ცუდი ამბები უკრაინის ფრონტიდან: ომმა დნეპროპეტროვსკშიც შეაღწია - რატომ არის ეს ოლქი პუტინის განსაკუთრებული სამიზნე?!
ომმა უკრაინის მორიგ ოლქში -დნეპროპეტროვსკშიც შეაღწია...
2014 წლამდე უკრაინის ტერიტორია 603 549 კვ.კმ-ს შეადგენდა, რომლის 27 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში 41 მლნ-მდე ადამიანი ცხოვრობდა.
დღეისათვის რუსეთის მიერ მთლიანად ოკუპირებულ-ანექსირებულია ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა და ოკუპირებულია: ხერსონის ოლქის 73%, ზაპოროჟიეს - 73%, დონეცკის - 76%, ლუგანსკის - 99%, ხარკოვის - 4%, სუმის - 1%, ნიკოლაევის - 1% და დნეპროპეტროვსკის - 1%.
ამ ჩამონათვალში სიახლეა დნეპროპეტროვკის ოლქის გამოჩენაც, რადგან სხვა უკრაინულ ოლქებში რუსი ოკუპანტები ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე, ომის დაწყებისთანავე შეიჭრნენ, თუმცა მათი ნაწილის მალევე დატოვება მოუწიათ, მაგრამ ხარკოვისა და სუმის ოლქებზე მოგვიანებით ისევ განახორციელეს თავდასხმები.
რაც შეეხება უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვრებს, მისი მინიმალური დაშორება აღმოსავლეთ სახელმწიფო საზღვრიდან შეადგენს 120 კმ-ს, ჩრდილოეთ საზღვრიდან - 140 კმ-ს ანუ დნეპროპეტროვსკის ოლქი წარმოადგენს უკრაინის ტერიტორიის შიდაოლქს, 120-140 კმ-ით დაშორებულს რუსეთის საზღვრიდან და მისი უსაფრთხოება ამ ფაქტორით უნდა ყოფილიყო გამყარებული.
თუმცა ომის მეოთხე წელს ბრძოლებმა დნეპროპეტროვსკის ოლქშიც შეაღწია. ეს, ერთი მხრივ, იმის მაჩვენებელია, რომ აგრესორმა რუსეთმა 1 288-დღიანი ინტენსიური ბრძოლების მიუხედავად, მხოლოდ ახლა მიაღწია დნეპროპეტროვსკის აღმოსავლეთ საზღვარს, რაც უკრაინის დამცველების უდიდეს გმირობაზე მიუთითებს, მით უმეტეს, რომ რუსი ოკუპანტების შეტევები 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ მიმართულებაზე დაიწყო არა რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან, არამედ - ჯერ კიდევ 2014 წლიდან ნაწილობრივ ოკუპირებული დონეცკის ოლქიდან და პუტინის არმიამ ომის 42 თვის განმავლობაში ოკუპირებული დონეცკიდან დნეპროპეტროვსკის ოლქის აღმოსავლეთ საზღვრამდე მხოლოდ 60 კმ-მდე წაწევა თუ მოახერხა და ისიც - უდიდესი საბრძოლო დანაკარგების ხარჯზე...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისიც ფაქტია, რომ ომმა უკრაინის მორიგ ოლქში შეაღწია და, სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფლებსა და ქალაქებსაც დროთა განმავლობაში ისეთივე დანგრევა-განადგურება მოელით, როგორც რუსმა აგრესორებმა ეს უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ოკუპირებისას განახორციელეს და პირისაგან მიწისა აღგავეს მთელი ქალაქები, მათ შორის - ვოლნოვახა, მარიუპოლი, იზიუმი, მარინკა, სოლედარი, უგლედარი, ავდეევკა თუ ბახმუტი...
დნეპროპეტროვსკის ოლქს (რომლის ფართობი 31 923 კვ.კმ.-ს შეადგენს და ომის დაწყებამდე იქ 3 მლნ-ზე მეტი მაცხოვრებელი იყო) განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში სამხედრო მრეწველობის დარგში დნეპროპეტროვსკს თავისი მნიშვნელობით ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა არათუ უკრაინის, არამედ - მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, რადგან სწორედ აქ ამზადებდნენ იმ დროისთვის და დღესაც მსოფლიოში უდიდეს, 210-ტონიან სტრატეგიული დანიშნულების ბალისტიკურ რაკეტას - Р-36М-ს, რომელსაც 16 ათასი კმ-ის სიშორეზე ერთი 20-მეგატონიანი ან ათი ერთმეგატონიანი ბირთვული ქობინების მიტანა შეეძლო ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნებისმიერ ადგილამდე, რის გამოც ნატომ ამ ყველაზე დიდ საბჭოთა ბირთვულ საფრთხეს... „სატანა“ უწოდა...
უკრაინის დნეპროპეტროვსკის „იუჟნოეს“ საკონსტრუქტორო ბიუროში შექმნილი და დამზადებული ბირთვულქობინიანი „სატანების“ მოდერნიზებული ვარიანტი Р-36М2 Воевода, ჯერ კიდევ რჩება რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების შეიარაღებაში და დამიზნებულია აშშ-ის ქალაქებზე.
ასევე დაგაინტერესებთ: 21-ე საუკუნის ყველაზე გრანდიოზული სამხედრო აღლუმი - ჩინეთი მსოფლიოს სამხედრო-პოლიტიკურ ლიდერობაზე აცხადებს პრეტენზიას
რუსეთის საწვავის გარეშე დატოვება - სტრატეგიული ჩანაფიქრი უკრაინული კამიკაძე - დრონების შესრულებით...
კრემლმა იცის, თუ რა პოტენციალი გააჩნია დნეპროპეტროვსკის (რომელიც დამოუკიდებელ უკრაინაში უკვე დნიპროდ იწოდება) „იუჟნის“ საკონსტრუქტორო ბიუროს, ომში მყოფი უკრაინისთვის ისეთი ბალისტიკური რაკეტების შესაქმნელად (მათ შორის - „საპსანის“ ტიპის), რომლებიც აგრესორი რუსეთის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებს მიწვდებიან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ათას კმ-ზე მეტ მანძილზე. შესაბამისად, პუტინმა სპეციალურად დაავალა 5-6-ათას კმ-ზე მფრენი ბალისტიკური „ორეშნიკის“ (რომელიც ალექსანდრე ნადირაძის „პიონერის“ შემდგომ განვითარებულ სარაკეტო პროექტს წამოადგენს) დამიზნება სწორედ დნიპროს „იუჟნის“ ქარხანაზე, რასაც გამანადგურებელი შედეგი არ მოჰყოლია...
გარდა ამისა, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში მოქმედებს ქიმიური მრეწველობის საწარმოები, რომელთა პროდუქცია გამოიყენება უკრაინის არმიის საჭიროებისთვის, დენთისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებლად, რაც, ასევე, ყელში ეჩხირებათ მოსკოვში და ეცდებიან ყველა ღონე იხმარონ დნიპროს, პავლოგრადისა და დნეპროპეტროვსკის სხვა ქალაქების დასაპყრობად, მანამდე კი მათ დაუნდობელ დაბომბვას დაიწყებენ...