როცა ცოლში არ გიმართლებს ანუ ქართველებზე მზრუნველი ქართველი მილიონერის ტრაგედია - როგორ დაეუფლა მის ფულს ინდოელი მისტიკოსი - კვირის პალიტრა

როცა ცოლში არ გიმართლებს ანუ ქართველებზე მზრუნველი ქართველი მილიონერის ტრაგედია - როგორ დაეუფლა მის ფულს ინდოელი მისტიკოსი

მკითხველს არ დავუმალავ, რომ რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვეცნობი გიორგი მაჩაბლის შესახებ, მით უფრო და უფრო იზრდება ჩემი აღფრთოვანება ამ პიროვნების მიმართ. ამიტომ ხანდახან ძალზე ჭირს, სრული ობიექტურობა შეინარჩუნო. თუმცა ფაქტები ხომ თავად მეტყველებენ? გ. მაჩაბელი უანგაროდ ეხმარებოდა ემიგრაციაში სიღარიბე-სიღატაკის ზღვარზე მყოფ თანამემამულეებს: ზოგს თავისთან ასაქმებდა, ზოგს - სტიპენდიას უნიშნავდა, ზოგს კი სამეცნიერო მუშაობისთვის შესაფერის პირობებს უქმნიდა.

წაიკითხეთ 1930 წლის 12 აპრილს გ. მაჩაბლის მიერ სპ. კედიასათვის გაგზავნილი წერილი და თავად დარწმუნდებით, თუ რა ტაქტიანი ადამიანი ყოფილა გიორგი (ავტორის სტილი უცვლელია - ბ.ა.): „არ დაგიმალავ, რომ სათავეში შენ თანამშრომლობას ვაძლევდი მეგობრულ ხასიათს, მინდოდა გქონოდა რაიმე წყარო არსებობისა, მაგრამ დღეს ჩვენ გულ-წრფელ და ძველ მეგობრობას დაემატა საერთო თანამშრომლობა ჩვენს საქმეში და ამით ჩვენ ერთმანეთს უფრო მეტად დავუახლოვდით, ამიტომ დარწმუნებული იყავ, რომ შენს მუშაობას არა აქვს არავითარი საქველმოქმედო ხასიათი, არამედ წმინდა საქმიანი და მე ჩემ თავს ბედნიერად ვთვლი რომ შენში გავიჩინე საუკეთესო თანამშრომელი ჩვენს საქმეში და მყავს პარიზში საქმიანი მეგობარი, რომელსაც შემიძლიან სავსებით ვენდო“.

picture6-1757053539.jpg

შეგახსენებთ, რომ 1929 წელს გ. მაჩაბელმა პარიზთან ახლოს მდებარე ქალაქ კლამარში შეიძინა 400კვ.მ მიწის ფართობი, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლითა და დამხმარე შენობა- ნაგებობებით (მისამართი 58 Rue de Meudon Clamart). გ. მაჩაბელმა სახლის დიდი ნაწილი სპ. კედიას ოჯახს დაუთმო. 1930 წლის 12 აპრილის წერილში კიდევ ერთი ძალზე საინტერესო მონაკვეთია (ავტორის სტილი უცვლელია - ბ.ა.): „ეხლა ბინის შესახებ... ნურაფერი ეჭვი ნუ გექნება. ბინის სარგებლობა გადაუხდელად გეძლევა შენ ჩემგან სახლის საერთო თვალ-ყურის გდებისთვის და ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ შენისთანა სანდო მეგობარს აბარია ჩემი პატარა ქონება. რაც შეეხება ჩვენების ბინას, ვამჯობინებდი ეშოვნათ სადმე ახლო თავიანთვის ბინა... ასე რომ, შენ შეგიძლიან გადასცე, რომ თიბათვიდგან გადავიდნენ ახალ ბინაზედ... დიდი ოთახი ჩემთვის და ნორინასთვის მინდა მოვაწყო და პატარა ოთახში მინდა მიხაკო (იგულისხმება მიხაკო წერეთელი - ბ.ა.) დავაბინავო. მხოლოდ მინდოდა მეკითხნა შენთვის, თუ შეეძლება მიხაკოს თქვენთან იკვებოს. რასაკვირველია, მის ხარჯს საჭმელ-სასმელისთვის მე გადავიხდი, თუ სონასთვის არ იქნება მძიმეთ დაუმატოს ერთი კერძი მისთვისაც. ამაზედ გთხოვ დაურიდებლად მომწერო და თუ დათანხმდებით, 1-ლ თიბათვისთვის მიხაკოს ვეტყვი გადმოვიდეს კლამარში. როგორც მწერდა, 3 დიდი ნამუშავარი აქვს დაწყებული და სურს მისი დამთავრება. ბინა, საჭმელ-სასმელი, კარგი ჰავა და თქვენი ქართული ატმოსფერო შეაძლებინებს მას წიგნების დამთავრებას“. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ზრუნავდა გ. მაჩაბელი თავის მეგობრებზე.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ დააკარგვინა ცოლი სერგო ორჯონიკიძის "ორეულმა" ქართველ პრინცს - გიორგი მაჩაბლის ბიზნესიმპერიის დასასრულის დასაწყისი

