ტრამპის "ქართული საკითხი": რა ხდება თეთრი სახლის კულუარებში საქართველოს თემაზე?! - მირიან მირიანაშვილის ანალიზი: ვის სურდა თბილისში ელჩად ბიზნესპარტნი - კვირის პალიტრა

ტრამპის "ქართული საკითხი": რა ხდება თეთრი სახლის კულუარებში საქართველოს თემაზე?! - მირიან მირიანაშვილის ანალიზი: ვის სურდა თბილისში ელჩად ბიზნესპარტნიორის დანიშვნა

"ეს შემზარავი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლის მიღწევაც აშშ-ის პრეზიდენტს სურს", - განაცხადა აშშ-ის უკრაინის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგიმ­ მას შემდეგ, რაც ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას პუტინმა ძალის დემონსტრაციით - კიევის მასშტაბური დაბომბვით უპასუხა. 600 დრონისა და 31 რაკეტის საცხოვრებელ კვარტალებზე, სამოქალაქო მატარებლებსა­ და საერთაშორისო მისიების ოფისებზე თავდასხმა­ ომის განმავლობაში სიდიდით მეორე იერიშად შეაფასეს ვაშინგტონში.

არის ეს მოსკოვის ცდა ზეწოლით მოიგოს მოლაპარაკება თუ დიპლომატიური მანევრი და როგორი იქნება ვაშინგტონი პასუხი პარადოქსულ რეალობაზე, ამის გარკვევას ანალიტიკოსთან მირიან მირიანაშვილთან საუბრისას შევეცადეთ.

- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პუტინის გარემოცვის ამერიკის ელიტასთან კომუნიკაციიდან (განსაკუთრებით სატელეფონო საუბრების შემდეგ) მეორე ან მესამე დღეს საშინლად იბომბება კიევი.­ ლოგიკური იქნებოდა, ეს ტრამპის დისკრედიტაციის ცდად მიგვეჩნია, მაგრამ პუტინისთვის ტრამპი ერთადერთი ფანჯარაა დასავლურ სამყაროში. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ პუტინის მიზანია ეკონომიკური და სამხედრო სისუსტის დაფარვა­. მას სურს აჩვენოს, თითქოს შეუძლია ომის გაგრძელება იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. ეს თავდასხმები სწორედ ასეთი "ეპისტოლეა". რეალობა კი საპირისპიროა: რუსეთის ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია. ექსპერტები უკვე ვადებზე მსჯელობენ, თუ როდის შეიძლება მოხდეს კოლაფსი. ისინი თანხმდებიან, რომ პერმანენტულად მზარდი ჩინური დახმარების გარეშე კრემლი ომს ვერ გააგრძელებს.

- ჩინეთს შეუძლია ან შედის კი მის ინტერესებში რუსეთის დახმარება?

- ინტრიგაც სწორედ ეგ არის, შეუძლია თუ არა ჩინეთს აიკიდოს ისეთი მძიმე ტვირთი, როგორიც რუსეთია. ამ კითხვაზე პასუხი უკრაინის კონფლიქტის მომავლის გასაღებია. წმინდა პოლიტიკურად სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ამერიკამ უკრაინის საკითხში მთავარი ტვირთი ევროპას გადააბარა. კონფლიქტი ისე გარდაისახა, რომ ფაქტობრივად, დღეს ჩინეთი და ევროპა ებრძვიან ერთმანეთს უკრაინისა და რუსეთის ხელით. ეს სცენარი ჩინეთის ინტერესებში არ შედიოდა. მისი მიზანი იყო ამერიკის ჩათრევა წამგებიან პირობებში, ისე, რომ დახმარების დიდი წილი ვაშინგტონს დაჰკისრებოდა, ხოლო თავად მინიმალური რესურსებით გამომძვრალიყო. ამიტომ ჩინეთს რუსეთის ხანგრძლივად დახმარება არ აწყობს. სწორედ ამიტომ პუტინი ტრამპზე იქნება ორიენტირებული, იმავდროულად კი ცდილობს აჩვენოს, თითქოს მისი მდგომარეობა კატასტროფული არ არის.

- პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა არ შედგა, რა რესურსი რჩება მოლაპარაკებისთვის?

- უმნიშვნელოვანესია ტრამპის რო-­ლი - სანამ ის დაინტერესებულია სამშვიდობო პროცესით, მოსკოვს უჭირს უარის თქმა ამაზე... ტრამპის სამშვიდობო იდეები არასწორად არის აღქმული. ნაწილი ფიქრობს, თითქოს ნობელის პრემიის მიღება მისი ახირებაა, სინამდვილეში, ეს პრემია ტრამპისთვის პოლიტიკური ინსტრუმენტია. მან კარგად იცის, რომ როდესაც ბარაკ ობამამ­ 2009 წელს, პრეზიდენტობის პირველივე წელს, მიიღო ნობელის პრემია, მისი რეიტინგი რამდენიმე პროცენტით გაიზარდა, მაშინაც კი, როცა ობამას ჯერ არანაირი კონკრეტული შედეგი არ ჰქონდა. ტრამპის რეიტინგი ამჟამად 38-44%-ს შორის მერყეობს, რაც ძალიან დაბალია იმისათვის, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში გავლენიან ლიდერად აღიქვან. თუ ეს მაჩვენებელი 35%-ს ჩამოსცდება, მას რეალურ პოლიტიკური ძალად აღარავინ აღიქვამს და მხოლოდ ნომინალური პრეზიდენტის სტატუსი ექნება. ამიტომ სჭირდება მას მშვიდობის ინიციატივა და ნობელის პრემიის პერსპექტივა, როგორც პოლიტიკური "ლიფტი". ტრამპისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, სად გაივლის ფრონტის ხაზი, კრამატორსკთან, აღმოსავლეთით თუ დასავლეთით, მისთვის­ მთავარი რეიტინგული შედეგია, არადა,­ ეს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც უკრაინისთვის, ისე ევროპის უსაფრთხოებისთვის, რის გამოც დაძაბულობა და "ჭიდილი" აშკარად ჩანს ამერიკულ პოლიტელიტაში. დაპირისპირების ერთ მხარეს დგას კით კელოგი, დაზვერვის გამოცდილი მაღალჩინოსანი, რომელსაც დეტალური ინფორმაცია აქვს პროცესებზე, მეორე მხარეს კი სტივ უიტკოფი, საშუალო რანგის ბიზნესმენ-დეველოპერი, რომელიც ტრამპის დავალებებს ტექნიკურად ასრულებს. ერთი ხაზს უსვამს უსაფრთხოებისა და სტრატეგიის საჭიროებას, მეორე მხოლოდ ტრამპის ინტერესებზეა ორიენტირებული.

