რა ხდება თეთრი სახლის კულუარებში საქართველოს საკითხზე?! - კვირის პალიტრა

რა ხდება თეთრი სახლის კულუარებში საქართველოს საკითხზე?!

რამდენად მზად არის საქართველო გარე საფრთხეების გასამკლავებლად და რომელი მეზობელი ქვეყნიდან რა საფრთხეს უნდა ველოდოთ, თუ შიდაპოლიტიკური კრიზისი უფრო გამწვავდება? - ამ საკითხებსა და პროცესების შესაძლო განვითარებაზე უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

- საქართველოში კრიზისის გამწ­ვავების­ მიზნით ყველაფერი კეთდება როგორც ქვეყანაში, ასევ გარედანაც. ძალიან სიმპტომურია, რომ დაახლოებით იგივე ხდება­ ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც, ოღონდ სხვადასხვა­ ფორმით. მაგალითად, სომხეთში­ მძიმე­ დაპირისპი­რ­ებაა მმარ­თველ ძალასა და ეკლესიას შორის, სოციალური ფონი მძიმეა, ფაშინიანს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს. ამას ემატება საგარეო პოლიტიკა: ფაშინიანი ცდილობს ურთიერთობები ერთდროულად მოაგვაროს რუსეთთან, ჩინეთთან, ამერიკასთან, მაგრამ ამ ცდებში იქმნება ახალი წინააღმდეგობები. აზერბაიჯანი დღეს ერთგვარ "ქარაშოტშია" მოქცე­ული, ერთ მხარეს რუსეთთან აქვს დაძაბულობა, მეორე მხარეს კი ახალი დაპირისპირების კერა გაუჩნდა ინდოეთსა და ირანთან, დასავლეთთან ურთიერთობაც ისეთი მყარი არ აქვს, როგორიც ზოგიერთს წარმოუდგენია.

საქართველოში გარე მოთამაშეების განსაკუთრებულ აქტი­ურობას ემატება განხეთქილება საზოგადოებაში, დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებში. ამას ემატება ზიზღი და უმძიმესი ფსიქოლოგიური ფონი... რაც ყველაზე ცუდია, ქვეყანაში ისეთი ამორალური გარემო შეიქმნა, რომ ტრადიციული მორალური პრინციპები ჩვენ თვალწინ იშლება... ასეთ ვითარებაში აუცი­ლებლად მოიძებნება უცხო ძალა, რომელიც ამ კრიზისის გამოყენებას შეეცდება...

- რა არის ყველაზე დიდი საფრთხე?

- ყველაზე დიდი საფრთხე ინტერვენციაა, სამხედრო ძალით პირდაპირი ჩარევა, მაგრამ ამ ტიპის საფრთხეს ახლა პირდაპირ ვერ ვხედავ. თუმცა ამის შემდეგ მოდის სხვა, არანაკლებ სერიოზული რისკები: იდეოლოგიური, რელიგიური, ეკონომიკური და სხვადასხვა სახის ზეწოლა. კავკასიის სივრცეში ყველა­ ცდილობს საქართველოს დასუსტების ხარჯზე საკუთარი ინტერესები გაატაროს. ასე მოქმედებენ როგორც ახლო მეზობლები, ისე შორეული პარტნიორებიც. ეს ისტორიულად აპრობირებული სქემაა.­

- ბოლო დროს საქართველოში ხშირად საუბრობენ თურქეთისა და რუსეთის ინტერესების გადაკვეთაზე. ვის აქვს მეტი რესურსი გავლენის გასაძლიერებლად?

- თურქეთსა და რუსეთთან ერთად აქტიურობენ აშშ, ევროკავშირი, ირანი, არაბული სამყაროს წარმომადგენლებიც, ჩინეთი და ჩვენი უშუალო მეზობლები - აზერბაიჯანი და სომხეთი. მსხვილი მოთამაშეებისთვის საქართველო­ ცალკე ქვეყნად­ კი არ აღიქმება, არამედ როგორც სამხრეთ კავკასიის სივრცის ნაწილი - უფრო სწორად, შავი და კასპიის ზღვების აუზების ნაწილი. ეს სივრცე ეკონომიკურად და სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან საზღვაო მარშრუტების გაკონტროლება ყოველთვის იყო გეოპოლიტიკური ინტერესების გულში. სამხრეთი კავკასია სწორედ ამ მიზეზით არის მნიშვნელოვანი - შავი ზღვის აკვატორიის გაკონტროლება შეუძლებელია მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლების გარეშე. რაც შეეხება თურქეთსა და რუსეთს, ორივე სახელმწიფო საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა შავი ზღვისა და განსაკუთრებით ყირიმის ნახევარკუნძულის გაკონტროლებისთვის. ამ ბრძოლაში­ ორივემ უზარმაზარი რესურსი დახარჯა, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიისთვის დაპირისპირებაში. დღეს ეს ბრძოლა არ შეჩერებულა, მხოლოდ ფორმა შეიცვალა. თუ ადრე ეს იყო პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, ახლა ბრძოლა მიმდინარეობს­ სხვა მეთოდებით: ხან სატელიტური ომებით, მაგალითად, გავიხსენოთ ყარაბაღის შემთხვევა, ხან ეკონომიკური ჯგუფების გავლენებითა და პოლიტიკური სივრცეების გაფართოებით. პარალელურად მოქმედებენ სხვა მსხვილი მოთამაშეებიც. ზოგი იყენებს ეკონომიკურ ბერკეტებს, ზოგი იდეოლოგიურს, ზოგი რელიგიურს. ამას ემატება "მეხუთე კოლონის" მეთოდოლოგია, რბილი ძალის გამოყენება და სხვა.

