"აქ -30 გრადუსამდე ყინვებია. ზამთრის ერთ დილას გავიღვიძეთ და კარ-ფანჯარა ამოქოლილი დაგვხვდა თოვლით... საერთოდ გაწყდა სატელეფონო კავშირი. პანიკურმა შიშმა შემიპყრო" - რას ჰყვება ემიგრანტი კანანიდან?
"სამაშველომ მოაღწია, თორემ უკვე წარმოდგენილი მქონდა, დათვებივით როგორ გამოვიზამთრებდით ბუნაგში, თუ რასაკვირველია, საკვები გვეყოფიდა..." - ქართული ოჯახი კანადიდან
"მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კანადური ცხოვრებით და ჩვენი განვლილი გზით. ჩემი "ფეისბუქგვერდი" - "გზად კანადისკენ", სადაც თქვენ აღმომაჩინეთ, სულ ახალი შექმნილია და არ ველოდი, თუ მედია დაინტერესდებოდა, მით უმეტეს, ისეთი პოპულარული მედია-პორტალი, როგორიც თქვენ ხართ. წინ უფრო საინტერესო ამბებია და ვისაც დააინტერესებს, შეუძლია შემოგვიერთდეს "ფეისბუქზე", სადაც აქტიურად და ასეთივე გულწრფელობით გავაგრძელებ თხრობას. ძალიან დიდი მადლობა ყველას" - ირინა ჭინჭარაული კანადიდან გვესაუბრა...

- ქალბატონო ირინა, გვიამბეთ თქვენზე, სად დაიბადეთ და აღიზარდეთ?
- ჩემი გვარი და ფესვები ხევსურეთიდან მოდის, თუმცა დავიბადე კახეთში, სოფელ ვერონაში (გომბორის ადმინისტრაციული ერთეული). აქ გავატარე ბავშობა, აქედან ყალიბდება ჩემი იდენტობა და რწმენა-წარმოდგენები სამყაროს შესახებ. მჯერა, გომბორ-ვერონის მიდამოებს განსაკუთრებული მადლი მოსავს. ვერონა კი ყველაზე იდუმალი ადგილია. თავზე ვახტანგ გორგასლის დროინდელი ციხე-გამოქვაბული გადმოჰყურებს, ნიადაგში კი ბრინჯაოს ხანის არაერთი ექსპონატია აღმოჩენილი. სწორედ ამ მისტიკურ ადგილას გავიზარდე, ყველაზე წრფელი ურთიერთობების ფონზე, ყველაზე ნამდვილი და საიმედო ადამიანების გარემოცვაში.
- დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა?
- საკმაოდ რთული ბავშობა მქონდა, სკოლაში რომ გვევლო ათი კილომეტრის გავლა გვიწევდა ყოველდღიურად ფეხით, წიგნებით გატენილი ჩანთებით, დარში თუ ავდარში, მზეში თუ მუხლამდე თოვლში. თუმცა მაშინ ეს სირთულედ არ მიგვაჩნდა, ეს იყო ჩვენი ყოველდღიურობა და საკმაოდ მხიარულად ვატარებდით დროს. ვფიქრობ, ამ პერიოდს დიდი გავლენა აქვს ჩემი, არამხოლოდ ფიზიკური წრთობის, არამედ, სულიერი სიმტკიცის ჩამოყალიბებაშიც. როგორც ჩანს, განგება კანადისთვის და არცთუ მარტივი ცხოვრებისთვის მამზადებდა...

- რომელი პროფესია აირჩიეთ?
- პროფესიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია, ზუსტად ვიცოდი, რა მსურდა. ბაკალავრიატი სამართალმცოდნეობის, ხოლო მაგისტრატურა - კერძო სამართლის მიმართულებით დავასრულე. მეოთხე კურსიდან ვმუშაობდი. თავისუფალ დროს კი ჩემი საყვარელი საქმიანობით თუ ჰობით ვიყავი დაკავებული. მშრალი კოდექსები დიდი ვერაფერი სულიერი საზრდო იყო. ამ დანაკლისს მხატვრული ლიტერატურის კითხვით ვივსებდი. სამეგობროს გვქონდა წიგნის მოყვარულთა კლუბი და ამ კლუბთან დაკავშირებული აქტივობები იყო ჩემი ბედნიერების წყარო. ასევე ძალიან მიყვარს მოგზაურობა, განსაკუთრებით საფეხმავლო ტურები, შემიძლია ვთქვა, რომ ფეხით მაქვს შემოვლილი მთელი აღმოსავლეთ საქართველო. ამასობაში, ჩემი მომავალი მეუღლეც გავიცანი და ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ.
- გაგვაცანით თქვენი ოჯახი...
- მეუღლე - პაატა ბრეკაშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი და პროფესორი გახლავთ. იმ პერიოდში კავკასიის უნივერსიტეტში, შემდეგ კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა. ჯვარი ბოდბის მონასტერში დავიწერეთ, ხოლო ქორწილი სიღნაღში გვქონდა. ჩემი მეუღლე ბოდბიდან არის და ისიც ანალოგიურ მიჯაჭვულობას განიცდის თავის სოფელთან. საქართველოში ჩამოსვლისთანავე პირველი რასაც ვაკეთებთ - ვერონაში და ბოდბეში გავრბივართ.
- რატომ წახვედით საქართველოდან?
- საქართველოდან წასვლა მეუღლის სამსახურის გამო გადავწყვიტეთ, ის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მიიწვიეს კანადაში. იოლი გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ასეთ შესაძლებლობას ალბათ ყოველდღე არ გთავაზობს ცხოვრება, ამიტომაც, გავბედეთ გავდგომოდით გზას შორეული და მისტიკური კანადისკენ.

