თურქეთთან დრამატულ მატჩში დავითაშვილის და კვარაცხელიას გოლები საკმარისი არ აღმოჩნდა - კვირის პალიტრა

თურქეთთან დრამატულ მატჩში დავითაშვილის და კვარაცხელიას გოლები საკმარისი არ აღმოჩნდა

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე, რომლის ტრიბუნების ნაწილი იმის ნაცვლად, რომ გულშემატკივრებით ყოფილიყო სავსე, ისევ ნაჭრებით იყო გადაფარული, თურქეთთან 2:3 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ტრავმირებული კიტეიშვილის და ჩაკვეტაძის ნაცვლად სასტარტოში მექვაბიშვილი და დავითაშვილი დააყენა. სტუმრებმა დებიუტშივე მოახერხეს დაწინაურება - კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მიულდურმა თავით მამარდაშვილის კარში მიუჩინა ადგილი. „ჯვაროსნები“ თამაშის დალაგებას ვერ ახერხებდნენ, მექვაბიშვილის შეცდომის შედეგად თურქებს კარგი შანსი მიეცათ, მაგრამ მეტოქის შემტევის დარტყმული ბურთი გოგლიჩიძემ დაბლოკა. აქედან მოყოლებული ჩვენი გუნდი უპირატესობას დაეუფლა, იერიშებზე გადავიდა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. მეტოქე ბურთს აკონტროლებდა, უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა და დაცვის მორიგი შეცდომის გამო მეორე გოლი გავუშვით. ბოლოს ქოჩორაშვილის ჩაწოდებული ბურთი ლოჩოშვილმა ჩაქირის კარში ვერ გადაგზავნა და პირველი ტაიმი 0:2 დავთმეთ.

შესვენების შემდეგ სანიოლმა წიტაიშვილის მაგივრად მოედანზე გაგნიძე შეუშვა. მალე მესამე გოლიც მივიღეთ. 63-ე წუთზე დავითაშვილის გარღვევას მექვაბიშვილის ძელს გარტყმული ბურთი მოჰყვა, დამატებაზე ყველას ზურიკომ დაასწრო და ანგარიში შეამცირა. ცოტა ხანში ქოჩორაშვილითან უხეშობისთვის მსაჯმა ილმაზი გააძევა, სანიოლსაც წითელი ბარათი უჩვენა. რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი მეტოქე დაცვაში ჩადგა, კვარაცხელიას დარტყმამ ორჯერ მიზანს ვერ უწია, ერთხელ მეკარემ არ გაატანინა, კომპენსირებულ დროში მან მაინც დალაშქრა მეტოქის კარი, ბოლოს დავითაშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 7 სექტემბერს სახლში ბულგარეთთან ჩაატარებს.

წყარო