- ხომ შესაძლებელია ამ ინტერესთა ჭიდილში საქართველომაც სარგებელი ნახოს?

- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბალანსის პრინციპი შესრულდება, ისე, რომ დაინტერესების ველი ყველასთვის მომგებიანი გახდეს... მაგალითად, ქვემო ქართლში წლების განმავლობაში ერთმანეთს გავლენისთვის ებრძოდა სხვადასხვა რელიგიური ჯგუფი, ზოგი შორეული, ზოგი კი ახლო მეგობარი ქვეყნისგან მართული... მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ბრძოლა დასასრულს უახლოვდება, გავლენის სფეროები უკვე გადანაწილებულია. ვიღაცამ ბრძოლა წააგო, მაგალითად, არაბული რელიგიური ორგანიზაციები ამოგდებულია ამ სივრციდან, ვიღაცამ კი გაიმარჯვა... მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თურქეთმა თავისი კონკურენტების ჯახში სერიოზული უპირატესობა მოიპოვა.

- თქვენ ერთხელ ჩემთან ინტერვიუში თქვით, რომ ერდოღანი ხშირად ცრემლმორეულიც კი კითხულობს ლექსებს ბათუმზე... საინტერესოა, როგორია თურქეთის ინტერესები დღეს?

- ერდოღანს აქვს უნარი სწორად გაუგზავნოს მესიჯები სხვადასხვა აუდიტორიას: ნაციონალისტებს ერთ ენაზე ელაპარაკება, ისლამისტებს - სხვანაირად, დიდ ქალაქებში მცხოვრებ საზოგადოებას კიდევ სხვანაირად. როცა მიმართავს ნაციონალისტებსა და ისლამისტებს, ხშირად ეყრდნობა დავიდ ოღლუს იდეოლოგიურ კონცეფციას, რომელიც გულისხმობს ოსმალეთის იმპერიის ყოფილი ტერიტორიების გავლენის აღდგენასა და გაძლიერებას. ამ კონტექსტში, რასაკვირველია, საქართველოც შედის, კონკრეტულად კი ორი რეგიონი - სამცხე-ჯავახეთი და აჭარა. ერდოღანი ხშირად ახსენებს ამ გეოგრაფიულ დასახელებებს ხან ლექსის ფორმით, ხან ცრემლმორეული, მაგრამ ყოველთვის ხაზგასმით. მე ამას პირდაპირი­ ექსპანსიის გეგმად არ ვაფასებ, მაგრამ ფაქტია, ამ რეგიონებში გავლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გარდა საქართველოსი, იგივე მიდგომაა ჩრდილოეთ სირიაზე, ბალკანეთსა და სხვა რეგიონებზეც. ყველაზე მკაფიო მაგალითი კვიპროსია: მიუხედავად საერთაშორისო ძალისხმევისა, თურქეთმა იქ პოზიციები არ დათმო, დღესაც ჩაყენებული ჰყავს ჯარი და მიმდინარეობს ანატოლიიდან გადასულთა დასახლება.­ თურქეთის მთავარი ამოცანაა სამხრეთ კავკასიაში, საზოგადოდ, მთელ კავკასიაში გააძლიეროს თავისი გავლენა. ამ პროცესში მისი მოწინააღმდეგეა რუსეთი, ხელისშემშლელი კი დასავლეთი, მიუხედავად იმისა, რომ ნატოში პარტნიორები არიან. ასევე კონკურენციას ქმნიან ირანი და არაბული ქვეყნები. ერდოღანი ყველას ებრძვის, რათა რეგიონში გავლენა მაქსიმალურად გააძლიეროს.

- წესით, დასავლეთს ჩვენს რეგიონში ძალთა ბალანსის დაცვა უნდა აწყობდეს.