- სად ცხოვრობთ და როგორია კანადის ყოველდღიურობა?
- კანადა ძალიან ხშირად ასოცირდება ყინვასთან, თოვლთან და ცივ ზამთართან. მანიტობას პროვინცია, სადაც ჩვენ დავსახლდით, კანადის შუაგულში მდებარეობს და ზამთარში -30 გრადუსამდე ყინვებია. სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, მხოლოდ სკოლის ავტობუსი ბავშვებისთვის. ჯანდაცვა უფასოა, მაგრამ სანამ სერვისს მიიღებ, უსასრულო რიგია. ასევე, საბავშვო ბაღში მოხვედრა საკმაოდ რთულია. ბევრ ბაღს აქვს მოლოდინის სია და ლოდინი ხშირად 1-2 წელსაც გრძელდება. მოქმედებს, ასევე, სახლში გახსნილი მცირე კონტინგენტიანი ბაღები, სადაც შედარებით უფრო სწრაფად იძებნება ადგილი. ეს და კიდევ უამრავი პრაქტიკული თუ ემოციური გამოწვევის გადალახვა გჭირდება პირველ ეტაპზე. თუმცა იმდენად ტოლერანტული და თავაზიანი გარემო იყო, ინფრასტრუქტურა კი ადაპტირებული აქაურ პირობებთან, რომ ამან გარკვეულწილად გაგვიმარტივა სისტემასთან მორგება.
ასე ვთქვათ, წყვდიადში ხელის ცეცების ეტაპი მეტ-ნაკლებად გავიარეთ და დავსტაბილურდით, თუმცა უმთავრესი გამოწვევა ჯერ კიდევ წინ არის. ეს ჩვენი შვილებისთვის ქართული ენის და ტრადიციების შენარჩუნებაა, რაზეც განსაკუთრებულად ვზრუნავთ ჩამოსვლის დღიდან.

გვყავს 4 წლის ბარბარე და 2 წლის მარიამი, ორივე ჩვეულებრივად საუბრობს ქართულად, რა თქმა უნდა, ასაკის შესაბამისი ლექსიკური მარაგის გამოყენებით. ვსწავლობთ ქართულ ანბანს, ზღაპრებს, ლექსებს. ვამახვილებთ ყურადღებას ქართულ სიმბოლოებზე. ძალიან ვიამაყეთ, როდესაც ბარბარემ საკუთარი ინიციატივით ბაღში “Show and tell” აქტივობაზე წარსადგენად საქართველოს დროშა წაიღო და გააცნო ყველას. ამის გამო პატრა ელჩი შევარქვით. იმედია. ყოველთვის შევძლებთ საქართველოს საუკეთესო კუთხით წარმოჩენას.

- თუ არის თქვენთან ახლოს რაიმე ქართული, ან ქართველები ცხოვრობენ?
- დიახ არის, ჩვენთან ახლოს ქართული რესტორანი “საფერავი”, საკმაოდ ქართული გარემოა, კერძებიც, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ქართველების გახსნილი არ არის. ქართველებს აქ იშვიათად თუ შეხვდებით. როცა ჩამოვედით, მაშინ გავიცანით ძალიან ძვირფასი ოჯახი, რომელიც ჩვენი ჩამოსვლიდან მოკლე ხანში სხვა პროვინციაში გადავიდა. კიდევ რამდენიმე ოჯახია, ძირითადად, უკრაინული პროგრამის ფარგლებში არიან ჩამოსული.
- რას ურჩევდით სხვებს, ვისაც ცხოვრების შეცვლა სურთ?
- როგორც ამბობენ, ნამდვილი წარმატება კომფორტის ზონის დატოვების შემდეგ იწყება, ამიტომ ვურჩევ ყველას, ნუ შეეშინდებათ თამამი ნაბიჯების გადადგმის. ემიგრაციის რომანტიზებას არ ვახდენ, მაგრამ კანადა, იმ სირთულეების გარდა რაც აღვნიშნე, უამრავი შესაძლებლობის ქვეყანაა და ნამდვილად ღირს გარისკვა.

- რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, რაც კანადაში შეგხვდათ?
- ბევრი სირთულე გავიარეთ, თუმცა ერთი შემთხვევა მახსენდება განსაკუთრებით მძიმედ. რაღაც პერიოდი სოფელში მომცრო ფანჯრებიან ნახევარსარდაფის ტიპის ბინაში ვცხოვრობდით. ზამთრის ერთ დილას გავიღვიძეთ და კარ-ფანჯარა ამოქოლილი დაგვხვდა თოვლით. ზოგჯერ, როცა ძლიერი ქარია თოვლის მთები წარმოიქმნება. ფანჯრები სრულიად დაფარული იყო და ვერც კარი გავხსენით. ტელეფონი ისედაც ცუდად იჭერდა ქვედა სართულზე და ამ დროს საერთოდ გაწყდა კავშირი. პანიკურმა შიშმა შემიპყრო. კიდევ კარგი საღამოს ზედა მეზობლის გამოძახებულმა სამაშველომ მოაღწია, თორემ უკვე წარმოდგენილი მქონდა დათვებივით როგორ გამოვიზამთრებდით ბუნაგში, თუ რასაკვირველია, საკვები გვეყოფიდა.
(სპეციალურად საიტისთვის)