"2026 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და ოპოზიცია ამისთვის უნდა ემზადებოდეს“
5 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ ყაველაშვილმა პარტია "ძლიერი საქართველო - "ლელოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. როგორც ყაველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მან აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, "რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება... ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოდ არჩევნები არ უნდა იქცეს ინდულგენციად არც ერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს სჩადის. არც ის გარემოებაა მხედველობიდან გასაშვები, რომ ჩემს შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს... გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას", - აღნიშნულია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში. მისი ეს გადაწყვეტილება მორიგ განხეთქილების ვაშლად იქცა ოპოზიციაში. სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- ამ შეწყალებას აქვს მხოლოდ პარტიულ-პოლიტიკური მიზანი და ჰუმანიზმთან საერთო არაფერი აქვს. ეს რომ ჰუმანური აქტი იყოს, მაშინ უნდა გაეთავისუფლებინათ ყველა ის პირი, ვინც ამ მუხლით გაასამართლეს. ამ ნაბიჯით სცადეს ცეცხლზე ნავთის დასხმა და ოპოზიციაში დაპირისპირების გაძლიერება. ვიღაცამ შეიძლება თქვას, ხაზარაძე და ჯაფარიძე იმიტომ შეარჩიეს, რომ ისინი უფრო კონსტრუქციულები არიან და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენო, მაგრამ, ჩემი შეფასებით, ხელისუფლების მიზანი სულაც არ არის კონკურენტული ოპოზიციური პარტიების შეყვანა საარჩევნო პროცესში. პირიქით, ამათი მიზანია ე.წ. სუვერენული დემოკრატიული სისტემის დამყარება რუსული მოდელით, როდესაც ერთი დომინანტი პარტიაა, დანარჩენები კი მისი სატელიტები, ანუ ე.წ მართვადი ოპოზიცია. ეს გაცხადდა საპარლამენტო კომისიის დასკვნაშიც, როდესაც წულუკიანმა პირდაპირ თქვა, რომ მათი ამოცანაა რეალური ოპოზიციური პარტიებისგან პოლიტიკური სივრცის გათავისუფლება, იგივე გაიმეორა კობახიძემაც. შესაბამისად, მათთვის ნამდვილად არაკომფორტულია ამ ორი პარტიის მონაწილეობა არჩევნებში.
ამასთანავე, პარტია ხაზარაძე-ჯაფარიძის ციხეში ყოფნის დროსაც არ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ხელისუფლებას რაღაც ტიპის ლეგიტიმაცია მაინც სჭირდება, მასაც ვერ მიიღებდა, თუ არჩევნებში მონაწილე პარტიის ლიდერებს ციხეში დატოვებდა. ამიტომაც შეიქნენ იძულებული გამოეშვათ ხაზარაძე და ჯაფარიძე. ეს არის ის ორი მიზეზი, რატომაც გადადგა მმართველმა პარტიამ ეს ნაბიჯი.
- ლეგიტიმაცია ახსენეთ და, ბოიკოტის მომხრე პარტიები სწორედ ამ ორი პოლიტიკური პარტიის - "ლელო" - ძლიერი საქართველოსა" და "გახარია - საქართველოსთვის" არჩევნებში მონაწილეობას მიიჩნევენ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ლეგიტიმაციის საფუძვლად. ამიტომაც მათგან ზოგიერთი ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ხელისუფლებასთან გარიგებასაც კი აბრალებს.
- ცოტა უცნაური კია, თან ამბობენ, ხელისუფლება ამ ნაბიჯით ცდილობს ოპოზიციაში კიდევ მეტი განხეთქილების შეტანასო, თანაც ამ პროვოკაციაზე თვითონვე ეგებიან და სრულიად უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებენ. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ციხეშიც წავიდნენ სწორედ უკომპრომისო ბრძოლის გამო და იმაზე ლაპარაკი, რომ რაღაც ტიპის გარიგება დადეს ხელისუფლებასთან, უსაფუძვლო შეთქმულების თეორიაა, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული. ალბათ, ივანიშვილი ახლა ზის და გულიანად იცინის იმ არეულობასა და შეთქმულების თეორიებზე, რაც ოპოზიციაში ტრიალებს.…აგრესიის მიმართვა ამ ორი ადამიანისკენ იყო სრულიად არაადეკვატური და თან ხელისუფლების წისქვილზე ასხამდა წყალს. გათავისუფლება მათი თხოვნითა და სურვილით არ მომხდარა, ისინი ამის წინააღმდეგები იყვნენ. შესაბამისად, ამ აქტის გამოცემა პოლიტიკური ჩანაფიქრი იყო.
