მოსამართლემ ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა - კვირის პალიტრა

მოსამართლემ ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი, ნიკა კაცია სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია და ის მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებულის საბოლოო სიტყვა მოისმინა, რის შემდეგაც მან განაჩენი გამოაცხადა.

მოსამართლემ მის მიერ მიღებულ განაჩენთან დაკავშირებით ვრცელი განმარტება გააკეთა.

"რაც მევალებოდა და რა შესაძლებლობაც მქონდა, საპროცესო კოდექსის 191 პრიმა მუხლის შესაბამისად სპეციალური საგამოძიებო ორგანოს მივმართე [კაციას განცხადებასთან დაკავშირებით, მის მიმართ შეძლო დამამცირებელ მოქმედებებთან დაკავშირებით].

რაც შეეხება იმას, რასაც ბრალდების მხარე გედავებათ, მტკიცებულება უნდა შეფასდეს მისი ნეიტრალურობის და უტყუარობის შესაბამისად.

სასამართლო მტკიცებულებათა ერთობლიობას აფასებს. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ნარკოტიკული საშუალება ნიკოლოზ კაციას ეკუთვნოდა. დაცვის მხარის განმარტებით, ეს საშუალება ნიკოლოზ კაციას არ ეკუთვნოდა.

სასამართლომ უნდა შეაფასოს დაცვის და ბრალდების მხარის მტკიცებულებები. სასამართლო პირადი ჩხრეკის ჩამტარებელი პირების ჩვენებებს აფასებს. ამასთან, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეეძლოთ თუ არა ნეიტრალური მტკიცებულება მოეპოვებინათ, როგორც ვიდეოჩანაწერი, ასევე ნეიტრალური მოწმის დასწრება.

სასამართლო ხაზს უსვამს რომ მან ხელმოწერით დაადასტურა პირადი ჩხრეკის ნამდვილობა, ამასთან, მოწმეები ამბობდნენ, რომ წინააღმდეგობის გამო მათ ვერ შეძლეს ვიდეოს გადაღება. გამომძიებელს შეეძლო ადგილზე შეედგინა ოქმები და დამშვიდებულ ნიკოლოზ კაციას ხელი მოეწერა...

ნიკოლოზ კაციამ ოქმზე მოაწერა ხელი, მისი სისწორე დაადასტურა, თუმცა, აღნიშნული ფაქტი უარყო და აღნიშნა, რომ სტრესული ფაქტის გამო, არ იცოდა, რას მოაწერა ხელი. დაცვის მხარის ვერსიით არსებობდა შესაძლებლობა, ჩხრეკას დასწრებოდა ნეიტრალური პირი.

კიდევ ერთხელ და ათასჯერ აღვნიშნავ, პირადი ჩხრეკის ოქმს აწერს ნიკა კაცია და მის სისწორეს ადასტურებს, თუმცა, სასამართლოზე გაჩნდა ეჭვი, იყო თუ არა შესაძლებელი ნეიტრალური პირი ამ საგამოძიებო მოქმედებას დასწრებოდა. მოცემულ შემთხვევაში, არსებობს ეჭვი, რომ სამართალდამცავებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეოგადაღება, რაც ვერ განხორციელდა, მათ შეეძლოთ მოეწვიათ ნეიტრალური მოწმე",- განაცხადა მჭედლიშვილმა.

მისი განმარტებით, ყველა ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა იყოს გაზიარებული.

ამასთან, მოსამართლემ მიმართა კაციას: "სხვა დროს კარგად წაიკითხეთ, რას აწერთ ხელს".

ცნობისთვის, ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"მე ვარ ჩვეულებრივი ტყვე, არცერთ შემთხვევაში საკუთარ თავზე არ მივიღებ სიტყვა "პატიმარს", დიახ, მე ვარ ის ტყვე, რომელიც არ მოეწონათ , - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა, ნიკა კაციამ განაცხადა, სანამ მის მიმართ გამოტანილ განაჩენს გაიგებდა.

მან სასამართლოში საბოლოო სიტყვით ისარგებლა. კაციამ დეტალურად ისაუბრა მისი საქმის გარშემო.

"მთავარი კითხვაა, თუ საიდან მოვიდა ნარკოტიკი. პირველი შემთხვევაა, როცა კალამი წამოვიღე, ცარიელი ხელებით ვარ, ეს სიმბოლურია.

ვფიქრობდი, როგორ დამეწყო, ან რა უნდა მეთქვა. ადამიანები მნიშვნელოვან სათქმელს ბოლოსთვის ინახავენ, მაგრამ პირველივე დღიდან ვიყავი გულწრფელი, სიმართლეს შეთანხმება არ სჭირდება... მატყუარა პროკურორმა რომ შუბლი გამიხვრიტოს", - განაცხადა კაციამ, რა დროსაც მას მოსამართლემ სიტყვა შეაწყვეტინა და კორექტურად საუბრისკენ მოუწოდა.

მას კაციამ უთხრა, რომ შენიშვნის სახით ეუბნებოდა მის აზრს, რაზეც მოსამართლემ უთხრა, "თქვენ ვერ მომცემთ შენიშვნას".

კაციას თქმით, დღეს სასამართლო "რეჟიმს ემსახურება", მისი საქმე კი შეთითხნილია.

