სენსაციური "წინასწარმეტყველება": "ოცნება" სააკაშვილს უკრაინაში გააძევებს?! - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი: მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების "საიდუმლოება" ანუ რა მოჰყვება "ლელოს" ლიდერების ციხიდან გამოსვლას
მიხეილ ყაველაშვილმა პარტია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. როგორც ყაველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, „მიუხედავად სხვადასხვა გარემოებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება“. ეს ნაბიჯი ოპოზიციურ ველზე უკვე იწვევს კითხვებს: იყო ეს მხოლოდ კონკურენტული არჩევნების გარანტიისთვის მიღებული გადაწყვეტილება თუ უფრო ფართო პოლიტიკური გათვლის ნაწილი? რამდენად იმოქმედებს შეწყალება „ლელოს“ მომავალზე და რა გზავნილს ატარებს ეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობაში, ამის გარკვევას ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძესთან საუბრისას შევეცადეთ.
- თავის დროზე პრეზიდენტმა განაცხადა: თუ კონკრეტული ლიდერები მიმართავდნენ და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდნენ, ის შეიწყალებდა. თავიდან გაჩნდა აზრი, რომ შესაძლოა, პრეზიდენტი თავად, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე, მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. და აი, ეს ნაბიჯიც გადაიდგა.
დღეს „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური გარემო, განსაკუთრებით - თბილისში. არჩევნებამდე ერთი თვე რჩება. ხელისუფლებას სჭირდება თემა, რომლითაც დღის წესრიგს გააკონტროლებს. აქედან გამომდინარე, ახლა ყველანაირად შეეცდება ოპოზიციის დემორალიზებას და დისკრედიტაციას.
ხელისუფლებას ურჩევნია ეს გააკეთოს არა პირდაპირ, არამედ - სხვების ხელით ანუ შექმნას პირობები, როცა თავად ოპოზიციური პარტიები დაიწყებენ ხაზარაძის და ჯაფარიძის ლეგიტიმაციის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ასეთ განცხადებებს გავიგებთ - „აი, ნახეთ, შეიწყალეს და ლეგიტიმაციას უწყობენ ხელს“, ხაზარაძე და ჯაფარიძე წინასწარ იყვნენ ხელისუფლებასთან გარიგებულები“ და ა.შ. ეს ნარატივი გაძლიერდება არა მხოლოდ ხელისუფლების პროპაგანდისტების მხრიდან, არამედ - ოპოზიციური ფლანგიდანაც. დიახ, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია ოპოზიციური ამომრჩევლის დემორალიზაცია და საკუთარი ელექტორატის მაქსიმალური მობილიზაცია, განსაკუთრებით - თბილისში.
- ხაზარაძისა და ჯაფარიძის დისკრედიტირება და ოპოზიციის დაბნევა, დემორალიზება ერთადერთი მიზანია თუ დასავლეთის ზეწოლაც უნდა გავითვალისწინოთ?
- დიახ, ამ საკითხში ორი მიმართულება იკვეთება. პირველი - ოპოზიციის დისკრედიტაცია და მეორე - საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმის ჩვენება, რომ საქართველოში თითქოს დემოკრატიული პროცესები ვითარდება. ბოლო პერიოდში ხელისუფლებას ყველა დასავლელ ლიდერთან გაურთულდა ურთიერთობა. ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პარტიის ლიდერების გათავისუფლება იყოს. შესაბამისად, „ოცნება“ ახლა შეეცდება, ეს ნაბიჯი მისთვის სასარგებლო არგუმენტად წარმოაჩინოს და თან არეულობა შეიტანოს ოპოზიციურ ველზე. ეს ნაბიჯი დასავლეთში მის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებს შეაჩერებს, მაგრამ გარკვეულ დონეზე განხეთქილებების გამოწვევა შეიძლება, როგორც შიდაპოლიტიკურ ჯგუფებს შორის, ისე - ზოგ ქვეყანასთან.
- სხვა პოლიტიკური ლიდერების შეწყალებსაც უნდა ველოდოთ?
- ალბათ, უფრო არჩევნების შემდეგ, როდესაც ვითარება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდება, სხვა პოლიტპატიმრების ეტაპობრივად გამოშვებასაც დაიწყებენ და არა მარტო პოლიტიკური ფიგურების. ვფიქრობ, იმ აქტივისტების გამოშვებასაც დაიწყებენ, რომლებსაც ახლა ორ-ორ და სამ-სამ წელიწადს ურიგებს ქართული სასამართლო. გამორიცხული არ არის, რომ სააკაშვილის საკითხიც დადგეს, შეიძლება შეწყალება არა, მაგრამ უკრაინაში მისი ექსტრადირების საკითხმა წამოიწიოს. მიზანი ერთია - ოპოზიციური ფლანგის დისკრედიტაცია.
- როგორ გგონიათ, აჰყვება ხელისუფლების ამ თამაშს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს?
- ყველაფერი ქართული საზოგადოების პოლიტიკურ სიმწიფეზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია და არჩევნებში არ მონაწილეობს, ხელისუფლებას ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი ორგანიზებულად მივიდეს საარჩევნო ყუთთან, ხოლო არჩევნების შემდეგ ასე ორგანიზებულად საპროტესტო აქციაზე დადგეს. ეს ყველაზე საშიში და კოშმარული სცენარია „ქართული ოცნებისთვის“. ამიტომ ამ ერთი თვის განმავლობაში ყველანაირად შეეცდებიან ოპოზიციის სხვადასხვა ფლანგის ერთმანეთთან დაპირისპირებას. ყველაფერი ცალსახად მეტყველებს, რომ ხელისუფლების მიზანია საპროტესტო ტალღის ენერგია გადაიზარდოს არა არჩევნებში, არამედ - დაშლაში და დემორალიზაციაში.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)