სინამდვილეში დღეს ოპოზიციაში გვაქვს სამი ძირითადი მიმართულება: არიან პარტიები, რომლებიც მიდიან არჩევნებზე; არიან პარტიები, რომლებიც ბოიკოტს აცხადებენ და ამასთანავე, პოსტსაარჩევნოდ ლამის აპოკალიფსს გვპირდებიან; და არიან პარტიები, რომლებიც ასევე ბოიკოტის რეჟიმში არიან, თუმცა მათი ამოცანაა პროცესის საყოველთაო დაუმორჩილებლობამდე მიყვანა. არსებულ მოცემულობაში არც ერთ ამ გზას არა აქვს მაინცდამაინც კარგი პერსპექტივა ამ დაქსაქსულობისა და ურთიერთბრალდებების გამო. არადა, რეალურად მათ შორის წინააღმდეგობა მხოლოდ ტაქტიკური ხასიათისაა, რადგან სტრატეგიული ამოცანა მათ ერთი აქვთ - ის შედგება სამი კომპონენტისგან. ესენია: ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიღწევა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ამას ყველა იზიარებს. შესაბამისად, ოდნავ სიბრძნე და საღი აზრი რომ შემოიტანონ პოლიტიკაში, თან იმის გათვალისწინებით, რომ ლამის ყველა ამბობს, ერთიანობის გარეშე არაფერი გამოვაო, საფუძველი იმისა, რომ რაღაც მომენტში ეს სამი მიმართულება გაერთიანდეს და მოხდეს ოპოზიციური ენერგიის კონსოლიდაცია, შესაძლებელია. ვიმეორებ, ერთადერთი განსხვავებაა ტაქტიკაში. კი ბატონო, ჰქონდეთ ტაქტიკური განსხვავებები, მაგრამ ეს არ უნდა გამორიცხავდეს მათ კოორდინაციას ძირითადი მიზნებისთვის. თუ ახლა ისინი ურთიერთბრალდებებით გააგრძელებენ, არავის არაფერი გამოუვა! როგორ შეიძლება ეს არ ესმოდეთ?!
მოკლედ, ყველას შეუძლია იაროს თავისი გზით, მაგრამ რაღაც ეტაპზე უნდა შეერთდნენ. ჩემი აზრით, პირობითად, ეს შეიძლება იყოს 5 ოქტომბერი. იმას, რომ კონსოლიდაცია მოახდინო და ხელისუფლებას პრობლემა შეუქმნა, სჭირდება გარკვეული ტრიგერი, კატალიზატორი, რადაც შეიძლება იქცეს არჩევნების დღე. იმისთვის, რომ ტრიგერი ძლიერი იყოს, საჭიროა ხელისუფლების ლუსტრირება, რაც შესაძლებელია არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ხელისუფლება კი არჩევნებს გააყალბებს იმ შემთხვევაში, თუ მას პრობლემები შეექმნება. თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ "ხალხის ძალა", "გირჩი" და სხვა მსგავსი სატელიტები, ბუნებრივია, ხელისუფლება მოიგებს ყოველგვარი გაყალბების გარეშე, ჩიტების ჭიკჭიკის თანხლებით... დღეს ოპოზიცია დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ხელისუფლება იყოს დაძაბული და დაუშვას შეცდომები. ამას სჭირდება ძლიერი კონკურენტები, რომლებიც აიძულებენ მას დანაშაულის ჩადენას.

როდესაც მეტოქის დასამარცხებლად კონსოლიდაციას ვერ ახდენ, ფრონტის ხაზი უნდა გაშალო. დღეს გაშლილია ფრონტის ხაზი, უბრალოდ, ამ ელემენტებს სჭირდება კონსოლიდაცია. ამიტომ არ არის საჭირო ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მიერ საარჩევნოდ ამომრჩევლის საბოტაჟი. მეტიც, ამომრჩევლის აქტიურობას შეუძლია დიდი პრობლემები შეუქმნას "ქართულ ოცნებას", რომელიც იძულებული გახდება წავიდეს გაყალბებაზე, რაც იქნება დამატებითი მიზეზი იმისა, რომ 5 ოქტომბერს ქუჩაში გავიდეს ხალხი, რომელიც ჩათვლის, რომ მოატყუეს, და მოხდეს ის, რაც ვერ მოხერხდა გასულ წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ მოიპარა არჩევნები.
- 2 სექტემბერს პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში მოისმინა, რომლის საფუძველზეც მომზადდება სარჩელი და განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა. სწორედ ამ სარჩელის საფუძველზე იგეგმება, ხელისუფლების შეფასებით, "რადიკალური" ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნა.
- სხვათა შორის, რადიკალურ პარტიებში "ქართული ოცნება" "ლელოსაც" მოიაზრებს... ანუ მთელი არასასურველი ოპოზიციური სპექტრის აკრძალვა სურთ. ეს ხომ ამათი მოგონილი მოდელი არ არის. დღეს ჩვენ გავდივართ პროცესს, რაც თავის დროზე რუსეთმა გაიარა. ინსტრუქციები და შპარგალკები იქიდან არის ჩამოტანილი, მიმდინარეობს რეჟიმის დამკვიდრების პროცესი. რუსები ამგვარ რეჟიმს ეძახიან "სუვერენულ დემოკრატიას", თუმცა ეს დიქტატურაა და დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. ეს ასე ხდება - უნდა მოსუფთავდეს პოლიტიკური ველი, სადაც დარჩებიან მხოლოდ ერთი დომინანტური პარტია და მისი სატელიტები. ვისაც მოათვინიერებენ და ამ ყველაფერზე დაითანხმებენ, მათ პატარა ბოსტანს მოუზომავენ... .