ვინ მოკლა ქართველი პატრიოტი და ბიზნესმენი გიორგი მაჩაბელი?! - სტალინის პირადი კილერები

სისხლიანი ორდენები: სტალინ-ბერიას ოპერაცია "ემიგრაციის გახრწნა" - ქართველი "ჩეკისტები" ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ

"დააპატიმრეთ და სცემეთ": სატელეფონო ზარი სტალინისგან - დიდი ბელადის ქართული აგენტურა, ორგანიზაცია "კავკასია" და გერმანელები

1932 წლის 20 მაისს გ. მაჩაბელი ნიუ-იორკიდან კლამარში სპ. კედიას წერს: „საჩქაროდ გიგზავნი ,,აბანოს" ფორმულას. აქამდის ვერ გამოგიგზავნე, რადგან სულ ვასწორებდი, ვიდრე არ დავათავე საბოლოოდ. ზოგ სახელებს ქართულად გწერ, რომ თუ ვინიცობაა ვისმეს ხელში ჩაუვარდა, ადვილად ვერ მიხვდეს.

picture5-1757053539.jpg

ვხედავთ, რომ გ. მაჩაბელი სააბაზანო ზეთის (რომელიც სრულიად ახალი პროდუქტი იყო ამერიკისა და ევროპის ბაზრებისთვის) ფორმულის შემადგენელ ინგრედიენტებს ქართულად წერდა და ამგვარად ცდილობდა საიდუმლოების დაცვას. თუმცა, თუ ამ ფორმულის ხელში ჩაგდებას საბჭოთა სპეცსამსახურები მოინდომებდნენ, ქართული სიტყვების წამკითხველის პოვნა არ გაუჭირდებოდათ.

იმავე წერილში გ. მაჩაბელი სპ. კედიას აცნობებს (ავტორის სტილი უცვლელია - ბ.ა.): „პირადათ მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ვმუშაობ დილის ცხრის ნახევრიდგან საღამოს 8 საათამდის შეუწყვეტლად. საქმეებიც გვარიანათ მიდიან და ამ ერთ წელიწადში დიდ საქმეებს გავაკეთებთ. ბევრ ახალ რასმეს ვამზადებ. ტრაბახით არ გეტყვი, მაგრამ ჩვენი პარფიუმერიის პრესტიჟი ჩქარის ნაბიჯით მიდის მაღლა და მაღლა. ერთადერთი ფირმაა ჩვენი (ყველა პარფიუმერებს შორის), რომელმაც შარშანდელზედ მეტი გააკეთა წლეულს, ე.ი. 1931 ჩვენ გავყიდეთ 10% მეტი ვიდრე 1930 და ამ წლის 4 თვეში გავყიდეთ 15-20% მეტი ვიდრე 1931-ის პირველ 4 თვეს. მაშასადამე, თუ ამისთანა სასორწარკვეთილ კრიზის დროს ასე ყოჩაღად ვებრძვით ცხოვრების ტალღებს, რა იქნება, როდესაც საქმეები გამოსწორდება და რომ გამოსწორდებიან მაგაში ეჭვი არ არის. ამიტომ გულს ნუ გავიტეხთ და შენ ნახამ თუ რა საქმეებს გავაკეთებთ. იყავ კარგად. ხელზედ აკოცე სონას (იგულისხმება სოფიო ჩიჯავაძე-კედია - ბ.ა.) ჩემ მაგივრად, აგრეთვე თეოც დამიკოცნე. გეხვევი შენი მარად ერთგული გიორგი“. კარგად ჩანს, თუ რა დაუღალავად შრომობდა გ. მაჩაბელი, რათა მის მიერ დაწყებული ბიზნესი, რომელსაც ასეულობით (თუ მეტი არა) ქართველი ემიგრანტი იმედის თვალით შესცქეროდა, უფრო და უფრო განევითარებინა.

