"ყველაზე სწორი იქნება, გახსნათ ეს წყეული, მონჯღრეული კარი, რომელიც, ალბათ, ცოდვებისგანაა ასეთ დღეში და აქედან გაგვიშვათ" - ონისე ცხადაძე მოსამართლეს
სულ რომ გაგვამართლონ, ამ ცხრა თვეს რა ვუყოთ?.. ჩემი მისამართით რაც დააშავეთ, მიპატიებია, მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ, ნურას უკაცრავად, - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ დასკვნით სასამართლო სხდომაზე, საბოლოო სიტყვისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ამ ქვეყანაში საზოგადოება იზრდება, მთავრობები კი ვერ იზრდებიან“.
"მე არ ვაღიარებ აღნიშნულ ბრალდებას, ვინაიდან ვერ დგინდება და ვერც დადგინდება რაიმე სახის კავშირი ჩემსა და სხვა ბრალდებულებს შორის. ვერ დგინდება და ვერც დადგინდება რაიმე სახის კავშირი ჩვენსა და ამ საქმის ე.წ. ორგანიზატორებს შორის, რომელთა ბრალდებაც ასევე აბსურდულია. კავშირი ვერ დგინდება, რადგან ჩვენ არა თუ არ ვიცნობდით ერთმანეთს, არამერდ არც ერთ სოციალურ ქსელში ერთმანეთის არც მეგობრები ვართ, არც გამომწერები, დიდი ალბათობით, ქუჩაშიც კი არ ჩაგვივლია ერთმანეთის გვერდით ოდესმე და ერთმანეთისთვის თვალიც კი არ მოგვიკრავს სადმე იქამდე, ვიდრე ამ საბრალდებო სკამზე არ აღმოვჩნდებოდით.
ასეთ პირობებში კი, ბატონო მოსამართლევ, ეს ბრალდება მინდა აგიხსნათ ერთი მაგალითით. მე სკოლა დავამთავრე 2014 წელს. მას შემდეგ, ყოველ წელს, 11 წლის განმავლობაში, ადამიანები, რომლებიც 12 წელი ერთად ვიზრდებოდით, ვცდილობთ, რომ შევიკრიბოთ და ვერ შევიკრიბეთ, ვერ დავორგანიზდით. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმისგან განსხვავებით, ჩვენი შეკრების მსურველი ბევრია და ორგანიზატორიც. ამიტომ, ბატონო მოსამართლევ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული იმ პირების მონაწილეობით, რომელთა შორის არანაირი კავშირი არ არსებობს? გარდა ამ ყველაფრისა, ამ საქმეს არ ჰყავს დაზარალებული. მიუხედავად იმისა, რომ აქ მოწმედ იყო მოსული რამდენიმე პოლიციელი, მერიის თანამშრომელი, პარლამენტის თანამშრომელი, არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ დააზარალა აქ მყოფმა რომელიმე ბრალდებულმა. ისინი ამბობდნენ - არ დამინახავს, არ ვიცი და, საერთოდ, აქ არ მოსულა არცერთი იმ დღეს დაზარალებული მოწმე, რომელ დღესაც მე მედავებით.
მე, ასევე, მინდა აღვნიშნო პოლიციელების ქმედებები, რომლებიც აქ წარმოდგენილ ვიდეოებშიც ჩანდა. იქ პოლიციელების მხრიდან იყო საშინელი შეურაცხყოფა, იყო ნივთების სროლა მათი მხრიდან, გინება, შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციები. გვემუქრებოდნენ როგორც მოკვლით, ასევე ისეთი ქმედებით, რომლის განხორციელების შემთხვევაში, ნამდვილად უნდა გათხოვდეს მამაკაცი. საბედნიეროდ, მე ისევ ცოლის მოყვანას ვაპირებ.
რაც შეეხება მუხლის გადაკვალიფიცირებას, არც მაგას ვეთანხმები და ეგ ადვოკატებმა პუნქტებად ჩამოგიყალიბეს, აგიხსნეს. ამიტომ გრჩებათ ორი ვარიანტი. იმ ორიდან კი ერთადეთი სწორი იქნება, რომ გახსნათ ეს წყეული, მონჯღრეული კარი, რომელიც, ალბათ, ცოდვებისგანაა ასეთ დღეში ჩავარდნილი და გაგვიშვათ აქედან, ანუ გაგვამართლოთ.