- გასულ კვირას მიხეილ ყაველაშვილმა ღია წერილი მისწერა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს...
- სიმართლე გითხრათ, არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს წერილი ყაველაშვილს ბოლომდე ჰქონდეს წაკითხული, ის აშკარად სხვაგან არის დაწერილი. ჯერ ფორმაზე რომ ვილაპარაკოთ, სრული აბსურდია, საერთაშორისო ურთიერთობებში მსგავსი რამ ნამდვილი ნონსენსია, როდესაც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ქვეყნის პრეზიდენტს ღია წერილით ესაუბრება. პუტინსა და კიმ ჩენ ინსაც კი აქვთ კულუარული საკომუნიკაციო არხები აშშ-სთან თუ ევროპასთან და გარკვეულ სტანდარტს იცავენ და ღია წერილებს არ სწერენ ერთმანეთს... ამიტომ მის შინაარსზე ლაპარაკიც არ ღირს.
მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ მასში ტრამპის შეურაცხმყოფელი დეტალებიც არის... ზოგადად კი, ეს არის შიგა მოხმარებისთვის დაწერილი წერილი არა აშშ-სთან ურთიერთობის დალაგებისთვის, ის გარკვეულწილად პრევენციის სახესაც ატარებს. მალე ველი ჩვენი ხელისუფლებისგან მტკიცებას დუგინის სტილში, თუ როგორ დამარცხდა ტრამპი დიფ სტეიტთან... ფაქტობრივად, ქართული სისტემის რუსულთან სრული სინქრონიზაცია ხდება... როცა საბოლოოდ დააყენებს საკითხს კრემლი ივანიშვილის წინაშე, რომ ამოიღოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, დარწმუნებული ვარ, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები. ჩემი ვარაუდით, მომავალ წელს. ის იმ შემთხვევაშიც დაინიშნება, თუ რუსეთი დასუსტდა და ივანიშვილმაც დაინახა რუსეთის გადაგდების აუცილებლობა. მას ამ შემთხვევაში ლეგიტიმაციის განახლება დასჭირდება....
მოკლედ, როგორც არ უნდა განვითარდეს ეს გლობალური პროცესი, ჩემი აზრით, რიგგარეშე არჩევნების 2026 წელს ჩატარება გარდაუვალია. ამისთვისაც უნდა ემზადებოდნენ ოპოზიციური ძალები.
- მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე, ლევან ხაბეიშვილთან ერთად, ბოლო ხანს 4 ოქტომბრის მნიშვნელობაზე ბევრს ლაპარაკობს და ეროვნულ შეკრებას აანონსებს. როგორც განაცხადეს, ხელისუფლების "მშვიდობიანად დასამხობად" ორი მილიონი მოსაწვევი უკვე შეკვეთილია. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: "კი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს ბატონი ანიტა (იგულისხმება ლევან ხაბეიშვილი - ავტ.) ამ ყველაფერში. ეს არის იმავე პირების დავალება, ვინც სხვა დავალებებსაც აძლევენ მას. საუბარია ჩვენი გუნდის კონკრეტულ ყოფილ წევრებზე, რომლებსაც არავითარი თვისებრივი თავსებადობა არ ჰქონიათ ჩვენს გუნდთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა". ამის შემდგომ დასმულ კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს, მან განაცხადა, რომ გვარებს არ დაასახელებდა.
- ჩემი აზრით, კობახიძის პასუხი, ფაქტობრივად, დადასტურებას ნიშნავს. ფსიქოლოგიური მომენტია, როდესაც გეკითხებიან რაღაცას და გისახელებენ გვარს, რომელსაც შენ არ გულისხმობ, პირველი რეაქცია უარყოფაა. შესაბამისად, კობახიძის პასუხი, რომ გვარებს არ დაასახელებს, ირიბი დადასტურებაა იმისა, რომ სწორედაც ღარიბაშვილს გულისხმობდა. ამგვარი განცხადებისთვის აქვს რეალური საფუძველი თუ არა, არ ვიცი, არც მაინტერესებს. თვითონ ხაბეიშვილიც არ არის ჩემთვის სერიოზული ფაქტორი. მისი ფეხის ბაკუნი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს. ის სცენარი, რასაც ხატავს, "მშვიდობიან დამხობას" რომ ეძახის, პროვოკაციის შთაბეჭდილებას ტოვებს, ნებისმიერი პროვოკაცია კი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს. არ გამოვრიცხავ, რომ კობახიძეს ენამ გაუსწრო წინ, როგორც წესი, სპეცსამსახურები ამგვარ კარტს ათამაშებენ ხოლმე ყველაზე საჭირო მომენტში. როგორც ჩანს, ხელისუფლების გეგმები ხაბეიშვილის კარტის გათამაშებასთან დაკავშირებით კობახიძეს დროზე ადრე წამოსცდა.