საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფშია - მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი კი ჯგუფში ჩარჩა - კვირის პალიტრა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფშია - მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი კი ჯგუფში ჩარჩა

ევრობასკეტის ბოლო მე-5 ტურში, C ჯგუფში, საბერძნეთმა ესპანეთი 90:86 დაამარცხა და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში გაიყვანა. ამ ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და საქართველო გავიდნენ. მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი კი ჯგუფში ჩარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველომ საკუთარი მატჩი დათმო და ესპანეთსა და ჩვენ ერთნაირი მოგება-წაგების მაჩვენებელი დაგვიგროვდა, იმის გამო, რომ პირველ ტურში ესპანელები დავამარცხეთ, ურთიერთშეხვედრაში უპირატესობის ხარჯზე, მომდევნო ეტაპზე, მე-4 ადგილით სწორედ საქართველოს ნაკრები გავიდა.

მატჩი ბერძენთა დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა და წინ 14-ქულითაც იყვნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ესპანელთა 19 წლის კალათბურთელის სენტ-სიუპერის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, ესპანეთი წინაც გავიდა, მაგრამ ბერძენთა ლიდერის და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის, იანის ანტეტოკუნმპოს ლიდერობით, საბერძნეთმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ.

იანისმა 25 ქულა, 14 მოხსნა და 9 ასისტი დააგროვა.

ბერძენთა გამთამაშებელმა ტაილერ დორსიმ 22 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.

ესპანელთაგან ხაიმე პრადილიამ საკუთარ გუნდს 14 ქულა, 2 მოხსნა და 2 ასისტი შესძინა.

სენტ-სიუპერიმ კი 13 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფში D ჯგუფის გამარჯვებულს, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, შეხვედრა 7 სექტემბერს გაიმართება.

წყარო