სუპერსკანდალური პროგნოზი: ჩინეთი დიდი ომისთვის ემზადება ანუ "დრაკონმა" გაიღვიძა?! - რა უბრძანა სი ძინპინმა ჩინეთის არმიას - კვირის პალიტრა

სუპერსკანდალური პროგნოზი: ჩინეთი დიდი ომისთვის ემზადება ანუ "დრაკონმა" გაიღვიძა?! - რა უბრძანა სი ძინპინმა ჩინეთის არმიას

ბრიტანული გაზეთის - „ინდეფენდენთის“ (The Independent) 5 სექტემბერის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით: „ახლა გონივრული იქნება ვივარაუდოთ, რომ სი ძინპინი მალე ტაივანს შეუტევს“ (ავტორი - მაიკლ შერიდანი), რომელშიც გადმოცემულია თანამედროვე „დიდი სამეულის“ - სი ძინპინის, ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის - პოლიტიკური პორტრეტები და გაანალიზებულია სამხედრო-პოლიტიკური მიზნები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უეჭველია, რომ პეკინში ოთხშაბათს, სამ სექტემბერს გამართული „გამარჯვების აღლუმი“ ჩინეთის ხელისუფლებაში სი ძინპინის მოსვლიდან (2013 წლიდან) ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. ეს არის ერთდროულად ტრიუმფიც და პრელუდიაც ანუ სამხედრო ძლიერების ტრიუმფი და ამ ძლიერებით სარგებლობის პრელუდია.

ჩინეთის ლიდერს ოფიციალური სამხედრო ფორმა არ ჩაუცვამს, იგი დაკმაყოფილდა იმ უბრალო ტანსაცმლით, რომელიც მაო ძე დუნის სტილს მოგვაგონებს და ამით იგი აღლუმზე დამსწრე სხვა ქვეყნების ლიდერებისაგან განსხვავდებოდა.

ტიანანმენის მოედანზე გამართული სამხედრო აღლუმით ახალი ჩინეთის ამბიციები ყველაზე ნათლად გამოვლინდა. ბირთვული რაკეტები, დრონები, ყველა სახეობის უახლესი შეიარაღება და ათასობით ჯარისკაცი, ზუსტი მწყობრი ნაბიჯით რომ მიწას აზანზარებდა. ჩინეთის სიამაყის ამ გამოვლენაზე უკვე ბევრი დაიწერა, ახლა კი მოდი, ცისქვეშეთის განზრახვებზე დავფიქრდეთ - რა სურს სი ძინპინს?

ჩინეთის ლიდერის საპატიო სტუმრები იყვნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილო-კორეელი დიქტატორი კიმ ჩენ ინი. ორივე სტუმარმა, მასპინძელთან ერთად, „ავტოკრატთა სამეული“ შეადგინა, რომლებიც ჩინურმა მასმედიამ თანამედროვე საკვანძო მოთამაშეებად შერაცხა.

სამივე - სი ძინ პინი, ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი - ბრძოლებში გამოწრთობილი ადამიანები არიან. მათგან ორნი, პუტინი და კიმი, ყურებამდე არიან სისხლში ჩაფლულნი. რაც შეეხება ჩინელ ბელადს, მასაც არანაკლები „დამსახურება“ აქვს: მან თავიდან მოიშორა მოწინააღმდეგეები, განახორციელა მრავალი წმენდა, დაიჭირა და დახვრიტა თავდაცვის მინისტრები, გენერლები და შტაბის ოფიცრები. „ჯაშუშური“ სკანდალის გამო თანამდებობიდან მოხსნა საგარეო საქმეთა მინისტრი...

იბადება კითხვა: ესაუბრნენ თუ არა ერთმანეთს ჩინელი და რუსი ლიდერი წმენდების შესახებ ფინჯან ჩაის სმის დროს?

როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინისათვის ევგენი პრიგოჟინის - „ვაგნერის მეთაურის“ აჩრდილი უკვე ჰაერში გაქრა (ავიაკატასტროფის შედეგად), ხოლო რაც შეეხება მუდმივად მოღიმარ კიმ ჩენ ინს, მას, ალბათ, თვალწინ უდგას სცენა, თუ როგორ დასაჯა სიკვდილით თავისი ბიძა ჩან სონ თხეკი, მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, ბიძაშენი შეთქმულებას გიწყობსო. უბედური ნათესავი კიმმა, ყველას დასანახად, ეშაფოტზე მიაბა და ქვემეხის ზალპით ნაწილებად დაგლიჯა.

ჩინეთის ლიდერის - სი ძინპინის ბიოგრაფიაში კი არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ იგი ვინმეს მიმართ გამოჩენილი თავისი სისასტიკით ტკბებოდა, მაგრამ დღესავით ნათელია: მას ისეთი ძალაუფლება აქვს, რომ თვით იოსებ სტალინთან მეტოქეობაც კი შეუძლია. ახლა მთავარია იმის გარკვევა, რომ მას მართლაც აქვს თუ არა განზრახული უახლოეს ხანში ტაივანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყება.

აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა დაამოწმეს, რომ სი ძინპინმა მითითება მისცა ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელ არმიას, მზად იყოს ტაივანზე „შეჭრისათვის და კუნძულის იძულებით მიერთებისათვის“, 2027 წლისათვის ანუ იმ თარიღისათვის, როცა ჩინეთის არმიას შექმნიდან 100 წელი შეუსრულდება. ამ ფაქტს სერიოზულად უნდა შევხედოთ, რადგან ავტოკრატები ყოველთვის ფიქრობენ თავიანთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები (დარტყმების მიყენება) მრგვალ თარიღებს და წლისთავებს დაამთხვიონ.

სი ძინპინი და მისი თანამოაზრეები თვალს ადევნებენ, თუ როგორ განვითარდა პუტინის ომი უკრაინაში ბლიცკრიგიდან პატურ სიტუაციამდე. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩინურ სისტემაში არაფერი არის თავის გადარჩენაზე მნიშვნელოვანი, პეკინი თვლის, რომ რუსეთმა გაუძლო [კოლექტიურ დასავლეთთან] ბრძოლას და პუტინი ომში გამარჯვებულად ითვლება.

ამ სამეულიდან კიმ ჩენ ინი აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრების ვეტერანად შეიძლება ჩავთვალოთ, საიდანაც იგი უვნებელი გამოვიდა - არც თავისი ბირთვული არსენალი შეუმცირებია, არც ძალაუფლება. თუ სადმე ოდესმე ლიდერებს ასეთი დამაჯერებლობა ჰქონიათ [„დიდი სამეულის“ - სტალინის, რუზველტის და ჩერჩილის გარდა], დღეს სწორედ ეს სამი ადამიანია.

თავიანთი საომარი განწყობის მიუხედავად, პუტინს და კიმს სამხედრო გამოცდილება და სამხედრო წარსული არ აქვთ: კიმმა სამხედრო უნივერსიტეტი დაამთავრა, მაგრამ არმიაში არ უმსახურია, ისე გახდა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი; პუტინი „კაგებეს“ თანამშრომელი იყო, სამხედრო ჩინის მქონე, მაგრამ ჯარისგან შორს იდგა. აი, სი ძინპინს კი სამხედრო წარსული ნამდვილად აქვს: მამამისს - სი ჯუნსონს - მაო ძედუნის დროს, როცა სამოქალაქო ომი იყო გაჩაღებული, მაღალი სამხედრო თანამდებობა ჰქონდა და ბრძოლებში უშუალოდ მონაწილეობდა.

