"აიღოს ბაქრაძემ ჩანგალი და კოვზი და გადავიდეს მთებში" - კვირის პალიტრა

"აიღოს ბაქრაძემ ჩანგალი და კოვზი და გადავიდეს მთებში"

"ჩვენმა ხელისუფლებამ დახოცა ჩვენი მტრის მტრები, რომლებიც დიდი ალბათობით შეიძლება, რომ ჩვენი მეგობრები ყოფილიყვნენ"

მოგეხსენებათ, მძევლების გათავისუფლების მოტივით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 28 აგვისტოს, ღამით, დაიწყო ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია მდინარე ლოპოტას ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნისმონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულად 30 აგვისტოს გამოცხადდა, თუმცა პირველი სექტემბრის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები კვლავაც აგრძელებენ ოპერაციას დივერსიული ჯგუფად გამოცხადებული იმ წევრების გასანეიტრალებლად, რომლებმაც ლოპოტას ხეობაში ქართველი სამართალდამცავებისგან მიმალვა მოახერხეს.

ამ პროცესების მიმართ უამრავი ეჭვი და კითხვა პირველივე დღეებში გაჩნდა, უმეტესობაზე დღესაც არ გვაქვს პასუხი. ოფიციალური ვერსიით, თავდაპირველად მძევლად აყვანილ 5 ახალგაზრდას ჩაენაცვლა ერთი ქართველი მესაზღვრე, რომელსაც თავის მხრივ ჩაენაცვლა შინაგან საქმეთა უწყების ერთი ოფიცერი, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებას ჯგუფის წევრებთან. შს მინსიტრის მოადგილის, შოთახიზანიშვილის განცხადებით, - შეიარაღებულმა პირებმა იარაღის დაყრასა და დანებებაზე უარი განაცხადეს, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მათი განეიტრალების სპეცოპერაცია. მისივე თქმით, შეიარაღებულ პირებს მძევლად აყვანილთა გათავისუფლების სანაცვლოდ არანაირი პირობა არ წამოუყენებიათ, ასევე უცნობია მძევლების აყვანის მოტივი. ამ დროისათვის ოფიციალურად უცნობია შეიარაღებული ჯგუფის წარმომავლობა, ასევე, ინფორმაცია თუ როდის და საიდან აღმოჩნდნენ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე. რადიო "ობიექტივის" პირდაპირ ეთერში პანკისის ხეობიდან დარეკა ქალბატონმა, რომელმაც განცხადა, ეს ჯგუფი პანკისელი ქისტებისგან შედგებოდა და არა დაღესტნელი ლეკებისგანო, თუმცა მანამდე დაღესტნის ვილიატის ოფიციალურმა გამოცემამ გამოაქვეყნა ვილიატის ხელმძღვანელობის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ბრძოლა მოჯაჰედების, კავკასიის იმირატის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მიდის.

"ჩვენი ინფორმაციით, ჩვენი ძმები მოჯაჰედები საქართველოს ტერიტორიაზე არავითარ ოპერაციას არ გეგმავდნენ, რომ მოენდომებინათ, იოლად ჩაატარებდნენ. მოჯაჰედებს ტყვედ არავინ აუყვანიათ და ეს ტყუილი და ცილისწამებაა საქართველოს მხრიდან. რაც შეეხება ქართულ მხარეს, მათ მუხანათურად გაწირეს მოჯაჰედები და კავკასიის 11 მამაცი შვილი მოკლეს. ეს არ არის პირველიშემთხვევა, როცა ისინი თვალთმაქცურად იქცევიან, რათა რუსეთის პუტინის რეჟიმს ასიამოვნონ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები მოჯაჰედების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ მათ, ნუ ატყუებენ საკუთარ ხალხს, ნუ სურთ ჩირქი მოსცხონ მოჯაჰედებს და ნუ აქვთ იმედი, რომ მუსლიმთა სისხლის სანაცვლოდ რუსების კეთილგანწყობას მოიპოვებენ. ამგვარი მოქმედებებით კიდევ ერთ მტერს გაიჩენთ, რომელიც შურს სასტიკად იძიებს". _ ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ დაღესტნის ვილიატი მუსლიმური დაჯგუფებაა, რომელიც "კავკასიის იმირატის" გაერთიანაბაში შედის და რამდენიმე წელია კავკასიაში ჯიჰადი, ე.წ. საღვთო ომი აქვს გამოცხადებული. ვესაუბრებით ექსპერტს სამხედრო საკითხებში, ამჟამად კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს თელავის რაიონში ირაკლი სესიაშვილს.

- ბატონო ირაკლი, შეაძლოა დავუშვათ, რომ ამ ჯგუფის წევრები მართლაც პანკისელი ქისტები იყვნენ?

- ერთი რამ უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას: ეს ჯგუფი გადმოვიდა პანკისის ხეობიდან, სავარაუდოდ, იყო ჩეჩნების ჯგუფი, რომელიც ცდილობდა, დაღესტანში გადასვლას და იქაური თანამებროძლებისთვის დახმარების აღმოჩენას.

- შესაძლოა, მათ შორის პანკისელი ქისტებიც ყოფილიყვნენ?

- ვინაიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ჯგუფში ვიღაც ქართულად ლაპარაკობდა, შესაძლოა, ერთი ან ორი ადგილობრივი ქისტი მეგზური გამოჰყოლოდა ამ ჯგუფს. უკვე დანამდვლებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ ეს ხალხი მძევლების აყვანას და რაღაც მოთხოვნების წამოყენებას არ აპირებდა. ეს დაადასტურა შოთა ხიზანიშვილმაც, რომელმაც თქვა, რომ მათ მძევლების სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვიათ. ისიც ცნობილია, რომ ამ ხუთ ახალგაზრდას კარგადაც ასვეს, აჭამეს, ჩააცვეს, დაახურეს და ისე გამოუშვეს.