ახლა გადავალ ჩემი დასკვნითი სიტყვის მეორე ნაწილზე, რომელიც იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ სახელი დავარქვი - მია, გოგოა. მია, ანუ მადლობა იდეალურ ადვოკატებს. ეს ნაწილი ძვირფასია ჩემთვის, რადგან ვეცადე მასში რამდენიმე ემოცია გამომეხატა, ამიტომ მინდა გთხოვოთ, თავი შეიკავოთ ნებისმიერი ემოციისგან, რათა მოსამართლემ სხდომა არ დახუროს.
პირველ რიგში, მიყვარხართ ყველა, ვინც იბრძვით არა პირადი ინტერესებისთვის, არამედ სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. ამ დარბაზშიც და ამ დარბაზს მიღმაც. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადოს მოსამართლემ, მიიღეთ ის მშვიდად. თავი აწიეთ და იარეთ ამაყად, რადგან ჩვენ ყველა ისტორიულ მომენტში სწორ მხარეს ვდგავართ. თანაც როგორ ისტორიულ მომენტში. ჩვენ შესაძლოა, მალე მოვესწროთ ბოროტების იმპერიის დაცემას.
გამარჯვება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება გმირებს! მადლობა მინდა ვუთხრა ადვოკატებს, როგორც ჩემსას, ასევე სხვებისას და ასევე საზოგადოებრივ ადვოკატებსაც იმისთვის, რომ ხართ ღირსეული ადამიანები და მოიქეცით ისე, როგორც მოიქეცით.
არ მეშინია არაფრის, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩემს ფიზიკურ თავისუფლებას, ჩემს ჯანმრთელობას, ან თუნდაც, სიცოცხლეს. მე სხვა რაღაცების უფრო მეშინია. მეშინია ვინმე არდავჩაგრო, ვინმეს რამე არ წავართვა, არ დავამცირო, არ მოვატყუო. იმისთვის, რომ ასეთი შიშები მაქვს, მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მშობლებს, ჩემს ძმას, ჩემს ოჯახს, მეგობრებს. მადლობა თქვენ, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც მსგავსი შიშები აწუხებს და აქვე მადლობა ადვოკატებს, იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის ჩამოხსენით ფარდა ამ სასამართლოს.
ეს სასამართლო არაფრით არ განსხვავდება საბჭოთა სასამართლოსგან. განსხვავება მხოლოდ კანონებშია. დღეს რომ დახვრეტა იყოს, თქვენ აუცილებლად გაიმეტებდით ადამიანებს სასიკვდილოდ, რადგან მოსამართლეები არა სამართალს, არამედ კონკრეტული პოლიტიკოსების კონკრეტულ ინტერესებს ემსახურებიან. ამაზე მეტყველებს თქვენი სუფთა სტატისტიკაც. ექვსი გამამტყუნებელი და არც ერთი გამამართლებელი გადაწყვეტილება. თუ მართალი არ ვარ, მაშინ ერთხელ მაინც უთხარით ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს, შალვა პაპუაშვილს, გია ვოლსკსის - არ მაინტერსებთ, რას ამბობთ ამ საქმეზე, ფეხებზე მკიდია თქვენი განცხადებები. უთხარით, ეს ხმამაღლაც და გამამრთლებელი გადაწყვეტილებითაც. თქვენ ციხეში გაუშვით დავით ხომერიკი, მათე დევიძე და გიორგი მინდაძე. სამივე მათგანს ეტყობა, როგორი კარგი ადამიანები არიან, თუმცა, მე მინდა გესაუბროთ გიორგი მინდაძეზე, რადგან მასთან ერთად, ერთ საკანში მომიწია ყოფნა და ახლოს გავიცანი. გიორგი მინდაძე არის 22 წლის, დიდი ტანის მქონე ცელქი ბავშვი, რომელსაც ყველაფერი გამოსდის, რის გაკეთებასაც მოინდომებს და იმის მაგივრად, რომ ასეთ ადამიანებს სახელმწიფო დაეხმაროს განვითარებაში, საკუთარი თავის და შესაძლებლობების პოვნაში, ციხეში უშვებს. არ შემიძლია არ შევეხო მზია ამაღლობელის საქმეს, რადგან მისი განაჩენი არ არის მხოლოდ იმ მოსამართლის გამოტანილი. ეს განაჩენი გამოიტანა ქართულმა სასამართლომ და გეხებათ მათ შორის თქვენც“, - განაცხადა ცხადაძემ.
"ინტერპრესნიუსი"