- რომელს აქვს ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურისა და პოსტსაბჭოთა სივრცის კურატორის, რუბიოს მხარდაჭერა?

- უიტკოფის დისკრედიტაციის კამპანია უკვე დაიწყო. ცდილობენ ის წარმოაჩინონ როგორც დილეტანტი მომლაპარაკებელი, თითქოს თემები ავიწყდება, ბლოკნოტს აქეთ-იქით ტოვებს და ა.შ. შესაძლოა მოლაპარაკების პროცესს პირდაპირ ვერ ჩამოაშორონ, მაგრამ დისკრედიტირებული უიტკოფი ვეღარ იქნება ის ფიგურა, რომელსაც კონკურენციის გაწევა შეუძლია კით კელოგისთვის. რაც შეეხება მარკო რუბიოს, სწორედ ის იყო უიტკოფის დისკრედიტაციის ერთ-ერთი ინიციატორი. დაპირისპირება იმდენად შორს წავიდა, როდესაც უიტკოფი მოსკოვში იყო, რუბიოს ჯგუფმა საელჩოს წარმომადგენლებს აუკრძალა მასთან ერთად კრემლში შესვლა.

ტრამპს კი დღეს აღარ აქვს საკმარისი რესურსი, რომ რუბიოსა და მისი გარემოცვის "მორჯულება" შეძლოს. თუ რუბიოს და ლინდსი გრემს გადაიკიდებს, შეიძლება ისეთი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს, რომ საგარეო პოლიტიკა საერთოდ გადაავიწყდეს. ამ დაპირისპირებამ განსაკუთრებული სიმწვავით უკრაინის საკითხში იჩინა თავი. როგორც ჩანს, საქართველოს საკითხზეც იგივე ვითარებაა. ცნობილია, მარკო რუბიო მკაცრი პოლიტიკის მომხრეა საქართველოს საკითხზე, მაშინ როცა ტრამპის ოჯახი და მისი უახლოესი გარემოცვა შედარებით რბილი კურსის შენარჩუნებას ცდილობენ.

ამ ეტაპზე ამერიკის ელიტაში დიდი პოლი­ტიკური ბატალიებია როგორც უკრაი­ნულ, ისე ქართულ საკითხზე. საბოლოო გადაწ­ყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა პროცესები უკვე დასკვნით ფაზაში შედის.

ასევე დაგაინტერესებთ: ქართული გაკვეთილები ზელენსკისთვის: ფრთხილად, არ ენდოთ რუსეთს - როგორ შეიძლება იქცეს ე.წ. სამშვიდობო ხელშეკრულება დიდ ტრაგედიად

„ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

"საქართველო აშშ-ს უნდა გაურიგდეს და..." - მამუკა არეშიძის ანალიზი: დიდი გეოპოლიტიკური თამაში ჩვენი ქვეყნის გარშემო ანუ ვინ მიდის და ვინ მოდის კავკასიაში

საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი რამ არის გადასაწყვეტი. მაგალითად, შეჩერებულია ახალი ელჩის დანიშვნის საკითხიც, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ვაშინგტონში მიმდინარე პოლიტიკურ დაპირისპირებებს. თეთრ სახლში ვერ შეთანხმდნენ, როგორი ტიპის დიპლომატი უნდა ჩამოვიდეს თბილისში. უიტკოფი ცდილობდა საკუთარი ბიზნესპარტნიორის დანიშვნას, თუმცა მოგვიანებით ამ განზრახვაზე ხელი ააღებინეს და ამ საქმეშიც რუბიოს უპირატესობა ჩანს.

დიპლომატიური მექანიზმები და საელჩოები მის გავლენას ექვემდებარება, მით უმეტეს, აშშ ტრადიციულად დიდ ყურადღებას აქცევს სამხრეთ კავკასიაში დიპლომატიურ ქსელს. თბილისში მდებარე ამერიკის საელჩო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დიპლომატიურ კომპლექსად ითვლება, რაც ნათლად აჩვენებს, რამდენად მაღალია საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა ვაშინგტონისთვის. სწორედ ამიტომ ელჩის დანიშვნა მხოლოდ ფორმალური პროცესი აღარ არის, ის დიდი პოლიტიკის ნაწილად იქცა.

წაიკითხე ვრცლად