პენტაგონის "ნათლიმამა" ანუ "მომგვარეთ ომის მინისტრი!" - რას უპირებს ტრამპი პუტინის ძმაკაც მადუროს?! - კვირის პალიტრა

პენტაგონის "ნათლიმამა" ანუ "მომგვარეთ ომის მინისტრი!" - რას უპირებს ტრამპი პუტინის ძმაკაც მადუროს?!

ბოლო დღეებში ზედიზედ სამი სახიფათო სამხედრო ინციდენტი მოხდა კარიბის ზღვის სამხრეთ ნაწილში - ჯერ იყო და ამერიკულმა სადაზვერვო-დამრტყმელმა დრონმა MQ-9 Reaper-მა მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის AGM-114 Hellfire -ის ზუსტი მოხვედრით 3 სექტემბერს ააფეთქა ვენესუელი ნარკომოვაჭრეების კატერი, რასაც სავარაუდოდ, მის ბორტზე მყოფი 11 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა, შემდეგ კი უკვე 4 სექტემბრის საღამოს ვენესუელის სამხედრო-საჰაერო ძალების ორმა F-16 ტიპის გამანადგურებელმა ძალიან ახლოს ჩაუფრინა ვენესუელის სანაპიროსთან ახლოს მოცურავე ამერიკულ სარაკეტო საესკადრო ნაღმოსანს USS Jason Dunham, რაც შეიძლება შეფასებულიყო კიდეც, როგორც ნეიტრალურ წყლებში უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდზე საჰაერო იერიშის მიტანის მცდელობა. მართალია იმ კონკრეტულ მომენტში ამერიკული სარაკეტო ხომალდის ეკიპაჟმა თავი შეიკავა აქტიური საპასუხო ქმედებისგან, თუმცა ვაშინგტონიდან თავად პრეზიდენტი ტრამპი დაიმუქრა,რომ ასეთი „თავხედობის“ განმეორების შემთხვევაში ის მთლიანად ვენესუელას დასჯიდა...

...და,აი, უკვე 5 სექტემებერს უკვე ორმა Су-30МКВ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა (რომლებიც ვენესუელას რუსეთისგან აქვს ნაყიდი) ისევ კარიბის ზღვის სამხრეთ ნაწილში ამერიკული სამხედრო ხომალდის შემოფრენისას გამოიყენა რადიოელექტრონული ბრძოლისა და ჩახშობის საბორტე აპარატურა,რაც შეიძლება შეფასდეს,როგორც აქტიური არამეგობრული მოქმედებები...

პრეზიდენტ ტრამპის „მუქარების ფასს“ რუსეთის მიმართ, თუკი პუტინი არ დათანხმდებოდა უკრაინასთან ომის შეწყვეტას, უკვე მერვე თვეა ხედავს მსოფლიო და შეიძლება ამიტომაც არ ეშინია ვენესუელის პრეზიდენტ მადუროს, რომელიც იქით ემუქრება ტრამპს მისი ქვეყნის სანაპიროსთან ამერიკული სამხედრო-საზღვაო ესკადრის გაგზავნის გამო...

რითი „დაიმსახურა“ ვენესუელამ ასეთი ყურადღება იმ აშშ-სგან, რომელთანაც არც სახმელეთო და არც საზღვაო საერთო საზღვარი არ აქვს?

ეს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირადი გადაწყვეტილებაა, რომლის გაკეთება ჯერ კიდევ ამერიკის 45-ე პრეზიდენტად ყოფნის დროს სურდა...

2019 წლის 23 იანვარს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ტრამპმა ვენესუელის „პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად“ ოპოზიციის ლიდერი ჰუან გუაიდო აღიარა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ნიკოლას მადურო არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა,რასაც კარაკასის მხრიდან აშშ-ებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მოჰყვა.