- აბა, რატომ გახდა ამ ადამიანების ლიკვიდაცია საჭირო?

- ეს ყველაფერი ამ ხელისუფლების უგუნურებისა და არაპროფესიონალიზმის შედეგია, რასაც პროცესების ასეთი მძიმე განვითარება მოჰყვა. დავკარგეთ სამი ახალგაზრდა, ასევე გამოდის, რომ გადავიკიდეთ ჩრდილოკავკასიელებიც. რუსეთი ჩვენი მტერია, ჩვენმა ხელისუფლებამ კი დახოცა ჩვენი მტრის მტრები, რომლებიც დიდი ალბათობით შეიძლება, რომ ჩვენი მეგობრები ყოფილიყვნენ. როგორ მოხვდნენ ისინი ამ ტერიტორიაზე, ან როგორ გადაჰქონდათ ერთი ადგილიდან მეორეზე ის მძიმე შეიარაღება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვაჩვენა, გაუგებარია სრულიად. ყველაზე მეტად ამ ამბავში რა მაშფოთებს, იცით? ოფიციალური ვერსიით ვიცით, რომ იმ სამართალდამცავმა, ვინც ჩაენაცვლა მძევლად დატოვებულ მესაზღვრეს, დარეკვა ითხოვა, როგორც ჩანს, იმ მიზნით, რომ მოლაპაკების შედეგი ეცნობებინა ჩვენი სამართალდამაცავებისთვის, მას თან ჯგუფის ორი წევრი გაჰყვა, რომელთაც ჩვენი სამართალდამცავების ჩასაფრებიდან ცეცხლი გაუხსნეს. რატომ გაუხსნეს ცეცხლი ასე ნაჩქარევად, პირველ ჯერზე იარაღის დაყრასა და ჩაბარებაზე უარიც რომ ეთქვათ, მოლაპარაკება მაინც უნდა გაგრძელებულიყო.

- ალბათ ამ კითხვაზე სავარაუდო პასუხიც გაქვთ.

- ეს მე არაპროფესონალიზმისა და იმპულსურობის ბრალი მგონია, რასაც ეს ხელისუფლება ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამჟღავნებს. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, სასწრაფოდ და იმპულსურად ემოქმედა, რათა ძალის დემონსტრირება მოეხდინა და ხალხისთვის ეჩვენებინა რა ეფექტიანად იცავს საზღვარს, ისე, რომ სახელმწიფო ინტერესებზე საერთოდ არ დაფიქრდა. ამას კი ამ ჯგუფის ლიკვიდაცია მოჰყვა, დაიღუპნენ ჩვენი ბიჭებიც.

- ბატონო ირაკლი, ცნობილია, რომ ძალათა ძალიან დიდი რაოდენობა იყო თავმოყრილი ლოპოტას ხეობაში, იქ გადასროლილი იყო როგორცშინაგან საქმეთა, ასევე თავდაცვის სამინსტროს დანაყოფები. მაშინ როდესაც საზღვრის დამრღვევთა რიცხვი 17-ს არ აღემატებოდა, უნდა მოყოლოდა ამ დაპირისპირებას ჩვენი მხრიდან ასეთი მსხვერპლი?

- ქალბატონი ბრძანდებით, სავარაუდოდ, სამხედრო საქმის ბევრი არც არაფერი იცით, მაგრამ თქვენ სვამთ სრულიად ლოგიკურ კითხვას, თუმცა ეს კითხვა არ უჩნდებათ ხელისუფლების წარმომადგენელ პოლიტიკოსებს. საერთოდ, გადამეტებული ძალის გამოყენება გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ ოპერაცია უსისხლოდ სრულდება. ამ დროს მსხვერპლი უნდა იყოს ძალიან ცოტა, ან საერთოდ არ უნდა იყოს. უბრალოდ, ძალთა ასეთი კონცენტრაციით უნდა აიძულო მოწინააღმდეგე დაგნებდეს, თუ ვერ აიძულე, მაშინ სპეცოპერაცია ისე მაინც უნდა დაგეგმო, რომ არავინ მოგიკლან. რამხელა ძალა გამოვიყენეთ, რამხელა რესურსი, თქვენ ხომ არ იცით, რა ხდებოდა აქ, რა სისტემის მანქანებით აღარ გადაადგილდებოდნენ, მგონი, რაც კი სამხედრო ვერტმფრენი ჰყავთ, ყველა თელავის აეროდრომზე ჩამოიყვანეს, მაგრამ შედეგი ყველაზე უარესი მივიღეთ. ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს ვეკითხები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩვენი საზღვრები დაცულია და თურმე უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს. 17 ადამიანის განეიტრალებას ათასობით ჯარისკაცი და სამი დღე რომ დასჭირდა, საქართველოში ოთხი-ხუთი მიმართულებიდან 17-კაციანი ჯგუფები ერთდროულად რომ შემოვიდნენ, რა მოხდება ქვეყნაში მაშინ? ეს არის უსაფრთხო ქვეყანა და ნაქები სამართალდამცავი სტრუქტურები? შაშკინს რომ ჩაუცვია ის სამხედრო ფორმა, ის არ უნდა იცოდეს, რომ თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღვანელი, 17 კაცის მიერ საზღვრის დარღვევის გამო სამხედრო ტანსაცმლით არ უნდა დადიოდეს? ბაქრაძე რომ გამოდის და იძახის, დაცულია ჩვენი საზღვრებიო, აიღოს ჩანგალი და კოვზი, გადავიდეს მთებში და ნახოს ერთი, როგორ არის დაცული ჩვენი საზღვარი.

ნათია დოლიძე  (სპეციალურად საიტისთვის)