ქიმიური საფრთხე! რუსებმა უკრაინაში კიდევ ერთი უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს?! - რა ხდება დნიპროს ქუჩებში?
დნიპროში ქიმიური საფრთხე შეიქმნა, რუსულმა დრონებმა მიზანმიმართულად დაარტყეს სარაკეტო საწვავის საცავს...
თითქოს ენამ გვიყივლაო...
გუშინ, 4 სექტემბრის შუადღისას, ამავე ბლოგში გამოქვეყნებულ სტატიაში „ცუდი ამბები უკრაინის ფრონტიდან: ომმა დნეპროპეტროვსკშიც შეაღწია - რატომ არის ეს ოლქი პუტინის განსაკუთრებული სამიზნე?!“, ვწერდით, რომ რუსეთი საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის კიდევ ერთ, დნეპროპეტროვსკის ოლქშიც იწყებს და ქალაქ დნიპროს (ყოფილი დნეპროპეტროვსკი) დაბომბვას, ალბათ, ისევე დაიწყებს, როგორც მარიუპოლისა და ბახმუტისას-თქო... და, მართლაც, რამდენიმე საათში, 5 სექტემბრის გამთენიისას, არანაკლებ 18-მა რუსულმა კამიკაძე-დრონმა „შაჰიდ/გერანმა“ საჰაერო იერიში მიიტანა ქალაქ დნიპროს სხვადასხვა უბანზე, რასაც აფეთქებები და ხანძარი მოჰყვა...
მაგრამ სიტუაცია მას შემდეგ უფრო დაიძაბა, როდესაც დნიპროს ქუჩებში უკრაინელმა მაშველებმა მანქანებზე დაყენებული ხმამაღალმოლაპარაკეებიდან ადგილობრივ მოსახლეობას სასწრაფოს ფანჯრებისა და სარკმელების დაკეტვა მოუწოდეს... ქიმიური საფრთხის გამო...
რუსი ოკუპანტები უკრაინულ ქალაქებს საჰაერო დარტყმებს ყოველ ღამეს აყენებენ, მაგრამ საქმე აქამდე არ მისულა ქიმიური საფრთხის გამოცხადებამდე, მაგრამ დნიპროში სულ სხვა რამ მოხდა...
გუშინდელ სტატიაში ტყუილად როდი ვწერდით -„დნეპროპეტროვსკის ოლქს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში სამხედრო მრეწველობის დარგში დნეპროპეტროვსკს თავისი მნიშვნელობით ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა არათუ უკრაინის, არამედ - მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, რადგან სწორედ აქ ამზადებდნენ იმ დროისთვის და დღესაც მსოფლიოში უდიდეს, 210-ტონიან სტრატეგიული დანიშნულების ბალისტიკურ რაკეტას - Р-36М-ს, რომელსაც 16 ათასი კმ-ის სიშორეზე ერთი 20-მეგატონიანი ან ათი ერთმეგატონიანი ბირთვული ქობინების მიტანა შეეძლო ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნებისმიერ ადგილამდე, რის გამოც ნატომ ამ ყველაზე დიდ საბჭოთა ბირთვულ საფრთხეს... „სატანა“ უწოდა...
კრემლმა იცის, თუ რა პოტენციალი გააჩნია დნეპროპეტროვსკის (რომელიც დამოუკიდებელ უკრაინაში უკვე დნიპროდ იწოდება) „იუჟნის“ საკონსტრუქტორო ბიუროს, ომში მყოფი უკრაინისთვის ისეთი ბალისტიკური რაკეტების შესაქმნელად (მათ შორის - „საპსანის“ ტიპის), რომლებიც აგრესორი რუსეთის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებს მიწვდებიან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ათას კმ-ზე მეტ მანძილზე. შესაბამისად, პუტინმა სპეციალურად დაავალა 5-6-ათას კმ-ზე მფრენი ბალისტიკური „ორეშნიკის“ (რომელიც ალექსანდრე ნადირაძის „პიონერის“ შემდგომ განვითარებულ სარაკეტო პროექტს წამოადგენს) დამიზნება სწორედ დნიპროს „იუჟნის“ ქარხანაზე, რასაც გამანადგურებელი შედეგი არ მოჰყოლია...
ასევე დაგაინტერესებთ: რუსულ-ევროპული ომის სცენარი: რა მოხდება თუ პუტინი ბალტიისპირეთს შეუტევს - რუსები ჭაობებში ჩაიძირებიან?!
რუსეთის საწვავის გარეშე დატოვება - სტრატეგიული ჩანაფიქრი უკრაინული კამიკაძე - დრონების შესრულებით...
"დივერსანტი გოგა" ანუ გამოცხადებული ნადირობა რუსულ სარაკეტო ხომალდებზე
გარდა ამისა, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში მოქმედებს ქიმიური მრეწველობის საწარმოები, რომელთა პროდუქცია გამოიყენება უკრაინის არმიის საჭიროებისთვის, დენთისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებლად, რაც, ასევე, ყელში ეჩხირებათ მოსკოვში და ეცდებიან, ყველა ღონე იხმარონ დნიპროს, პავლოგრადისა და დნეპროპეტროვსკის სხვა ქალაქების დასაპყრობად, მანამდე კი მათ დაუნდობელ დაბომბვას დაიწყებენ...“
და, სწორედ აქ არის „ძაღლის თავი დამარხული“- საბჭოთა პერიოდში უკრაინის დნეპროპეტროვსკის „იუჟნის“ საკონსტრუქტრო ბიუროში შექმნილ უზარმაზარი, თხევადსაწვავიანი ბალისტიკური რაკეტების „სატანებისთვის“ გამოიყენება განსაკუთრებულად მაღალტოქსიკური, ასიმეტრიული დიმეთილჰიდრაზინისა („ჰეპტილი“) და აზოტის ტეტრაოქსიდის („ამილის“) ნარევი...
210-ტონიან ორსაფეხურიან „სატანაში“ მასის უდიდესი ნაწილი სწორედ ზემოხსენებულ განსაკუთრებულად მაღალტოქსიკური „ჰეპტილისა“ და „ამილის“ ნარევზე მოდის, რომელთა მარაგი საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილია დნიპროს „იუჟნის“ სარაკეტო ქარხნის ტერიტორიაზეც, რაც ძალიან კარგად მოეხსენება რუსეთის სამხედრო დაზვერვას და, შესაბამისად, მაღალტოქსიკური სითხეების სწორედ ამ საცავზე მიზანმიმართულად იქნა მიყენებული საჰაერო დარტყმები, რაც რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის ირიბად გამოყენების ფაქტად შეიძლება შეფასდეს...
P.S. მაღალტოქსიკური სარაკეტო საწვავის უტილიზაციის პრობლემა საკმაოდ აქტუალური გახლდათ 1990-იანი ბოლოსთვის საქართველოშიც, რადგან ყოფილ საბჭოთა სამხედრო ნაწილებში (როგორც დასავლეთ, ისე - აღმოსავლეთ საქართელოში) დარჩენილი იყო С-75 ტიპის საზენიტო რაკეტების მაღალტოქსიკური თხევადი საწვავი, რომელთა გაუვნებელყოფა ეუთოს პროგრამის დახმარებით განხორციელდა.