სი ძინპინის პირველი თანამდებობა სამხედრო ფორმით იყო ის, რომ იგი ჩინეთის თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ თანაშემწედ მუშაობდა. იგი ახალგაზრდობიდანვე ეზიარა სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოებებს. რა თქმა უნდა, სი ძინპინის სამხედრო თანამდებობა საშტაბო იყო და მას საბრძოლო ხასიათი არ ჰქონდა, რადგან არც ერთ ჩინელ გენერალს 1979 წლიდან (ვიეტნამთან ომის შემდეგ), სახმელეთო საომარ კამპანიაში მონაწილეობა არ მიუღია.

მაგრამ სი ძინპინი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ჯარისკაცებზე მუდამ ზრუნავდა. როცა იგი ჩინეთის აღმოსავლეთ რეგიონში - ფუძიანის პროვინციაში, ტაივანთან ახლოს მუშაობდა, სი ძინპინი ხშირად დადიოდა სამხედრო გარნიზონებში, ეცნობოდა მათ მდგომარეობას და მათზე ზრუნავდა - აუმჯობესებდა სამხედრო მოსამსახურეების ცხოვრების პირობებს, რომ მათ ბინები ჰქონოდათ და ამით მორალურ სულისკვეთებას ზრდიდა.

ახლა იგი თავისი ზრუნვის შედეგებს იმკის: არცერთი იმპერატორი, თუ ის საკუთარ ძალაში და საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის, ათასობით შეიარაღებული ჯარიკაცის წინაშე არ გამოვა. უეჭველია, რომ ადრე სი ძინპინი ესოდენ სოლიდური და მტკიცე თავის პოსტზე არ ყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ: 21-ე საუკუნის ყველაზე გრანდიოზული სამხედრო აღლუმი - ჩინეთი მსოფლიოს სამხედრო-პოლიტიკურ ლიდერობაზე აცხადებს პრეტენზიას

მსოფლიოს ახალი "დირექტორი": რატომ დაიბარა სი ძინპინმა პუტინი, კიმ ჩენ ინი და ლუკაშენკო პეკინში?! - რა ჩაიფიქრა ჩინეთის ლიდერმა

5 სცენარი ანუ როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი - კოშმარი უკრაინისა და ევროპისთვის თუ - ავღანეთის აჩრდილი რუსეთისთვის?!

"სიკვდილი მიწისქვეშეთიდან": რეპორტაჟი ამერიკული საიდუმლო ობიექტიდან, საიდანაც მსოფლიოს განადგურება შეიძლება - რა მოხდება 2026 წლის თებერვალში?!

ამრიგად, სად მიიყვანს ჩინეთს ეს ყველაფერი? სი ძინპინმა კარგად შეისწავლა რუსეთის გამოცდილება და გაკვეთილები. უპირველესად, მან გაითავისა ის, რომ არ შეიძლება ტაივანის პლაჟებზე იერიშის განხორციელება. „კომბინირებული ოპერაცია, რომელიც მოიცავს ჯარების გადასხმას მოწინააღმდეგის ნაპირებზე, ურთულეს და სახიფათო სამხედრო ოპერაციას წარმოადგენს“, - წერდა უინსტონ ჩერჩილი. სი ძინპინმა ეს ციტატა კარგად იცის - მას წაკითხული აქვს ჩერჩილის მემუარების წიგნი, რომელიც მამამისის ბიბლიოთეკაში იყო. ვლადიმერ პუტინის მოქმედებამ შთააგონა სი ძინპინს, რომ მან ისე არ უნდა იმოქმედოს, როგორც კრემლის ბინადარმა იმოქმედა უკრაინის მიმართ.

ჩინეთის ტაქტიკა ტაივანის წინააღმდეგ შეიძლება ყირიმის დაპყრობისა და კიევზე შეტევის ჰიბრიდი იყოს. შესაძლოა, პუტინმა გერმანელი სტრატეგის კარლ ფონ კლაუზევიცის თეორიას მისცა უპირატესობა - მაქსიმალური ძალების კონცენტრაციას რომელიმე გადამწყვეტი პუნქტის მიმართ.