- დიახ, მაგრამ დასავლეთი ხშირად დგამს არასწორ ნაბიჯებს. ამ დროს უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან აშშ-ის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის პოლიტიკა, ისინი ყოველთვის ერთსა და იმავე ხაზს არ მიჰყვებიან. მაგალითად, თეთრი სახლი რუსეთთან ერთად ბალანსის სისტემის შექმნაზე ფიქრობს სწორედ იმისათვის, რომ შეიზღუდოს "კოლექტიური სამხრეთის" მადაც და შეაკავოს ჩინეთიც. ამ ხედვის საფუძველი ახალი არ არის. 1994 წელს თეთრ სახლში შეიქმნა დოკუმენტი "შტორმი კასპიის თავზე", რომელიც სტრატეგიულ გეგმად იქნა მიჩნეული. ამ დოქტრინით აშშ გეგმავდა სამხედრო კონტინგენტის განლაგებას არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ ცენტრალურ აზიაშიც. მიზანი ორმაგი იყო: ერთი მხრივ, აბრეშუმის გზის პროექტის გაკონტროლება ჩინეთისთვის; მეორე მხრივ - ჩინეთიდან დასავლეთისკენ მდებარე ქვეყნების შეკავება. ამასთან, დოქტრინაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა შორეული აღმოსავლეთისა და ცენტრალური რუსეთის ტერიტორიებზე არსებული წიაღისეულის რესურსების გაკონტროლებას.

- ტრამპმა ტიანანმენის მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმზე რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთი კორეა "საერთაშორისო შეთქმულებაში" დაადანაშაულა და ირონიულად მიმართა: "გეთაყვა, გადაეცით ჩემი ყველაზე თბილი­ სურვილები ვლადიმირ პუტინს და კიმ ჩენ ინს, სანამ თქვენ მანდ შეთქმულებას აწყობთ აშშ-ის წინააღმდეგ". რას უნდა ველოდოთ ვაშინგტონისგან და თუ არის შანსი, რომ საქართველოს საკითხმაც, ბოლოს და ბოლოს, დაიმსახუროს თეთრი სახლის ყურადღება?

- ერთი რამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ამერიკა რომ "ვერ იცლის" ჩვენთვის, უდიდეს მინუსებთან ერთად პლუსებსაც მოიცავს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში საქართველოს საკითხზე გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მძაფრი შიდა დაპირისპირებით მიმდინარეობს.

- ეს, ალბათ, ელჩის დანიშვნის საკითხსაც ეხება?

- ეს ეხება როგორც ელჩთან დაკავშირებულ საკითხებს, ისე "მეგობრობის აქტსა"­ და სხვა ინიციატივებს. დეტალებზე არ ვისაუბრებ, იმას კი ვიტყვი, რომ ტრამპის ოჯახი საქართველოს მიმართ ბევრად პოზიტიურია, ვიდრე მისი გარემოცვის ზოგიერთი ახალგაზრდა ლიდერი - მაგალითად, რუბიო და მისი გარემოცვა და ბრძოლა ამ თემაზე გრძელდება. აზერბაიჯანსა და სამხრეთ კავკასიაზე უკვე ჩამოყალიბდა პოზიცია. მაგალითად, ზანგეზურის კორიდორის საკითხმა აიძულა აშშ პოზიცია ღიად გამოეხატა აზერბაიჯანსა და სომხეთთან დაკავშირებით. საქართველოს შემთხვევაში ეს ჯერ არ მომხდარა. რატომ არ იღებენ ხმას? იმიტომ, რომ პოლიტიკა ასე არ მუშაობს. პოლიტიკა კეთდება კულუარებში, ლობისტური ჯგუფების, პერსონალური კონტაქტებისა და ინტერესების მეშვეობით. სამწუხაროდ, პოლიტიკა ცინიკური და ხშირად ბინძური პროცესია, საბოლოოდ ყველაფერი პოლიტიკური მიზანშეწონილობით წყდება. თუ საჭირო გახდება, აშშ ფეხზე დაიკიდებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს. მე პირადად ეჭვი მეპარება, რომ ასე მოხდეს, ვინაიდან მათი ინტერესები სხვა რამეს მოითხოვს. ცოტა ხნის წინ ვახსენე ის სტრატეგიული ხედვები, რომლებიც წლების განმავლობაში ამერიკის პოლიტიკის წარმმართველი იყო. თუ ლოგიკას დავეყრდნობით, ამერიკისთვის ყველაზე სწორი იქნება სამხრეთ კავკასიის სივრცეში ბალანსის პოლიტიკის შექმნა, სადაც თვითონაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ეს იქნება ყველაზე გონივრული გამოსავალი. სხვა შემთხვევაში რეგიონში მუდმივი დაპირისპირება და კონფლიქტები გარდაუვალი იქნება, რაც საბოლოოდ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის სახელმწიფოებრიობას დააზარალებს.

ხათუნა ბახტურიძე