თეთრმა სახლმა საპასუხოდ ვენესუელაზე მკაცრი ეკონომიკური სანქციები დააწესა, რის გამოც ამ ლათინოამერიკული ქვეყნის მთავარი შემოსავალი-ნედლი ნავთობით ვაჭრობიდან მიღებული მოგება მნიშვნელოვნად შემცირდა და კიდევ უფრო გაართულა ისედაც ძალიან ღარიბი ვენესუელების სოციალური მდგომარეობა.

ერთი თვის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნიკოლას მადურო ვენესუელის არაკანონიერ პრეზიდენტად გამოაცხადა, მას „მზის ნარკოკარტელის“ ხელმძღვანელობა დააბრალა და მასზე გამოცხადებულ ძებნაში დახმარებისთვის ჯილდო 50 მლნ დოლარამდე გაზარდა...რა ძებნა სჭირდება ვენესუელის პრეზიდენტს,რომელიც კარაკასში საკუთარ რეზიდენციაში იმყოფება,მაგრამ ამით ტრამპმა ღია მინიშნება გააკეთა,რომ მისი პირველი პრეზიდენტობის დროს ვერ მოსწრებულის ახლა დამთავრებას აპირებს,რისი დამადასტურებელიცაა ვენესუელის სანაპიროებისკენ მძლავრი ამერიკული სამხედრო ესკადრის გაგზავნაც...

ამერიკული სამხედრო ხომალდები სავარაუდოდ ვენესუელის საზღვაო ბლოკადას შეუდგებიან,რომ დააკავონ ვენესუელის ნედლი ნავთობით სავსე ტანკერების სვლა მსოფლიოს სხვა ქვეყნებისკენ,რაც დიდ დარტყმას მიაყენებს მადუროს რეჟიმს.

თუმცა,ასევე არ არის გამორიცხული რომ „ომების შემაჩერებელმა“ პრეზიდენტმა ტრამპმა პირიქით ახალი ომი წამოიწყოს,ვენესუელის მიწაზე საზღვაო დესანტის გადასხმისა და მადუროს რეჟიმის ძალის გამოყენებით დამხობის მიზნით,რის საბაბადაც იქცევა მადუროს ხელისუფლების ჩართულობა საერთაშორისო ნარკოვაჭრობის სისტემაში,რისი ფაქტების მოპოვებაც(ან სულაც მოგონებაც) ამერიკულ სპეცსამსახურებს არ გაუჭირდებათ...

სირიის არ იყოს,ვენესუელაც თითზე ჩამოსათვლელ იმ ქვეყნების სიაშია,ვინაც პუტინის საამებლად აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი ნაწილის „დამოუკიდებლობა“ და საერთო ჯამში,რაც მოუვათ თავის თავს დააბრალონ...

ოღონდ მაინც ჩნდება ერთი კითხვა-თუკი აშშ-ის პრეზიდენტი ადგება და მართლაც საჰაერო დარტყმებს მიაყენებს მადუროს რეჟიმს ან სულაც ამერიკელი საზღვაო ქვეითების დესანტს გადასხამს ვენესუელის სანაპიროზე,მაშინ რით იქნება განსხვავებული ტრამპი იმ პუტინისგან,რომელმაც რუსი ოკუპანტები ჯერ საქართველოს და მერე უკრაინას შეუსია?

გუშინ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის(სამინისტროს) ომის დეპარტამენტად(სამინისტროდ)ნ გადაკეთების თაობაზე ანუ როგორც ის იწოდებოდა 1789 წლიდან 1947 წლმდე.

ეს ერთი შეხედვით წმინდა კოსმეტიკური ცვლილება ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდებათ,მაგრამ ტრამპის ამ მორიგი რთულად ასახსნელი გაწყვეტილების უკან ხომ არ იმალება სწორედ ის,რომ ამიერიდან ტრამპის ხელისუფლება მართლაც აპირებს აქტიური საბრძოლო მოქმედებბზე გადასვლას და მათ შორის ვენესუელაშიც ომის სამინისტროს დაგეგმვითა და განხორციელებით?