რა თქმა უნდა, სი ძინპინმა და მისმა გენერლებმა კლაუზევიცის მოძღვრება ზეპირად იციან. ამ სცენარით ჩინეთს შეუძლია ზღვაზე ბატონობა მოიპოვოს და ტაივანთან განლაგებული ამერიკული ძალები ერთი კინეტიკური დარტყმით გაანადგუროს და სრუტე გააკონტროლოს. მას შეუძლია ტაივანს ბლოკადა გამოუცხადოს, შექმნას საკარანტონო ზონა და აკრძალოს საზღვაო და საავიაციო მარშრუტებით სარგებლობა. ჩინეთის არმიის ახალი იარაღით შესაძლებელი იქნება აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ზღვაზე და ჰაერში ბატონობის აღკვეთა.

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი რამ, რასაც მაო ძედუნი „ჯადოსნურ იარაღს“ უწოდებდა - პროპაგანდა. კიბერშეტევების უწყვეტი კამპანია, ცეცხლოვანი მიმართვები დიდი ჩინელი ერისადმი გადამწყვეტ მომენტებში, რომლებიც მიმართულია ტაივანელების დასარწმუნებლად, რომ წინააღმდეგობის გაწევა უაზრობაა, ახლოვდება ერის გაერთიანების მომენტი და რომ ბედს ხელი არ უნდა ჰკრან. ჩინეთის სახელმწიფო მასმედია ტაივანელების გასაგონად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათ ამერიკელების იმედი არ უნდა ჰქონდეთ და რომ - როგორც სი ძინ პინმა თქვა აღლუმზე გამოსვლისას - „ჩინეთი არ გაჩერდება, მას ვერავინ შეაჩერებს“.

ავტოკრატების სამეული ამ ყველაფერს ახალი მსოფლიო წესრიგის ნაწილად განიხილავს, რომელმაც 1945 წელს დამყარებული წესრიგი უნდა ჩაანაცვლოს. მათ აშკარად იმისთვის გამოიყენეს გამარჯვების აღლუმი, რომ ძველი ისტორია „ნამდვილით“ შეცვალონ და თავიანთი მიზნების შესასრულებლად ინსტრუმენტის სახით გაეროც გამოიყენონ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს სამი მთავარი ნაკლი გამოავლინა: პირველი - „სერიოზული ყურადღება არ ექცევა გლობალური სამხრეთის ქვეყნებს“, მეორე - „ავტორიტეტი აქვს შერყეული“ და მესამე - „აუცილებელია ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდა“. კაცმა რომ თქვას, ეს ყველაფერი სიმართლეა და ვის შეუძლია უარყოს? მაგრამ შემდეგ მოხსენებაში ნათქვამია: „გაეროს ასევე ნაკლოვანება აქვს ხელოვნური ინტელექტის, კიბერსივრცისა და კოსმოსის ათვისების ძალისხმევაში“. გადაწყვეტილება: „ჩინეთი გაეროს სთავაზობს გლობალური მნიშვნელობის ინიციატივას უფრო სამართლიანი მართვისათვის და ერთობლივ მუშაობას კაცობრიობის საერთო მომავლისათვის“. ბუნებრივია, ეს ყველაფერი შეფუთულია ლამაზი ფრაზებით ერთობლივი კონსულტაციებისა და ერთობლივი წვლილის შეტანის სახით და ბოლოს დაფიქსირებულია „ჩინეთის უდიდესი როლი მთელ მსოფლიოში - როგორც გლობალური განვითარების გარანტორისა და ახალი საერთაშორისო წესრიგის დამცველისა“.

სი ძინპინი, ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი არ არიან შესაფერისი კანდიდატები იმ კონსულტაციებისათვის, რომ მსოფლიო უფრო კეთილი გახდება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და კოსმოსის ათვისებით, მაგრამ სწორედ ისინი გამოდიან ინიციატორებად. „გლობალური მართვა“ მათი პირობებით - ეს ისეთი გამოწვევაა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. როგორც იტყვიან ხოლმე - „ხელთათმანი ნასროლია“.

წყარო