"მე ვარ უსამართლობის სამიზნე, ეს საუბრის სხვა თემაა, ეს საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილია, ამაზე კულტურულად ვერ წარმოვთქვამ. როცა ტყუილზე ვსაუბრობ, სულ ვფიქრობ სიმართლის საპირწონე რა უნდა იყოს. ეს არ არის სიმართლე, ეს არის ძალიან დიდი სიმართლე, რასაც ყველა გადაჰყვება.

თუ ვსაუბრობთ რუსულ რეჟიმზე, ეს არის ინსტიტუცია, რომელიც მას ემსახურება, ეს მართლმსაჯულება არ არის, მას არ ქმნის ერთი და ორი ადამიანი, მას ქმნიან ადამიანები, რომელთაც ჩვენ ვუხდით ფულს. თუ მე ვიდექი 2012 წელს იმ ციხის კადრების შემდეგ აქციაზე, დღეს რატომ არის იგივე პრობლემა? დღეს რატომ არ მეძლევა საშუალება დავიცვა საკუთარი თავი? სასამართლო ხელს უშლის გამოძიებას, ბევრ რამეზე ჩვენ ხელი შეგვეშალა",- განაცხადა მან.

კაციამ მადლობა გადაუხადა ოჯახს და ყველა მხარდამჭერს.

"რაც შეეხება ჩემს მადლობას, მადლობა ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ვხედავ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, მადლობა ყველას, ვისაც სიმართლის დასაცავად ერთი აგურიც დაუდია, მადლობა ჩემს ადვოკატს", - განაცხადა კაციამ თავის სიტყვაში.

მან დასკვნით სიტყვაში ისაუბრა საკუთარ უდანაშაულობაზე და განაცხადა,რომ როცა სიმართლე უპირისპირდება ტყუილს, ეს საბოოლოდ შედეგს გამოიტანს.

"ერთ პატარა ბიჭს როგორ შემიძლია ვიყო უკომპრომისო ბრძოლაში, როცა საქმე ეხება მომავალს, თავს ვალდებულად ვთვლი, როცა ხალხი შვილებს ქუჩაში გამოუშვებენ, მათ ჯიბეში ნარკოტიკი არ აღმოუჩნდეთ.... მომავალ თაობას მაგალითს აძლევს ინსტიტუცია, რასაც პროკურატურა ჰქვია, რა მაგალითს აძლევს ის მომავალ თაობას, როცა საქმეს კერავს და ვერ კერავს.... შეიძლება ვიღაცას მოვწონდე და ვიღაცას არა, მაგრამ როცა ტყუილს სიმართლე უპირისპირდება, ის დღეს, თუ ხვალ, შედეგს მოიტანს...

პროკურორს 9 თვის განმავლობაში არც ერთი შეკითხვა შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ ქმედებებთან დაკავშირებით არ დაუსვამს... სიკვდილამდე მიიყვანეს გურამ როგავა, სასტიკად სცემეს მაკა ჩიხლაძე. ეს იყო ჩემი სენტიმენტები, რამაც იმ დღეს სახლში არ დამტოვა, კონკრეტულად ის დღე - 7 დეკემბერი, როცა სახლიდან ფეხი გავდგი, მაკა ჩიხლაძის კადრები იყო.

როგორ შეიძლება ადამიანს, რომელსაც შვილი გყავს, ზვიად მამისაშვილის კადრები ნახო და მშვიდად იყო? ყველაფერმა გააკეთა რეჟიმმა, ჩემს ძმას ვეთანხმები, ვიღაც ბოროტი ადამიანი ზის და ამბობს, ახლა ეს გავუშვათ, ახლა ის დავაკავოთო... დიახ, ვარ ხისტი, აბა რას ელოდებოდით? რას ელოდებოდა ბატონი ნუგზარი [პროკურორი], სახელიც თუ სწორად მახსოვს? რატომ გახდა ტრენდი, რომ ადამიანების ბედით თამაში კარგია?..

ეს ჩემი პერსონალური სიმართლე არაა, ეს ჯაჭვურად ყველასია.

ხელი ჩემს ჯიბეში არავის ჩაუდია. მინიმუმ, ერთის [პოლიციელის] სახელი და გვარი ვიცი, აუცილებლად ეს სიმართლე უნდა იყოს შენახული. უნდა იცოდნენ, რომ ასეთი ტყუილი, არის ბოროტება, დანაშაული.

აქ რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს ვკითხავ, ბოლოს როდის ჩაეხუტა დედას-მეთქი, პროკურორს, როდის ესაუბრა დედას-მეთქი.

ისედაც მართალი ვარ, გინდ 20 წელი მომისაჯეთ, გინდ დახვრეტა, ნიკუშა კაცია მაინც ბედნიერი კაცია.

მე ვარ ჩვეულებრივი ტყვე, არც ერთ შემთხვევაში საკუთარ თავზე არ მივიღებ სიტყვა პატიმარს. დიახ, მე ვარ ის ტყვე, რომელიც არ მოეწონათ.

როცა ხარ მართალი, ხარ მართალი და წერტილი. თუ ვინმემ წამართვა ის 9 თვე, რომელიც მქონდა ბედნიერებისთვის, დედაზე ზრუნვისთვის, ხართ თქვენ - თქვენ დედაჩემს შეუზღუდეთ ეს უფლება.

მე არ ვარ ანწუხელიძე, არასდროს ვყოფილვარ და შეიძლება არც არასდროს ვიყო, მაგრამ არავის უნდა მისცე უფლება, მას შეურაცხყოფა მიაყენო",- განაცხადა კაციამ.

ცნობისთვის, ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"