"26-მა ქვეყანამ პირობა დადო, რომ უკრაინაში დამატებითი ძალები გაგზავნოს, იქნება ეს ხმელეთზე, ჰაერსა თუ ზღვაში მხარდაჭერა" - რას აცხადებს ემანუელ მაკრონი? - კვირის პალიტრა

"26-მა ქვეყანამ პირობა დადო, რომ უკრაინაში დამატებითი ძალები გაგზავნოს, იქნება ეს ხმელეთზე, ჰაერსა თუ ზღვაში მხარდაჭერა" - რას აცხადებს ემანუელ მაკრონი?

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები მზად არის, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„26-მა ქვეყანამ პირობა დადო, რომ უკრაინაში დამატებითი ძალები გაგზავნოს, იქნება ეს ხმელეთზე, ჰაერსა თუ ზღვაში მხარდაჭერა. უკრაინის თავდაცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არსებობს“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ აშშ-თან საბოლოო დეტალებზე მუშაობა დასრულდება.

„აშშ-მა ნათლად განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში მონაწილეობას მიიღებს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ასევე, მაკრონის განცხადებით, თუ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, მაშინ ევროპა დამატებით სანქციებს აშშ-თან ერთად მიიღებს.

„საერთაშორისო სამართლის დარღვევას ვერ დავუშვებთ. ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ეს ყველას უსაფრთხოების საკითხია“, - განაცხადა მაკრონმა.

"ინტერპრესნიუსი"