ქართულ ემიგრაციაში გ. მაჩაბლის წარმატებას საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას რომ უკავშირებდნენ, ს. ჩიჯავაძე-კედიას მოგონებებშიც ნათლად ჩანს (ავტორის სტილი უცვლელია - ბ.ა.): „ეს პარფიუმის საქმე ისე განვითარდა, რომ მალე თავის დანიშნულებას კარგად შეასრულებდა. შესძლებდა აქაურ ქართველების თავმოყრას, მათი შვილებისათვის ზრუნვას, მაშინ ალბად ემიგრაციის კარებს ასე ადვილად ვერ გადმოლახავდა ჩრდილოეთიდან გამოგზავნილი დაქირავებული ძალები და დღეს, ვფიქრობ, ემიგრაციას სულ სხვა სახე ექნებოდა. ეს საქმე ალბად არ ეჭაშნიკებოდა სტალინს და მის ხალხს; ამერიკაში ქართველი, დიდი ფირმის პატრონი, ძველი პატრიოტი და ამასთან მხნე და გამჭრიახე გიორგი მაჩაბელი კინაღამ ერთხელ მოიშორეს თავიდან და ერთ ყოფილ ჩეკისტს დაავალეს მისი მოსპობა. ამის შესახებ გიორგი სწერს წერილს სპირიდონს, დაახლოებით ეს იყო 1932 წელს. ამნაირად აცდენილი იყო ეს პირველი ტყვია. მაგრამ 1935 წ. უცნაურად და ყველასათვის მოულოდნელად კვდება გიორგი, რომელიც დაპატიჟებული ყოფილა ორ საღამოს ზედიზედ, სახლში დაბრუნებული მარტოა, რადგან ცოლთან ის დაშორებული იყო, ორი დღის დიდი სიცხე, მალე გონებასა ჰკარგავს და კვდება. არ იქნება უადგილო, ადამიანს ეჭვი დაებადოს, რომ გიორგი სტუმრობიდან მთლად უზადო არ დაბრუნებულა, თორემ როგორ გააქრო ეს კაცი რამოდენიმე დღის სიცხემ, განშორდა ის ამნაირად თავის საქმეს და თავის მეგობრებს?“. თითქოს ჩვენს სათქმელს ამბობს ქალბატონი სოფიო.

picture4-1757053539.jpg

1931 წლის ნოემბრამდე გ. მაჩაბელი მეუღლის, ნორინა ჯილის თანადგომას ნამდვილად გრძნობდა. უფრო მეტიც, სწორედ ნორინამ შეუწყო ხელი „Prince Matchabelli“-ის ბრენდის გაფორმებას, პოპულარიზაციას და აშშ-ის მაღალ საზოგადოებაში დამკვიდრებას. თუმცა ყველაფერი ერთ საბედისწერო დღეს, 1931 წლის 9 ნოემბერს, შეიცვალა და ყველასთვის მოულოდნელად 51 წლის ცნობილი მსახიობი და მილიონერი ბიზნესმენის ცოლი ნორინა ჯილი-მაჩაბელი 37 წლის უცნობი ინდოელ-ირანელი მისტიკოსის, მეჰერ ბაბას ბრძანებების უსიტყვო შემსრულებლად იქცა.

1931-1935 წლებში მისტიკოსმა და სექტის ხელმძღვანელმა ბაბამ ფაქტობრივად მთელი მსოფლიო მოიარა. იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალი, სადაც „გურუ ბაბა“ თავის თაყვანისმცემელ/ “შეყვარებულ“ ქალბატონთა დიდ ამალასთან ერთად თვეობით იმყოფებოდა, ამგვარია: აშშ, იტალია, ინდოეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, კანადა და სხვ. ამ „მსოფლიო ტურნეში“ მეჰერ ბაბას თან ახლდა „პრინცესა“ ნორინა ჯილი-მაჩაბელი. ნორინა, გურუს არა მარტო „საყვარელი მოწაფე“, არამედ მთავარი სპონსორიც გახლდათ და, ფაქტობრივად, მუდმივად მასთან ცხოვრობდა. ნიუ-იორკში ყოფნისას კი ბაბას სპექტაკლებისა და კინოფილმების სანახავად მონუსხულივით თან დაჰყვებოდა. ამ დროს კი გიორგი მაჩაბელი ბიზნესის გადარჩენა/განვითარებაზე ფიქრით დღე და ღამეს ათენებდა.

