უთბილესი მოკითხვა ვლადიმერ პუტინს და კიმ ჩენ ინს, სანამ შეთქმულებას აწყობთ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ“.
ამასთან, პრეზიდენტი ტრამპი ერთგვარი გულდაწყვეტით ამატებს -„ დიდი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, არის ის, ახსენებს თუ არა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი იმ უზარმაზარ მხარდაჭერასა და სისხლს, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთისთვის გაიღო, რათა მას ძალიან არამეგობრული უცხოელი დამპყრობლისგან თავისუფლების უზრუნველყოფაში დახმარებოდა... ბევრი ამერიკელი დაიღუპა ჩინეთის გამარჯვებისა და დიდებისკენ სწრაფვაში…
იმედი მაქვს, რომ მათ სამართლიანად პატივს მიაგებენ და დაიმახსოვრებენ თავიანთი სიმამაცისა და თავგანწირვისთვის!“
ფაქტია, რომ მსოფლიო მოწყობაში, რომელშიც სრული ქაოსი უკვე დიდი ხანია, სუფევს, სავარაუდოდ, იწყება ახალი გაერთიანებული დიდი ძალის გამოჩენა აშშ-ის ერთგვარი სამხედრო-პოლიტიკური ჰეგემონიის დასასრულებლად და მასში ლიდერის როლი სწორედ სი ძინპინის ჩინეთს ექნება და არა - პუტინის რუსეთს, რომლის უკრაინასთან ომის ჭაობში „ცურვა“ თუკი აქამდეც აწყობდა აშშ-სა და ევროპას, ჩინეთის ინტერესებშიც იქნება - პეკინი შეიძლება უფრო ღიადაც დაეხმაროს პუტინს, უკრაინის ოკუპაციის გაგრძელებაში, ისე, როგორც ამას დიდი ხანია, დაუფარავად აკეთებს კიმ ჩენ ინის ჩრდილოეთი კორეა, ოღონდ მოსკოვის სწრაფი და საბოლოო გამარჯვება უკრაინაში პეკინის ინტერესებში არ შედის - პუტინის რუსეთი მეორე პლანზე უნდა დარჩეს, ახლა ჩინეთის დროა...
ამ ფოტორეპორტაჟში ნახავთ იმ ძირითად სამხედრო სიახლეებს, რაც დღევანდელ სამხედრო აღლუმზე წარმოადგინა ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა...
ვიდეო: 2025 წლის სამხედრო აღლუმი პეკინში