1930-იან და 1940-იან წლებში დასავლური პრესის („Sunday Express“, „Daily Herald“ და სხვ.) ინტერესი ბაბას „ქალი მოწაფეების“ მიმართ ძალზე დიდი იყო. ამ ინტერესს ისიც აღვივებდა, რომ ეს ”დასავლელი ქალები“ ევროპისა და აშშ-ის ცნობილი და მდიდარი ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ. ასე რომ, „გურუ ბაბამ“ ბრწყინვალედ იცოდა თავისი საქმე!

ჟურნალისტები მიანიშნებდნენ ბაბას „განსაკუთრებულ ურთიერთობებზე“ რამდენიმე „მოწაფესთან“ და მათ შორის ნორინა ჯილიც იყო. სენსაციებს დახარბებულმა ჟურნალისტებმა ისიც „აკადრეს“ „გურუ ბაბას“, რომ მისი ‘შეყვარებულთა“ ამალა... სულთან/შახების ჰარამხანასაც კი შეადარეს. თუმცა, რა, - როგორც იტყვიან: „ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდისო“. „მუნჯი“ მეჰერ ბაბა და მისი მისტიკური მოძღვრება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა მდიდარ შუახნის ქალბატონებში.

picture3-1757053539.jpg

დელია დე ლეონი, ნადინ ტოლსტოი (ლევ ტოლსტოის რძალი), მარგარეტ კრასკე, მეჰერ ბაბა და ნორინა მაჩაბელი. ნასიკი, ინდოეთი. 1938 წელი.

მეჰერ ბაბამ განსაკუთრებით მას შემდეგ „გაშალა ფრთები“, რაც 1935 წლის მაისში ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ მეუღლეს, ნორინა ჯილს, გიორგი მაჩაბლის მემკვიდრეობის ერთი მესამედი გადაეცა. 1936 წელს ნორინამ „Prince Matchabelli Perfume Company“-ის აქციების კუთვნილი პაკეტი ამერიკელ ბიზნესმენ სოლ განცს 250,000 დოლარად მიჰყიდა. ეს დღევანდელი კურსით, დაახლოებით, 5 მილიონ დოლარს შეადგენს (ამ საკითხს უფრო დაწვრილებით შემდგომ დავუბრუნდები). დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ნორინამ ეს თანხა მთლიანად „გურუ ბაბას“ დაახარჯა: ინდოეთში უყიდა მიწები და უძრავი ქონება, სადაც გურუმ თავისი „შეყვარებულები“ დაასახლა; უყიდა ავტომობილები, რომლებიც მაშინ მართლაც, რომ ფუფუნების საგანი იყო, ვიდრე გადაადგილების საშუალება. ნორინას აქტიური მონაწილეობით გადაიღეს დოკუმენტური ფილმები ბაბაზე.1938 წელს ნორინამ დააარსა პერიოდული გამოცემა: „მეჰერ ბაბას ჟურნალი“ («Meher Baba Journal».) ხოლო 1949 წელს, უკვე აშშ-ში, შეიძინა მიწის ფართობი და შექმნა „ბაბას ცენტრი“.

pageesss-1757053651.jpg

გიორგი მაჩაბელის საფლავის ქვა ნიუ–იორკში. ნ. ჯილი–მაჩაბლის საფლავის ქვა ინდოეთში

ნორინა ჯილი–მაჩაბელი 1957 წლის 15 ივნისს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები „გურუ ბაბას“ ეძღვნებოდა: „შენი გულისთვის მზად ვარ ვიცოცხლო და მოვკვდე“. მისი ცხედარს კრემაცია ჩაუტარდა და ფერფლი ინდოეთში გაგზავნეს და მეჰერაბადის გორაზე დაკრძალეს. მისი საფლავის ქვაზე აწერია: „პრინცესა ნორინა, რომელიც იყო, არის და ყოველთვის იქნება ბაბასი“.

(მეჩვიდმეტე ნაწილის დასასრული)